რელიგიის ზოგიერთი აპოლოგეტი (მაგალითად, პასკალი) თავის მხრივ ბრწყინვალეა. ზოგიერთი მათგანი კი (არ შეიძლება არ გავიხსენოთ კლეივ ლუისი), სასაცილო და მომაბეზრებელი. თუმცა, ორივე მხარეს აერთიენებს აუტანლად მძიმე ტვირთი. როგორი ძალისხმევაა საჭირო, დაუჯერებლის დასასაბუთებლად! აცტეკები ყოველდღე იზიანებდნენ გულ-მკერდის არეს, რადგან მზეს ამოსვლა არ გადაეფიქრებინა. მონოთეისტები ვალდებულნი არიან, კიდევ უფრო ხშირად ევედრონ მოწყალება თავიანთ ღმერთს, ალბათ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ყრუა. რა დონის ცუდად შენიღბული და აზრს მოკლებული პატივმოყვარეობაა საჭირო, რომ თავი ღვთიური გეგმის ცენტრად მიიჩნიო? შენი პირადი ღირსების რა ნაწილი უნდა შესწირო მსხვერპლად, რომ მუხლებზე მდგომმა, დაუღლელად, ცოდვების მიტევება ითხოვო? რამდენი უაზრო და უმიზეზო დაშვებაა საჭირო იმისათვის, რომ ყოველი ახალი მეცნიერული აღმოჩენა, ძველი კერპების სწავლებების ან წინასწარმეტყველებების(რომლებიც ადამიანის გამოგონილია) დამადასტურებლად შერაცხო? რამდენი წმინდანი, რამდენი სასწაული, ტაძარი და საიდუმლო კრებაა საჭირო იმისათვის, რომ რომელიღაც დოგმა ჯერ ჭეშმარიტებად გამოაცხადო, -ტანჯვის, წამების, უზარმაზარი დანაკარგის და სისასტიკის შემდეგ კი-ისევ უარყო? ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი თავის ხატად და მსგავსად. ყველაფერი სწორედ რომ პირიქით იყო. სწორედ ამან გამოიწვია რელიგიებისა და ღმერთების ასეთი სიმრავლე(თავისთავად, კონფესიათაშორისი ხოცვა-ჟლეტაც), რამაც ასე შეაფერხა ჩვენი ცივილიზაციის განვითარება.
დანაშაულები რელიგიურ ნიადაგზე, ხდებოდა და ხდება, არა იმიტომ, რომ ცოდვილნი ან დაწყევლილნი ვართ არამედ იმიტომ, რომ ჩვენი სახეობა, თავისი ბიოლოგიური ბუნებით, მხოლოდ ნაწილობრივაა რაციონალური. ევოლუციამ ჩვენი შუბლისწინა ნაწილი ზედმეტად პატარა, ხოლო თირკმელზედა ჯირკვლები ზედმეტად დიდი დატოვა; ჩვენი რეპროდუქტიული ორგანოები, როგორც ჩანს, სპეციალურმა კომისიამ შექმნა. ასეთმა “ფეთქებადმა ნივთიერებამ”, ცალკე აღებულმა, ან სხვა ინგრედიენტებთან ერთად, არ შეიძლება არ გამოიწვიოს უბედურება და დარღვევები. და მაინც, განსხვავება მორწმუნეთა გულმოდგინებასა და ისეთი ადამიანების დაუღალავ შრომაში, როგორებიც არიან დარვინი, ჰოკინგი და კრიკი, უზარმაზარია. ამ ადამიანების ცრურწმენები ან ვარაუდებიც კი, უფრო ბევრ რამეს ჰფენენ ნათელს, ვიდრე ნებისმიერი მორწმუნე, რომელიც თავისი ცრუ მოკრძალებულობით ცდილობს დაამტკიცოს წრეწირის კვადრატულობა და ამ გზით, შემოქმედის უბრალო ქმნილებებს, ამავე შემოქმედის მიზნები თუ ჩანაფიქრები აუხსნას. ჩვენ- ჰუმანისტებს, ათეისტებს, აგნოსტიკებს- შეიძლება გვაქვს ესთეტიური წინააღმდეგობის გრძნობა,მაგრამ სულაც არ გვსურს რომ ადამიანებს წავართვათ “ჯადოქრობით”, “სასწაულებით” მინიჭებული სიმშვიდე. არავითარ შემთხვევაში. გამონახეთ რამოდენიმე წუთი, ტელესკოპ “ჰაბლის” მიერ გადაღებული ფოტოებისათვის და თქვენ იხილავთ ბევრად უფრო გრანდიოზულ, იდუმალ და