четверг, 20 августа 2020 г.

მანასაროვარი

 მანასაროვარი, მაპამიუმ-ცო, მაპამ-იუმცო (ჩინ. 玛旁雍錯) — მაღალმთიანი მტკნარწყლიანი ტბა სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში. გაწოლილია ტიბეტის მთიანეთზე, მთა კაილასის სიახლოვეს, მთათაშუა ხეობაში, რომელიც სამხრეთიდან შემოსაზღვრულია ჰიმალაით, ხოლო ჩრდილოეთიდან კაილასის ქედით. მდებარეობს ზღვის დონიდან 4586 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 412 კმ², საშუალო სიღრმე 46 მ, მაქსიმალური სიღრმე 90 მ. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 23 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 25 კმ-ზე.

აქვს შედარებით მომრგვალო ფორმა. მანასაროვარი განგა-ჩუს 10 კილომეტრიანი ფშანით დაკავშირებულია ტბა ლანგა-ცოსთან. წყალუხვობისას, როდესაც მანასაროვარი ივსება ხდება მისი წყლების ჩადინება ლანგა-ცოში. ტიბეტელი ბუდისტებისთვის ეს დრო დიდი დღესასწაულია: წყლის ბალანსი დადებითი და უარყოფითი ენერგიის ჰარმონიის სიმბოლოა. დიდი ხნის განმავლობაში იყინება. დაბალი ტემპერატურის პირობებში ზაფხულშიც კი წარმოიქმნება ტბაზე ყინულის ქერქი.

დამახასიათებელია მაღალმთიანი კლიმატი. ტბის რაიონი ვრცელდება სუბტროპიკული და სუბეკვატორული კლიმატის სარტყლების საზღვარზე. ნიშანდობლივია ტემპერატურის მკვეთრი დღე-ღამური რყევები. დღისით, მზეზე წყალი თბება +4°С-მდე. ჰაერის საშუალო ტემპერატურა იანვარში –14,2°С, ხოლო ივნისში 3,5°С. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა დაახლოებით 400 მმ შეადგენს. ნალექების 87 % ივნისში და სექტემბერშია. ტბის სიახლოვეს ცხელი წყაროებია.

წყალი ძალიან სუფთაა და გამჭვირვალე, ხილვადობა ათეულობით მ-ს შეადგენს. ფსკერი ქვიანია, ქვები წვრილია და ბასრი. მანასაროვარის სიახლოვესაა სატლეჯის, ინდის, გჰაგჰრისა და ბრაჰმაპუტრის სათავეები.

ტიბეტური ლეგენდების თანახმად, მანასაროვარი კარიბჭეა ფიზიკურ სამყაროსა და საიქაო სამყაროს შორის. რელიგიური მომლოცველობის ადგილია. ინდუიზმსა და ბუდიზმში მისი მნიშვნელობა დიდია. წარსულში ტბის სიახლოვეს აღმართული იყო 8 მონასტერი. შემორჩენილია ჩერკიპის, იერნგოსა და ბიონრის მონასტრების ნანგრევები. ტრუგოს, სერალუნგის, გოსულის, ჩიუ-გუმპისა და ლანგბონის მონასტრები აღდგენილია 1980-იან წლებში.


Комментариев нет:

Отправить комментарий