ფარსმან II ქველი — ამაზასპ I-ის ძე. იბერიის უძლიერესი მეფე. რომელსაც სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის ქველი ეწოდა. მეფობდა დაახლ. 120-170 წლებში.
ბიოგრაფია
XI საუკუნის ქართველი მემატიანე ლეონტი მროველი ასე ახასიათებს ქართლის მეფეს ფარსმანს: “ფარსმან ქველი იყო კაცი კეთილი და უხვად მომნიჭებელი და შემნდობი, ასაკითა შვენიერი, უშიში ვითარცა უხორცო და ყველაფრით უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა”.
ფარსმან ქველს განუზომელი ენერგია და დიდი პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა დასჭირდა, რათა ქართლის სამეფო წინა აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ ექცია. მემკვიდრეობით ფარსმანს დანაწევრებული, დაუძლურებული სახელმწიფო ერგო. ...ქართლის სამეფოში ამ დროს ორმეფობაა. ქვეყანა შუაზეა გაყოფილი. ერთი მეფე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ზის და მის რეზიდენციას არმაზციხე წარმოადგენს. არმაზელი მეფის მფლობელობაში შედიოდა ქართლის სამხრეთი პროვინციები, ხუნანიდან მტკვრის სათავემდე და კლარჯეთი. ხოლო მეორე მეფე მტკვრის მარცხენა სანაპიროს განაგებს და მცხეთაში ზის. მის მფლობელობაში მოქცეულია ქალაქი მცხეთა, ყოველი ქართლი მტკვრის ჩრდილოეთით, ჰერეთიდან ეგრისამდე. მიუხედავად ორმეფობისა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ქართლში მშვიდობიანი პოლიტიკური ვითარება სუფევდა. როგორც “ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს, არმაზსა და მცხეთაში მსხდომი მეფეები თუ მოყვრობდნენ ვინმეს, ერთად მოყვრობდნენ და თუ მტრობდნენ ვინმეს, ერთად მტრობდნენ.
II საუკუნის 20-იანი წლებისთვის ქართლში მშვიდობიანი პოლიტიკური ვითარება კარდინალურად იცვლება. ამ დროისთვის არმაზში მეფედ ზის ფარსმან ქველი, ხოლო მცხეთაში - მირდატი. ისინი თითქმის ერთდროულად გამეფდნენ, თავიდან მათი ურთიერთობა საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში ფარსმანსა და მირდატს შორის განხეთქილებამ იჩინა თავი. “ქართლის ცხოვრებაში” ვკითხულობთ, რომ მირდატმა ცოლად შეირთო სპარსთა მეფის ნათესავი, სპარსთა შეგონებით გადაემტერა ფარსმანს და მისი მოკვლა განიზრახა. მირდატმა ფარსმან ქველი მეჯლისზე მიიწვია, სადაც საკუთარი განზრახვა უნდა შეესრულებინა. ფარსმანს შეთქმულების შესახებ დროულად შეატყობინეს. მას შემდეგ ფარსმანი და მირდატი ერთმანეთის მოსისხლე მტრები გახდნენ. ამის შემდეგ “ქართლის ცხოვრებაში” მოთხრობილია მირდატისა და ფარსმანის დაპირისპირება. მირდატს ზურგს სპარსელები უმაგრებდნენ. მათ ვერაფერი გააწყეს ქართლის მეფის - ფარსმან II-ის წინააღმდეგ და ბოლოს საკუთარ მზარეულს მოაწამვლინეს იგი. ასეთია “ქართლის ცხოვრებაში” აღწერილი ფარსმან ქველის მეფობის ტრაგიკული ისტორია.
ქართული წყაროს ცნობებთან შედარებით განსხვავებულ სურათს გვიხატავენ რომაელი ისტორიკოსები (დიონ კასიოსი, ელიუს სპარტიანე). მათთან ფარსმან II-ის მთავარი მოწინააღმდეგე სპარსეთი კი არ არის, არამედ რომის იმპერია. უცხოელ ავტორთა ცნობებით ისიც ირკვევა, რომ ამ დროს ქართლის სამეფოს საზღვრები სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით კარგა შორს გადაიჭიმა. ერთი რამ საერთო აქვთ ქართულ და რომაულ წყაროებს - ორივე შემთხვევაში, ფარსმან ქველის პერიოდის ქართლის სამეფო რეგიონში ძლიერ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენს, რომელსაც ანგარიშს უწევს როგორც რომის იმპერია, ასევე პართიის სახელმწიფო.
ფარსმან ქველის მეფობა II საუკუნის 20-50-იან წლებზე მოდის. რომის იმპერია თავისი სიძლიერის ზენიტშია. რამდენიმეწლიანი დაპირისპირება პართიასთან იმით დასრულდა, რომ მახლობელ აზიაში მეტ-ნაკლებად მყარი სასაზღვრო ზოლი ჩამოყალიბდა. პართიის სახელმწიფოშიც სტაბილური ვითარება სუფევდა და შიდაპოლიტიკური დაპირისპირება წინა წლებთან შედარებით მწვავედ აღარ მიმდინარეობდა. ბუნებრივია, ასეთ დროს როგორც პართია, ისე რომი შეეცდებოდნენ, თავისი გავლენა განევრცოთ კავკასიაზე, სადაც მათ ყველაზე მნიშვნელოვან მოწინააღმდეგეს ქართლის სამეფო წარმოადგენდა. თავის მხრივ, ქართლის მეფე ფარსმან II ცდილობდა პართიისა თუ რომის გავლენისგან გათავისუფლებასა და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას. ამის დასადასტურებლად გამოდგება ელიუს სპარტიანეს ცნობა, რომელშიც მოთხრობილია რომისა და ქართლის სამეფოს დიპლომატიურ ომზე.
130 წლისთვის რომის იმპერატორ ადრიანეს აღმოსავლეთში ყოფნის დროს მან ქართლის მეფეს ელჩები გამოუგზავნა, ძვირფასი ძღვენი აახლა და მასთან გამოცხადება სთხოვა. რომაელი ისტორიკოსის თქმით, იმპერატორს ფარსმანისთვის მრავალ საჩუქართან ერთად საბრძოლო სპილო და ორმოცდაათკაციანი კოჰორტა მიურთმევია. ქართლის მეფემაც, საპასუხოდ, მდიდარი ძღვენით გაისტუმრა ელჩები, მაგრამ იმპერატორის მთავარი მოთხოვნა უყურადღებოდ დატოვა. ფარსმან ქველი არ წარდგა იმპერატორ ადრიანეს წინაშე. ამან კი ამაყი ადრიანეს საშინელი რისხვა გამოიწვია. მასთან იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის ქვეყნების მეფეები, ქართლის სამეფოს გამგებელი ფარსმანი კი ქედმაღლურად უარს აცხადებდა რომის იმპერატორთან გამოცხადებაზე. საერთოდ, ადრიანე გამოირჩეოდა ამპარტავნობით. წყაროები იმასაც მოგვითხრობენ, რომ იმპერატორი ისე მიისწრაფვოდა ამქვეყნიური დიდების მოსაპოვებლად, რომ საკუთარი ბიოგრაფია თავად დაწერა და შემდეგ სხვებს გამოაქვეყნებინა. ასეთ დროს ქართლის მეფის გადაწყვეტილება რომსა და მის გამგებელს ყველას თვალში ამცირებდა. ისე გამოდიოდა, ადრიანე თავად ეხვეწებოდა ფარსმან ქველს ჩამოსვლას. ამიტომაც, იმპერატორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც კიდევ უფრო გაართულა რომისა და ქართლის ურთიერთობა. ადრიანემ ქართლის მეფის მიერ გამოგზავნილი ოქროს მოსასხამები არენაზე გამოსულ სამას დამნაშავეს ჩააცვა. როგორც ჩანს, ამ საქციელმა ფარსმანის გულისწყრომა გამოიწვია. ამის შემდეგ ქართლის მეფის პოლიტიკა პირდაპირ იყო მიმართული რომის იმპერიის წინააღმდეგ. შესაძლებელია ამავე პერიოდში დაემორჩილებინა ფარსმან ქველს ძიდრიტების ტომი. ფლავიუს არიანე მოგვითხრობს, რომ დაახლოებით 131 წლისთვის შავი ზღვის გასწვრივ მისი საინსპექციო მოგზაურობისას ძიდრიტების ტომი ფარსმანის უზენაესობას ცნობდნენ. ქართლის მეფის გავლენა II საუკუნის დასაწყისისთვის კლარჯეთამდე წვდებოდა. არიანეს მიხედვით კი კლარჯეთიდან ზღვამდე ზოლი ფარსმან ქველის დროს ქართლის გავლენის ქვეშ მოქცეულა. აშკარაა, რომ ქართლის მიერ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება მის მიერ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების შედეგად მოხდა. ძიდრიტების მოსაზღვრე ტომები ამ დროს რომის გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეული და მათი მეფეები “ტახტს იმპერატორისგან იღებდნენ”. ასეთ ვითარებაში ფარსმანის მიერ ზღვისპირა ზოლზე მცხოვრები ტომის დამორჩილება ანტირომაული პოლიტიკის რეალური გამოძახილი უნდა იყოს.
შემდგომში ქართლსა და რომს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. II საუკუნის 30-იანი წლების დასაწყიში ფარსმანმა კავშირი გააბა ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ალანთა ტომთან და მათი დახმარებით შეეცადა პართიისა და რომის სამფლობელოებისთვის საგრძნობი პრობლემების შექმნას. 135-136 წლებში ფარსმანმა ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელები გააღო და ალანები წინა აზიას შეუსია. ამ ლაშქრობის მასშტაბები საკმაოდ დიდი იყო. მან მოიცვა ალბანეთი, მიდია, სომხეთი და კაპადოკია. ისტორიკოს დიონ კასიოსის ცნობით, პართიის მეფე ვოლოგეს II იძულებული გახდა, ალანები საჩუქრებით მოესყიდა, ხოლო კაპადოკიის რომაელმა მმართველმა ფლავიუს არიანემ სამხედრო სამზადისით შეაშინა მოწინააღმდეგე და უკუაქცია. ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული ღონისძიებები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სებასტოპოლისში 137 წელს ამოკვეთილ წარწერაში არიანეს მიერ ალანთა ლაშქრობის მოგერიება საგანგებოდაა აღნიშნული.
ქართლის მეფის ამ ქმედებამ დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. ვინაიდან სომხეთი, ეგრისი და ქართლი იმ დროს რომის გავლენის სფეროში მოისაზრებოდა, პართიის მეფემ ოფიციალური პროტესტით მიმართა რომის იმპერატორს ფარსმანის საქციელის გამო. ადრიანემ სენატის სხდომა მოიწვია, რომელზედაც ფარსმანის საკითხი განიხილა. ამ სხდომას ვოლოგეს II-ის ელჩებიც დაესწრნენ.
138 წელს იმპერატორი ადრიანე გარდაიცვალა და მისი ადგილი ანტონინუს პიუსმა
(138-161) დაიკავა. ახალი იმპერატორის მმართველობისას რომსა და ქართლს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დათბა. ამის გამოძახილი უნდა იყოს ფარსმან ქველის რომში ვიზიტიც, რომელიც
141-144 წლებში (ისტორიოგრაფიაში ამ ვიზიტის განსხვავებული თარიღებიც გვხვდება) უნდა გამართულიყო. ქართლის მეფის რომში ჩასვლის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამის შესახებ მოთხრობილია რომში ყოველწლიურად აღწერილ ამბების ნუსხაში, რომელიც მარმარილოს ფირფიტაზე იწერებოდა და ძველი რომის ნავსადგურებისა თუ ქალაქების შესასვლელებთან იდგმებოდა. ერთ-ერთი ასეთი ფირფიტის ფრაგმენტი აღმოჩნდა მდინარე ტიბრის შესართავთან. მასში აღნიშნულია “ფარსმანის, იბერთა მეფისა” და მისი ოჯახის რომში სტუმრობა. წარწერაში მოიხსენიებოდა ქართლის მეფის ვაჟისა და დედოფლის სახელებიც, თუმცაღა მათგან მხოლოდ რამდენიმე ასოა დღემდე შემორჩენილი. დიონ კასიოსის ცნობით კი ანტონინე პიუსმა “გაუდიდა მას სამფლობელო, ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება ენიალიონზე (მარსის მოედანზე) დაადგმევინა და უყურებდა ფარასმანეს, მისი ვაჟისა და სხვა წარჩინებულ იბერთა სამხედრო ვარჯიშობას”.
რომის იმპერიასთან დამყარებული მშვიდობიანობის მიუხედავად, ქართლის სამეფოსთვის საგარეო საფრთხის პრობლემა არ მოხსნილა. ამჯერად ფარსმან II-ს პართიასთან დაეძაბა ურთიერთობა. ძნელია თქმა, რა იყო ამის მიზეზი. “ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ფარსმანს სიცოცხლის ბოლოს დაპირისპირება ჰქონდა პართიელთა (ქართული წყაროს მიხედვით, სპარსელთა) სამხედრო ძალით ზურგგამაგრებულ მირდატთან. როგორც ჩანს, პართიამ მიზანს ვერ მიაღწია. სწორედ ამიტომაც პართიელებმა მზაკვრული გეგმა შეიმუშავეს, მათ ფარსმან ქველს მკვლელი მიუჩინეს მზარეულის სახით. ამ უკანასკნელმა დავალება პირნათლად შეასრულა. ფარსმან ქველის სიკვდილი დიდი ტრაგედია იყო ქვეყნისთვის. ლეონტი მროველი მოგვითხრობს, როგორ იგლოვა ქართველმა ერმა სახელოვანი მეფე: “მაშინ იქმნა გლოვა და ტირილი, და ტყება ყოველთა ზედა ქართველთა წარჩინებულითგან, ვიდრე გლახადმდე. და იტყებდეს ყოველნი თავთა თუისთა ყოველთა შინა ქალაქთა და დაბნებთა, რამეთუ დასხდიან მგოსანნი გლოვისანი, და შეკრბიან ყოველნი და ახსენებდიან სიმხნესა და სიქველესა, და სიშვენიერესა და სახიერებასა ფარსმან ქუელისასა”.
ფარსმანის გარდაცვალების შემდეგ ქართლის სამეფოში პოლიტიკური ვითარება კვლავ დაიძაბა. მეფის ოჯახი იძულებული გახდა, რომის იმპერიის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიისთვის შეეფარებინა თავი. რამდენიმე წლის შემდეგ მოხერხდა ფარსმანის ვაჟის, ადამის გამეფება, მაგრამ ამ დროს ქართლის სამეფოს სიძლიერე უკვე შერყეული იყო.
მის დროს იბერიის სამეფომ უდიდეს ძლიერებას მიაღწია. მეფობის დასაწყისშივე დაახლ. 125
წელს ფარსმანმა ილაშქრა ალბანეთსა და კაბადოკიაში, 130 წლისთვის კი მას უკვე მთელი სამხრეთ კავკასია ემორჩილებოდა; სომხეთის სამეფო იბერიის ვასალი გახდა - რამაც ძლიერ გაანაწყენა რომი. რომის იმპერატორმა ადრიანემ ფარსმანს მკაცრი წერილით რომში გამოცხადება უბრძანა. ფარსმანმა ცივი უარი სტკიცა. ადრიანემ იბერიასთან ომი ვერ გაბედა და ფარსმანს ძღვნად ორმოცდაათი ლეგიონერი და საბრძოლო სპილო გამოუგზავნა. მალე ურთიერთობა რომსა და იბერიას შორის კიდევ უფრო გაუმჯობესდა - 144 წელს რომის ახალი იმპერატორის ანტონინუს პიუსის მიწვევით ფარსმან II ოჯახითურთ რომში სტუმრად ჩადის. გაფორმდა ხელშეკრულება რომის და იბერიის მოკავშირეობისა. ფარსმანის ამალამ მხედრული ჯირითი მოაწყო კოლოსეუმში. ანტონინუს პიუსის ბრძანებით მარსის მინდორზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დადგეს. რომმა სცნო იბერიის ჰეგემონია სამხრეთ კავკასიაში. იბერიის გაძლიერებით უკმაყოფილო იყო პართია. დაახლ. 150-155 წლებში პართიის მეფე ვოლოგეზ III-მ ორჯერ ილაშქრა იბერიის წინააღმდეგ, ფარსმან II-მ ორჯერვე სასტიკად დაამარცხა და უკუაგდო მტერი. მალე ფარსმან ქველი იმდენად გაძლიერდა რომ თვითონ ილაშქრა პართიის წინააღმდეგ მან დაამარცა ვოლოგეზ III და მისი დედაქალაქი ქტეზიფონიც კი აიღო. ვოლოგეზმა დიდი ძღვენისა და მუდმივი მშვიდობის აღთქმით დაიხსნა თავისი ქვეყანა.
დაახლოებით 160-იან წლებში ფარსმან ქველი გარდაიცვალა, როგორც ისტორიული გადმოცემა გვაუწყებს იგი მოწამლა პართიელების მიერ მოსყიდულმა მზარეულმა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 233, თბ., 1986 წელი.
- საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 2012
- ჯ. სამუშია, ჟურნალი “ისტორიანი”, 2012 წლის ოქტომბრის ნომერი #10/22
Комментариев нет:
Отправить комментарий