воскресенье, 20 сентября 2015 г.

პოლიგამიის შესახებ


პოლიგამია
კლივლენდი შეერთებული შტატების წინააღმდეგ372
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება
ამ საქმეში მსჯავრდებულები თავიანთი ფუნდამენტალისტური განწყობებით ცნობილი მორმონთა სექტის წევრები იყვნენ. სხვა მორმონებისგან განსხვავებით, ისინი არა მარტო აღიარებდნენ, არამედ ცხოვრებაშიც ახორციელებდნენ პოლიგამიას. თითოეულ მათგანს, ერთის გარდა, კანონიერ ცოლთან ერთად ერთი ან მეტი უკანონო მეუღლე ჰყავდა. ყოველი მათგანი თავისი რამდენიმე ცოლიდან, სულ მცირე, ერთს დაატარებდა ქვეყნის მასშტაბით მასთან თანაცხოვრების, ანდა ამგვარ პრაქტიკაში კულტის სხვა წევრისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. მათ მსჯავრი დადეს ფედერალური კანონმდებლობის დარღვევისათვის. სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა მსჯავრდება, ხოლო უზენაესმა კი საქმე ქვემდგომი სასამართლოდან გამოითხოვა. კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია ქალის შტატიდან შტატში გადაყვანაპროსტიტუციისა თუ გარყვნილობის ან სხვა ნებისმიერი ამორალური მიზნისათვის''. სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო უკანასკნელი ფრაზის მნიშვნელობას: „სხვა ნებისმიერი ამორალური მიზნისათვის''.
უზენაესი სასამართლოს თანახმად, პროსტიტუცია გულისხმობს სექსუალურ ურთიერთობებს დაქირავებით. რაც შეეხება გარყვნილობას, იგი არ არის ამგვარად განსაზღვრული. თუმცა ის, რასაც ეს ტერმინი გულისხმობს, შეიძლება მოტივირებულ იყოს მხოლოდ ავხორცობით და, შესაბამისად, უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს, ვიდრე კომერციულ სექსს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნით, პოლიგამიური პრაქტიკა არ ექცევა აქტის მოქმედების ფარგლებს მიღმა. „პოლიგამიის გავრცელებისა და განხორციელებისათვის საზოგადოების ორგანიზაცია ბარბაროსობისკენ შემობრუნებაა; იგი ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ბუნებასა და დასავსექსუალური მორალილურ სამყაროში ქრისტიანობის მიერ შექმნილ ცივილიზაციას''. პოლიგამიური ოჯახის დამკვიდრება და შენარჩუნება სექსუალური აღვირახსნილობის საყოველთაოდ ცნობილი მაგალითია. აქედან გამომდინარე, იგი შესაბამისი აქტით გათვალისწინებულ სხვა ამორალურ ქმედებათა ფარგლებში თავსდება.
მომჩივანთა მტკიცებით, არ არსებობდა დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი დანაშაულებრივი განზრახვის სახით, ვინაიდან მათი ქმედება მოტივირებული იყო რელიგიური მრწამსით. უზენაესი სასამართლოს შეხედულებით კი, ამ არგუმენტის მხარდაჭერის შემთხვევაში სამართლის ფარგლებს გარეთ მოექცეოდა ნებისმიერი ქმედება, ჩადენილი რელიგიური მოტივაციის არსებობის მტკიცების საფუძველზე. დანაშაული ჩადენილია, თუკი ბრალდებულს განზრახული ჰქონდა კანონით გაკიცხული ქმედების განხორციელება და ფაქტობრივად განახორციელა კიდეც იგი. ამ გარემოების გათვალისწინებით სასამართლომ უარყო მომჩივანთა არგუმენტები და დაამტკიცა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება.
