იოგა ინდური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. იოგას რელიგიურ – ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიმართაც ინტერესი მთელ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება, ისეთივე ძველია, როგორც მთლიანად ვედური კულტურა.
კომენტარი: დიახ. ეს ასეა. ვედური კულტურა ძალიან ძველია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ „ინდური კულტურის“ მიმდევრებისათვის ინდუიზმი ესაა სანატანა-დჰარმა (სანატანა-ჯაივა-დჰარმა) სამყაროს და ცოცხალი სულის მარადიული უნივერსალური რელიგია და ფილოსოფია, ხოლო რაც შეეხება სიტყვა „ინდოეთს“ ანუ იგივე „ჰინდოსტანს“, ეს არის ირანელების მიერ შერქმეული სახელი და ნიშნავს „ჰინდოების ადგილსამყოფელს“, „ჰინდი“ ან „ჰინდუ“ ნიშნავს ოკეანეს ან წყალს, ხოლო სიტყვა „სტან“ (სტჰან) ნიშნავს ადგილს ან სავანეს, გაჩერებას. ამის გარდა სათქმელია, რომ ეს ტერმინი გაჩნდა კალი-იუგაში, ძვ.წ. მეორე ათასწლეულში და აქტიურ ხმარებაში გადავიდა ანტიკურ დასავლურ სამყაროში. სამყაროს ისტორია ინდუიზმში ცოტათი განსხვავდება აბრაამულისგან (ეს მსუბუქი ნათქვამია). სამყაროში მუდმივად მეორდებიან ციკლები და ჩნდებიან და იღუპებიან სხვადასხვა ადამიანური და ზეადამიანური ცივილიზაციები და ზეცივილიზაციები. ჩვენი კალი-იუგა (დეგრადაციის ეპოქა) ესაა 28-ე კალი-იუგა, ყოველი იუგას (ეპოქის) ბოლოს ხდება გლობალური პლანეტური კატასტროფა - იუგა-პრალაია. კატასტროფა ანადგურებს იმ ცოცხალ არსებებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს სულიერი ამაღლება და ყველაფერი თავიდან იწყება, იქმნება ადამიანურ არსებათა ახალი გენოსი, ახალი მოდგმა, ეს იდეა ასახულია ბერძენი პოეტის და მითოგრაფოსის - ჰესიოდეს თხზულებებში, როგორებიცაა „სამუშაონი და დღენი“ და „თეოგონია“ ანუ „ღმერთების წარმომავლობა“.
თვით ტერმინი “იოგა” არაერთმნიშვნელოვნად განიმარტება: იგი გულისხმობს შეერთებას, მონაწილეობას, წესრიგს, აგრეთვე, ღრმა ფიქრს, ჭვრეტას, თუმცაღა უფრო ხშირად მას სანსკრიტული ძირიდან – “იუჯ”-დან წარმოშობილად მიიჩნევენ, რაც ძალისხმევას, ვარჯიშს ნიშნავს.
კომენტარი: ტერმინი იოგა ნიშნავს ღვთაებრივთან დაკავშირებას, პრაქტიკულად ნებისმიერი რელიგია ესაა - იოგა, ხოლო ლოცვა ან მანტრა ე.წ. სატელეფონო ზარი აბსოლუტთან, მიმართვა, კომუნიკაციის საშუალება.
იოგა არის ვარჯიშთა სისტემაზე დამყარებული სწავლება, რომელიც მიმართულია ადამიანის ფსიქიკისა და ფსიქოფიზიოლოგიის მართვისა და მისი უფრო მაღალი ფსიქოფიზიკური და სულიერი მდგომარეობის მიღწევისკენ. ფიქრი იმაზე, რომ იოგით შეიძლება ვივარჯიშოთ მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არასწორია. იოგა, უპირველეს ყოვლისა, სულიერ შეხედულებათა სისტემაა; მისი მიზნები სულიერია და არა ფიზიკური. ცნობილი მართლმადიდებელი მოღვაწე სერაფიმ როუზი წერდა: “ადამიანი, რომელიც იოგას სხეულებრივი ჯანმრთელობის მისაღწევად მისდევს, უკვე ამზადებს თავს გარკვეული სულიერი შეხედულებებისა და განცდების მისაღებად, რომელთა შესახებაც, როგორც წესი, არაფერი უწყის”.
კომენტარი: ნებისმიერი რელიგია, არის იოგა (როგორც უკვე ითქვა). იოგას მიზანია - აბსოლუტი (უფალი).
უნდა აღვნიშნოთ, რომ მამა სერაფიმემ ყურმოკვრით როდი უწყოდა, თუ რა არის იოგა, რადგან ახალგაზრდობაში (მართლმადიდებლობაში მოსვლამდე) აქტიურად მისდევდა ამ პრაქტიკას.
ადამიანის ბუნება მუდმივად იდუმალის, საიდუმლოებების შეცნობისკენ არის მიდრეკილი. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მსოფლიოში ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური, ბუდისტური მოძღვრების იოგასადმი გაცხოველებული ინტერესი.
კომენტარი: ინდუიზმი და ბუდიზმი ერთი და იგივე არაა. ინდუიზმში არსებობს სული (ატმანი) და უფალი (იშვარა), ბუდიზმში - არა. ადამიანი მიდრეკილია საიდუმლოებების ამოხსნისკენ იმიტომ, რომ ასეთად შექმნა უფალმა (იშვარამ) ადამიანი და ზოგადად ნებისმიერი გონიერი არსება.
ეს, გარკვეულწილად, განაპირობა მსოფლიოში იოგას მოძღვრების გამავრცელებლების მხრიდან ინფორმირების მეტად მზაკვრულმა მეთოდებმა.
კომენტარი: მზაკვრობას ადგილი აქვს აბრაამულ რელიგიებში, მათ ვერაგულ, შოვინისტურ, პათეტიკურ და ისტერიულ პროპაგანდაში და არა ვედების რელიგიაში ან ბუდას ფილოსოფიაში.
მთავარი, რითაც იოგის ფიზიკური თუ მენტალური ვარჯიში განსხვავდება ქრისტიანული მოღვაწეობისაგან, არის ის, რომ ინდო-ჩინურ სისტემებს მინდობილი ადამიანი ეფუძნება წარმართულ, ძირითადად, პანთეისტურ მსოფლმხედველობას და აქედან გამომდინარე, აქცენტს აკეთებს საკუთარ შესაძლებლობებზე და ცდილობს საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ თვითონვეა ზებუნებრივი ძალებისა და უსაზღვრო სიბრძნის წყარო: თუკი მოინდომებს, თავისით განივითარებს სულიერ ძალებს, თავისით განიკურნება, თავისით განიწმინდება, თავისით მიაღწევს სრულყოფილებას… ყველა ვარჯიში თუ მედიტაცია ამ იდეით არის განმსჭვალული, რაც ადამიანში ბადებს უდიდეს ცოდვას – ამპარტავნებას. სწორედ ამპარტავნების გამო ნათლის ანგელოზი ეშმაკად იქცა.
კომენტარი: იოგას ანუ რელიგიის მიზანია - აბსოლუტი. იოგა არსებობს მრავალი სახის; ბჰაქტი - სიყვარული, გიანა - შემეცნება, კარმა - კეთილი საქმეების კეთება, რაჯა-იოგა - გონების გაძლიერება და ა.შ. რაც შეეხება „ნათლის ანგელოზს“ და „ეშმაკებს“, ამ აბსურდს დჰარმულ რელიგიებში ადგილი არ აქვს, ხოლო თავად ქართული სიტყვა „ეშმა“, მომდინარეობს ირანული (მაზდეანური) ავი სულის - აეშმა-დეივას სახელიდან, რომელიც განასახიერებს ავხორცობას და მრისხანებას. ზოროასტრიზმს ჰქონდა დიდი გავლენა იუდაიზმზე და ადრეულ ქრისტიანობაზე.
როცა ადამიანი აღმოსავლური სისტემებით იწყებს ვარჯიშებს (გონებრივს, ან ფიზიკურს), ის გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად ზურგს აქცევს თავის შემოქმედს და თანდათანობით ბოროტი ძალების გავლენის ქვეშ ექცევა. ამ დროს ის აკლდება უფლის შეწევნას და ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ამარა რჩება. სანამ ადამიანს ღვთის მადლი იფარავს, ბოროტი ძალა უძლურია, მისი გონება და სული დაიმორჩილოს; რაც მეტს სცოდავს ადამიანი (ხორციელად იქნება თუ გონებრივად), მით მეტ ძალაუფლებას იღებენ სატანური ძალები მასზე.
კომენტარი: ერთადერთი ბოროტება, რომელიც არსებობს, ესაა - ავიდია (უმეცრება).
იოგა ძირეულად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, მის იდეებსა და ღირებულებებს.
კომენტარი: ნებისმიერი რელიგიური პრაქტიკა ესაა იოგა ანუ კავშირი ღვთაებრივ სულთან, უფალთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий