воскресенье, 17 марта 2019 г.

ამონარიდები ზვიად გამსახურდიას წიგნიდან "საქართველოს სულიერი მისია"


"პროტო-ქართული ფუძე-ენის შეცვლა ენათა აღრევით, ანუ დიფერენცირებით, მოჰყვა, ბიბლიური ენით ბაბილონის გოდოლის დაცემას, თეოსოფიური ენით, კალი-იუგას [ბნელი პერიოდის] დასაწყისს, ხოლო ენათმეცნიერული და ეთნოგრაფიული ენით მესამე ათასწლეულის ინდოევროპულ ექსპანსიას. ესაა დასაბამი პროტო-ქართული მოდგმის კრიზისისა, განცალკევება-დაქსაქსვისა, იაფეტიდების დეკადანსისა, რაც გრძელდება საუკუნეთა მანძილზე და კულმინაციას აღწევს რომის იმპერიის პერიოდში, როდესაც ინდოევროპეიზირებული რომი ანადგურებს კართაგენს, პონტოს, ცდილობს ანტიკური იბერიის დაპყრობას, იმპერიაში პატრიციები ინდოევროპელები ხდებიან, ხოლო პლებეები - იაფეტიდები. ნ. მარრის მოსაზრებით, კართაგენი და რომი თავდაპირველად ერთი და იგივე ეთნიკური [იაფეტური] წარმომავლობის ქალაქები იყვნენ ხმელთაშუაზღვის ორსავე მხარეს, ვიდრე მოხდებოდა რომის ინდოევროპეიზაცია და კართაგენის სემიტიზაცია [ფინიკიელი პუნების მიერ], რამაც გამოიწვია სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება ამ ორ ქალაქს შორის." ზვიად გამსახურდია. "საქართველოს სულიერი მისია". თბილისი - 1990წ. გვ. 64-65. "იაპეტოსის ძე, პრომეთე, ოდესღაც აღზევებული ტიტანი [იგივე რაც ინდური მითოლოგიის პრამათუსა და მატარიშვა], ღმერთებისთვის ცეცხლის [ღვთაებრივი მეობის ნაპერწკლის] მომტაცებელი, შემქნელი და ინსპირატორი კაცობრიობის ცივილიზაციისა და აზროვნებითი კულტურისა, შემოქმედი და წინასწარმხედი მოაზროვნე, მისტერიათა კულტურის ინაუგურატორი [შემომღები] არის სიმბოლო იაფეტური, პროტო-ქართული ანუ პროტო-ევროპული ეთნოსისა, რომელიც ჟამთა ვითარებაში დაამარცხა და გარიყა ზევსმა ანუ ინდოევროპულმა კაცობრიობამ, მიაჯაჭვა კავკასიაზე ანუ კავკასიით შეზღუდა მისი ცხოვრების და მოღვაწეობის არენა. ზვიად გამსახურდია. "საქართველოს სულიერი მისია". თბილისი - 1990წ. გვ. 68 "იაფეტურ-პრომეთესეული ანუ პროტო-ქართული, პროტო-ევროპული მოდგმა, რომელიც დათრგუნა და შეავიწროვა ინდოევროპულმა მოდგმამ [ზევსმა ანუ იუპიტერმა - ბრიჰასპატიმ], ამჟამად მიჯაჭვულია კავკასიაზე, დამდაბლებული და დაწუნებული, მტრული მოდგმით გარშემორტყმული. მას გულ-ღვიძლს უღადრავს არწივი [ინდოევროპელთა იმპერიული ძლიერების სიმბოლო]. მაგრამ მომავალში პრომეთეოსი განთავისუფლდება, აღორძინდება და დაიბრუნებს თავიას თავდაპირველ ძალას და პოზიციას მსოფლიოში, როლს ცივილიზაციის და კულტურის შემქმნელისა, მისტერიათა კულტური-ტრეგერის და კაცობრიობის მსაჯულისას." ზვიად გამსახურდია. "საქართველოს სულიერი მისია". თბილისი - 1990წ. გვ. 69 "მინოსის კულტურა ეს იყო ტროას სამყარო, ეს იყო პელაზგების სამყარო, რომლებიც იყვნენ პირველადი მოსახლეობა დღევანდელი საბერძნეთისა, ელადის და რომლებიც დახვდნენ იქ ელადაში მისულ ვედურ ბერძნებს და რომელთაც უფრო მაღალი კულტურა ჰქონდათ ვიდრე ბერძნებს და ყოველივე ეს გამოხატულია პრომეთეს მითში." ზვიად გამსახურდია. "საქართველოს სულიერი მისია". თბილისი - 1990წ. გვ. 83 "მესამე ათასწლეულიდან კი იწყება ამ მოდგმის და მისი საკრალური ენის პროფანირების, აღრევის, დამდაბლება-დაწუნების პერიოდი, რაც გამოიწვია კაცობრიობის მატერიაში ჩაძირვამ, ინდოევროპელთა მოძალებამ, ისტორიულმა ბედ-უკუღმართობამ. ამავე პერიოდში პროტო-ქართული მოდგმა იწყებს რიცხობრივ შემცირებას, რასაც სიმბოლურად განასახიერებს ნიობეს შვილების დახოცვა [ნიობე იაფეტური მოდგმის დედაა]. იწყება იაფეტური მისტერიების დეკადანსი. რის გამოც ეს მისტერიები ალაგ-ალაგ არაკანონზომიერიც ხდება, ხოლო ერთიანი ფუძე-ენა განიცდის დიფერენცირებას ენებად და ენაკავებად, რაც გაგრძელებაა ბაბილონის გოდლის დაცემის შემდგომი ენათა აღრევის პროცესისა." ზვიად გამსახურდია. "საქართველოს სულიერი მისია". თბილისი - 1990წ. გვ. 71 "შემდგომ, უკვე ძვ.წ. მეორე ათასწლეულიდან იწყება წამოწევა ხეთური სამყაროსი, რომელიც უკვე ინდოევროპული სამყაროა, აგრეთვე ძველბერძნული სამყაროსი, რომელიც ვედური ბერძნებიდან, ვედური ტომიდან მომდინარეობს და მოსულია იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც შემდგომ აღმოცენდა ძვ.ბერძნული კულტურა და სამყარო, ხოლო პირველადი მოსახლეობა ძველი საბერძნეთისა, ძველბერძენი ისტორიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით, განსაზღვრულია, როგორც პელაზგური ანუ პროტოიბერიული." ზვიად გამსახურდია. "საქართველოს სულიერი მისია". თბილისი - 1990წ. გვ. 10 "შეიძლება ითქვას, რომ აქ მხოლოდ საქართველო კი არ იგულისხმება, არამედ მთელი ქართველური მოდგმა და ამას უკავშირდება ის პროტოქართული, პროტოიბერიული სამყაროც, რომელიც გადაჭიმული იყო პირენეების ნახევარკუნძულიდან ინდოეთამდე და როგორც ნიკო მარრი ჰ. ჯონსტონთან ერთად ვარაუდობდა, არსებობდა პირველადი ბასკურ-კავკასიურ-დრავიდული ენა, ქამიტურ ძირეულ ენაზე უფრო ძველი, რომელიც იყო საფუძველი ყველა ენებისა." ზვიად გამსახურდია. "საქართველოს სულიერი მისია". თბილისი - 1990წ. გვ. 30 "ნურავინ იფიქრებს, რომ კოლხეთი და კავკასია იყო ერთადერთი კერა ამ კულტურისა და საერთოდ ქართველური ტომებისა." ზვიად გამსახურდია. "საქართველოს სულიერი მისია". თბილისი - 1990წ. გვ. 83 "გვიანდელი იაფეტური ენები გადმონაშტებია ენათა უშველებელი შტოსი [იაფეტური ფუძეენისა], რომელიც ვრცელდებოდა დასავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით, სემიტურ სამყარომდე. ხოლო ქართულ ენას, ნ. მარრის თქმით იაფეტურ ენებში უკავია ისეთივე პოზიცია, როგორც არაბულს სემიტურ ენებში. ნ. მარრი ჰ. ჯონსტონან ერთად ვარაუდობდა, რომ პრეისტორიულ ხანაში არსებობდა პირველადი ბასკურ-კავკასიურ-დრავიდული ენა სუმერულისა და ელამურის პარალელურად და რომ სუმერული, შესაძლოა ყოფილიყო შემაერთებელი რგოლი პირველად ბასკურ-კავკასიურსა და პირველად მონღოლურ ჯგუფებს შორის, ვინაიდან არსებობდა პირველადი და უძველესი ბასკურ-კავკასიურ-დრავიდულ-სუმერულ-მონღოლური უადრესი წინაპარი ფუძეენა ქამიტურ ძირეულზე ძველი ანუ ეოლითური კულტურის ენა, ხოლო სუმერები, ტუბალები და ტიბარენები ეკუთვნიან ძველ იბერთა ტომებს." ზვიად გამსახურდია. "საქართველოს სულიერი მისია". თბილისი - 1990წ. გვ. 66 "ჰომეროსი და ჰესიოდე არ არიან შემოქმედნი ძვებერძნული მითებისა, ისინი არიან პელაზგური ეპოქის მითოსის სისტემატიზატორები, განმმარტებელნი." ზვიად გამსახურდია. "საქართველოს სულიერი მისია". თბილისი - 1990წ. გვ. 12

Комментариев нет:

Отправить комментарий