მოსამართლე მერფის განსხვავებული აზრი
მერფის თანახმად, არსებობს ქორწინების ოთხი ფუნდამენტური ფორმა: 1) მონოგამია; 2) პოლიგინია, ანუ ერთი მამაკაცი რამდენიმე ცოლით; 3) პოლიანდრია, ანუ ერთი ქალი რამდენიმე ქმრით; 4) ჯგუფური ქორწინება. ტერმინიპოლიგამია'' მოიცავს როგორც პოლიგინიას, ისე პოლიანდრიას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს საქმე აქვს პოლიგინიასთან. ისტორიულად მისი სიხშირე ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ქორწინების სხვა ნებისმიერი ფორმისა. იგი კარგად ნაცნობი იყო უძველესი ცივილიზაციებისათვის და თვით ძველი აღთქმის ავტორებიც მრავალჯერ მიუთითებენ მასზე; დღესაც კი პოლიგინია ხშირად გვხვდება ათეისტებსა და არაქრისტიანული სარწმუნოების ხალხებში. მერფის მოსაზრებით, აუცილებელია იმის აღიარება, რომ პოლიგინია, ქორწინების სხვა ფორმების მსგავსად, იმ საზოგადოებების რელიგიურ რწმენებსა და სოციალურ ნორმებში ღრმად გამჯდარი კულტურული წარმონაქმნია, სადაც იგი თავს იჩენს. სიმართლეა ისიც, რომ თანამედროვე მსოფლიოს დომინანტური კულტურის რწმენები და ნორმები კიცხავენ პოლიგინიის პრაქტიკას, რადგან მას ამორალურად მიიჩნევენ. თუმცა, მერფის განცხადებით, ეს სულაც არ ეწინააღმდეგება იმას, რომ პოლიგინია სოციალური და მორალური პრინციპების ერთობლიობაზე აგებული ქორწინების ფორმაა.
მერფის შეხედულებით, ის განსხვავებები, რომლებიც მონოგამიასა და პოლიგამიას შორის შეიძლება არსებობდეს, არ მიაკუთვნებს ამ უკანასკნელს პროსტიტუციის ან გარყვნილობის კატეგორიას. ამ ტერმინებს არაფერი აქვს საერთო ქორწინების ფორმებთან. მოსამართლის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც, როცა ქორწინება საზოგადოების უმრავლესობისათვის მიუღებელ ფორმით აღმოცენდება, დაუშვებელია მისი შედარება პროსტიტუციასთან, გარყვნილობასა და სხვა ამორალობასთან. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი კანონში გამოყენებულ ფრაზასთან, „ნებისმიერი სხვა ამორალური მიზნისათვის'', პოლიგინიის მისადაგებისა.
ქორწინება
ლოვინგი ვირჯინიის შტატის წინააღმდეგ373
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება
ეს საქმე შეეხება ვირჯინიის შტატის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქორწინების წესის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც აღკვეთდა ინდივიდებს შორის ქორწინებას მხოლოდ რასობრივ საფუძველზე. აღნიშნული კანონი კონსტიტუციის მე-14 შესწორებასთან შეუსაბამოდ მიიჩნია უზენაესმა სასამართლომ.
1958 წლის ივნისში ვირჯინიის ორმა მცხოვრებმა მილდრედ ჯეტერმა, შავკანიანმა ქალმა და რიჩარდ ლოვინგმა, თეთრკანიანმა მამაკაცმა, იქორწინეს კოლუმბიის ოლქში მოქმედი კანონების შესაბამისად. ქორწინებიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ ახლად დაქორწინებულნი დაუბრუნდნენ ვირჯინიას და დასახლდნენ ქალაქ კაროლინში. 1958 წლის ოქტომბერში მათ ბრალი წაეყენათ რასობრივ ქორწინებაზე ვირჯინიის აკრძალვის დარღვევისათვის. 1959 წლის 6 იანვარს სასამართლომ ბრალეულად ცნო ლოვინგები და მიუსაჯა მათ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა საქმის განმხილველმა მოსამართლემ შეაჩერა განაჩენის აღსრულება 25 წლის ვადით, იმ პირობით, რომ მსჯავრდებულები დატოვებდნენ ვირჯინიას და 25 წლის განმავლობაში არ დაბრუნდებოდნენ აღნიშნულ შტატში. მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა: „ყოვლისშემძლე ღმერთმა შექმნა თეთრი, შავი, ყვითელი, მალაიური და წითელი რასები და განათავსა ისინი სხვადასხვა კონტინენტზე. ის, რომ მან რასების სეპარაცია მოახდინა, ნათლად მეტყველებს მის განზრახვაზე, არ მომხდარიყო მათი შერწყმა''.
