воскресенье, 29 марта 2020 г.

კაბუკი


კაბუკი (歌舞伎) — ტრადიციული იაპონური თეატრის ფორმა. კაბუკის თეატრი ცნობილია მისი დრამატურგიის სტილიზაციითა და შემსრულებელთა ზედმიწევნით დეტალური მაკიაჟით. კაბუკის იაპონურ დამწერლობაში იეროგლიფები მარცხნიდან მარჯვნივ ნიშნავს სიმღერას (歌), ცეკვას (舞), და ხელოვნებას (伎). შესაბამისად კაბუკი ხშირად ითარგმნება, როგორც "სიმღერისა და ცეკვის ხელოვნება". თუმცა ეს იეროგლიფები ატეჯის მიეკუთვნება, რაც არ გამოხატავს ფაქტობრივ ეტიმოლოგიას, და სიტყვა კაბუკი, როგორც მიიჩნევა, წარმოებულია ზმნისგან "კაბუკუ", რაც ნიშნავს "გადახრას", ან "არა-ჩვეულებრივს", შესაბამისად კაბუკი შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც "ავანგარდი" ან "უჩვეულო" თეატრი.

კაბუკის ჟანრი ჩამოყალიბდა ხალხური ცეკვისა და სიმღერის საფუძველზე XVII საუკუნის მიჯნაზე იაპონიაში. ფუძემდებლად ითვლება იძუმო ნო ოკუნი, რომელმაც 1602 წელს ქალაქ კიოტოს მახლობლად, პირველად წამოიწყო თეატრალიზებული ცეკვის ახალი სტილი. ახალმა ჟანრმა პოპულარობა ძალზედ მალე მოიხვეჭა და ოკუნის იმპერატორის სასახლეშიც კი იწვევდნენ. პარალელურად იქმნებოდა ახალი დასები, რომლებიც კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს და რაც ხელს უწყობდა კაბუკის თეატრის ჩამოყალიბებას. თავდაპირველად დასები მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული და თეატრში დადგმული სცენები უხეშობით და გარყვნილობით გამოირჩეოდა. მრავალი მსახიობი ქალი ამორალურ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც კაბუკის ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც (იაპ. 歌舞妓, "მომღერალი და მოცეკვავე კურტიზანების თეატრი").

1629 წლიდან ქალებს აეკრძალათ კაბუკის სცენაზე თამაში და 1953 წლიდან იქ მხოლოდ მამაკაცები იღებენ მონაწილეობას. ქალების როლის შემსრულებელ მსახიობებს უწოდებდნენ ონაგატას ან ოიამას (იაპ. 女形, "ქალური სტილი"). ამის გარდა არსებობს შესრულების კიდევ ორი სტილი:არაგატო (იაპ. 荒事, "უხეში სტილი") და ვაგატო (იაპ. 和事, "ჰარმონიული სტილი"). კაბუკის მსახიობთა შორის არსებობს თეატრალური დინასტიები, რომლებიც სპეციალიზირდებიან კონკრეტული სტილის მიმართულებით. დღესდღეობით იაპონიაში, კაბუკი ინარჩუნებს ყველაზე პოპულარული თეატრალური დრამატული ჟანრის სტატუსს.

Комментариев нет:

Отправить комментарий