ბერტრან რასელი
ცნობილ ღვთისმეტყველს, დოქტორ ტადეუსს ერთხელ როგორღაც დაესიზმრა, რომ გარდაიცვალა და ზეცაში გაემართა. მთელი გზა მან ყოველგვარი სიძნელის გარეშე დაძლია, იმიტომ რომ ღვთისმეტყველებამ მას ცაში ორიენტაციის უნარი განუვითარა. როცა ის, ბოლოსდაბოლოს დანიშნულების ადგილზე მივიდა და ზეცის კარიბჭეზე დააკაკუნა, გაოცებული დარჩა იმით, თუ როგორ ეჭვიანი დახვედრა მოუწყვეს.
- გთხოვთ, შემომიშვათ, - მიმართა მან კარიბჭის მცველს. - მე კეთილშობილი ადამიანი ვარ და მთელი ცხოვრება უფლის სამსახურში მაქვს გატარებული.
- ადამიანი? - გაკვირვებით ჩაეკითხა მცველი. - ეს რაღაა? ან კიდევ როგორ შეუძლია ასეთ უცნაურ, მე ვიტყოდი, სასაცილო არსებას, როგორიც თქვენა ხართ, უფალს ემსახუროს ან მისი სახელი ადიდოს?
დოქტორ ტადეუსი გახევებული იდგა.
- არ შეიძლება არ იცოდეთ ადამიანთა შესახებ, - თავისაზე იდგა ის - თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ადამიანი უფლის ყველაზე დიადი ქმნილებაა!
- ძალიან არ მინდა გაწყენინოთ, - უპასუხა მცველმა, - მაგრამ ის, რასაც თქვენ ამბობთ, ჩემთვის სიახლეა. და სარეთოდაც მეეჭვება, რომ ასეთი არსების შესახებ ჩვენთან ვინმეს სმენოდეს. თუმცა, რადგან თქვენ ასე დაჟინებით ითხოვთ, ჩვენს ბიბლიოთეკარს დავუძახებ, იქნებ მან იცოდეს რამე.
ბიბლიოთეკარი მალე მოვიდა - ის სფეროსმაგვარი არსება აღმოჩნდა, რომელსაც ათასამდე თვალი და მხოლოდ ერთი პირი ჰქონდა. რამოდენიმე ათეული თვალი მან ტადეუსს მიაპყრო.
- ეს რა არის? - ჰკითხა მან მცველს.
- აი, მოვიდა და აცხადებს, - განუმარტა მცველმა, - რომ ის იმ სახეობიდანაა, რომელსაც ადამიანი ეწოდება, და ცხოვრობს იმ ადგილას, რასაც დედამიწას ეძახიან. ამასთან მას რაღაც უცნაური წარმოდგენები აქვს. ამტკიცებს, თითქოს შემქმნელმა მათი სახეობის და ადგილის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა. ვიფიქრე, იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ რაიმე ამის შესახებ?
- შეგიძლიათ განგვიმარტოთ, სად არის ის ადგილი, რომელსაც თქვენ დედამიწას უწოდებთ? - ძალიან თავაზიანად მიმართა ბიბლიოთეკარმა ღვთისმეტყველს.
- ეს ხომ მზის სისტემის ნაწილია! - წამოიძახა ტადეუსმა.
- მზის სისტემა რაღაა? - კვლავ დაეკითხა ბიბლიოთეკარი.
- ოჰ! - თქვა ცოტა არ იყოს შემცბარმა ტადეუსმა, - ჩემი საქმე წმინდა წერილია. ის კი, რასაც თქვენ მეკითხებით, მიწიერ დისციპლინებს მიეკუთვნება. თუმცა, ჩემი მეგობრებისგან, ვინც ასტრონომიაში იყო გათვითცნობიერებული, მსმენია, რომ მზის სისტემა «ირმის ნახტომი»-ს ნაწილია.
- და «ირმის ნახტომი» რა არის? - არ დააყოვნა შემდეგი შეკითხვა ბიბლიოთეკარმა.
- «ირმის ნახტომი» - ეს ერთ-ერთი გალაქტიკაა, რომლის მსგავსიც, როგორც მე მითხრეს, კიდევ ასი მილიონი არსებობს.
- რადგან მათი რაოდენობა ასე დიდია, - თქვა ბიბლიოთეკარმა, - უცნაურად მეჩვენება თქვენი ვარაუდი, რომ მე ერთ-ერთი მათგანი მეხსომებოდა. თუმცა, მე მახსენდება, რომ თვითონ სიტყვა «გალაქტიკა» სადღაც მსმენია. მგონი ბიბლიოთეკარების თანაშემწეებს შორის უნდა იყოს ერთი, რომელიც სპეციალურად გალაქტიკებითაა დაკავებული. უნდა მოვიყვანოთ და ვნახოთ, იქნებ დაგეხმაროთ კიდეც.
მცირეოდენი ლოდინის შემდეგ გამოჩნდა ბიბლიოთეკარის თანაშემწე გალაქტიკების სფეროში. ეს იყო არსება, რომელსაც თორმეტკუთხედის ფორმა ჰქონდა. ოდესღაც ის ნათელი და მბრწყინვალე იქნებოდა, მაგრამ წიგნების თაროების მტვერს, რომელიც მასზე გამუდმებით ზედ ეყრებოდა, იგი ჩაჟამებულ და მბჟუტავ არსებად ექცია. ბიბლიოთეკარმა მას დაწვრილებით მოუყვა, თუ როგორ ახსენა დოქტორმა ტადეუსმა გალაქტიკები, როდესაც საკუთარი წარმოშობის ახსნას ცდილობდა და გამოთქვა იმედი, რომ შესაბამისი ინფორმაცია აღმოჩნდებოდა ბიბლიოთეკის იმ სექციაში, რომელიც ამ საკითხით იყო დაკავებული.
- ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, - უპასუხა თანაშემწემ. თუმცა, მინდა მხედველობაში მიიღოთ, რომ არსებობს ასი მილიონი გალაქტიკა და თითოულის შესახებ თაროზე თითო ტომი დევს. ამიტომ საჭირო ცნობის მოპოვებას გარკვეული დრო დაჭირდება. და კონკრეტულად რომელ გალაქტიკას ეძებთ?
- იგი «ირმის ნახტომის» ნაწილია, - უხალისოდ უპასუხა ტადეუსმა.
- კარგი, - თქვა ბიბლიოთეკარის თანაშემწემ, - ვეცდები ვიპოვო.
სამი კვირის შემდეგ იგი დაბრუნდა და შეატყობინა, რომ იმის გამო, რომ მათ სექციაში განსაკუთრებით სრულად და კარგადაა კართოტეკა შედგენილი, მათ შეძლეს, ბოლოს და ბოლოს საჭირო გალაქტიკის მოძებნა. მისი ნომერია XO 321762
- სექციის ყველა, ხუთი ათასივე კლერკი ამ საკითხით იყო დაკავებული, - დაამატა მან და გააგრძელა. ხომ არ გნებავთ იმ კლერკთან გასაუბრება, რომელმაც იგი იპოვა და გამოიკვლია?
წავიდნენ კლერკის მოსაყვანად და სულ მალე მათთან მოვიდა რვაკუთხედი, რომელსაც თითოეულ გვერდზე ერთი თვალი ჰქონდა და მხოლოდ ერთი პატარა პირი. მას შემცბარი სახე ჰქონდა და თვალებს ჭუტავდა შეუჩვეველ სინათლეზე, რადგან მისი ჩვეული ადგილსამყოფელი ძირითადად წიგნის თაროების ნახევრად ჩაბნელებულ ატსმოფერო იყო. როცა თავს დაეუფლა, დოქტორ ტადეუსს მიმართა.
- რა გნებავთ იცოდეთ ამ გალაქტიკის შესახებ? - საკმაოდ მორიდებულად იკითხა მან.
- მინდა ვიცოდე, რა იცით მზის სისტემის შესახებ, - ხმამაღლა და თავდაჯერებულად ალაპარაკდა ტადეუსი. - ის ზუსტად იმ გალაქტიკაში იმყოფება, რომელიც თქვენ იპოვნეთ, და მასში ციური სხეულები ბრუნავენ ერთი ვარსკვლავის ირგვლივ, რომელსაც მზე ეწოდება.
- ჰმ! - ჩაიბურტყუნა კლერკმა. - საკმაოდ ძნელი იყო ას მილიონ გალაქტიკაში ერთის მოძებნა, მაგრამ გაცილებით უფრო რთულია ამ გალაქტიკაში რომელიმე ერთი ვარსკვლავის მოძებნა. მე ვიცი, რომ მასში სამას მილიარდამდე ვარსკვლავია, მაგრამ როგორ უნდა განვასხვავო ერთმანეთისაგან, არ ვიცი. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ადმინისტრაციის მითითებით შედგენილ იქნა ამ სამასი მილიარდი ვარსკვლავის სია და ეს სია სარდაფში ინახება. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ღირს დავიწყოთ იმ ვარსკვლავის ძიება, რომელსაც «მზე» ჰქვია, მაშინ ამისათვის დაგვჭირდება საკმაოდ ბევრი თანამშრომლის მოზიდვა სხვა განყოფილებებიდანაც.
ბოლოს და ბოლოს, გადაწყდა, რომ ვინაიდან საკითხი უკვე წამოჭრილი იყო, ხოლო დოქტორ ტადეუსი ნერვიულობდა და ძალიან იტანჯებოდა, დაეწყოთ «მზე»-დ წოდებული ვარსკვლავის ძიება.
რამოდენიმე წლის შემდეგ ძლიერ დაღლილი, მოწყენილი შესახედაობის ოთხკუთხედი მივიდა ბიბლიოთეკარის თანაშემწესთან, რომელიც გალაქტიკების სექციას განაგებდა.
- მე შევძელი იმ ვარსკვლავის პოვნა, - თქვა მან. მაგრამ მე ვერაფრით ვერ გავიგე, რითი არის გამოწვეული მისდამი ასეთი განსაკუთრებული ინტერესი. იგი ისეთივეა, როგორც ამ გალაქტიკის ვარსკვლავების უმეტესობა - საშუალო ზომის, საშუალო ტემპერატურის, საშუალო სიდიდის სხეულებით გარშემორტყმული, რომლებსაც «პლანეტები» ეწოდებათ. გამოკვლევის შედეგად მე აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთ პლანეტებზე არსებობენ მიკროორგანიზმები და ვფიქრობ, რომ ჩვენთან მოსული არსება, რომელმაც ეს ძიება დაგვაწყებინა, ერთ-ერთი მათგანია.
ამ ადგილზე დოქტორმა ტადეუსმა ვეღარ მოითმინა და მწარე საყვედურები გადმოაფრქვია.
- რატომ, ოჰ რატომ, - გაიძახდა იგი, - დაგვიმალა უფალმა ჩვენ, დედამიწის საწყალ მცხოვრებლებს, რომ ჩვენს გარდა კიდევ ამდენი სამყარო შექმნა? მთელი ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე გულმოდგინედ ვემსახურე მას და მწამდა, რომ იგი შეამჩნევდა ჩემს სამსახურს და მარადიულ სასუფეველს მიბოძებდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ არც კი სცოდნია ჩემი არსებობის შესახებ. თქვენ კი ამასთან ერთად მიცხადებთ, რომ მე უსასრულოდ მცირე მიკროსკოპული არსება ვარ, რომელიც ერთი ციცქნა პლანეტის მკვიდრია, რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავს, რომლის მსგავსიც მარტო ჩვენს გალაქტიკაში სამასი მილიარდია. მე არ შემიძლია ამის ატანა და აღარც იმის ძალა შემწევს, ამის შემდეგ კვლავ ვადიდო უფალი.
- ძალიან კარგი, - თქვა კარიბჭის მცველმა. - ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა წახვიდეთ სხვა ადგილზე...
და აქ ცნობილ ღვთისმეტყველს გამოეღვიძა.
- ჭეშმარიტად დიდია და საშინელი ეშმას ძალაუფლება ჩვენს სიზმრებზე, - ჩაიბურტყუნა მან და შეიშმუშნა.
თარგმანი: სკეპტიკოსი
|
Комментариев нет:
Отправить комментарий