სომხეთი (სომხ. Հայաստան — „ჰაიასტან“), ოფიციალურად სომხეთის რესპუბლიკა (სომხ. Հայաստանի Հանրապետություն — „ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნ“) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში. მდებარეობს დასავლეთ აზიაში. დასავლეთიდან ესაზღვრება თურქეთი, ჩრდილოეთიდან საქართველო, აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი, ხოლო სამხრეთიდან ირანი და აზერბაიჯანის ექსკლავი ნახიჩევანი.
ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში აბორიგენი ტომების ახალი კავშირები ჩამოყალიბდა. ესენი იყვნენ ვანის ტბის აუზში მცხოვრები ურარტელები, ჰაიას ტომობრივი კავშირი (საიდანაც, სპეციალისტთა აზრით მომდინარეობს სომეხი ხალხის თვითდასახელება — ჰაი) და სხვა. სომეხი ხალხის ჩამოყალიბების ბოლო ეტაპი დაემთხვა ძვ. წ. VI საუკუნეში სომხეთის სახელმწიფოს შექმნას, რომელმაც ურარტუს ადგილი დაიკავა. ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომებიც, თავის მხრივ მონაწილეობდნენ სომეხი ხალხის ჩამოყალიბებაში. მაგრამ უკვე ძვ. წ. VI საუკუნის დასასრულს სომხეთის სახელმწიფო აქამედინთა სპარსეთის შემადგენლობაში შევიდა.
ძვ. წ. 331 წელს, ალექსანდრე მაკედონელის მიერ აქამენიდთა იმპერიის განადგურების შემდეგ, სომხეთის სამეფო აღდგა და სომხეთის მთიანეთის მნიშვნელოვანი ნაწილი გააერთიანა. მაგრამ ძვ. წ. III საუკუნის პირველ ნახევარში მას ჩამოსცილდა სამხრეთ-დასავლეთი ოლქები — კომაგენე და სოფენა. ამავე საუკუნის ბოლოს სომხეთის სახელმწიფო, დიდი სომხეთის სახელით, სელევკიდების სამფლობელოში მოექცა. მას სელევკიდების მიერ დანიშნული ადგილობრივი მმართველი არტაშეს I მართავდა. ძვ. წ. 191 არტაშესმა ისარგებლა სელევკიდების რომაელებთან ბრძოლაში დამარცხებით და ძვ. წ. 189 წელს დიდი სომხეთი და სოფენა დამოუკიდებელ სამეფოებად გამოაცხადა. მან სათავე დაუდო არტაშესიანთა დინასტიას, რომლებსაც სამეფო ტახტი ძვ. წ. I საუკუნემდე ეპყრათ. დიდი სომხეთი განსაკუთრებით გაძლიერდა არტაშესის შვილიშვილის — ტიგრან II დიდის დროს. ტიგრანმა დაასრულა ძირითადი სომხური მიწების გაერთიანება და თავის სამეფოს სოფენაც შეუერთა. ამის გარდა დიდ სომხეთს შეუერთდა კომაგენე, ატროპატენა, სელევკიდების სირია, მესოპოტამია და სხვა. სამფლობელოების გაფართოების გამო დედაქალაქი არტაშატი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოექცა. აუცილებელი გახდა ახალი დედაქალაქის აშენება. მდინარე ტიგროსის ნაპირზე ტიგრან II-მ ააგო ქალაქი ტიგრანაკერტი. მნიშვნელოვნად განვითარდა სხვა ქალაქებიც — არმავირი, არშამაშტი, ერევანდაშტი და სხვა.
ძვ. წ. 69 წელს დაიწყო ომი რომის იმპერიასა და სომხეთს შორის. სომხეთის მოკავშირე იყო პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორი, რომელიც ტიგრანის ნათესავიც იყო. ამ ომში სომხეთი დამარცხდა და დაკარგა მიერთებული მიწები. შეინარჩუნა მხოლოდ ეთნიკური საზღვრები. ძვ. წ. 66 წელს სომხეთმა ხელშეკრულებით ცნო რომის ბატონობა, თუმცა ტიგრანმა შეინარჩუნა ხელისუფლება.
ძვ. წ. I საუკუნიდან სომხეთი რომისა და სპარსეთის ბრძოლის ასპარეზად იქცა. ახ. წ. 62 წლიდან სომხეთში არშაკუნიანების დინასტია დამკვიდრდა. III საუკუნის მეორე ნახევრიდან სომხეთი სასანიანთა ირანის გავლენის სფეროში მოექცა.
Комментариев нет:
Отправить комментарий