среда, 25 декабря 2019 г.

ბოროტი დემიურგი და სიბნელის სამეფო


ვნებებისგან გათავისუფლებულმა ეონმა ახამოტმა თავისი მშვინვიერი არსისგან წარმოშვა დემიურგი (სამყაროს შემოქმედი). თანაც ის შეიქმნა მხოლოდშობილი ძის (გონების) ხატად, ხოლო ანგელოზები, რომლებმაც თავიანთი არსებობა დემიურგისგან მიიღეს, გახდნენ პლერომას სხვა ეონთა ხატები. გარდა ამისა, ახამოტმა მაცხოვრის თანმხლები სინათლეების ანუ ზენა ანგელოზების ჭვრეტით და მათთან შეერთებით მათივე ხატისაებრ შვა სულიერი ნაყოფი ანუ სულიერი თესლი, საიდუმლოდ ჩადო დემიურგში და მისგან მალულად აღმოცენდა მასში და თანდათანობით სრულყოფილი სიბრძნის მიღების შემძლებელი გახდა. მაშ ასე, ვალენტინიანელი გნოსტიკოსების თქმით, გამოუთქმელი განგებულებით, დემიურგისგან მალულად ახამოtმა მისივე მონაბერით სიბრძნე ჩათესა სულიერ ადამიანში. ამგვარად, დემიურგი, რომელმაც შექმნა როგორც ანგელოზნი, ისე ბოროტების სულნი და ადრე არსებული მატერიისგან (რომელიც გაჩნდა ახამოტის ვნებებისგან) გამოსახა მთელი ხილული სამყარო და ადამიანი. თვითონ შეიქმნა მამად და ღმერთად ყოველივე არსებულისა, რაც კი იყო პლერომის გარეთ. მართალია, დემიურგი თვითონ მიიჩნევდა საკუთარ თავს ერთადერთ ღმერთად და ასე გამოუცხადა კიდევაც საკუთარი თავი წინასწარმეტყველებს, მაგრამ არსებობდა მასზე უფრო ადრეული და უმაღლესი ღვთაებრივი ეონების სისავსე ანუ პლერომა. დემიურგმა არ უწყოდა უმაღლესი სულიერი სამყაროების შესახებ. მან დედა ახამოtისგან მიიღო მშვინვიერი ბუნება, პლერომას ეონებისგან მიიღო სულიერი თესლი ადამიანთათვის არაცნობიერად გადაცემისთვის. დემიურგი და მისი ანგელოზები – არქონტები, კოსმოსის მმართველი ბოროტი ეონები არა მარტო ვერ ჩაწვდებოდნენ რაიმე სულიერს, არამედ ზენა სამყაროს ანუ პლერომის არსებობაც კი არ უწყოდნენ. ასე, რომ ამ მხრივ ის ბევრად დაბლა იყო იმ ადამიანებზე, რომლებმაც მისივე მეშვეობით, მისდა უნებურად დედა ახამოtისგან მიიღეს სულიერი თესლი და ფლობდნენ იმ უზენაეს ცოდნას, რომელიც აკლდა თავად დემიურგს. დემიურგი გაჩნდა შიშისგან, მაგრამ ამასთან ერთად ის არის ცეცხლი, რადგან თავად ებრაელთა „უფალიც“ ამბობს: მე – ვარ ცეცხლი შენი, გამანადგურებელი და დამღუპველი. ეს არსები ადგენენ გებდომადას, რომელიც იმყოფება ოგდოადაზე დაბლა, სადაც იმყოფებიან სოფია და იესო და მატერიაზე მაღლა, სადაც მეფობს დემიურგი ანუ ებრაელთა ცრუ „უფალი“. თუ რაიმე გებდომადაში ემსგავსება უმაღლეს სივრცეს, ის ხდება უკვდავი და ადის ოგდოადაში – ზეციურ იერუსალიმში; ხოლო ის რაც ემსგავსება უმდაბლეს სივრცეს ე.ი. ემონება ვნებებს – იღუპება. დემიურგზე დაბლა იმყოფება ეშმაკი, ამ სამყაროს თავადი, ხოლო მასზე დაბლა ველზევული ანუ ბელზებელი, დემონიკური არსი, შექმნილი აბსოლუტური მიტოვებულობის ვნებისგან. ხოლო ყველაფერ ამაზე მაღლა, რაც კი პლერომას გარეთ იმყოფება დგანან სოფია და იესო. დემიურგი ქმნის საფშვინველებს და მათ ამწყვდევს სხეულებში, რომლებიც გაკეთებულია ეშმაკეული, ქტონიკური მატერიისგან. ამგვარად ფსიქიკური ანუ შინაგანი ადამიანი ცხოვრობს ქტონიკურ სხეულში. ებრაელი წინასწარმეტყველები და რჯულის კანონი, იყვნენ რა უგუნურნი და ვერაფერს ვერ აცნობიერებდნენ, საუბრობდნენ მხოლოდ უმეცარ და უგუნურ ღმერთ-დემიურგზე. როდესაც დასრულდა შემოქმედება და დადგა ღვთის ძეთა გამოცხადების დრო ე.