იმ ოკულტურ იდეებს შორის, რომლებსაც ახლა ფართოდ განიხილავენ და უმალ იზიარებენ "სხეულგარეშე" ან "სიკვდილშემდგომი" გამოცდილების მქონე ადამიანები და ზოგიერთი მეცნიერიც, არსებობს რეინკარნაციის (სულთა გადასახლების) იდეა – რომ სული გარდაცვალების შემდგომ საშინელ სამსჯავროზე არ წარდგება და სამოთხეში ან ჯოჯოხეთში კი არ ელის სხეულის აღდგომასა და საშინელ სამსჯავროს, არამედ უკან, დედამიწაზე ბრუნდება (ალბათ "ასტრალურ სიბრტყეში" ყოფნის შემდეგ) და შედის ცხოველის ან სხვა ადამიანის ახალ სხეულში (ანუ იბადება ცხოველად ან სხვა ადამიანად – მთარგმ. შენიშვნა).
კომენტარი: თქვენ რითიც ხართ ეგზომ უკმაყოფილონი, მაგის მიზეზი, ძევს იმაში, რომ დჰარმული რელიგიების და აბრაამული რელიგიების ფიზიკა და მეტაფიზიკა დიამეტრალურად საპირისპიროა. აბრაამული მონოთეიზმის მიხედვით სამყაროს ასაკია 7-8 ათასი წელი, ამის გარდა დრო, სივრცე და გლობალური ისტორიული პროცესი, არის სწორხაზოვანი, ხოლო დჰარმულ რელიგიებში პირიქით, ციკლური. დჰარმულ სისტემებში დრო, სივრცე და ისტორია მუდმივად მეორდება და საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ჩახვეული, იოგები და სიდჰები, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ან უბრალოდ სურთ, დააღწიონ თავი ამ ციკლურ ყოფიერებას და ერთგვარ კოსმიურ მოჯადოებულ წრეს. ჩაკეტილი ციკლიდან გასვლის ორი მეთოდი არსებობს: სალოკია-მუქტი - პიროვნული უფლის სამყაროში, მარადიულ სასუფეველში მოხვედრა და საიუჯია-მუქტი - უპიროვნო მსოფლიო სულთან შეერთება ინდივიდუალობის სრული დაკარგვით. როგორც წესი ვაიშნავები (ვიშნუს/კრიშნას მიმდევრები) ირჩევენ ბჰაქტი-იოგას და სალოკია-მუქტის, ხოლო შანკარას მიმდევარი იმპერსონალისტები გიანა-იოგას და საიუჯია-მუქტის. პირადად მე პრიორიტეტულად მიმაჩნია პერსონალისტური სალოკია-მუქტი, მიუხედავად იმისა, რომ ვაიშნავი არ ვარ. „საშინელი სამსჯავრო“ ინდუიზმის გაგებით არ იქნება „უკანასკნელი“, ეს სწორხაზოვანი კონცეფცია გამოგონილია დაჩაგრული და სამყაროზე განაწყენებული იუდეველი ხალხის მიერ, რომელიც არავის უყვარდა და მანაც გამოსავალი და შვება ჰპოვა აბსოლუტურად ახალ მეტაფიზიკურ დოგმაში, სწორხაზოვან დროში და „საშინელი და უკანასკნელი სამსჯავროს“ იდეაში. სწორხაზოვანი დრო და აბრაამული ესქატოლოგია იუდაიზმის პროდუქტია, საიდანაც ქრისტიანობამ და ისლამმა ბევრი რამ ისესხეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ იუდეველებზე ადრე ამ იდეის შემუშავება დაიწყეს ირანელმა მაზდეანებმა. წარმატება ხვდათ წილად მთელ მსოფლიოში გაბნეულ იუდეველებს, კონკრეტულად კი - რაბინებს, რომელთა წმინდა წიგნი „თანახი“ არის კიდეც ქრისტიანული