უზენაესი სასამართლოს თანახმად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა მსგავს დაყოფას, გარდა კონსტიტუციით აკრძალული რასობრივი დისკრიმინაციისა. უდავოა, რომ ქორწინების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ რასობრივი დაყოფის ნიადაგზე ხელყოფს თანაბარი დაცვის კლაუზულის374 არსს. გარდა ამისა, აღნიშნული სტატუტი უფლებას ართმევს ლოვინგებს ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის გარეშე და შესაბამისი კონსტიტუციური მუხლის დარღვევით.375
უზენაესი სასამართლოს მიხედვით, ქორწინებაადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური სამოქალაქო უფლებათაგანია'', რომელიც გადამწყვეტია ერის არსებობისა და გადარჩენისათვის. ფუნდამენტური თავისუფლების უარყოფა მე-14 შესწორების თანასწორობის პრინციპის ხელმყოფი მხარდაჭერის არმქონე ისეთი საფუძვლით, როგორიცაა რასობრივი დაყოფა, უდავოდ შტატის ყველა მოქალაქისათვის ამ თავისუფლების ჩამორთმევას გულისხმობს, ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის გარეშე. მე-14 შესწორების მოთხოვნაა, ქორწინების არჩევანის თავისუფლება არ შეიზღუდოს რასობრივი დისკრიმინაციის ნიადაგზე. კონსტიტუციის თანახმად, სხვა რასის წარმომადგენელზე დაქორწინების ან არდაქორწინების თავისუფლება ეკუთვნის ინდივიდს და შტატს არა აქვს მისი ხელყოფის უფლება.
ყოველივე აქედან გამომდინარე, უზენაესმა სასამართლომ ლოვინგების მსჯავრდება გააუქმა.
ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინება. ჰავაიში ერთი სქესის რამდენიმე წარმომადგენელმა მოითხოვა ქორწინების ნებართვა, რაზედაც მათ უარი ეთქვათ. განმცხადებლებმა გაასაჩივრეს უარი ქორწინების ნებართვაზე, რადგან, მათი მტკიცებით, დაირღვა ჰავაის კონსტიტუციით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თანაბარი დაცვის უფლებები. საქმეში ბაერი ლევინის წინააღმდეგ376 ჰავაის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჰავაის კონსტიტუციით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთი სქესის წარმომადგენელი წყვილებისათვის ქორწინების უფლებას არ იცავდა. სასამართლოს განმარტებით, „ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინება არ იყო ჰავაის მოსახლეობის ტრადიციებსა და კოლექტიურ ცნობიერებაში იმდენად დამკვიდრებული, რომ მის აღიარებაზე უარს თავისუფლებისა და სამართლიანობის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა გამოეწვია. ჰავაის შტატის კონსტიტუციით აკრძალულია სქესის ნიადაგზე შტატის მიერ სანქცირებული დისკრიმინაცია ნებისმიერი პიროვნების წინააღმდეგ მის მიერ სამოქალაქო უფლებების განხორციელებისას. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ შტატის კანონი, რომლითაც ერთი სქესის საქორწინო ურთიერთობები იზღუდებოდა, სქესობრივ დაყოფას აწესებდა, რაცმკაცრი შემოწმების'' ტესტის ობიექტი იყო, თანაბარ დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნის საფუძველზე. შტატის უზენაესმა სასამართლომ ქვემდგომ სასამართლოს დაუბრუნა საქმე იმის გადასაწყვეტად, აკმაყოფილებდა თუ არა კანონი აღნიშნულ მკაცრ სტანდარტს.
ბაერის საქმის განხილვისას კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ქორწინებას განსაზღვრავდა ქალსა და კაცს შორის კავშირად. აღნიშნული კანონმდებლობის მიზანი იყო ჰავაიში მიმდინარე სასამართლო სამართალწარმოების შედეგის ლიმიტირება ამ შტატით, რათა არც ერთი სხვა შტატი არ გამხდარიყო ვალდებული, ეღიარებინა ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინება აღიარებისა და ნდობის კლაუზულის377 საფუძველზე.