მშვენიერ–ასევე უფრო ქაოტურ და საშიშ–მოვლენებს, ვიდრე შეუძლია მოგითხროთ ნებისმიერ მითს სამყაროს შექმნასა თუ აღსასრულზე. წაიკითხეთ, რას წერს ჰოკინგი “მოვლენათა ჰორიზონტზე” ან “შავ ხვრელებზე”- რომელშიც, თეორიულად შეიძლება “ჩაყვინთო” და თვალწინ დაგიდგეს წარსული და მომავალი, და ამის შემდეგ ნაკლებად შეძლებს თქვენს გაოცებას მოსე, თავისი “ცეცხლმოდებული ბუჩქით”. დატკბით დეენემის მოლეკულის ორმაგი სპირალის სილამაზითა და სიმეტრიულობით, შეუკვეთეთ თქვენი გენეტიკური კოდის სრული გამოკვლევა, და თქვენ დაგამუნჯებთ თქვენი შემადგენელი ნაწილების თითქმის უკამათო სრულყოფილება. ამავე დროს, თქვენ გაიგებთ (და იმედია გესიამოვნებათ) თუ რამდენი საერთო გაქვთ ადამიანთა სხვა ტომებთან(“რასის” ადგილი იმავე ნაგვის ყუთშია, რომელშიც მითისა “შემოქმედზე”). ალბათ დაგაინტერესებთ იმის გაგებაც, თუ რამდენი საერთო გაქვთ სხვა ცხოველებთან. ბოლოს და ბოლოს, თქვენ შეძლებთ, მშვიდად ჩახედოთ თვალებში თქვენს “შემოქმედს”, რომელიც, როგორც ჩანს, არა პიროვნება, არამედ მუტაციის პროცესია, რომლის დროსაც ბევრად უფრო მეტი რამეა დამოკიდებული შემთხვევითობაზე, ვიდრე ეს ჩვენს თავმოყვარეობას უნდა. ყველა ეს საიდუმლო და “სასწაული”, ნებისმიერ ძუძუმწოვარს ეყოფა მისტიურობის განცდის სურვილის დასაკმაყოფილებლად. განათლებული ადამიანი თანამედროვე სამყაროში, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო მეტი იცის, მით უფრო მეტი აქვს გასაგები.
რელიგიის მიერ მოტანილ სიმშვიდესა და იმედზე (რადგან რელიგიის მიმდევრები ასე თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ რწმენას ამ თითქოსდა ამ აუცილებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია), ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მოჩვენებითი იმედით მოვაჭრენი- მოჩვენებითი მეგობრები არიან. რელიგიის კრიტიკოსები არა მხოლოდ უარყოფენ რწმენის მიერ ტკივილის გაყუჩების ფაქტს, არამედ გამოდიან პლაცებოს ეფექტისა და “შეფერილი წყლის” წინააღმდეგ. ალბათ ჩვენს დროში, ყველაზე ცნობილი და ნათელი შემთხვევა, ციტატის ბოროტად გამოყენებისა – არის მტკიცება, რომ მარქსი რელიგიას მსუბუქად, მხოლოდ “ხალხის ოპიუმად მოიხსენიებდა. რეალურად, რაბინების ხაზის გამგრძელებელს მშვენივრად ესმოდა რელიგიური რწმენის ძალა და “ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკაში” შემდეგს წერდა:
“რელიგიური სიღატაკე ერთსა და იმავე დროს არის გამოხატულება ნამდვილი სიღატაკისა და პროტესტი ნამდვილი სიღატაკის წინააღმდეგ. რელიგია არის ჩაგრულ ქმნილებათა ამოოხვრა, უგულო ქვეყნის სული და გულია, ისე როგორც იგი არის სული უსულო მდგომარეობათა. იგი ოპიუმია ხალხისა.
გაუქმება რელიგიისა, როგორც ილუზორული ბედნიერებისა, ამ ხალხის ნამდვილი ბედნიერების მოთხოვნაა, მოთხოვნა თავის მდგომარეობის შესახებ არესბულ ილუზიებზე ხელის აღებისა, რომელიც ილუზიებს საჭიროებს. რელიგიის კრიტიკა, მაშასადამე, ჩანასახში კრიტიკაა გლოვის ველისა, რომლის წმინდა შარავანდედი რელიგიაა.