ი. დემიურგის დრო, მარიისგან დაიბადა იესო, მასში სულიწმინდის გავლით და ზენა ძალის ანუ დემიურგის გავლით. დემიურგმა მოამზადა სხეული; სულიწმინდამ შექმნა ციური ლოგოსი – ახალი ადამიანი. ამგვარად ყველაფერი მოდის წესრიგში: ქრისტეს გავლით პლერომას ეონები მოდიან წესრიგში, ხოლო იესოს დახმარებით მშვიდდება სოფია, რომელიც იმყოფება პლერომას გარეთ. საბოლოოდ ქტონიკურ სხეულებში ჩამწყვდეული საფშვინველების სახსნელად ქალწულ მარიასგან იბადება იესო-მხსნელი. ოფიტების თქმით იუდეველები ემსახურებოდნენ შვიდ ბოროტ ეონს და არა ერთიან ერთადერთ ღმერთს, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ. წინასწარმეტყველები ემსახურებოდნენ კენომას ბოროტ ეონებს. სხვადასხვა წინასწარმეტყველები იყვნენ განაწილებული ამგვარად: იალდაბაოთის წინასწარმეტყველებია: მოსე, იეშუა ნავეს ძე, ამოსი და აბაკუმი; იაოს ანუ იაჰვეს წინასწარმეტყველებია: სამოელი, ნათანი და იონა; საბაოთის წინასწარმეტყველებია: ელია, იოველი და ზაქარია; ადონეუსის წინასწარმეტყველებია: ესაია, ეზეკიელი, იერემია და დანიელი; ელოსუსის წინასწარმეტყველებია: ტობითი და ანგია; ორეუსის წინასწარმეტყველებია: მიქა და ნაუმი; ასტანფეუსის წინასწარმეტყველებია: ეზდრა და სოფონია. თითოეული ამ წინასწარმეტყველთაგანი ადიდებს თავის მამას და ღმერთს. ოფიტები ამბობდნენ, რომ ბრძენი ეონი პრუნიკოსი ბოროტი ეონების და მათი წინასწარმეტყველების მეშვეობით, მათგან მალულად, ბრძნულად, ადამიანებს აწვდიდა ცოდნას უხრწნელი ეონის შესახებ და შვა ორი ადამიანი, ერთი უნაყოფო ელიზაბეტისგან, ხოლო მეორე მარიამ ქალწულისგან. ეონი ქრისტე იალდაბაოთისგან მალულად პლერომაში აგზავნის მართალ სულებს და როცა დადგება დრო, მატერია ანუ კენომა დაინგრევა და გნოსტიკოსების სულები ავლენ მარადიულ უხრწნელ ეონში, თავინთ რეალურ სამშობლოში. ოფიტები თვლიდნენ, რომ ეონი იალდაბაოთი ბინადრობდა პლანეტა სატურნზე. იალდაბაოთისგან ემანაციურად იშვა ექვსი სული, რომლებიც თავიანთ მამასთან ერთად სახლობენ შვიდ პლანეტაზე. საბაოთი - მარსზე; ადონეუსი - მზეზე, იევო იგივე იაო - მთვარეზე; ელოსუსი - იუპიტერზე; ასტანფეუსი - მერკურიზე, ხოლო იურაიოსი იგივე ორეუსი - ვენერაზე. ილდაბაოთსა და მის ძეებს შორის დროთა განმავლობაში გაჩაღდა და აღიძრა შუღლი და განხეთქილება მატერიის სამეფოზე მეუფებისათვის. ილდაბაოთმა სასოწარკვეთილებასა და მწუხარებაში ჩაიხედა მატერიის სიღრმეში, ქაოსის უფსკრულში და ქაოსის კონტინიუმზე მისი ფსიქომენტალური ენერგიის ანარეკლისაგან იშვა ძე, ვითარცა გველეშაპი. ილდაბაოთმა, რომელსაც ეზიზღებოდა და ეჯავრებოდა თავისი დედა, სიხარულისაგან