1999 წლის 20 დეკემბერს ვერმონტის უზენაესმა სასამართლომ საქმეში ბეიკერი ვერმონტის შტატის წინააღმდეგ378 მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ერთი სქესის წარმომადგენელთათვის ქორწინების დამახასიათებელი უპირატესობებისა და დაცვის უარყოფა შტატის კანონმდებლობის საფუძველზე არღვევდა ვერმონტის კონსტიტუციის საზოგადო სარგებლის კლაუზულას. სასამართლომ შტატის საკანონმდებლო ორგანოს იმგვარი კანონის მიღება დაავალა, რომელიც ჰომოსექსუალ და ლესბოსელ წყვილებს ისეთივე პრივილეგიებსა და უფლებებს მიანიჭებდა, როგორიც დაქორწინებულ ჰეტეროსექსუალ წყვილებს ჰქონდათ. შედეგად, სასამართლო დავალების საფუძველზე შემუშავდა კანონპროექტი, რომელსაცქორწინების'' ცნება პერსპექტიული ოჯახური ურთიერთობის სისტემამდე დაჰყავდა, რაც ჰომოსექსუალ და ლესბოსელ წყვილებს ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევდა.
სოდომია
1964 წელს ორალური გზით ჰომოსექსუალური აქტისათვის ოციდან ოცდაათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით პირთა მსჯავრდება გასაჩივრდა, როგორც კონსტიტუციის მერვე შესწორებასთან წინააღმდეგობაში მყოფი განსაკუთრებით სასტიკი სასჯელი. ფედერალურმა სასამართლომ უარყო საჩივარი, თუმცა გაათავისუფლა მსჯავრდებული ეფექტური დაცვის არარსებობის გამო.379 საქმეში ეისენსტადი ბეარდის წინააღმდეგ380 კი სასამართლომ განაცხადა: „თუკი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება მოიცავს დაუქორწინებელ ჰეტეროსექსუალთა სექსუალურ ქმედებას, რატომ არ უნდა გავრცელდეს იგი ჰომოსექსუალთა კერძო სექსუალურ ქმედებაზე''.
ბოუერსი ჰარდვიკის წინააღმდეგ381
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება
1982 წლის აგვისტოში მომჩივანი პასუხისგებაში მისცეს საკუთარ საძინებელ ოთახში სხვა ზრდასრულ მამაკაცთან სოდომიის აქტის ჩადენისათვის, აღნიშნული ქმედების ამკრძალავი სისხლისსამართლებრივი კანონის საფუძველზე. წინასწარი სასამართლო მოსმენის შემდეგ საოლქო პროკურორმა გადაწყვიტა, არ წარედგინა საქმე ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის წინაშე სხვა მტკიცებულებების მოპოვებამდე.
მომჩივანმა ფედერალურ საოლქო სასამართლოს მიმართა კანონის არაკონსტიტუციურობის მტკიცებით, იმ მოტივით, რომ სტატუტი ნებაყოფლობითი სოდომის კრიმინალიზაციას ახდენდა.
უზენაესი სასამართლოს განცხადებით, მოცემულ საქმეში სასამართლომ არ უნდა გადაწყვიტოს ზრდასრულ ადამიანებს შორის სოდომიის საწინააღმდეგო კანონების გონივრულობა ან სასურველობა; იგი არც კონსტიტუციურ ნიადაგზე ჰომოსექსუალური სოდომიის ამკრძალავი კანონების გაუქმებაზე შტატის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას და შტატის სასამართლოების მიერ მსგავსი კანონების ანულირების მართლზომიერების საკითხს აყენებს. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ანიჭებს თუ არა კონსტიტუცია ჰომოსექსუალებს სოდომიის განხორციელების ფუნდამენტურ უფლებას და, შესაბამისად, აღიარებს თუ არა ძალადაკარგულად მრავალ შტატში არსებულ კანონებს, რომლებიც კვლავ განიხილავან ასეთ ქმედებას უკანონოდ. გარდა ამისა, საქმე ასევე მოითხოვს კონსტიტუციური მანდატის განხორციელების პროცესში სასამართლოს როლის განსაზღვრას.
