воскресенье, 18 апреля 2021 г.

ლევან ბერძენიშვილი: დავით კლდიაშვილი, სამანიშვილის დედინაცვალი

 

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს ქართული ლიტერატურის შედევრზე, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნის დიდი ქართველი მწერლის, დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალზე.“ მოცულობის მიხედვით ესაა მოთხრობა, მასშტაბის მიხედვით კი – სრულფასოვანი რომანი, ასე რომ, შეგვიძლია ვუწოდოთ მიკრორომანი. ერთი შეხედვით, ესაა უეშმაკო, ე.წ. სუფთა ლიტერატურა, ბუნების აღწერის, გმირის სულში ჩახედვისა და ავტორის მორალისტური ჭკუის სწავლებისა და ესეისტური წიაღსვლების გარეშე. აქ შეგვიძლია ლათინური ნათქვამი გავიხსენოთ: art est celare artem – „ხელოვნება ხელოვნების დამალვაა.“ რომანი ძირითადად დიალოგებისგან შედგება და იმდენი და ისეთი ხასიათია წარმოდგენილი, რომ რამდენიმე სქელტანიან რომანს გასწვდებოდა. უნიკალური სიუჟეტი აქვს, რომელსაც მსოფლიო ლიტერატურაში ანალოგი არ გააჩნია. თვითონ სიუჟეტიც კი გამორჩეულად ქართულია, თუმცა მთელი მსოფლიოსთვისაც გასაგებია. მოხუც ქვრივ ბეკინა სამანიშვილს ახალი ცოლის მოყვანა სურს და ქონების გაყოფით შეშინებული მისი შვილი პლატონი ორნაქმარევ, უშვილო ქალს ეძებს სადედინაცვლოდ, რომ ძმა არ გაუჩნდეს და არ დაიღუპოს. ასეთ ქალს იპოვნის და საკუთარი ხელით ჩააბარებს მამამისს, მაგრამ ტრაგედია მაინც მოხდება. როგორ შეიძლება გაჭირვებამ ზრდილი და თვინიერი, წესიერი კაცისგან, როგორიცაა პლატონ სამანიშვილი, მხეცი შექმნას; როგორ იბადება სკანდალი კირილე მიმინაშვილის თითოეული მოძრაობიდან; რატომ სვამენ ნაქეიფარი იმერლები ჩაის და რატომ არ მოაქვთ სტუმრისთვის ღვინო; როგორ შეიძლება კარგად შენახული დედაბრის სერიოზულად მოტაცება, — ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий