четверг, 24 сентября 2020 г.

რეინკარნაციის აპოლოგია. პასუხი მართლმადიდებლურ კრიტიკაზე.

ეძღვნება ელენა ბლავატსკაიას ხსოვნას

წინასიტყვაობა

ქრისტიანი დოგმატიკოსები ამტკიცებენ, რომ რეინკარნაცია ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, მოდით განვიხილოთ ეს საკითხი. 

მართლმადიდებლური არგუმენტი:  „ამდენად, ადამიანის ინდივიდუალობაც ილუზიაა. მაშ, ვინაა სიყვარულის სუბიექტი? თუ მოყვარული სხეულებრივი ადამიანია, მაშინ გამოდის, რომ უყვარს ილუზიას, ხოლო თუ მოყვარული ატმანია მაშინ საკუთარ სიყვარულთან ანუ ეგოცენტრიზმთან და თვითგაღმერთებასთან გვაქვს საქმე, ე.ი. თუ ადამიანს უყვარს  სხვა ადამიანი, როგორც ინდივიდუმი, მას უყვარს მირაჟი და ილუზია, ხოლო, თუ ადამიანს ატმანი უყვარს, მაშინ, რადგან ატმანი ერთია, ამიტომ მას საკუთარი თავი უყვარს. ინდუიზმის უმთავრესი „დოგმატია“: „შენ ხარ ის“ (სანსკ. „ტატ ტვამ ასი“). რა სიყვარულზე შეიძლება ამ შემთხვევაში ვილაპარაკოთ, როცა სიყვარულის ობიექტი და სუბიექტი ერთი და იგივეა: ატმანს უყვარს საკუთარი თავი ბრაჰმანის სახით და პირიქით. მაშ ვინ უყვარს და ვის ერწყმის იოგი, თუ ყოველივე  ილუზიაა, ხოლო მისი ატმანი აბსოლუტის იგივეობითია? ამის გამოა, რომ იოგი სიყვარულსაც ისეთივე დამღუპველ ვნებად მიიჩნევს, როგორც სიძულვილს, რადგან იგი მას მატერიალურ ე.ი. ილუზორულ სამყაროზე აჯაჭვავს.“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge). 

კონტრარგუმენტი  #1: ჯერ ეს ერთი დავიწყოთ  იმით, რომ ადამიანის ინდივიდუალობა ილუზია არაა, ადამიანს ვედების მიხედვით გააჩნია ორგვარი მე, ესენია; ჭეშმარიტი მე - ჯივატმანი (ინდივიდუალური ცოცხალი სული) და ცრუ-ეგო  - ასმიტა-შაკტი (აჰამკარა). ცრუ-ეგო დროებითია (და ნადგურდება ხორციელი სხეულის სიკვდილის შემდეგ), ჯივატმანი, ჭეშმარიტი მე, ინდივიდუალური სული - მარადიულია. ინდივიდუალური სული განაგრძობს არსებობას ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ. ახლა რაც შეეხება იმას რაც თქვენ თქვით ბრაჰმანთან დაკავშირებით, იდეა, რომ ადამიანის ატმანი და ბრაჰმანი (აბსოლუტი) იდენტურია (ერთი და იგივეა), განეკუთვნება ადვაიტა-ვედანტას იმპერსონალისტურ ფილოსოფიას. ადვაიტას მისდევს ინდუისტების ძალიან მცირე ნაწილი. ინდუისტების 71% (700 მილიონი ადამიანი), მისდევს ვაიშნავურ რელიგიას (ვიშნუიტურ მონოთეიზმს). ვიშნუს (კრიშნას) მიმდევარი, ვაიშნავი, არასოდეს არ იტყვის, რომ ადამიანი და ღმერთი ერთი და იგივეა, ვაიშნავური ბჰაქტი-იოგა მკაფიოდ გამოხატავს აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს მარადიული სხვაობა ადამიანის სულსა და უფლის (იშვარას) სულს შორის, ადამიანის მიზანი ვიშნუ-ბჰაქტის თანახმად, არის იყოს დევა-დასა - უფლის (ღვთის) მარადიული მსახური და ჰქონდეს უფალთან მარადიული სიყვარული. ვიშნუიზმის მიხედვით არსებობს უფალთან ურთიერთობის 5 ფორმა: შანტა-ბჰავა - ნეიტრალური დამოკიდებულება, დასა-ბჰავა - იყო უფლის მსახური, საკჰია-ბჰავა - იყო უფლის მეგობარი, ვატსალია-ბჰავა - იყო უფლის შვილი ან მოიქცე ისე თითქოს უფალი არის შენი შვილი ან ძმა და მადჰურია-ბჰავა - უფალთან ურთიერთობა, როგორც შეყვარებულთან. ვაიშნავიზმში ამას ეწოდება - რასა. „რასა“ ნიშნავს გემოს, ვაიშნავური სწავლების მიხედვით არსებობს ღვთაებრივი სიყვარულის ნექტარის მრავალი ფორმა და მათ შორის უმაღლესი ფორმაა - მადჰურია. ვაიშნავიზმში უფალი მოიაზრება, როგორც სამყაროს დამცველი და უზენაესი განმცხრომელი (ადი-პურუშა). შივაიზმი არსებობს როგორც მონოთეისტური (შივა-ბჰაქტი), ასევე იმპერსონალისტური, პანთეისტური (ბჰაირავა-ტანტრა). მიუხედავად ამისა, თვით იმპერსონალისტურ სწავლებებშიც კი არსებობს ბჰაქტი-იოგა, იმპერსონალისტურ სწავლებებში ფუნდამენტურია გიანა-იოგა (ჯნანა-იოგა) - შემეცნების იოგა, იოგა, რომელიც გვემხარება აბსოლუტის ინტელექტუალურ შემეცნებაში, მაგრამ არის ბჰაქტიც. შრი შანკარა აჩარია, ადვაიტა-ვედანტას ერთ-ერთი ფუძემდებელი და შრი ბადარაიანა არ უარყოფდნენ ბჰაქტი-იოგას, რადგანაც ადვაიტას მიხედვით არსებობს ყოფიერების სამი საფეხური, რეალობის სამი დონე, უმდაბლესიდან უმაღლესამდე: 1) პრატიბჰასიკა - ფიზიკური რეალობა, 2) ვიავაჰარიკა - იშვარა (პიროვნული უფალი და ნატიფი სამყარო) და 3) პარამარტჰიკა - უმაღლესი რეალობა, აბსოლუტური ჭეშმარიტება - პარაბრაჰმანი (უპიროვნო აბსოლუტი). შრი შანკარას მიხედვით პირველ ადგილზე დგას გიანა-იოგა, მეორე ადგილას ბჰაქტი-იოგა, მესამე ადგილას კარმა-იოგა. გიანა-იოგები ერწყმიან უპიროვნო ბრაჰმანს, ბჰაქტი-იოგები მიდიან იშვარას სამყაროში (ჰირანიაგარბჰას - ოქროსფერი კოსმიური კვერცხის დონეზე), ხოლო კარმა-იოგები რეინკარნაციას განიცდიან ინდრას პლანეტაზე ან დედამიწაზე კარგ სხეულებში და კომფორტულ მატერიალურ პირობებში. შრი ბადარაიანა, შრი გაუდაპადა და შრი შანკარა ბჰაქტის გზას და იშვარას (პიროვნულ ღმერთს) არ უარყოფდნენ. შანკარა ამბობდა: „ბრაჰმანი რეალურია, სამყარო - არარეალურია“, ვიშნუ-ბჰაქტები ამბობენ: „სამყარო რეალურია, ღმერთი (იშვარა) რეალურია“, პარაადვაიტას, აგჰორას და შაკტიზმის მიმდევრები ამბობენ: „ბრაჰმანი რეალურია, სამყარო რეალურია“ და „შაკტი განუყოფელია ბრაჰმანისგან“. შაკტების მტკიცებით მაიადევი (ილუზიის ენერგია) ბრაჰმანის განუყოფელი ნაწილია. სიყვარული არ არის დამღუპველი. არსებობს სამი სახის სიყვარული; კამა (ფიზიკური სექსუალური ვნება), ბჰაქტი (ადამიანური სიყვარული, უფლის ერთგულება) და პრემა (უმაღლესი ღვთაებრივი სიყვარული). კამა ესაა სიყვარული, რომელიც დაფუძნებულია უმეცრების მოდუსზე და ვნების მოდუსზე, ბჰაქტი ესაა სიყვარული, რომელიც წარმოადგენს ვნების და სათნოების მოდუსების ნარევს, ხოლო პრემა ესაა აბსოლუტურად სუფთა სულიერი სიყვარული ყოველგვარი ვნების გარეშე (რაჯასის გარეშე). სიყვარულის უმაღლესი ფორმაა - პრემა (ნირგუნა-სატვიკა-ბჰაქტი). ინდუიზმი (სანატანა დჰარმა) არ უარყოფს სიყვარულს, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ინდუიზმი უარყოფს ბრმა რწმენას და სენტიმენტალიზმს, სიყვარული უნდა ეყრდნობოდეს სულიერ ცოდნას და ღრმა ცნობიერებას. რწმენა ცოდნის გარეშე, ინდუიზმის პოზიციიდან, არის აბსურდი. პრობლემა იმაშია, რომ ვედური ფილოსოფია და თეოლოგია რადიკალურად განსხვავდება აბრაამულისგან, ეს ქმნის სერიოზულ გაუგებრობებს ვედების შესწავლისას (იმ შემთხვევაში, თუ მკვლევარი არის აბრაამული მონოთეიზმის მიმდევარი პროფანი).  

მართლმადიდებლური არგუმენტი:  „ინდუიზმში აბსოლუტი ერთადერთ ყოფიერებად, ერთადერთ ჭეშმარიტად არსებულ არსად მოიაზრება. ინდუიზმისათვის პიროვნება თვითგამოხატვა კი არ არის, არამედ თვითშეზღუდვაა. ინდური ტრიმურტი სამი პიროვნება კი არ არის, არამედ იგი აბსოლუტის მყოფობის სამ მოდუსს წარმოადგენს - ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას (შექმნა, შენახვა, მოსპობა) მათი მრავალნაირი ავატარების (გამოვლინებების) სახით. ამდენად, ამგვარი ღვთაების სიყვარული - ესაა უპიროვნო ძალის, ან ნიღბის სიყვარული“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge). 

კონტრარგუმენტი #2: ინდუისტურ მონოთეიზმში (ძირითადად ვიშნუიზმში) და პოლითეიზმში (ბრაჰმანიზმში) ბჰაქტი ანუ პიროვნული უფლის სიყვარული არ არის ილუზიის სიყვარული. თვით პანთეისტურ ინდუიზმშიც კი ბჰაქტი არ ნიშნავს ილუზიის სიყვარულს, როგორც უკვე ითქვა, ადვაიტას მიხედვით არსებობს რეალობის სამი დონე: ფიზიკური სამყარო - არარეალური, იშვარა (დემიურგი) - პირობითად რეალური და პარაბრაჰმანი - აბსოლუტურად რეალური. რეალობა არ იყოფა ორ ნაწილად; რეალობად და ილუზიად, მაიას ტრანსფორმაციის შედეგად ფორმირდება სამი რეალობა, პირველია უპიროვნო მსოფლიო სული, მეორეა ნატიფი სამყარო და იშვარა და მესამეა ფიზიკური კოსმოსი. სამყარო იყოფა სამ დონედ ასევე: 1) იშვარა - კაუზალური სამყარო, 2) სუტრატმა - ასტრალური რეალობა და 3) ვაიშვანარა - ფიზიკური კოსმოსი, რომელიც ბრაჰმანის გამოვლინებაა, ისევე როგორც ზედა ორი დონე. კოსმოსი ესაა ღმერთის ღვთაებრივი სხეული. ადამიანის კაუზალურ სხეულს ეწოდება - პრაჯნია, ასტრალურს - ტაიჯასა, ხოლო ფიზიკურს - ვიშვა. ავატარა ესაა ღვთაებრივი პიროვნების გამოვლინება. შაკტიზმში და შივაიზმში, მით უმეტეს ვიშნუიზმში, არც ადამიანის მე და არც პიროვნული უფლის მეობა არ არის ცრუ და მოჩვენებითი. სამყაროც რეალურია და უფალიც. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ სამყარო ისეთივე რეალური არაა როგორც უფალი, უფალი არის უმაღლესი რეალობა, სამყარო - უმდაბლესი. სამყარო ფიზიკური, ესაა იშვარას ქმნილება, მისი უმდაბლესი მატერიალური გამოვლინება, ბაჰირანგა-შაკტი - მატერიალური ბუნება, მატერიალური ენერგია. თვითშეზღუდვა არის ცრუ-ეგო (აჰამკარა), რომელსაც მოაქვს ძალიან ნეგატიური რეზულტატები და ანგრევს, აბინძურებს ადამიანის ცნობიერებას. ეგოცენტრიზმი არის აფექტი, რომელიც უნდა დაძლეულ იქნას, ცნობიერება უნდა გასუფთავდეს აფექტებისგან, ამაშია საქმე და არა იმაში, რომ „პიროვნება თვითშეზღუდვაა“. ადამიანს აქვს ორი მე, როგორც უკვე ითქვა ზემოთ, არის ცრუ-ეგო - აჰამკარა და ჭეშმარიტი მე - ჯივატმა (ჯივა ატმანი - ცოცხალი სული). ადამიანთა უმრავლესობა ვერ ხედავს სხვაობას ეგოიზმსა და სულიერ მეს შორის და ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი ან არ იცნობენ ინდუისტურ ანთროპოლოგიას ან უბრალოდ უარყოფენ მას (შესაძლოა ვერ იგებენ, ესეც არაა გამორიცხული). პრობლემა ძევს ეგოში და არა სულიერ მეში. თქვენ უბრალოდ ეგოსა და სულს შორის სხვაობას ვერ ხედავთ, რაც ცხადია მხოლოდ თქვენი პრობლემაა, თქვენი და არა ვედისტების (ინდუისტების). ცრუ-ეგო (აჰამკარა) ზღუდავს სულიერ მეს (ჯივატმას). იმედია ახლა გასაგებია, უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ იმისათვის რათა შეიმეცნო ადამიანმა ვედური თეოლოგია და ფილოსოფია, ერთ წიგნზე მეტი უნდა წაიკითხო და გქონდეს ხანგრძლივი ცოცხალი ურთიერთობა კონკრეტულად ინდუისტებთან. ინდუისტური თეოლოგიის, მითოლოგიის, ფილოსოფიის და მეტაფიზიკის შესასწავლად ადამიანს შეიძლება მთელი სიცოცხლე არ ეყოს, ესაა პრობლემა. აბრაამიზმი იოლი შესასწავლია, ვედური (დჰარმული) რელიგია - რთული. ტრიმურტის რაც შეეხება, ტრიადა არც სამი პიროვნებაა და არც უპიროვნო ბრაჰმანის მყოფობის სამი მოდუსი, ტრიმურტი (ბრაჰმა, ვიშნუ და რუდრა) ესაა ერთი ღმერთი, ერთი ღმერთი სამი სახით, პრაქტიკულად ესაა სამპიროვანი ერთიანი უფალი, რომლის ჰიპოსტასებს უანგაროდ უყვართ ერთმანეთი და ადამიანის პიროვნება. 

მართლმადიდებლური არგუმენტი: „ქრისტიანობაში ღვთისადმი სიყვარულს პიროვნული ხასიათი აქვს. ადამიანის პიროვნებას უყვარს ღვთაებრივი პიროვნება. ადამიანის პიროვნება ქრისტიანობის მიხედვით, ესაა ხატი ღვთისა, რომელსაც გააჩნია სიყვარული, სიბრძნე, თვითშემეცნება, შემოქმედებითი ძალა და თავისუფლება. ღვთის პიროვნება კი აბსოლუტური არსია“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge). 

კონტრარგუმენტი #3: ბჰაქტი-იოგაშიც არის პიროვნული უფლის, როგორც შემოქმედის მიმართ პიროვნული სიყვარული, მათ შორის ადვაიტას იმპერსონალიზმშიც. ინდუისტური ბჰაქტი-იოგა ქრისტიანული მონოთეისტური ისიხაზმის მსგავსია და ამას წყალი არ გაუვა, საკმარისია უბრალოდ ამ ორი პრაქტიკის სიღრმისეული შესწავლა და შედარება ცივი გონებით. ვედების მიხედვით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადამიანის პიროვნება, რომელიც მართლაც არის აბსოლუტის (ღმერთის) ხატი, არამედ ზოგადად ჯივა (ცოცხალი არსება). ვედების მიხედვით ცოცხალი არსებები განიცდიან მუდმივ რეინკარნაციას, სულიერი საწყისი გააჩნია ყველას, არა მხოლოდ ადამიანს და აქედან გამომდინარე აქცენტი კეთდება ზოგადად ცოცხალ არსებებზე და არა მხოლოდ ადამიანზე. პროფანებს ეს არ ესმით. არსებობს რელიგიის ორგვარი გაგება; პროფანული (სენტიმენტური) და საკრალური (ეზოთერული, ინტელექტუალური) და ეს მშვენივრად იციან სამღვდელოების წარმომადგენლებმა, კონკრეტულად კი უმაღლესმა რელიგიურმა იერარქებმა, არა მხოლოდ ქრისტიანობაში, არამედ ნებისმიერ რელიგიაში. დვაიტა-ვედანტას მიხედვით ადამიანი არის უფლის ქმნილება, რომელიც ფლობს მისგან განსხვავებულ ბუნებას და პოულობს ნეტარებას სულიერს მისადმი მარადიულ მსახურებაში. ადვაიტა-ვედანტას მიხედვით ცოცხალი არსების სული აბსოლუტის (ბრაჰმანის) იდენტურია. ადვაიტას მიხედვით არსებობს მხოლოდ ერთი სული, მსოფლიო სული (ატმან-ბრაჰმანი). ვედები ეთანხმებიან ბიბლიურ თეოლოგიას იმაში, რომ ღმერთი აბსოლუტური არსია, როგორც მისი პიროვნული ასპექტი, ისევე უპიროვნო. ტანტრიზმშიც არის პიროვნული სიყვარულის, ტანტრული ბჰაქტის იდეა, რომელიც არც იმპერსონალიზმს გამორიცხავს, რადგანაც ტანტრა ესაა პარა-ადვაიტა (უმაღლესი ადვაიტა), რომელიც ამბობს, რომ სამყაროც რეალურია და ბრაჰმანიც, განსხვავებით კლასიკური ადვაიტასგან, რომელიც იგნორირებას უკეთებს ბრაჰმანისგან განუყოფელ ძალას, კოსმიურ ენერგიას - შაკტის და თვლის, რომ ფიზიკური კოსმოსი აბსოლუტურად მოჩვენებითია. კლასიკური ადვაიტას თანახმად რეალობა სამგვარია: აბსოლუტური, პირობითი და მოჩვენებითი. პარა-ადვაიტას მიხედვით კი მთელი ყოფიერება ესაა შივას და შაკტის ერთობლიობა, მთელი სამყარო აგებულია აბსოლუტის მამრობითი და მდედრობითი საწყისების დუალიზმზე, მათ ბინარულ სიქრონულ ჰარმონიულობაზე და ეს ვლინდება ყველაფერში. ტანტრების მიხედვით ყველა პიროვნება რეალურია, ყველა მამაკაცი ფლობს შივას სუბსტანციურ ბუნებას, ხოლო ქალი - შაკტის (დედაღმერთის) ბუნებას. ტანტრა-ბჰაქტის ყველაზე საინტერესო ნიმუშია ტექსტი სახელწოდებით „ტარა ბჰაქტი რაჰასია ტანტრა“, სადაც მოთხრობილია ქალღმერთის ბუნების შესახებ და საუბარია მის მიმართ პიროვნულ სიყვარულზეც, რომელიც არ გამორიცხავს არც სექსუალურ განცდებს და ენერგიებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ინდუიზმი ერთობ რთული და მეტად კომპლექსური ფენომენია. 

მართლმადიდებლური არგუმენტი: „პლატონურ ჰილეფობიას და ინდუისტურ აკოსმიზმს ქრისტიანობა უპირისპირებს მოძღვრებას ადამიანის მატერიალური სხეულის, როგორც სულის საოცარი ინსტრუმენტის შესახებ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ცენტრალური ცნება პიროვნებაა, რომელიც სულისა და სხეულის ერთიანობაა. სული და სხეული ერთდროულად წარმოიშობიან და ერთდროულად თანაარსებობენ სიკვდილამდე. სიკვდილი მათი დროებითი განშორებაა, რომელიც საყოველთაო აღდგომამდე გრძელდება, რომლის დროსაც მოხდება ადამიანის ერთადერთი ჭეშმარიტი რეინკარნაცია, ანუ მისი სული კვლავ შეიმოსავს ახალ, უხრწნელ, გასულიერებულ და ფერნაცვალებ სხეულს მარადიული ასიცოცხლისათვის“(წყარო: მართლმადიდებელი პოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge). 

კონტრარგუმენტი  #4:  დავიწყოთ იმით, რომ დჰარმული რელიგიების მიხედვით სამყარო (მულტისამყარო) არის ციკლური, დრო და სივრცე არის ციკლური, სამყაროს ასაკი არის არა 7807 წელი, არამედ მრავალი მილიარდი წელი. თქვენ მიუთითებთ იმაზე, რომ უნდა დადგეს ერთ მშვენიერ დღეს „უკანასკნელი სამსჯავრო“ და ამის შემდეგ ყველაფერი დამთავრდება. ეს ასე არაა (ვედების მიხედვით). ვედების მიხედვით გლობალური ისტორიული პროცესი არის ციკლური. მეორეც; სხეული ფიზიკურის აღდგომა არ მოხდება, რადგანაც ხორციელი ფორმის „გასულიერება“ შეუძლებელია, ასეა ვედების მიხედვით. ხორციელი სხეული არის სულის (ატმანის) დროებითი ჭურჭელი. სული განიცდის რეინკარნაციას უსაწყისოდ, მაგრამ არა უსასრულოდ. სული მოგზაურობს სამყაროში სხეულიდან სხეულში, პლანეტიდან პლანეტაზე და აგროვებს გამოცდილებას. ამის გარდა, პლატონის ფილოსოფია ძალიან ჰგავდა ვაიშნავურს, ვაიშნავურ რელიგიაშიც არსებობს დუალიზმი სულიერ და მატერიალურ სამყაროებს შორის და კეთილი დემიურგის იდეა. აკოსმიზმი არის მხოლოდ ვიშნუიზმში (ვაიშნავურ პოლიმორფულ მონოთეიზმში). ინდუისტურ პანთეიზმში და პანენთეიზმში არ არსებობს არავითარი აკოსმიზმი. ვედურ ანთრპოლოგიაში სხეული წარმავალია, სული - მარადიული. სხეულის და სულის „განშორება“ არაა დროებითი, რატომ? მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ყოფიერება არაა სწორხაზოვანი, დრო, სივრცე და ისტორიული პროცესი - ციკლურია. მართლმადიდებლურ ქორონიკონზე ხომ საერთოდ არცაა საჭირო საუბარი, ფორმალური ლოგიკის და ვედების გადმოსახედიდან ნონსენსის აპოთეოზია და სხვა არაფერი. აბრაამული ქორონიკონი და საყოველთაო აღდგომის იდეა არაა ორიგინალური, არ ეფუძნება ფაქტებს და სრულებით ალოგიკურია. პირველი ვინც საუბარი დაიწყო სწორხაზოვან დრო-სივრცეზე, საყოველთაო აღდგომაზე და აბსოლუტურ სიკეთესა და ბოროტებას შორის დუალიზმზე, იყო ირანელი ქურუმი და წინასწარმეტყველი - ზარდუშტ სპიტამა (ზარათუსტრა), პურუშასპას და დუგდოვას ძე, მაზდეანური მონოლატრიის შემოქმედი. ბიბლია დროის ათვლას იწყებს დვაპარა-იუგას ბოლო პერიოდიდან, ბიბლიური თეოლოგია არაა აბსოლუტური ცოდნის მატარებელი, ბიბლიური თეოლოგია წარმოადგენს მაზდეანური მონოლატრიული თეოლოგიის და მითოლოგიის უხეშ ადაპტაციას. ამაზე მიუთითებენ მეცნიერები: ზაევ ჰერცოგი და ჯონ დეი. 

მართლმადიდებლური არგუმენტი: „რეინკარნაციის თეორია ოჯახის ცნების პროფანაციას ახდენს. უბიწოება უფრო სულის მდგომარეობაა, ვიდრე სხეულისა, მაგრამ სადაა იგი, რა ფასი აქვს ქალწულობას, თუკი პატარა გოგონას სულმა წარსულ ცხოვრებაში უკვე ყველა სახის ცოდვა იგემა? სადაა მეუღლეთა ერთგულება, თუკი თითოეულმა მათგანმა უწინ უკვე მრავალგზის იქორწინა სხვებთან და მომავალშიც სხვაზე იქორწინებს?“(წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge). 

კონტრარგუმენტი  #5: მნიშვნელობა აქვს კარმას, საკითხი თავიდანვე არასწორადაა დასმული. რეინკარნაცია არის არა რელიგიური დოგმა, არამედ ბუნების კანონი. ყოველი ახალი ინკარნაციისას ცოცხალ სულს ეძლევა ახალი სხეული და ახალი შანსი. როგორც ვედები ამბობენ“ აწმყო არის წარსულის რეზულტატი და მომავლის მიზეზი“. გაუგებარია რას გულისხმობთ სიტყვებში „რა ფასი აქვს“ ან „სადაა მეუღლეთა ერთგულება?“, ცოცხალი სულები განიცდიან რეინკარნაციას, მიუხედავად იმისა უნდათ ეს ადამიანებს თუ არა. ამის გარდა, ვიშნუ-პურანაში შრი ვიშნუ ამბობს, რომ მთელი სამყარო არის ერთი ოჯახი, მთელი კოსმოსი დასახლებულია ცოცხალი სულებით, რომლებიც ყველანი მისი შვილები არიან. რა მნიშვნელობა აქვთ მატერიალურ ურთიერთობებს და ქალწულობას, თუ გლობალურ მასშტაბში ეს ყველაფერი სრულებით უმნიშვნელოდ მოსჩანს? არავითარი. მთავარია არა „მეუღლეთა ერთგულება“ ან „ქალიშვილობა“, არამედ ბჰაქტი, გიანა და მუქტი (მოკშა). პრიორიტები არ გივარგათ. ბიბლიაში ძევს რეინკარნაციის შესახებ აშკარა თუ ცალსახა მინიშნებანი. „როცა ისინი მოდიოდნენ იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 7). „ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე“ ((მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 10). „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უფრო დიდი; მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 11). „თუ მიღება გსურთ, იგია ელია რომელიც უნდა მოვიდეს“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 14). „ჰკითხეს მას მოწაფეებმა: რატომ ამბობენ მწიგნობრები რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 10). „ხოლო მან მიუგო პასუხად: „ელია ნამდვილად მოვა და აღადგენს ყოველივეს“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 11). „მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ როგორც უნდოდათ; კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 12). „მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 13). „ის ივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით“ (ლუკას სახარება, თავი 1, სტროფი 17). „ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობრები რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 11). „მან უპასუხა მათ: „მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველივე. კაცის ძეზე კი როგორღაა დაწერილი, რომ მას მართებს ბევრი ტანჯვა და დამცირება?“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 12). „მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა და მას ისე მოექცნენ როგორც უნდოდათ და როგორც დაწერილია მასზე“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 13). „როცა მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგიყვანოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ მიგცეს ბოქაულს და ბოქაულმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში“ (ლუკას სახარება, თავი 12, სტროფი 58). „გეუბნები: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ გროშს არ გადაიხდი“ (ლუკას სახარება, თავი 12, სტროფი 59). „შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 25). „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 26). ზემოთთქმულიდან აშკარაა რომ ა) იოანე ნათლისმცემელი იყო ელია წინასწარმეტყველის რეინკარნაცია რამეთუ ეს სავსებით აშკარაა და პირდაპირაა ნათქვამი ფაქტობრივად და ბ) მეტოქე იგავიდან ესაა ინდივიდუალური კარმა ანუ გატრა კარმა, რომელიც შედგება სამი კარმისაგან, კარმული ე.ი. ბედისწერის ენერგიის სამი სახეობისაგან; წარსულის კარმა - პრარაბდხა კარმა, კარმა, რომლის ნაყოფები უკვე მოცემულია, აწმყოს კარმა - სანჩიტა კარმა, კარმა რომლის ნაყოფები ჯერ მიუმწიფებელია, მაგრამ ახლა ახლა იწყებს მომწიფებას და მომავლის კარმა - აგამინ კარმა, კარმა, რომელიც მომავალში მოიღებს ნაყოფებს, შემდეგ ინკარნაციაში, გზა ესაა რეინკარნაციის ბორბალი, ადამიანის ინდივიდუალური საფშვინველის კოსმიური გზა, მსაჯული ესაა მატერიის მეუფე, ბოროტი დემიურგი, მსახური ესაა არქონტი ანუ ბნელი ანგელოზი, რომელიც ბოროტ დემიურგს ემსახურება, საპყრობილე ესა არის ხორციელი ფიზიკური მატერიალური სხეული, ხოლო უკანასკნელი კოდრანტის გადახდა ეს არის კარმული ვალის სრულად აღსრულება, კარმული ენერგიის ნაკადის შეჩერება - სამვარა და კარმული ენერგიის ნატიფი გარსის - სამსკარას ჩამოცილება - ნირჯარა. რეინკარნაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ცოცხალმა სულმა გააცნობიეროს ყველაზე მთავარი: ყველა ცოცხალი არსება, მთელი სამყარო, არის ერთი ოჯახი. ვედური გაგებით შენი ოჯახია არა მხოლოდ შენი ბიოლოგიური შვილები, მშობლები და მეუღლე, არამედ ყველა ცოცხალი არსება. ადამიანი, რომელსაც ოჯახის ცნება დაჰყავს ბილოგიის დონეზე, არის ადჰარმასია - უსამართლო დემონი. დურიოდჰანამ სწორედ ეგ დააშავა, როცა კაურავები და პანდავები ერთმანეთისგან განჰყო და თქვა: „ჩემი შვილები და პანდუს შვილები“. პრობლემა იმაშია, რომ ვედურ კულტურაში ქალი (ისევე როგორც კაცი), საკუთარ შვილებად თვლიდა ყველა ბავშვს და ნებისმიერ მოხუცებულს ისე ექცეოდა, როგორც საკუთარ ღვიძლ მშობლებს და ბებია-ბაბუას. არია - ნიშნავს კეთილშობილს, რომელმაც იცის, ცოდნა ესაა ვედა, ვედა ამბობს, რომ მთელი სამყარო ერთი ოჯახი (კაულა) არის, ყველა ბავშვი შენი შვილია და ყველა მოხუცებული არის შენი მშობელი. ვედებში არ არსებობს დაყოფა „ჩემ ოჯახად“ და „შენს ოჯახად“. ყველა ერთია. ისიც სათქმელია, რომ ქრისტიანები ხშირად ერთმანეთში ურევენ ადამიანის სულსა და ეგოს (ან სულს და გონებას). 

მართლმადიდებლური არგუმენტი: „უმთავრესი ისაა, რომ მეტემფსიქოზის აღიარება ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად რჩება ადამიანის სულში. ცოდვა ღვთისგან განდგომა და დემონთან საიდუმლო კავშირია. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს. ამდენად, სწორედ ცოდვაა ის ძალა, რომელიც „რეინკარნაციის ბორბალს“ ატრიალებს“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge). 

კონტრარგუმენტი  #6:  ვედების მიხედვით ადამიანს შეუძლია განახორციელოს ოთხი სხვადასხვა სახის მოქმედება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობს ცოცხალი არსების მოქმედების 4 ფორმა. აკარმა - ესაა მოქმედება სულიერი კანონების მიხედვით. კარმა - ესაა მოქმედება მატერიალური სამყაროს კანონების მიხედვით. ვი-კარმა - ეს არის ეგოისტური მოქმედება, ბუნების კანონების საპირისპიროდ სვლა. უგრა-კარმა - არის სასჯელი, კოსმიური სასჯელი, რომელიც მოჰყვება ნებისმიერ ვი-კარმას. უგრა-კარმა არის ვი-კარმას რეზულტატი. როცა ადამიანი მოქმედებს ეგოისტურად, ანადგურებს გარშემო ყველაფერს და ზიანს აყენებს სამყაროს, ის იღებს კარმულ რეაქციებს - უგრა-კარმას, რასაც ასევე ეწოდება - „ანართჰ“, თარგმანში - შეცდომა/შეცოდება. ცოდვა არის ადჰარმა (ტოტალური ანტითეიზმი), ასურა-დჰარმა (ათეიზმი და მატერიალიზმი), ჩალა-დჰარმა (ფილოსოფიური სპეკულაციები) და უპა-დჰარმა (რელიგიის იმიტაცია, რელიგიური სპეკულაციები). ასურები იმიტომაც არიან დემონები, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მარადიულ ვედურ დჰარმას, ებრძვიან უფალს (იშვარას) და ზიანს აყენებენ მის ქმნილებებს (ჯივებს). დემონიზმი არის მატერიალიზმი, შური, ეგოცენტრიზმი, უმეცრება და სიძულვილი. ესაა ცოდვა. სიტყვა დემონი ნაწარმოებია ანტიკური ძველბერძნული ტერმინიდან „დაიმონ“, რაც ნიშნავს ღვთაებრივ სულს. გამოდის რომ ქრისტიან თეოლოგებს ეს არ სცოდნიათ. ელინიზმის (ნეოპლატონიზმის) მიხედვით ღვთაებათა შორის არსებობს მკაცრი იერარქიულობა და სუბორდინაცია, ყველაზე უმდაბლეს ნახევრადღვთაებრივ ბუნების სულებს ეწოდებათ - დაიმონები. ნეოპლატონიზმი გვეუბნება, რომ დაიმონები არსებობენ სამი სახის: აგატო-დაიმონები - კეთილი სულები, კაკო-დაიმონები - ავი სულები და უბრალოდ დაიმონები - ნეიტრალური სულები, არც კეთილები და არც ბოროტები. ჰიპერ-ურანიდებს (ტრანსცენდენტურ ღმერთებს), ეგკოსმიოის (კოსმიურ ღმერთებს) და სხვა იერარქიებს ჰყავთ დაიმონების საკუთარი ლეგიონები. თითოეული ღვთაება თავის დაიმონებთან ერთად აკონტროლებს ეთერული კოსმოსის კონკრეტულ სექტორს. დამატებით მსურს ავღნიშნო, რას ნიშნავს ეს ფრაზა: „ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს.“? ეს ფრაზა შედგება ორი ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებული კონტრადიქტორული ნაწილისგან; პირველი მტკიცებაა „ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე“, ხოლო მეორე „რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს.“, შეგიძლიათ ამიხსნათ, როგორ მოსდევს სულს ცოდვილს სასჯელად სხვა სხეულში გადასვლა ანუ რეინკარნაცია, თუ ცოდვა, ჩვენი, „უვიცი ინდუისტების“ მტკიცებით არის სულის სვლის ანუ სხვა სხეულში გადასვლის პროცესის შეფერხება მოგზაურობის გზაზე, გზაზე, რომელიც გულისხმობს სხეულის შეცვლას ანუ რეინკარნაციას? როგორც უკვე ვთქვი ადგილი აქვს კონტრადიქტორულ ნონსენსს. ჯერ ისწავლეთ თუ რა არის რეინკარნაცია და უკვე შემდეგ დაიწყეთ თამამად წერა ხსენებულ საკითხზე, ცხადია თუ სრულ მიამიტ გაუნათლებელ ფუნდამენტალისტებზე არაა გათვლილი თქვენი ეგზომ სასიქადულო სტატია, გაჟღენთილი „არამიწიერი უფლისმიერი სიბრძნით და მადლით“. ჩართეთ ელემენტარული ფილოსოფიური ლოგიკა და შეეშვით ცარიელ სენტიმენტებს. სენტიმენტალიზმი ვერ დაგეხმარებათ სამსარას ფენომენის შემეცნებაში, არამედ პირიქით ხელს შეგიშლით და თანაც სერიოზულად. 

მართლმადიდებლური არგუმენტი:  „უნდა აღინიშნოს, რომ ორიგენე სულაც არ იზიარებდა რეინკარნაციის თეორიას, ის მხოლოდ სულთა წინასწარ არსებობას აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ სულის სხეულთან დაკავშირება მათი (სულების) დაცემის შედეგია და რომ მეორედ მოსვლისას აღდგება და ცხონდება ყველა სული თვით ცოდვილთა და დემონთა ჩათვლით (ე.წ. აპოკატასტასისის თეორია). სწორედ ეს გაუკუღმართებული სწავლება დაიგმო ეკლესიის მიერ და თანაც მრავალგზის და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე V მსოფლიო საეკლესიო კრება შედგებოდა“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge).

კონტრარგუმენტი  #7:  ჯერ ეს ერთი ორიგენიც იზიარებდა რეინკარნაციის დოქტრინას, მეორეც რეინკარნაციის ანუ მეტემფსიქოზის დოქტრინის მომხრენი იყვნენ ძველი საბერძნეთი ყველაზე გამოჩენილი ფილოსოფოსები - პლატონი, პითაგორა, ემპედოკლე და ჰერაკლიტე, აგრეთვე პლუტარქე, მესამეც ის რომ რეინკარნაციის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, არსებობს სამი ხარვეზი, სამი პრობლემა რომელთა გამოც მართლმადიდებლური სწავლება ეწინააღმდეგება სამსარას ანუ რეინკარნაციის დოქტრინას, პირველი ისაა, რომ მართლმადიდებელმა დოგმატიკოსებმა არ იციან რა არის სული, რა არის საფშვინველი და რამდენი სხეული გააჩნია ადამიანს, ისინი (მართლმადიდებელნი) ალოგიკურად და ირაციონალურად უდგებიან სპირიტოლოგიის საკითხს, მათი დოქტრინები სულისა და საფშვინველის ბუნებასთან მიმართებაში ძირშივე მცდარია. სული არაფერთან არაა დაკავშირებული, ცოდვა ეხება არა სულს არამედ საფშვინველს (გონებას) და სხეულს (სხეულებს), როდესაც ადამიანი ცოდვებს ჩადის და ნეგატიურ კარმულ ენერგიას იგროვებს, ეს ნეგატიური ენერგია სადღაც უნდა წავიდეს, გაქრეს, რადგანაც ნეგატიური კარმული ენერგია, საფშვინველის მეტაფიზიკურ გარსზე ბნელი კარმის ანაბეჭდები იწვევენ საფშვინველისა და მისი შინაგანი პოტენციური ენერგიის მოქცევით დეფორმაციას, ეს ერთი და მეორეც არა მარტო ნეგატიური კარმა, არამედ ზოგადად მთლიანად კარმა, კარმული ენერგია და მისი ანაბეჭდი განაპირობებს, იმას რომ საფშვინველი მატერიის ტყვეობისაგან საბოლოოდ ვერ აღწევს თავს, არამედ კვლავ და კვლავ ხორციელდება. ადამიანური არსებები ესენი არიან  ენერგიის ცენტრები, ფოკუსები, რომელთაც გააჩნიათ მეტაფიზიკური გრავიტაცია და სივრცისა და დროის გამრუდების უნარი, საფშვინველი პულსირებს, ხან იკუმშება (სანკუჩიტა) და ხანაც ფართოვდება (ვაკასა) და გააჩნია პირადი ინდივიდუალური ნებელობა (სანკალპადევა), ის არის ჯნატა - თვითშემცნობი იდეალური მეტაფიზიკური სუბიექტი, სამყაროში ყველაფერი იდეაა, თითოეულ საგანს, მატერიის თითოეულ ნაწილაკს გააჩნია საკუთარი პერსონალური ეიდოსი, ეიდოსების რიცხვი უსასრულოა, მაგრამ ყველა ამ იდეას გააჩნია საერთო უნივერსალური პირველსაწყისი - უმაღლესი პირველ-ეიდოსი - აგაფონი ანუ პირველერთიანი (ადი-ეკა). საფშვინველი (მანასი - გონება) მატერიალური ძალების (მატერიალური ენერგიების) ზეგავლენით კარგავს თავის პირვანდელ სინათლეს, საფშვინველი (მანასი) იქამდე იმოგზაურებს ერთი სხეულიდან მეორეში და დაიტანჯება, სანამ მთელი კარმული ენერგია, მთელი კარმული ანაბეჭდები, სამსკარები (ვასანები) არ განადგურდებიან ასკეზის მეოხებით, იქამდე სანამ ადამიანი არ მიაღწევს ავატარას და მაჰასიდხის მდგომარეობას ანუ არ გახდება ჯივანმუქტა, ვერ განთავისუფლდება სამსარასაგან, ნებისმიერი ქმედება ადამიანისა წარმოშობს კარმას, დადებითსა თუ უარყოფითს და ეს კარმული ანაბეჭდები იწვევენ საფშვინველის დეფორმაციას და გამრუდებას რასაც რაღათქმაუნდა თან ახლავს ადამიანის მიერ საკუთარი ჭეშმარიტი ღვთაებრივი ბუნების დავიწყება, უარყოფითი კარმის გამო ადამიანი საშინლად ისჯება მიწიერ სამყაროშიც და გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთის სფეროებშიც, ხოლო დადებითი კარმის გულისათვის ეძლევა ჯილდო, ის ჯილდოვდება, როგორც მიწიერ სამყაროში, ასევე გარდაცვალების შემდეგაც, ბოროტი ქმედებები განსაზღვრავენ იმას თუ რა სახის და რამდენი რაოდენობით უბედურებები დაემართება ადამიანს ფიზიკურ სამყაროში და რამდენი ხანი დარჩება იგი ჯოჯოხეთში, ე.ი. რამდენი ხანი მოუწევს მას ჯოჯოხეთის სფეროებში ტანჯვა-პატიმრობა, ხოლო დადებითი კარმა განაპირობებს იმას თუ რა სახის და რამდენი სიკეთე და ბედნიერება დაემართება ადამიანს მიწიერ სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ არც სამოთხეში და არც ჯოჯოხეთში და არც ადამიანთა სამყაროში ადამიანის არსება მარადიულად და მუდმივად არ რჩება და ასე უსასრულოდ ქვეყნიერების აღსასრულამდე სხეულიდან სხეულში, სამყაროდან სამყაროში ხეტიალისათვისაა განწირული, საბოლოო განთავისუფლება მარტო იოგას ასკეტურ ბერ-მონაზვნური ხელოვნების ძალისხმევით არის შესაძლებელი, როდესაც ადამიანი საბოლოოდ თავისუფლდება, ის ხდება ჯივანმუქტა, სამუდამოდ ტოვებს მატერიალურ ბუნებას და შედის ზესულიერი მარადისობის ოკეანის წიაღში, სადაც ყველგან და ყოველთვის მარტო მარადისობა, ცნობიერება, უსაზღვრო ნეტარება, სინათლე, სიმშვიდე, ჰარმონია, სიყვარული და თანაგრძნობაა, ყველა სათნოება ერთში გაერთიანებული და იძენს აბსოლუტურ და უსასრულო ნეტარებას და ამასთან არასდროს არ რჩება მარტო, არამედ მის გვერდით მუდამ იმყოფებიან გასხივოსნებული ღვთაებრივი საფშვინველები და მასთან  ერთად ნეტარებენ. რაც შეეხება აპოკატასტასისს, ბოროტების საბოლოო განადგურება მარტო მისი