უზენაესმა სასამართლომ უარყო მომჩივნის მტკიცება, რომელიც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა, თითქოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ძირითადი საქმეების განმარტება შეიძლება, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლების გავრცელება ჰომოსექსუალურ სოდომიაზე. მომჩივნის ჩამონათვალში წარმოდგენილი საქმეები,382 ძირითადად, ოჯახურ ურთიერთობებს, ქორწინებას და შვილების გაჩენას შეეხებოდა. უკანასკნელ სამ საქმეში კი დადგინდა, რომ ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის კლაუზულა383 მოიცავდა ინდივიდის ფუნდამენტურ უფლებას, გადაეწყვიტა, გაეჩინა თუ არა შვილი. უზენაესი სასამართლოს თანახმად, ვერც მომჩივანმა და ვერც სააპელაციო სასამართლომ ვერ შეძლო კავშირის ჩვენება, ერთი მხრივ, ქორწინებას, ოჯახსა და შვილების გაჩენასა და, მეორე მხრივ, ჰომოსექსუალურ ქცევას შორის; მეტიც, არ იმსახურებს მხარდაჭერას ნებისმიერი მტკიცება, თითქოს აღნიშნული საქმეები მხარს უჭერდეს თეორიას, რომლის თანახმადაც კონსტიტუცია შტატის აკრძალვის სფეროდან გამორიცხავს ნებისმიერ ნებაყოფლობით კერძო სექსუალურ ქმედებას ზრდასრულ ადამიანებს შორის.
მომჩივანი უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდა ჰომოსექსუალური სოდომიის განხორციელების ფუნდამენტური უფლების აღიარებას, როგორც საკუთარი თავის, ისე საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ იმ უფლებების აღიარება, რომლებიც კონსტიტუციაში სათანადოდ იდენტიფიცირებადი არ არის, უფრო მეტია, ვიდრე მოსამართლეთა მიერ ფასეულობათა საკუთარი არჩევანის დაკისრება შტატებსა და ფედერალურ მთავრობაზე. უზენაესი სასამართლო სხვადასხვა დროს შეეცადა იმ უფლებათა განსაზღვრას, რომლებიც მძლავრ სასამართლო დაცვას იმსახურებენ. საქმეში პალკო კონექტიკუტის წინააღმდეგ384 სასამართლომ განაცხადა, რომ ეს კატეგორია მოიცავდა იმ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიციგულისხმება მოწესრიგებული თავისუფლების კონცეფციაშიდა რომელთაგაწირვის'' შემთხვევაში აღარ იარსებებსარც თავისუფლება და არც სამართლიანობა''. სხვა ტიპის განმარტებაა მოცემული საქმეში მური აღმოსავლეთ კლივლენდის წინააღმდეგ,385 რომელშიც ისინი დახასიათებულია როგორცერის ისტორიასა და ტრადიციაში ღრმად გამჯდარი'' თავისუფლებანი. უზენაესი სასამართლოს თანახმად, არც ერთი ეს ფორმულირება ჰომოსექსუალების მიერ ნებაყოფლობითი სოდომური აქტების განხორციელების ფუნდამენტურ უფლებას არ გულისხმობს.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი არც ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის კლაუზულაში ჩადებული ახალი ფუნდამენტური უფლებების აღმოჩენისაკენ არის მიდრეკილი საკუთარი უფლებამოსილების შესახებ უფრო ვრცელი შეხედულების განვითარებით. სასამართლო ძალზე ახლოსაა უკანონობასთან, როდესაც მას საქმე აქვს სასამართლო გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ კონსტიტუციურ სამართალთან, რომელსაც ძალზე რთულად ამოსაცნობი ფესვები აქვს კონსტიტუციის ტექსტში. ამის ნათელ მაგალითს მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ხელისუფლების აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს შორის მომხდარი დაპირისპირება წარმოადგენს, რასაც მეხუთე და მე-14 შესწორებების ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის კლაუზულაზე სასამართლოს განმარტებათა მნიშვნელოვანი ნაწილის უარყოფა მოჰყვა. შესაბამისად, აუცილებელია, ძლიერი წინააღმდეგობა გაეწიოს აღნიშნული კლაუზულების არსებითი მოცულობით გაფართოებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი უფლებათა იმ კატეგორიის თავიდან განსაზღვრას მოითხოვს, რომლებიც ფუნდამენტურად ითვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო აუცილებლად მიითვისებს სახელმწიფოს მართვის უფლებას კონსტიტუციური უფლებამოსილების გარეშე. უზენაესი სასამართლოს დასკვნით, მომჩივნის მიერ მტკიცებად უფლებას ამ წინააღმდეგობის დაძლევის უნარი არ აქვს.
მომჩივნის მტკიცებით, სასამართლომ სხვაგვარად უნდა განსაჯოს, როდესაც ჰომოსექსუალური ქმედება სახლში ხდება. ამ არგუმენტის წარმოდგენისას იგი დაეყრდნო საქმეს სტენლი ჯორჯიის წინააღმდეგ,386 რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ, პირველი შესწორებით, პორნოგრაფიული მასალების სახლში შენახვისა და კითხვისათვის პირის მსჯავრდება აკრძალული იყო: „თუკი რამეს ნიშნავს პირველი შესწორება, პირველ რიგში, სწორედ იმას, რომ სახელმწიფოს საქმე არ არის საკუთარ სახლში მარტოდ მყოფ ადამიანს მიუთითოს, რა სახის წიგნის კითხვისა თუ ფილმების ყურების უფლება აქვს''.
სტენლის საქმე იცავს იმ ქმედებას, რომელსაც არ დაიცავდა, ის რომ სახლის გარეთ მომხდარიყო. მან ასევე ნაწილობრივ შეზღუდა შტატის პორნოგრაფიის ამკრძალავი კანონების მოქმედება; თუმცა ამ საქმეში მიღებული გადაწყვეტილება მტკიცედ ეფუძნებოდა პირველ შესწორებას. სასამართლოს წარმოებაში ამჯამად არსებულ საქმეში კი, უზენაესი სასამართლოს თანახმად, მომჩივნის მიერ მტკიცებად უფლებას, კონსტიტუციის ტექსტის მიხედვით, ასეთი მხარდაჭერა არ აქვს. გარდა ამისა, ყველა უკანონო ქმედების სახლში განხორციელება ყოველთვის არ სარგებლობს იმუნიტეტით. აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების ფლობა და მოხმარება არ ექცევა კანონის მოქმედების ფარგლებს მიღმა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი სახლში განხორციელდა.
მომჩივნის მტკიცებით, იმ შემთხვევაშიც, თუ არ არსებობს ჰომოსექსუალური სოდომიის ფუნდამენტური უფლება, კანონს უნდა გააჩნდეს განსაზღვრული გონივრული საფუძველი. ,,გონივრული'' საფუძველი კი, მომჩივნის მოსაზრებით, გასაჩივრებული კანონის მიმართ შემოიფარგლება ჯორჯიის შტატის ელექტორატის უმრავლესობის რწმენით, რომ ჰომოსექსუალური სოდომია ამორალური და მიუღებელია, რაც არაადეკვატური არგუმენტაციაა კანონის მხარდასაჭერად. უზენაესი სასამართლოს თანახმად, სამართალი ზოგადად ეფუძნება წარმოდგენებს მორალის თაობაზე და, თუკი მორალური არჩევანის გამომხატველი ყველა კანონის ანულირება მოხდება ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის კლაუზულის საფუძველზე, სასამართლოს დიდი ჯაფა დაადგებოდა.
აშშ- უზენაესმა სასამართლომ უარყო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სასამართლოს თავმჯდომარე ბურგერის თანმხვედრი აზრი
ბურგერის დასკვნით, სოდომიის აკრძალვასუძველესი ფესვები'' აქვს. ინდივიდების ჰომოსექსუალური ქმედება სახელმწიფო ინტერვენციის საგანს წარმოადგენდა დასავლური ცივილიზაციის მთელი ისტორიის განმავლობაში. ასეთი პრაქტიკის გაკიცხვა მყარად არის დამკვიდრებული იუდეურ-ქრისტიანულ მორალურ და ეთიკურ სტანდარტებში. ჰომოსექსუალური სოდომია ძირითად დანაშაულად ითვლებოდა რომაული სამართლის მიხედვით. ინგლისის საერთო სამართალი, სოდომიის აკრძალვის ჩათვლით, ჯორჯიასა და სხვა კოლონიებში აღიარებული სამართალი იყო. მოსამართლის მოსაზრებით, იმის დადგენა, რომ ჰომოსექსუალური სოდომიის აქტი დაცულია როგორც ფუნდამენტური უფლება, ათასწლიან მორალურ პრინციპებთან კავშირის გაწყვეტა იქნებოდა.