ბიბლიის საფუძველი და ქვაკუთხედი. არსებობს მხოლოდ ოთხი რელიგია, რომელიც არ აღიარებს რეინკარნაციას, ესენია: ეგზოთერული იუდაიზმი, ეგზოთერული ისლამი, ეგზოთერული ქრისტიანობა და ეგზოთერული ზოროასტრიზმი (მაზდეანობა), როგორც უკვე ვთქვით - ეგზოთერული და არა ეზოთერული, ეზოთერული ფილოსოფია აბრაამულ რელიგიებში და ეზოთერული მაზდეანობა (ზურვანიზმი) აღიარებენ სულთა გადასახლების დოქტრინას. დჰარმულ რელიგიებში რეინკარნაცია, როგორც უნივერსალური ტრანსმორფიზმი ფუნდამენტური იდეაა, განსაკუთრებით კი ჯაინიზმში და ბუდიზმში. ბუდისტურ ფილოსოფიაში და მეტაფიზიკაში ითვლება, რომ ადამიანს შეუძლია დაიბადოს ადამიანის სხეულში, ცხოველის სხეულში, ღვთაების სხეულში, შეუძლია იშვას დამშეულ აჩრდილად, ჯოჯოხეთის არსებად ან დემონად (ასურად). ბუდა ამბობდა, რომ ჩვენს ლოკალურ სამყაროში არის ექვსი განზომილება, სადაც სახლობენ ისეთი არსებები, როგორებიცაა; ღმერთები (დევები), დემონები (ასურები), ჯოჯოხეთის სულები (ნარაკები), აჩრდილები (პრეტები), ცხოველები და ადამიანები (მანუშია). თვითონ ღმერთებსაც შეუძლიათ განიცადონ რეინკარნაცია, რადგანაც არც ისინი არიან განთავისუფლებულნი კარმული კანონის ზეგავლენისგან, ბუდიზმის მიხედვით არავინაა თავისუფალი კარმული კანონისგან, არავინ ბუდას გარდა. როდესაც ცოცხალი არსება ასუფთავებს ცნობიერებას აფექტებისგან, ის ხდება - ბუდა. როცა ცოცხალი არსება ხდება ბუდა, ის წყვეტს სხეულიდან სხეულში ხეტიალს და სულაც არაა აუცილებელი აბსოლუტურ სიცარიელესთან (შუნიასთან) შერწყმა ინდივიდუალობის სრული დაკარვით. როდესაც ცოცხალი არსება აღწევს ნირვანას, პარა-ნირვანას ან მაჰა-ბოდჰი-ნირვანას, ის არსად არ ქრება, უბრალოდ წყვეტს რეინკარნაციას და მისი ცნობიერება თავისუფლდება ყოველგვარი ნეგატიური ვნებებისგან, მის ცნობიერებაში ისადგურებს აბსოლუტური და მარადიული სიმშვიდე და სისუფთავე, წყდება ყოველგვარი ტანჯვა (დუჰკჰა).
ეს იდეა დიდად იყო გავრცელებული დასავლეთში ანტიკური წარმართობის პერიოდში მანამ, სანამ იგი ქრისტიანულმა იდეებმა არ შეცვალა; ჩვენს დროში სულთა გადასახლების იდეის გავრცელება ძირითადად ინდუიზმისა და ბუდიზმის გავრცელებას უკავშირდება, სადაც იგი საყოველთაოდ არის აღიარებული. სადღეისოდ ეს იდეა ჩვეულებისამებრ "ჰუმანიზირებულია" იმ აზრით, რომ ადამიანები თავიანთ "წინარე ცხოვრებაში" ადამიანური სახით ცხოვრობდნენ; მაშინ, როდესაც – ინდუსებსა და ბუდისტებს შორის, ისევე როგორც ძველ ბერძნებსა და რომაელებს შორის, საყოველთაო იდეად არის წარმოდგენილი, რომ ადამიანად "განხორციელება" იშვიათად ხდება და თანამედროვე "განხორციელებათა" უმეტესობა ცხოველები, მწერები და მცენარეებია.
კომენტარი: რეინკარნაციის იდეა არსებობს ეზოთერულ იუდაიზმშიც (კაბალაში), ასევე ეზოთერულ ისლამში (სუფიზმში) და ეზოთერულ ქრისტიანობაში (გნოსტიციზმში), არა მხოლოდ „წარმართულ“ რელიგიებში. ეზოთერულ იუდაიზმში სულთა გადასახლებას ეწოდება - გილგულიმ, ეზოთერულ ისლამში - თანასუჰ, ხოლო ეზოთერულ ქრისტიანობაში - მეტემფსიქოზი. თქვენ როგორც სჩანს რეინკარნაციის მექანიზმი მრუდედ გესმით, ნებისმიერ სხეულში განსხეულებას განაპირობებს კარმა. არის 4 სახის კარმა: აკარმა - სულიერი მოქმედება, კარმა - მატერიალური კოსმოსის კანონების სრული დაცვით მოქმედება, ვიკარმა - ეგოისტური მოქმედება და უგრაკარმა - სასჯელი, რომელიც ავტომატურად მოსდევს თან ეგოცენტრულ უმეცრებას. დჰარმული რელიგიების მიზანი არაა ადამიანისათვის თავ-გზის აბნევა, მათი მიზანია ერთადერთი რეალური ბოროტების - ეგოს დაძლევა.
ამ იდეის მორწმუნეები ამბობენ, რომ იგი მრავალ ამქვეყნიურ "უსამართლობას" ხსნის და გამოუცნობ შიშსაც თითქოსდა გასაგებს ხდის: თუკი ვინმე დაიბადება ბრმად ან სიღატაკეში, მაშინ ეს "წინარე ცხოვრებაში" მისი საქციელის საზღაურია (ანუ როგორც ინდუსები და ბუდისტები იტყვიან – მისი "ცუდი კარმის" მისაგებელია), ხოლო თუ ვინმეს წყლის შიში აქვს, ეს იმის გამოა, რომ "წინარე ცხოვრებაში" დაიხრჩო.
კომენტარი: როგორც მრავალჯერ ითქვა, აწმყო ესაა წარსულის რეზულტატი და მომავლის მიზეზი. შენ ის ხარ, რასაც ფიქრობ. ადამიანის აზრები განაპირობებენ მის შემდგომ ცხოვრებას და რეინკარნაციის მთელ პროცესს. რა არის ამ იდეაში ცუდი, ვერ ვხვდები. ჩემი აზრით ყველაზე დამღუპველი არის აბრაამული კრეაციონიზმი და არა სულთა გადასახლების სრულებით უწყინარი და სავსებით რეალისტური კონცეფცია. ინდუისტურ ფილოსოფიაში რეინკარნაციის მექანიზმი შესანიშნავად არის ახსნილი; ვიკარმა - ეგოიზმი, წარმოშობს უგრაკარმას - ნეგატიურ კარმულ რეაქციებს. რეინკარნაციის პროცესის მიზანია ადამიანს მიეცეს შანსი, რომ საბოლოოდ დაძლიოს ეგო და გახდეს ჯივანმუქტა (ან ბუდა), არსება, რომელიც თავისუფალია ფსიქიკური აფექტებისგან, ეგოსგან, ვნებებისგან. ხშირად ხდება ისეც, რომ ადამიანი ერთ ინკარნაციაში ისჯება ჩადენილი დანაშაულის გამო. დჰარმული რელიგიური პრაქტიკების ერთადერთი მიზანია ეგოს დაძლევა და ღვთაებრივთან დაკავშირება.
სულთა გადასახლების მორწმუნეებს სულის წარმოშობასა და დანიშნულებაზე არავითარი სრულყოფილი სწავლება არ აქვთ და არც თავიანთი თეორიის დამაჯერებელი მტკიცება გააჩნიათ. მისი მთავარი მომხიბლავი მხარეები ზედაპირული ხასიათისაა: ამქვეყნად თითქოსდა "სამართლიანობის" უზრუნველყოფა, ზოგიერთ ფსიქიურ იდუმალებათა ამოხსნა და "უკვდავების" მსგავსი რაიმეთი იმათი უზრუნველყოფა, ვინც ქრისტიანულ პოზიციას არ იზიარებს.
კომენტარი: სული (ჯივატმა) უქმნელია. მტკიცებულებას რაც შეეხება, მაგისთვის გამოდგება რეგრესიული ჰიპნოზი. სამართალს რაც შეეხება, დიახ, კარმული კანონი, კანონი და არა ჰიპოთეზა, არის კიდეც უნივერსალური სამართალი, შექმნილი კეთილი დემიურგის, იშვარას, უფლის მიერ. სამართლიანობა მდგომარეობს იმაში, რომ არცერთი ცოცხალი არსება არაა საბოლოოდ განწირული მარადიული ჯოჯოხეთისათვის, თვით ყველაზე ბნელ დემონსაც კი აქვს შანსი, იშვას ადამიანად და მიაღწიოს გასხივოსნებას ან თუ შეძლებს, დემონურ ფორმაშიც კი მიაღწიოს ნირვანას მდგომარეობას და გახდეს აფექტებისგან თავისუფალი სულიერი ზეარსება. ყველას აქვს შანსი გახდეს ჯივანმუქტა ან ბუდა, აბსოლუტურად ყველა არსებას. რეინკარნაცია საშუალებას აძლევს დემონებს, მიაღწიონ სულიერი განთავისუფლების მდგომარეობას და დაძლიონ ბოროტება, რადგანაც აბსოლუტური ბოროტება უბრალოდ არ არსებობს.
საღი გონებით თუ განვსჯით, სულთა გადასახლების თეორია უსამართლობის არანაირ ახსნას არ იძლევა: თუკი ამქვეყნად ადამიანი იმ ცოდვებისა და შეცდომებისათვის ისჯება, რომლებიც მას არ ახსოვს და რაზეც მას პასუხისგება არ შეუძლია (თუკი ადრე ცხოველი იყო) და თუკი არც "მე" არ არსებობს (ბუდისტური სწავლების მიხედვით), რომელიც ერთი გადასახლებიდან მეორეში იქნება შენარჩუნებული, და თუკი მისი შეცდომები, პირდაპირი გაგებით, სხვისი შეცდომები იყო – მაშინ ამაში არავითარი სამართლიანობა არ არის, არამედ ეს მხოლოდ უბედურებებისგან მომდინარე ბრმა ტანჯვაა, რომლის წარმოშობის მიკვლევა შეუძლებელია. ქრისტიანული სწავლება ადამის დაცემის შესახებ, როგორც ყოველი ამქვეყნიური ბოროტების წყაროზე, გაცილებით უკეთ განმარტავს ამქვეყნიურ უსამართლობას; ხოლო ქრისტიანული გამოცხადება ღვთის სრულყოფილ სამართ¬ლიანობასა და ადამიანების განკითხვაზე, რომელიც ზეციურ საუკუნო ცხოვრებას ან ჯოჯოხეთს უმკვიდრებს ადამიანს – ფუჭსა და ტრივიალურს ხდის ამქვეყნად "განხორციელებების" შედეგად "სამართლიანობის" მოპოვების იდეას.
კომენტარი: მეხსიერებაში რჩება წინა ინკარნაციების შესახებ ცოდნა, უბრალოდ უფლის მოწყალებიდან გამომდინარე ჩვენ არ გვახსოვს ის უბედურებები, რაც გადავიტანეთ წინა სხეულებში. პრობლემა იმაშია, რომ არ გესმით ორი რამ: დრო არაა სწორხაზოვანი და მეორე; ცოცხალი სული განიცდის ევოლუციას რეინკარნაციის პროცესში და სრულებით არაა აუცილებელი, რომ ის ტანჯვა და ვაება რაც ადრე გადაიტანა, ახსოვდეს დეტალურად. წინა ინკარნაციებიდან ინფორმაციის ფრაგმენტები ხშირად იღვიძებენ, რაც ქმნის სერიოზულ ხარვეზებს ნერვულ სისტემაში. ადამიანი, ცოცხალი არსება ხეტიალობს სხეულიდან სხეულში, პლანეტიდან პლანეტაზე, სული ჯოჯოხეთშიც არის ნამყოფი და სამოთხეშიც, ცხოველის სხეულშიც, აქედან გამომდინარე ამნეზია რეინკარნაციის პროცესში, არის წყალობა და არა აბსურდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის ნერვული სისტემა, უბრალოდ გადაიწვებოდა კატასტროფული ფსიქო-ემოციური დატვირთვის გამო. არავის არ აქვს უნარი, გაუძლოს წინა ინკარნაციების მეხსიერებას ერთად მოძალებას, არავის, ბუდას გარდა. ამიტომაც არის, რომ დჰარმული რელიგიები მოგვიწოდებენ დავკავდეთ სულიერი ასკეტიზმით და გავხდეთ ბუდა ან ჯივანმუქტა, მხოლოდ გასუფთავებულ ნირვანულ ცნობიერებას აქვს უნარი აიტანოს ინფორმაციული შეტევა წინა ცხოვრებების განცდების სახით. რაც შეეხება ყბადაღებულ „ზეციურ საუკუნო ცხოვრებას“, ვიმეორებ კიდევ ერთხელ: 1) დრო - ციკლურია, 2) მატერიალურ სამყაროში არაფერია მარადიული, მათ შორის ის სამოთხეც, რომლისკენაც ილტვიან აბრაამიტები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახსოვს თუ არ ახსოვს ადამიანს საკუთარი წარსული ინკარნაცია და დანაშაული, რომელიც მან წინა ცხოვრებებში ჩაიდინა, არ არის მნიშვნელოვანი საერთოდ, ეგ ერთი და მეორეც; თუნდაც ახსოვდეს კონკრეტულ ინდივიდს წინა ცხოვრებაში საკუთარი ეგოიზმიდან გამომდინარე ჩადენილი ცუდი ქმედება (ცოდვა), ის მაინც არ მოინანიებდა, არსებობენ ეგოისტები, რომლებიც არათუ ვერ ხვდებიან, რომ რაღაც დააშავეს, არც მიაჩნიათ საერთოდ საკუთარი თავი ცოდვილად და მეტიც, მიიჩნევენ, რომ ანგელოზები არიან, უმწიკვლო რეპუტაციით და თამაშობენ კარგი ადამიანის, წმინდანის და კეთილი სამარიტელის როლს პუბლიკაში და თუნდაც ამცნო ასეთ ეგოისტს და სადისტს, რომ მან დააშავა რაღაც და ვიღაცას ავნო, ის მაინც არ მიიღებს ამას და საერთოდაც სასაცილოდაც არ ეყოფა მორალური შეგონება. არც არის აუცილებელი, რომ ადამიანს ახსოვდეს წინა ინკარნაციები, რადგანაც ადამიანი არის რთული კონსტრუქცია, მეტაფიზიკური სისტემა და არა მხოლოდ სულისა და სხეულისგან შემდგარი ბინარული და დუალისტური რაღაცა არსება. ინდუიზმის მიხედვით ადამიანი შედგება ისეთი ელემენტებისგან, როგორებიცაა; ფიზიკური სხეული, ასტრალური სხეული (ნატიფი სხეული), კაუზალური (სულიერი) სხეული, ფიზიკური კარმული გარსი, ეთერული კარმული გარსი, მენტალური კარმული გარსი, ინტელიგიბელური კარმული გარსი (ვიგიანამაია-კოშა) და სულიერი ენერგიის (ნეტარების) კარმული გარსი, ასევე, პიროვნული ეგო - აჰამკარა (ცრუ-ეგო, ასმიტა-შაკტი), გონება (მანასი), ინტელექტი (ბუდჰი), ცნობიერება (ჩიტა) და ინდივიდუალური ცოცხალი სული (ჯივატმა), ასე რომ საკითხავია თუ რას გულისხმობთ ქრისტიანები, როცა ამბობთ „რატომ არ ახსოვს?“, ახსოვს ვის? ატმანს (სულს), ბუდჰის (ინტელექტს), მანასს (გონებას), ეგოს (აჰამკარას), თუ რომელიმე სხვა ელემენტს? ჯერ დავაკონკრეტოთ რა იგულისხმება მეხსიერებაში. ინდუისტური (და ბუდისტური) ანთროპოლოგია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ქრისტიანული, ამაშია ფუნდამენტური პრობლემა. ბუდიზმი არ ამბობს, რომ „მე“ არ არსებობს, ბუდიზმი აცხადებს, რომ არ არსებობს მონოლითური „მე“, ისეთი, როგორიც არის ინდუიზმში ან ქრისტიანობაში. ბუდისტური ანთროპოლოგიის მიხედვით ადამიანი არის სხვადასხვაგვარი ფიზიკური და მეტაფიზიკური ელემენტების რთული კომპლექსი, სუბატომების (დჰარმების) დისკრეტული ნაკადი, რომელიც მუდმივად განიცდის რეპრეზენტაციას. სუბატომები (დჰარმები), რომელთაგანაც შედგება ადამიანი (მანუშია), დაჯგუფებულნი არიან ხუთ კლასტერად (ხუთ სკანდჰად), ეს კლასტერებია: რუპა - ფორმა, ვედანა - გრძნობები, სამსკარა - ფსიქიკა, სამჯნა - გონება-ინტელექტი და ვიჯნანა (ვიგიანა) - ცნობიერება და რაც ყველაზე მთავარია, ეს კლასტერები (სკანდჰები) არავის მიერ არ არის შექმნილი, შემოქმედი არ არსებობს. კლასტერები (სკანდჰები) უსაწყისონი არიან. ბუდას მიხედვით ადამიანი ხუთი კლასტერის კომპლექსური ერთობლიობაა, ხოლო ინდუისტური ანთროპოლოგიის მიხედვით სულის, ინტელექტის, გონების, ეგოს, ხუთი კარმული გარსის, სამი სხეულის და ცნობიერების ერთობა. ის, რომ არ გვახსოვს წინა ცხოვრება, კარგია და არა ცუდი, სწორედ მაგაშია რეინკარნაციის აზრი, რადგანაც ყოველი ახალი განსხეულება არის ახალი შანსი, თავიდან დაიწყო ცხოვრება, მაგრამ წინა ინკარნაციების გავლენა არსად არ ქრება. გსურს დაძლიო ნეგატიური კარმა წინა განსხეულებიდან? დაკავდი იოგით (ასკეტიზმით) და შეძლებ მის დაწვას ასკეზის სულიერ ცეცხლში.
რა ვუყოთ ახლახან რეკლამირებულ იმ შემთხვევებს, სადაც "წინარე ცხოვრების ობიექტური მტკიცებანი არსებობენ" – როდესაც ადამიანი დროისა და ადგილის დეტალებს "იხსენებს", რომლებიც მას ალბათ თავისთავად არ შეიძლებოდა სცოდნოდა და რომელთა შემოწმებაც ისტორიული საბუთებით შეიძლება?
ასეთი შემთხვევები მეტად დამაჯერებელია მათთვის, ვინც სულთა გადასახლების რწმენისადმი უკვე მიდრეკილია; ამ სახის "მტკიცებულებები" არ განსხვავდებიან იმ სტანდარტული ინფორმაციისაგან, რომელსაც სპირიტისტულ სეანსებზე "სულები" წარმოაჩენენ (რომელიც შეიძლება ფრიად საოცარი იყოს) და არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათ სხვა წყარო შეიძლება ჰქონდეთ. თუკი სრულიად ცხადია, რომ სპირიტისტულ სეანსებზე მყოფი "სულები" ეშმაკები არიან, მაშინ "წინარე ცხოვრებაზე" ინფორმაციებიც ეშმაკებისაგან შეიძლება მომდინარეობდეს. ორივე შემთხვევაში მათ ერთი მიზანი აქვთ: რომ ადამიანებს ვითომცდა "ზებუნებრივი" ცოდნით გონება დაუბინდონ, ხოლო ამით საიქიო ცხოვრების ნამდვილი ბუნების შესახებ მოატყუონ ისინი და იმქვეყნიური ცხოვრებისათვის სულიერად მოუმზადებელნი დატოვონ.
კომენტარი: არავითარი გარანტია არ არსებობს იმისი, რომ სწორედ „ეშმაკები“ აძლევენ ცოდნას მედიუმებს და იოგებს. ქრისტიანული სწავლება დემონთა შესახებ აბსოლუტურად მცდარია. პრობლემა იმაშია, რომ დემონების (დაიმონების) უდიდესი ნაწილი ესენია ანტიკური სამყაროს ღმერთები (ღვთაებები), რომელთა დემონიზაციაც მოახდა გვიანანტიკურ პერიოდში, მას შემდეგ, რაც ქრისტიანული რელიგია გაბატონდა რომის იმპერიაში. ელინისტური (ნეოპლატონიკური) ფილოსოფიის და მისტიციზმის მიხედვით დემონები (დაიმონები) არსებობენ სამი სახის: აგატო-დაიმონები - კეთილი სულები, დაიმონები - ნეიტრალური სულები და კაკო-დაიმონები - ბოროტი სულები. სავსებით შესაძლებელია, რომ მედიუმებს სპირიტუალურ სეანსებზე ეცხადებიან კეთილი დაიმონები, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კეთილი დაიმონის და ბოროტი დაიმონის ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ ძნელია. ერთ-ერთი ნიშანი, რითიც შეგვიძლია გავარჩიოთ აგატო-დაიმონი კაკო-დაიმონისგან, არის ის, რომ ბოროტი დაიმონი ყოველთვის ფანტომური სახით ეცხადება ადამიანს და არის ამპარტავანი, უყვარს თავის ქება და შეცდომაში შეჰყავს ადამიანი, ხოლო კეთილი დაიმონი ეცხადება ნამდვილი ადამიანური სახით, არასოდეს არ აქებს საკუთარ თავს და ადამიანს ეხმარება ბოროტი ძალებისგან თავის დაღწევაში. ამის შესახებ წრდნენ პროკლე, პლოტინი, იამბლიხი, პორფირიუსი და სხვა ნეოპლატონისტები. რაც შეეხება სიტყვა "ეშმაკს", სიტყვა "ეშმა" არის ირანული სიტყვა, ქართულ ენაში გადმოსული მაზდეანური სწავლებიდან და არა ქართული სიტყვა. ბევრმა ეს არ უწყის. ეშმა (აეშმა) ესაა კონკრეტული ირანული დემონის სახელი და არა ავი სულების კრებითი სახელწოდება ზოგადად.
ადრეული ქრისტიანული ეკლესია სულთა გადასახლების შესახებ იდეას ებრძოდა. ეს იდეა ქრისტიანულ სამყაროში მანიქეველობისა და სხვა აღმოსავლური სწავლებების საშუალებით შემოიჭრა. ამ მოძღვრებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ორიგენეს ცრუსწავლება "სულთა წინარე ცხოვრებაზე", რომელიც სასტიკად იქნა დაგმობილი 553 წლის კონსტანტინეპოლის მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ხოლო მისი მიმდევრები ანათემირებულ იქნენ. ეკლესიის მრავალი მამა წერდა ხსენებული ცრუსწავლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი წმიდა ამბროსი მედიოლანელი დასავლეთში ("აღდგომის რწმენისათვის" წიგნი II), ხოლო აღმოსავლეთში – წმიდა გრიგოლ ნოსელი ("სულისათვის და აღდგომისათვის") და სხვანი.
კომენტარი: მანიქევლების, გნოსტიკოსების და ორიგენისტების ანათემაზე გადაცემის ანუ უბრალო ბანალური დაწყევლის მიზეზი იყო არა ის, რომ რეინკარნაცია „ცრუ“ სწავლებაა, არამედ ის, რომ რეინკარნაციის იდეა, აკარგვინებდა ყოველგვარ აზრს სწორხაზოვანი დროის და მარადიული ჯოჯოხეთის საფუძველშივე მცდარ და აბსურდულ იდეას, ჰიპოთეზას.
თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, რომელსაც სულთა გადასახლების იდეა ხიბლავს ან ვისაც ამ იდეის სავარაუდო "მტკიცებანი" აფიქრებს, საკმარისია ალბათ სამ ძირითად ქრისტიანულ დოგმატს დაუფიქრდეს, რომლებიც სულთა გადასახლების შესაძლებლობასაც კი გადაჭრით უარყოფენ.
1. სხეულის აღდგომა.
2. იესო ქრისტეს მიერ ჩვენი გამოსყიდვა.
3. სამსჯავრო.
ამ სამ დოქტრინაში ქრისტიანული გამოცხადება ზუსტია და განსაზღვრული, წარმართული რელიგიებისაგან განსხვავებით, რომლებსაც არ სწამთ მკვდრეთით აღდგომა ან გამოხსნა და გარკვეულად არაფერს ამბობენ არც სამსჯავროზე და არც მომავალ ცხოვრებაზე.
კომენტარი: არა მხოლოდ დჰარმული რელიგიების მიმდევრები უარყოფენ სწორხაზოვანი დროის იდეას, არამედ ხშირად თვით ფიზიკოსებიც კი მიდიან ზუსტად იმავე დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივიდნენ ჰერაკლიტე და ინდოელი ბრძენები. მაგალითისათვის, ფიზიკოსმა მარტინ ბოჯოვოლდიმ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ის სინგულარობა, რომლიდანაც წარმოიშვა ჩვენი მეტაგალაქტიკა, არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი. სამყაროები მუმივად იკუმშებიან და ფართოვდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამყაროს წარმოშობამდე არსებობდა სხვა სამყარო, წარმოშობილი წინა სინგულარობიდან ანუ მეტაგალაქტიკის ყოფიერება არის ციკლური და შედგება კვანტური ინფლაციის, სტაბილური არსებობის და კვანტური იმპლოზიის მუდმივად განმეორებადი ფაზებისგან. სხეულის აღდგომა ბოლო ჟამს, ქვეყნიერების დასასრულისას და ღვთაებრივი სამსჯავროს შესახებ დოგმა, სულაც არ არის ქრისტიანული, ქრისტიანებზე ადრე ეს ორი დოგმატი შეიმუშავა ზოროასტრიზმის ფუძემდებელმა, წინასწარმეტყველმა ზოროასტრმა, ზარდუშტ სპიტამამ, ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში. მაზდეანურ (ზოროასტრიულ) რელიგიაში სამსჯავროს და მკვდრეთით აღდგომას ეწოდება - ფრაშო-კერეტი. სამსჯავროს შემდეგ მაზდეანური რელიგიის მიხედვით, შემოქმედის მტრები არიმანთან, ბნელეთის სულთან ერთად ჩაყრილნი იქნებიან ცეცხლოვან ჯოჯოხეთში. ეს უნდა ვიცოდეთ, როცა ვსაუბრობთ რელიგიურ საკითხებზე, კონკრეტულად კი „ქრისტიანობის ძირითად დოგმატებზე“. სხვათაშორის, ბუდიზმის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ იქ მკვეთრად ფიქსირებული დოგმები არ არსებობს და ადამიანს ეძლევა ინდივიდუალური სულიერი პრაქტიკის საშუალება და გარკვეული თავისუფლება (იქიდან გამომდინარეც, რომ ბუდიზმში თითქმის არაა ერესის ცნება).
Комментариев нет:
Отправить комментарий