აბსოლუტური გარდასახვით ანუ ტრანსფორმაციით, სრული ინვერსიით არის შესაძლებელი, იმდენად რამდენადაც ბოროტება ესაა სიკეთის ინვერსია და გარდასახვა, აქედან - საყოველთაო ცხონების ანუ აპოკატასტასისის დოქტრინა. თუ ჯოჯოხეთი მარადიულია, ესე იგი უსასრულოა და აბსოლუტურია დროსა და სივრცეში, თუ ეს ასეა, მაშინ ბოროტება ყოფილა მარადიული, უსასრულო და აბსოლუტური, ეს კი ეწინააღმდეგება არა მარტო ზოგადად დჰარმული რელიგიების ძირეულ პრინციპებს, არამედ კონკრეტულად ქრისტიანულ ეზოთერიკასაც (ქრისტიანულ თეოსოფიას, გნოსტიციზმს და ქრისტიანულ ნეოპლატონიზმს). ორიგენე ამტკიცებდა რომ ნებისმიერი სული, მათ შორის ადამიანისაც, უქმნელია და უსაწყისო და ეს ჭეშმარიტებაა, ქრისტიანული მოძღვრება ადასტურებს სულის წინარეარსებობას, აი რა წერია ბიბლიაში წინარეარსებობასთან დაკავშირებით: „როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სოფლის შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით“ (ეფესელთა მიმართ, თავი 1, სტროფი 4). „ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში“ (კოლასელთა მიმართ, თავი 3, სტროფი 11). „ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც ყოველთა ზედაა, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში“ (ეფესელთა მიმართ, თავი 4, სტროფი 6). „ნუთუ არ იცით რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?“ (პავლე, 1 კორინთელთა, თავი 3, სტროფი 16). „ნუთუ არ იცით რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მცხოვრები სულიწმინდისა“ (პავლე, 1 კორინთელთა, თავი 6, სტროფი 19). „იმ დღეს გაიგებთ რომ მე მამაჩემში ვარ და თქვენ ჩემში და მე თქვენში“ (იოანეს სახარება, თავი 14, სტროფი 20). „მერწმუნეთ რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემში“ (იოანეს სახარება, თავი 14, სტროფი 11). „უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:  სანამ აბრაამი  იქნებოდა მე ვიყავი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 58). „თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი“ (ლუკას სახარება, თავი 17, სტროფი 21). ყოველივე ზემოთთქმული ამტკიცებს ადამიანის სულის (ჯივატმანის), ინტელექტისა (ბუდჰის) და გონების (მანასის) უქმნადობას და უსაწყისობას და ადამიანის სულიერი არსების ღვთაებრიობას. რეინკარნაციის შესახებ სახარებებში უამრავი ინფორმაცია არის, მაგრამ ყველაფერს დანახვა უნდა უბრალოდ, „ძველ ტანისამოსს არავინ დაადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახლად დაკერებული მოიხევა სამოსელისაგან და ნახვრეტი უარესი გახდება“ (მათეს სახარება, თავი 9, სტროფი 16). „არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც დაიღუპება; არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება“ (მათეს სახარება, თავი 9, სტროფი 17). „ძველ ტანსაცმელს არავინ დაადებს საკერებელს ახალი ქსოვილისგან; თორემ ახალი დაკერებული მოხევს ძველს და უარესად გაიგლიჯება“ (მარკოზის სახარება, თავი 2, სტროფი 21). „არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ“ (მარკოზის სახარება, თავი 2, სტროფი 22). „იგავიც უთხრა მათ: „არავინ მოხეცს საკერებელს ახალ სამოსელს და არ დაადებს ძველ სამოსელს, თორემ ახალსაც დაგლეჯს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსლის საკერებელი“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 36). „არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 37). „არამედ ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 38). „არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 39). ეს სიტყვები მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებიდან ამტკიცებენ რეინკარნაციის არსებობას. ვედურ ბჰავიშია-პურანაში არსებობს ინფორმაცია კალი-იუგას რელიგიების შესახებ, მათ შორის ქრისტიანობის შესახებაც. ასევე ვერ ვხვდები რა საჭიროა სხვა რელიგიების „დაგმობა“, ნუთუ ასე ძნელია ტოლერანტობა და მშვიდობიანი ჰარმონიული თანაარსებობა? შესაძლებელია, უბრალოდ უმეტესობას სურვილი არ აქვს. რაც შეეხება ცოდვილ ადამიანთა და დემონთა შენდობას და ცხონებას, დჰარმულ რელიგიებში ითვლება, რომ თვით ყველაზე ცოდვილ დემონურ არსებასაც კი აქვს შანსი, ცხონდეს და გახდეს კეთილი სული, აბრაამულ რელიგიებში და ზოროასტრიზმში ასე არაა, სამწუხაროდ. რას ხედავთ ცუდს იმაში, რომ აბსოლუტმა შეიწყალოს დემონი? უკაცრავად, მაგრამ დჰარმულ ფილოსოფიაში ითვლება, რომ ატმანი (სული) გააჩნია ყველა ცოცხალ არსებას, თითოეული ატმანი არის ფასდაუდებელი, რეინკარნაცია არის უნივერსალური კანონი და ყველაზე მთავარი: ღვთაებრივი ბუნება არის ყველა ცოცხალ არსებაში, მათ შორის დემონებშიც. დჰარმულ რელიგიებში ითვლება, რომ აბსოლუტური ბოროტება არ არსეობს, ისევე როგორც შეუძლებელია არსებობდეს უსასრულო სასჯელი. ღმერთი ინდუიზმში არაა გულქვა, იშვარას მოწყალებას არ აქვს საზღვარი. ვედური (ინდუისტური) ფილოსოფიის მიხედვით დემონები არ წარმოადგენენ აბსოლუტურ და მარადიული სატანჯველისათვის განწირულ ბოროტებას, რომელსაც აქვს აბსოლუტური პლატფორმა. წყვდიადს (ბოროტებას) რეალური არსობრიობა არ გააჩნია და რეინკარნაციის პროცესში დემონს შეუძლია გასუფთავდეს აფექტებისგან, გახდეს ჯივანმუქტა (ან ბუდა) და მისმა ცნობიერებამ მიიღოს ახალი სტატუსი - ნირვანა. ნირვანა ესაა სუფთა ცნობიერება და არა „სულიერი სიკვდილი“, როგორც ჰგონიათ აბრაამისეული მონოთეიზმის გულმხურვალე ადეპტებს. 

მართლმადიდებლური არგუმენტი:  „ბოროტება არ ისპობა, პირიქით, სულ უფრო და უფრო მრავლდება. აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობს ბუდიზმის უმთავრესი დასკვნა, რომლის თანახმადაც ამგვარი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალა სამყაროდან გაქცევა, სიცოცხლის სურვილის მოსპობა - ნირვანაა. რეინკარნაციის აღიარება გულისხმობს, როგორც სულის არსებობის მაღალი ფორმებიდან დაღმასვლის შესაძლებლობას, ისე მის პირუკუ პროცესსაც“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) 

კონტრარგუმენტი  #8: სამსარა ეს არის დაბნელებული და დაბინძურებული ცნობიერება, ნირვანა - სუფთა და აფექტებისგან თავისუფალი ცნობიერება. ნირვანა არაა სიცოცხლის მოსპობა ან „გაქცევა“ კოსმოსიდან არარაობაში. ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით თითოეული სატვა (ცოცხალი არსება) არის პოტენციური ბუდა (ან ბოდჰისატვა). როდესაც ცოცხალი არსება აღწევს გასხივოსნებას, მისი ვიჯნანა (ცნობიერება) იწმინდება სიბინძურისგან (ეგოიზმიგან, სიძულვილისგან, უმეცრებისგან, მატერიალური სურვილებისგან) და ფხიზლდება. ცოცხალი არსება კი არ ხდება ბუდა, ის იხსენებს, რომ უკვე არის ბუდა, ის ფხიზლდება. ბუდა ნიშნავს გამოფხიზლებულს, რომელმაც იცის, რომ სამყარო არის სიზმარი და სხვა არაფერი. ბოროტება არ მრავლდება, ყოველი ახალი ინკარნაცია არის ახალი დასაწყისი, ეს ნიშნავს იმას, რომ ნეგატიური კარმა კი არ იზრდება, არამედ რეინკარნაციის პროცესში ნეიტრალდება. ცოცხალ არსებას აქვს უნარი დააგროვოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კარმა, რადგანაც ახალი ინკარნაცია ესაა ახალი შანსი. ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით არსებობს 6 სამყარო, დევა-ლოკა (ღმერთების სამყარო), ასურა-ლოკა (დემონთა სამყარო), პრეტა-ლოკა (აჩრდილთა სამყარო), ცხოველთა სამყარო, ნარაკა-ლოკა (ჯოჯოხეთის სულთა სამყარო) და მანუშია-ლოკა (მოკვდავ ადამიანთა სამყარო). ადამიანები არიან დეგრადირებული დევები (ღმერთები). ნებისმიერ დევას შეუძლია დაიბადოს დემონად, დემონს - ადამიანად, ცხოველს - ჯოჯოხეთის არსებად და ა.შ. ამას ეწოდება უნივერსალური ტრანსმორფიზმი. არსებობს ნირვანას, ცნობიერების გასუფთავების სამი ვერსია, სამი დონე: ნირვანა, პარა-ნირვანა და მაჰა-ბოდჰი-ნირვანა. მაჰა-ბოდჰი-ნირვანა არის ცნობიერების გაწმენდის ყველაზე სრულყოფილი და აბსოლუტური ფორმა. ბუდისტური შუნიატა არ არის სულიერი სიკვდილი, შუნია არის შეუცნობელი მდგომარეობა ყოფიერებისა, ცნობიერების სრული სისუფთავე. გულახდილად რომ ვთქვათ, თვით ბუდისტებმაც კი არ იციან ბოლომდე, თუ რას წარმოადგენს შუნია. ბუდისტები უბრალოდ მიუთითებენ, რომ შუნიატას შეცნობა თითქმის შეუძლებელია და ნებისმიერი სპეკულაცია მასთან დაკავშირებით დამთავრდება კრახით. გნოსტიკოსი ფილოსოფოსი კარპოკრატე, ასწავლიდა სულთა გადასახლების შესახებაც. კარპოკრატეს თანახმად, იესო ქრისტემ საიდუმლოდ ამცნო მოციქულებს და უბრძანა მათ, ასევე საიდუმლოდ ემცნოთ ღირსეულთათვის, რომ ბოროტება და სიკეთე არსებობს ადამიანთა შეხედულებებში, ბუნებით კი არაფერია ბოროტი. სრულყოფილება მდგომარეობს მხოლოდ ცოდნაში, ამიტომაც ადამიანთა სულები სხეულიდან სხეულში გადადიან მანამ, სანამ არ გამოსცდიან ყოველივეს, რაც მისაწვდომია კაცისთვის და ამ გზით არ მიიღებენ სრულყოფილ ცოდნას. როგორც ვხედავთ რეინკარნაციის დოქტრინა სულაც არ არის დამახასიათებელი მხოლოდ აღმოსავლური მოძღვრებებისთვის, რეინკარნაციის იდეას იზიარებდნენ ადრექრისტიანულ ეპოქაში და შუასაუკუნეებში მცხოვრები გნოსტიკოსი და მანიქეველი აპოლოგეტები. ადრექრისტიანულ ეპოქაში არსებობდა ქრისტიანთა ორი ჯგუფი: ბუკვალისტები, რომლებიც უარყოფდნენ რეინკარნაციას და გნოსტიკოსი ალეგორისტები, რომლებიც აღიარებდნენ რეინკარნაციას, საბოლოოდ ამ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებამ რომის იმპერია კრახამდე მიიყვანა, ბუკვალისტებმა დახოცეს ალეგორისტები და მათ ძვლებზე ააშენეს რელიგიური დიქტატურა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ათასობით უდანაშაულო „ერეტიკოსი“ იმსხვერპლა. რეინკარნაციას აღიარებენ არა მხოლოდ დჰარმული რელიგიები, რეინკარნაციის კონცეფციას იღებდნენ ნეოპლატონიზმის და გნოსტიციზმის მიმდევრებიც. 

Комментариев нет:

Отправить комментарий