четверг, 30 июля 2020 г.

ატმა-უპანიშადა


(თარგმანი რუსულიდან. ღ. ჩაბრავა)

ათჰარვა-ვედა

ჯგუფი უპანიშადებისა - სუფთა ვედანტა

1. ომ! მაშინ ანგირასმა თქვა: პურუშა არსებობს სამი სახის, კონკრეტულად კი: გარეგანი ატმანი, შინაგანი ატმანი და უმაღლესი ატმანი. ის, ვისაც აქვს გარსი, კანი, ფრჩხილები ხელებზე, ხორცი, თმები, თითები, დიდი თითები, ხერხემალი, ფრჩხილები ფეხებზე, ფეხისგულები, საშო, ჭიპი, სასქესო ორგანო, თეძოები, ბაყვები, ლოყები, წარბები, შუბლი, ხელები, თავი, არტერიები, თვალები, ყურები; ვინც იბადება და კვდება - ის წოდებულია გარეგან ატმანად.

2. ახლა - შინაგან ატმანზე. ის, ვინც მიწის, წყლის, ცეცხლის, ჰაერის, სივრცის, სურვილების, სიძულვილის, სიხარულის, უბედურების, ვნებების, დაბრმავების, ეჭვების და სხვა მსგავსის წყალობით დაჯილდოვებულია მეხსიერებით; ვინც, მაღალი, დაბალი, მოკლე, ხანგრძლივი, ფართო, დამახსოვრებადი, მყვირალა, ფეთქებადი და შერეული ბგერების, ასევე ცეკვების, სიმღერების, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე თამაშის, ცნობიერების დაკარგვის, მთქნარების და ზმორების და სხვა მსგავსის წყალობით არის მსმენელი, ყნოსვის უნარის მქონე, გემოს შეგრძნების უნარის მქონე, მოაზროვნე, შემეცნებელი, მოქმედი; ვინც აფიქსირებს ატმანს, პურუშა; რომელიც სწავლობს პურანებს, ნიაიას, მიმანსას, დჰარმაშასტრებს; ვინც გრძნობს სხვაობას სმენის, ყნოსვის, მიზიდულობის მოქმედებებში - ის იწოდება შინაგან ატმანად.

3. ახლა - უმაღლეს ატმანზე: ის - ვისაც უნდა ეთაყვანო როგორც წმინდა მარცვალ ომს; რომელიც ცხადდება ფიქრში და მსჯელობაში უმაღლეს ატმანზე მოფიქრალის წინაშე და იოგაში - სუნთქვის შეკავებაში, გრძნობების მოქმედების შეწყვეტაში და სრულ შერწყმაში; ვითარცა ლეღვის თესლი, ფეტვის მარცვალი, გაყოფილი თმის წვერის მეათიათასედი; რომელიც მიუღწევადია, შეუცნობელია, არ იბადება, არ კვდება, არ ხმება, არ იწვის, არ თრთის, არ ნადგურდება, არ იჩეხება, განძარცვულია თვისებებისგან, ყველაფრის მოწმეა, სუფთაა, დაუყოფადია ბუნებით, ერთადერთია, ნატიფია, არადისკრეტულია, შეუბღალავია, ამპარტავნების გარეშეა, უხმოა, შეუძლებელია შეეხო, იგრძნო მისი გემო, დაინახო, იყნოსო მისი სუნი, განძარცვულია ეჭვებისგან, თავისუფალია ლოდინისგან, ყოვლისგამჭოლია. ის, წარმოუდგენელი და ენით აღუწერელი, ასუფთავებს არასუფთას და წაბილწულს, ის, ვინც - უმოქმედოა, ვისაც არ აქვს კავშირი წარსულ არსებობასთან. ეს პურუშა არის უმაღლესი ატმანი.

ომ

Комментариев нет:

Отправить комментарий