კრიტიკამ ბორკილებს წარმოსახვითი ყვავილების იმისთვის კი არ ჩამოაგლიჯა, რომ ადამიანმა უფანტაზიო, უნუგეშო ბორკილები ატაროს, არამედ იმისთვის, რომ მან ბორკილები მოიხსნას და ცოცხალი ყვავილი მოსწყვიტოს. “
როგორც ხედავთ, აქ საქმე გვაქვს რელიგიის წინააღმდეგ ფილოსოფიური არგუმენტის დამახინჯების საკმაოდ უხეშ მცდელობასთან. მათ, ვინც დღემდე სჯეროდა მღვდლების, იმამებისა თუ რაბინების მონათხრობისა, იმაზე თუ რას ფიქრობენ ურწმუნოები, ჩემს წიგნში კიდევ ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. შეიძლება მათ ისწავლონ ეჭვის შეტანა იმაში, რასაც ეუბნებიან- ისწავლონ, რომ ყველაფერი რასაც მოისმენენ, არ უნდა “ირწმუნონ”. რეალურად, სწორედ ეს არის პრობლემის გადაწყვეტის გზა.
გაუქმება რელიგიისა, როგორც ილუზორული ბედნიერებისა, ამ ხალხის ნამდვილი ბედნიერების მოთხოვნაა, მოთხოვნა თავის მდგომარეობის შესახებ არესბულ ილუზიებზე ხელის აღებისა, რომელიც ილუზიებს საჭიროებს. რელიგიის კრიტიკა, მაშასადამე, ჩანასახში კრიტიკაა გლოვის ველისა, რომლის წმინდა შარავანდედი რელიგიაა.
კრიტიკამ ბორკილებს წარმოსახვითი ყვავილების იმისთვის კი არ ჩამოაგლიჯა, რომ ადამიანმა უფანტაზიო, უნუგეშო ბორკილები ატაროს, არამედ იმისთვის, რომ მან ბორკილები მოიხსნას და ცოცხალი ყვავილი მოსწყვიტოს. “
როგორც ხედავთ, აქ საქმე გვაქვს რელიგიის წინააღმდეგ ფილოსოფიური არგუმენტის დამახინჯების საკმაოდ უხეშ მცდელობასთან. მათ, ვინც დღემდე სჯეროდა მღვდლების, იმამებისა თუ რაბინების მონათხრობისა, იმაზე თუ რას ფიქრობენ ურწმუნოები, ჩემს წიგნში კიდევ ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. შეიძლება მათ ისწავლონ ეჭვის შეტანა იმაში, რასაც ეუბნებიან- ისწავლონ, რომ ყველაფერი რასაც მოისმენენ, არ უნდა “ირწმუნონ”. რეალურად, სწორედ ეს არის პრობლემის გადაწყვეტის გზა.
უნდა ვაღიაროთ, რომ მარქსი და ფროიდი, არ იყვნენ არც ექიმები, არც ზუსტი მეცნიერებების წარმომადგენლები. უკეთესია ისინი მივიღოთ როგორც დიდი, მდიდარი წარმოსახვის მქონე, თუმცა ხშირად მაინც გზააბნეული ესეისტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა სამყაროს ზოგადი სურათი იცვლება, მე არ მრცხვენია ჩემი ადრინდელი მცდარი პოზიციების კრიტიკის. მე ვიაზრებ იმას, რომ ზოგიერთი წინააღმდეგობა, დარჩება წინააღმდეგობად, ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი იქნება იმ ძუძუმწოვრის ტვინისათვის, რომელსაც ადამიანს ვეძახით, ხოლო ზოგიერთი რამ, უბრალოდ შეუცნობელი და გაუგებარია. მაგალითად, სამყაროს სასრულობაც და უსასრულობაც(თუ ოდესმე რომელიმე მათგანს დაამტკიცებენ), ჩემთვის ერთნაირად წარმოუდგენელია. მე შევხვედრივარ ბევრ ადამიანს, ჩემზე ჭკვიანსა და ბრძენს, თუმცა არცერთი მათგანის სიბრძნე და ჭკუა არ აღმოჩნდა საკმარისი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ამგვარად, ყველაზე ზომიერი და ამავდროულად, ყველაზე რადიკალური არგუმენტი რელიგიის წინააღმდეგ: რელიგია- ადამიანის ქმნილებაა. მისმა შემოქმედებმა ვერ შეძლეს შეთანხმებულიყვნენ იმაზეც კი, თუ რა თქვეს რეალურად მათმა მხსნელებმა, წინასწარმეტყველებმა და გურუებმა. ნაკლებად უნდა გვქონდეს იმედი რომ ისინი აგვიხსნიან, ბოლო დროის აღმოჩენების რეალურ “მნიშვნელობას”, რომელთაც დასაწყისში, თავად ამუხრუჭებდნენ, ან წყევლიდნენ. თუმცა, მოუსმინეთ თანამედროვე მორწმუნეებს: მათ ძველებურად იციან! თანაც, იციან ყველაფერი. არა მხოლოდ იციან, რომ ღმერთი არსებობს, მან შექმნა და აკონტროლებს სამყაროს, არამედ აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმაზე, თუ რა უნდა “მას” ჩვენგან, ჩვენი რაციონის, რიტუალებისა და სექსზე შეხედულებების ჩათვლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ უსაზღვრო და გაუგებარ დისკუსიაში, რომლის წყალობითაც, ჩვენ ვიგებთ უფრო და უფრო მეტს და თან ვხვდებით, თუ რა ცოტა ვიცით, არსებობს მხარე, რომელიც თავად შედგება დაპირისპირებული ჯგუფებისგან, მაგრამ ყოფნის თავხედობა იმის სათქმელად, რომ ყველა აუცილებელი ინფორმაცია ჩვენ უკვე გვაქვს. კლინიკური სიბრიყვის ერთი ასეთი კომბინაციაც კი საკმარისია იმისათვის, რომ “რწმენაზე” საერთოდ აღარ ვისაუბროთ. ის ადამიანი, ვინც აცხადებს რომ უდავო ჭეშმარიტებას ფლობს, და ამ ჭეშმარიტებას ღვთიური საფუძვლით ამაგრებს, ჰომო საპიენსის ბავშვური დაავადებითაა შეპყრობილი. ბავშვობასთან გამოთხოვების პროცესი შეიძლება ხანგრძლივი აღმოჩნდეს, თუმცა ის უკვე დაიწყო, და მისი გაჭიანურება ისევე არ ღირს, როგორც საერთოდ, გამომშვიდობების პროცესისა.
ერთი შეხედვით, რთულია მიხვდეთ რომ ჩემი შეხედულებები რელიგიის მიმართ ასეთია. ჩემს მორწმუნე მეგობრებთან ერთად მებევრად უფრო ხშირად ვმჯდარვარ გვიანობამდე, ვიდრე ნებისმიერ სხვასთან. (ეს მეგობრები ხშირად “მაძიებელ ადამიანს” მეძახიან, რაც, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია. თუ მე რაიმეს “ვეძებ”, იმას ნამდვილად არა, რასაც ისინი ფიქრობენ.) დევონში რომ დავბრუნდე, სადაც მისის უოტსი მივიწყებულ საფლავში განისვენებს, ალბათ აუცილებლად ჩამოვჯდებოდი რომელიმე კელტური ან საქსონური ეკლესიის კუთხეში და ფიქრებს მივეცემოდი.( ფილიპ ლარკინის ლექსი “ეკლესიაში” მშვენივრად გადმოსცემს ჩემს გრძნობებს.) ერთხელ, როდესაც ჯორჯ ორუელზე ვწერდი წიგნს,- ადამიანზე, რომელიც აუცილებლად იქნებოდა ჩემი გმირი, გმირები რომ მყავდეს- მე გამაღიზიანა იმ უხეშობამ, რომლითაც ის 1936 წელს, კატალონიაში ეკლესიის დაწვის შესახებ საუბრობდა. დიდი ხნით ადრე, მონოთეიზმის აღზევებამდე, სოფოკლემ აჩვენა, რომ ანტაგონეს ზიზღი მკრეხელებისადმი- ადამიანობის მაჩვენებელია. დაე მართლმორწმუნეებმა თავად დაწვან ერთმანეთის ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები, ამის სურვილი მათ სულ ექნებათ. მე კი, ფეხზე ვიხდი, როდესაც მეჩეთში შევდივარ. მე ვიფარებ ქუდს, როდესაც სინაგოგაში შევდივარ. ერთხელ, ინდოეთში, ასღამის წესები დავიცავი, თუმცა ეს ჩემთვის გამოცდას წარმოადგენდა. მშობლები არ მაიძულებდნენ რომელიმე რელიგიის მიმდევარი გავმხდარიყავი. ალბათ გამიმართლა, რომ მამაჩემს არც ისე თბილი მოგონებები ჰქონდა თავის ბაპტისტურ/კალვინისტურ აღზრდაზე, დედამ კი თავის იუდეისტურ მემკვიდრეობას, ასიმილაცია არჩია. ჩემი ნაცნობობა ყველა სახის ადამიანურ რწმენასთან, საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ყველგან და ყოველთვის, ურწმუნოდ დავრჩე. თუმცა მაინც, ჩემი ათეიზმი, პროტესტანტულია. ჩემი პირველი უთანხმოება რელიგიასთან, იყო უთანხმოება მეფე იაკობის ბიბლიისა და კრანმერის ლოცვების წიგნის(რომელზეც, სიბრიყვის შემოტევისას, თანამედროვე ანგლიკანურმა ეკლესიამ უარი თქვა) ლექსებთან ღვთისმსახურებისთვის. მამაჩემი დაკრძალულია პორტსმუტის მსგავს სამლოცველოში, რომელშიც 1944 წელს, ნორმანდიაში ოპერაციის დაწყების მიჯნაზე, გენერალი ეიზენჰაუერი გამარჯვებისათვის ლოცულობდა. დაკრძალვის დღეს სიტყვით გამოვედი სამლოცველოს კათედრიდან. წასაკითხად ავირჩიე ნაწყვეტი, პავლე მოციქულის წერილიდან ფილიპეელთა მიმართ(თავი 4, მუხლი 8):
“ბოლოს, ძმებო, რაც ჭეშმარიტია, რაც სამართლიანია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ.”
ეს ნაწილი იმ შეფარული, თავის მომაბეზრებელი მიკიბულ-მოკიბულობისთვის ავარჩიე, რომელიც ალბათ ბოლო საათამდე ჩემთან იქნება. და იმიტომაც, რომ ის შეძლებისდაგვარად გამოყოფილია წყევლის, მუქარებისა და აბსურდების საერთო ფონიდან.
კამათი რელიგიაზე- დასაწყისია კამათისა ფილოსოფიაზე, მეცნიერებაზე, ისტორიაზე და ადამიანური ბუნების შეცნობაზე.
მასშია დასაწყისი(მაგრამ არა დასასრული) მთელი პოლემიკისა სიკეთესა და სამართლიანობაზე. რელიგია ჯერ კიდევ მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ჩვენი ევოლუცია გრძელდება. ის არ მოკვდება, სანამ ჩვენ შეგვეშინდება სიკვდილის, სიბნელისა და ერთმანეთის. ამიტომაც, მე არ ავკრძალავდი რელიგიას, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს. რა სულგრძელობაა, იტყვით თქვენ. მაგრამ დაფიქრდით: იქნებიან კი მართლმორწმუნენი ასეთივე სულგრძელები ჩემს მიმართ? ამ კითხვას ვსვამ იმიტომ, რომ ჩემსა და ჩემს მორწმუნე მეგობრებს შორის არსებობს ერთი ფუნდამენტური განსხვავება, და ნამდვილი მეგობრები აღიარებენ ამას. მე შემიძლია წავიდე მათი შვილების ნათლობაზე(bar mitzvah- რიტუალზე), აღვფრთოვანდე მათი გოთიკური ტაძრებით, “პატივი ვცე” მათ რწმენას, რომ ყურანი, მხოლოდ არაბულ ენაზე, წერა-კითხვის არ მცოდნე ვაჭარს უკარნახეს. ან დავინტერესდე ინდუისტებითა თუ ჯაინებით. მეტიც, ამას მე გავაკეთებ საპასუხო პატივისცემის მოთხოვნის გარეშეც კი, რომ ცხოვრებაში ხელი არ შემიშალონ. სამწუხაროდ, რელიგიას არ შეუძლია იყოს ასეთი თავაზიანი. მანამ, სანამ მე ამ სიტყვებს ვწერ, მანამ, სანამ თქვენ მათ კითხულობთ, მართლმორწმუნეები ამუშავებენ ახალ მეთოდებს, რომლითაც შეიძლება გამანადგურონ მეც, თქვენც და გაანადგურონ მძიმე შრომით მიღწეული ადამიანური ცივილიზაციები, რომელზეც აქ ვსაუბრობდი. რელიგია წამლავს ყველაფერს, რასაც ეხება.
მთარგმნელი: ვაკო ხურციძე
Комментариев нет:
Отправить комментарий