მოსამართლე ბლეკმუნის განსხვავებული აზრი,
რომელსაც შეუერთდნენ მოსამართლეები ბრენანიმარშალი და სტივენსი
მოსამართლე ბლეკმუნმა თავის განსხვავებულ დასკვნაში განაცხადა: „ჩვენ ვიცავთ... უფლებებს (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას) არა იმიტომ, რომ ისინი პირდაპირი და მატერიალური გზით ხელს უწყობენ საყოველთაო საზოგადოებრივ კეთილდღეობას, არამედ იმიტომ, რომ ისინი ქმნიან ინდივიდის ცხოვრების ძირითად ნაწილს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა იმ მორალური ფაქტის რეალიზაციაა, რომლის მიხედვითაც პიროვნება ეკუთვნის საკუთარ თავს და არა სხვებს ან საზოგადოებას. ამიტომაც ჩვენ ვიცავთ ინდივიდის არჩევანს, იქორწინოს ან არა სწორედ იმიტომ, რომ ქორწინება არის გაერთიანება, რომელიც ხელს უწყობს ცხოვრების წესს და არა საერთო საქმეს; ჰარმონიას ცხოვრებაში და არა პოლიტიკურ რწმენებს; ორმხრივ ერთგულებას და არა კომერციულ ან სოციალურ პროექტებს. ჩვენ ვიცავთ ინდივიდის არჩევანს, იყოლიოს ან არა შვილი იმიტომ, რომ მშობლის სტატუსი ასე დრამატულად ინდივიდის თვითგამორკვევის პროცესზე და არა დემოგრაფიული მოსაზრებების ან ბიბლიური შეგონების გამო. დაბოლოს, ჩვენ ვიცავთ ოჯახს იმიტომ, რომ იგი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ინდივიდის ბედნიერებას და არა სტერეოტიპული ოჯახის უპირატესობის გამო.''
როგორც სასამართლომ განაცხადა, საქმეში დასავლეთ ვირჯინიის შტატის განათლების საბჭო ბარნეტის წინააღმდეგ,387 „ჩვენ ვიყენებთ კონსტიტუციურ შეზღუდვებს იმის შიშის გარეშე, რომ ინტელექტუალური და სულიერი მრავალფეროვნების თავისუფლება სოციალური ორგანიზაციის დეზინტეგრაციას გამოიწვევს... თავისუფლება, იყო განსხვავებული არ არის შეზღუდული უმნიშვნელო საკითხებით. ეს მხოლოდ თავისუფლების აჩრდილი იქნებოდა. თავისუფლების არსი მდგომარეობს უფლებაში, იყო განსხვავებული წარმოდგენების მქონე არსებული წესრიგის ფუძემდებლურ საკითხებზე''. ბლეკმუნის მოსაზრებით, სწორედ იმიტომ, რომ აღნიშნულ საქმეში წამოჭრილი საკითხი შეეხება იმას, რაც ინდივიდებს ისეთებად აქცევს, როგორებიც არიან, სასამართლომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს იმ ადამიანების უფლებათა მიმართ, რომელთა არჩევანიც უმრავლესობას აღიზიანებს.
მოსამართლის შეხედულებით, სასამართლოს არგუმენტი მოპასუხის ქმედებისიუდაურქრისტიანულ ფასეულობებთან'' შეუსაბამობის შესახებ ამ ქმედების კანონის ძალით აკრძალვის ადეკვატური გამართლება არ არის. ის, რომ განსაზღვრული რელიგიური ჯგუფები კიცხავენ მსგავს საქციელს, არ აძლევს შტატს მთელ საზოგადოებაზე მათი შეხედულებების გავრცელების ნებას. საერო კანონმდებლობის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია სახელმწიფოს უნარზე, გაამართლოს თავისი კანონმდებლობა რელიგიურ დოქტრინასთან შესაბამისობის არგუმენტის მიღმა. ბლეკმუნის აზრით, განსაზღვრულმა ჯგუფმა რაც უნდა არაკომფორტულად აგრძნობინოს თავი ამ სასამართლოს, როგორც საქმეში 'კონორი დონალდსონის წინააღმდეგ388 აღინიშნა, „მხოლოდ საზოგადოებრივმა შეუწყნარებლობამ ან შუღლმა შეუძლებელია კონსტიტუციურად გაამართლოს ინდივიდისათვის ფიზიკური თავისუფლების ჩამორთმევა''.
რომერი ევანსის წინააღმდეგ389
კოლორადოს შტატის ამომრჩევლებმა შტატის მასშტაბით გამართული რეფერენდუმის საფუძველზე მიიღეს მეორე შესწორება შტატის კონსტიტუციაში, რომელიც აღკვეთდა როგორც შტატის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო აქტს, რომელიც პიროვნების სტატუსის დაცვას ისახავდა მიზნადჰომოსექსუალური, ლესბოსური ან ბისექსუალური ორიენტაციის, ქცევის, საქმიანობის ან ურთიერთობის'' საფუძველზე.
საქმეში რომერი ევანსის წინააღმდეგ აშშ- უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ, ვინაიდან შესწორებისგანსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანი განსაზღვრულ ჯგუფზე ფართო და არა დიფერენცირებული ქმედუუნარობის დაკისრება'' იყო, მას არ ჰქონდა რაციონალური კავშირი შტატის ლეგიტიმურ ინტერესთან. სასამართლოს განცხადებით, შესწორების დაუყოვნებლივ შედეგს წარმოადგენდა შტატისა და ადგილობრივი ერთეულების მიერ სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონების, რეგულაციების და დადგენილებების გაუქმება. საბოლოო შედეგი კი მომავალში სახელმწიფოს ნებისმიერი ერთეულისათვის მსგავსი ან მეტი დამცავი ზომების მიღების აკრძალვაში მდგომარეობდა. მოსამართლე კენედიმ, რომელმაც გადმოსცა აშშ- უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, აღნიშნა: „კანონი, რომელიც აცხადებს, რომ ერთი ჯგუფისთვის უფრო რთული იქნება სახელმწიფოს დახმარების მოთხოვნა, ვიდრე სხვებისთვის, თავისთავად, კანონის საფუძველზე თანაბარი დაცვის უარყოფაა ... თუკი კანონის საფუძველზე თანაბარი დაცვის კონსტიტუციური კონცეფცია რაიმეს ნიშნავს, სულ მცირე, იმას, რომ პოლიტიკურად არაპოპულარული ჯგუფისათვის ზიანის მიყენების აშკარა სურვილი არ შეიძლება სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესს შეადგენდეს.''
მოსამართლე სკალიამ თავის განსხვავებულ აზრში, რომელსაც სასამართლოს თავმჯდომარე რენკვისტი და მოსამართლე ტომასი შეუერთდნენ, მიუთითა: „სასამართლოს გადაწყვეტილება ამერიკის კონსტიტუციურ სამართალს არ ემყარება და მხოლოდ მის სიმულირებას ახდენს. კოლორადოს მოსახლეობამ მიიღო სრულიად გონივრული დებულება, რომელიც მხოლოდ ჰომოსექსუალთა პრივილეგირებულ დამოკიდებულებას აღკვეთდა და მათ მიმართ არაკეთილგანწყობის გამოხატულება არ იყო. მეორე შესწორება შემუშავდა კოლორადოელების მიერ მოწონებული სექსუალური მორალის თანდათანობითი გაუარესების თავიდან ასაცილებლად. იგი არა მხოლოდ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესატყვისი საშუალებაა, არამედ ამერიკელების მიერ დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებული მეთოდიც. ამ შესწორების ძალადაკარგულად გამოცხადება არა სასამართლო გადაწყვეტილებას, არამედ პოლიტიკური ნების აქტს წარმოადგენს''.


Комментариев нет:

Отправить комментарий