вторник, 31 марта 2020 г.

ჯოვანი ბოკაჩო


ჯოვანი ბოკაჩო იყო ფლორენციელი სოვდაგრის და წარჩინებული წოდების ფრანგი ქალის, ჟანას შვილი. დედა ადრე გარდაეცვალა. ერთი წლიდან ფლორენციაში დედინაცვალი ზრდიდა. ათ წლამდე ჯოვანი ფლორენციაში იზრდებოდა, შემდეგ კი აღსაზრდელად მიაბარეს ერთ ვაჭარს ნეაპოლში, რომლისგანაც მას კომერცია უნდა ესწავლა. ბოკაჩომ ვაჭრობა ექვსი წლის მეცადინეობის მიუხედავად ვერ შეისწავლა, ასევე ვერ შეისწავლა სამართალი, რომელსაც შემდეგი ექვსი წლის მანძილზე სწავლობდა. ახალგაზრდა ბოკაჩოს არ სურდა ვაჭრობისა და სამართლის სწავლა, არამედ გული მიუწევდა პოეზიისა და მწერლობისკენ, ბავშვობიდანვე ეცნობოდა რა რომაელი კლასიკოსებისა (ვერგილიუსი, ოვიდიუსი, სენეკა, ციცერონი) და დანტეს შემოქმედებას.

ნეაპოლში ბოკაჩო მოხვდა მეფე რობერტ ანჟუელის კარზე. რობერტ ანჟუელი იყო განათლებული და რამდენიმე უმნიშვნელო ლიტერატურული ქმნილების ავტორი, რომელიც სიამოვნებით იკრებდა თავის გარშემო ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტებსა და მეცნიერებს. ბოკაჩომ მეფის კარზე გაიცნო ფრანგი რაინდული ზნეობანი, ეზიარა ელინურ და ლათინურ კულტურას; ამავე დროს, განიცადა ჰუმანისტური იდეების გავლენა. ნეაპოლში ბოკაჩოს შეუყვარდა მეფე რობერტის გათხოვილი ქალიშვილი მარიამ აქვინელი, რომელიც შემდგომ განსახიერდა ბოკაჩოს შემოქმედებაში ფიამეტას სახით. მარიამ აქვინელმა შთააგონა ბოკაჩოს პირველი ნაწარმოებები — რომანი „ფილოკოლო“ (1336) და იტალიურ პოეზიაში ოქტავებით დაწერილი პირველი პოემა „ფიეზოლელი ნიმფები“ (1345). ამ ადრინდელ ნაწერებში სჭარბობს კლასიკური მითოლოგიით შეფერილი საშუალო საუკუნეების ლიტერატურული ფორმები (რაინდული თაგადასავლები, ალეგორიზმები და სხვა)

1340 წელს ბოკაჩო მამამ დაქვრივების გამო ფლორენციაში გაიწვია. ბოკაჩომ აქ ნახა ნეაპოლის სასახლის არისტოკრატიული წრეებისგან სრულიად განსხვავებული გარემო — ვაჭართა რესპუბლიკა. მას ვერ წარმოედგინა აქ ცხოვრება და მამის მესამედ დაქორწინების (1343) შემდეგ ცხოვრობდა სხვადასხვა ქალაქებში — რავენასა და ფორლიში,თანაც გაექცა შავ ჭირს, რომელმაც ფლორენციის მოსახლეობის სამი მეოთხედი გაანადგურა. ეს მოვლენა მოგვიანებით „დეკამერონში“ აისახა. 1348 წელს ბოკაჩო კლავ დაბრუნდა ნეაპოლში, საიდანაც მამის სიკვდილის გამო დაბრუნდა ფლორენციაში და საბოლოოდ დამკვიდრდა იქ.

აქ 1350 წელს ბოკაჩომ გაიცნო ფლორენციაში გავლით მყოფი პეტრარკა და მოექცა მისი გავლენის ქვეშ. ბოკაჩო ორჯერ, 1363 და 1368 წლებში წავიდა ვენეციაში პეტრარკას სანახავად. მისივე გავლენით სწავლობდა ბერძნულ და ლათინურ ლიტერატურას, ასევე აგროვებდა კლასიკოსების ხელნაწერებს და დაღუპვისგან გადაარჩინა არაერთი ხელნაწერი. მანვე პირველმა დაიწყო ხელნაწერთა შეადრება და შესწორება. ბოკაჩომ შეისწავლა ძველი ბერძნული ენა, რისთვისაც კალაბრიიდან ჩამოიყვანა ბერძენი ლეონციო პალატო და პირველმა თარგმნა ჰომეროსი იტალიურად. თარგმანი სუსტი გამოვიდა, მაგრამ მან დაუმკვიდრა ბოკაჩოს პირველი ელინისტის სახელი იტალიურ ლიტერატურაში. ფლორენციაში ცხოვრების პერიოდში ბოკაჩომ ასევე გამოსცა რამდენიმე იმდროისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი ბიოგრაფიული, გეოგრაფიული და მითოლოგიური შინაარსისა. მანვე 1360-62 წლებში საფუძველი ჩაუყარა დანტეს მენიერულ შესწავლას. მასვე ეკუთვნის პეტრარკას პირველი ბიოგრაფია.

სიცოცხლის უმეტესი და შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ნაწილი მან გაატარა მშობლიურ ფლორენციაში. საკუთარ შემოქმედებაში მან ხარკი გადაუხადა როგორც ნეაპოლს, ასევე ფლორენციას. 1361 წელს ბოკაჩო აპირებდა ნეაპოლში გადასახლებას მაგრამ იქ ხანგრძლივად აღარ უცხოვრია. 1365 წლიდან მუშაობდა ფლორენციის ქალაქის მთავრობისთვის. ქალაქის მმართველობამ რამდენიმეჯერ დიპლომატიური მისიის გაგზავნა ის ვენეციასა და ნეაპოლში.

მოხუცებულმა და დაავადებულმა ბოკაჩომ ვერ შეძლო უკანასკნელი დიდი მიზნის, დანტეს კომენტარების დასრულება და გარდაიცვალა მშობლიურ სოფელში 1375 წლის 2 დეკემბერს. ჩერტალდოში შემორჩენილია ბოკაჩოს წითელი აგურით ნაგები სახლი, რომელიც აღადგინეს 1823 წელს, ხოლო სოფლის მთავარ მოედანზე დგას მისი ქანდაკება (1875).

Комментариев нет:

Отправить комментарий