და პატივმოყვარეობისაგან წარმოთქვა: „მე ვარ მამა და ღმერთი და არაა სხვა ჩემს გარდა... მოდით და შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და სახიერებად“. ილდაბაოთს იმედი ჰქონდა, რომ მისი ხელქვეითი არსებანი დაუძლურდებოდნენ თუ ადამიანში თავის ძალას ჩადებდნენ. თუმცაღა სიბრძნის ჩარევით საქმე სხვაგვარად განვითარდა. ექვსმა ძემ შექმნეს არასრულყოფილი და მახინჯი, სულისა და ინტელექტის არმქონე ცხოველისმაგვარი ადამიანი და მიუყვანეს ილდაბაოთს. ილდაბაოთმა მას შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა ანუ ეთერული ენერგია და მატერია, ამასთან დაკარგა თავისი ძალის დიდი ნაწილი. პრუნიკოსმა გადმოიხედა სინათლის სავანიდან და არასრულფასოვან პირველ ადამიანს შთაბერა სულიერი სინათლე და ინტელექტი, მიიღო რა ღვთიური ძალა პირველმა ადამიანმა პრუნიკოსისგან, შეაქო პირველი ანთროპოსი და შეიცნო იგი. როდესაც ილდაბაოთმა დაინახა რომ ადამიანს (ადამს) გააჩნდა სინათლის ძალების მიერ შთაბერილი სულიერი სინათლე და ინტელექტი შეშურდა მისი და მრისხანებითა და ჯავრით აღივსო. პრუნიკოსმა ჩაიხედა ქაოსის სიღრმეში და ვერ იპოვა რა პარტნიორი, თავისი გულუბრყვილობით, მამის ნების გარეშე წარმოშვა პირველი მმართველი ანუ მეუფე (პროტოარქონტი), მატერიალური სამყაროს შემოქმედი, არსება დაჯილდოებული უმეცრებითა და სითავხედით. ეს პირველი არქონტი ქაოსის სიღრმეში მიიზიდა დიადმა ძალამ. აქ მან წარმოშვა მმართველები (არქონტები), ანგელოზები და მიწიერი საგნები; შემდეგ – ბრაზი, ეჭვიანობა, შურიანობა, მრისხანება და ავხორცული ვნება. ამის შემდეგ მისი დედა სოფია, წუხარებით აღსავსე, ავიდა ზემოთ და შეადგინა ოგდოადა. ხოლო ქაოსში დარჩენილმა მისმა ძემ ქედმაღლურად წარმოთქვა: „მე ერთადერთი ვარ ღმერთი ეჭვიანი“. სწორედ მან შექმნა ადამიანი. დედა-ქალღმერთმა მოკლული აბელის მაგივრად ანგელოზებს აიძულა შეექმნათ სეითი, რადგანაც ფიქრობდა ამით მათთვის ძალა წაერთმია, რათა მხოლოდ ადამიანური თესლი ყოფილიყო სამყაროში. როდესაც ანგელოზები შეერივნენ ადამიანებს, დედამ დასაჯა შერეული მოდგმა წარღვნით, რათა ამოეძირკვა ბოროტება და შეენახა მხოლოდ სუფთა და უვნებელი თესლი. მაგრამ ანგელოზებმა დედისგან მალულად კიდობანში „სუფთებს“ შორის დამალეს უწმინდური ქამი. მისი წყალობით ბოროტება არ დაიღუპა და გავრცელდა მთელს მსოფლიოში, აავსო იგი და საბოლოოდ დაეპატრონა მას. ბასილიდე სირიელი წერდა: “ანგელოზებმა, რომლებსაც უკავიათ ყველაზე ბოლო ცა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ერთმანეთში დაინაწილეს როგორც მიწა, ასევე მასზე მცხოვრები ხალხები. მათი ბელადი არის ის, ვისაც აღიარებენ იუდეველთა ღმერთად; და რადგან მას სურდა თავისი ხალხისთვის, ანუ იუდეველებისთვის დაემორჩილებინა სხვა ხალხები, მას აუჯანყდნენ ყველა სხვა ხალხთა თავადები”. ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან "გნოსტიციზმი". 2019 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий