კერძოდ, როდის იქცეოდნენ ფემინისტები ანარქისტულად და სად დავბრკოლდით? როდესაც 1960-იანების ბოლოს ქვეყანაში ფემინიზმი გავრცელდა, ქალთა ჯგუფები ხშირად გამოუთქმელ ლიბერტარიანულ ცნობიერებას ასახავდნენ. ქალები აუჯანყდნენ და გაემიჯნნენ შეჯიბრზე დაფუძნებულ ძალაუფლებრივ თამაშებს, უპიროვნო იერარქიას და მამაკაცური პოლიტიკის მასობრივი ორგანიზების ტაქტიკებს. ამის ნაცვლად ისინი გაერთიანდნენ პატარა, ულიდერო, ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ ჯგუფებში, რომლებიც ჩვენსავე ყოველდღიურ ცხოვრებაში წამოჭრილ პირადულ საკითხებზე მუშაობდნენ. ჩვენი იქამდე დაუფასებელი აღქმებისა და გამოცდილებების ერთმანეთისთვის გაზიარებით ერთად შევეცადეთ, ჩავწვდომოდით ჩვენი ჩაგვრის მიზეზებს. ერთმანეთისგან ვისწავლეთ, რომ პოლიტიკა “სადღაც გარეთ” კი არ არის, არამედ ჩვენს გონებაში, სხეულებსა და ინდივიდებს შორის ურთიერთობებში. გავიგეთ, რომ ჩვენი, როგორც პოლიტიკური კლასის ჩაგვრაში პირადი ურთიერთობები მონაწილეობდა. ჩვენი ტანჯვა და თვითსიძულვილი მამაკაცთა დომინაციის პირდაპირი შედეგი იყო; მამაკაცთა დომინაციის სახლში, ქუჩაში, სამსახურსა და პოლიტიკურ ორგანიზაციაში.
ამრიგად, აშშ-ს სხვადასხვა რეგიონებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდნენ C-R [consciousness
raising – ცნობიერების ამაღლება] ჯგუფები როგორც პირდაპირი მოქმედების/რეაქციის ფორმები პატრიარქატზე. პატარა ჯგუფი, როგორც ბაზისური საორგანიზაციო ერთეული, პირადული და პოლიტიკური, ანტიავტორიტარიზმი, სპონტანური პირდაპირი მოქმედება – ყოველივე ამის გამოკვეთა არსებითად ანარქისტული იყო. მაგრამ გვაკლდა ის სამზადისი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა და წინ უძღოდა ესპანეთში რევოლუციური აქტივობების გაღვივებას. ქალთა ჯგუფების სტრუქტურა თვალშისაცემად ჰგავდა ანარქისტულ ჯგუფებს, რომლებიც ესპანეთში, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში ანარქო-სინდიკალისტური კავშირების შემადგენლობაში იყვნენ. მიუხედავად ამისა, საკუთარ თავს ანარქისტებს არ ვუწოდებდით და ცნობიერად ანარქისტური პრინციპების ირგვლივ ორგანიზება არ მომხდარა. იმ დროს საკომუნიკაციო, იდეებისა და უნარების გასაცვლელი იატაკქვეშა ქსელიც კი არ გვქონდა. ქალთა მოძრაობა ჯერ კიდევ იზოლირებული ჯგუფების სახით არსებობდა, რომლებიც პასუხებს სიბნელეში ხელის ფათურით ეძებდნენ, ანარქიზმი კი ჩვენს გონებაში დაუზუსტებული იდეალის სახით იყო წარმოდგენილი.
მიმაჩნია, რომ ეს ქალებს უნიკალურ პოზიციაში აყენებს იმ აზრით, რომ თუკი ჩვენი დამარხული ანარქისტული ცნობიერების არტიკულირება და დაკონკრეტება მოხდება, ეს ყველა სხვა ჯგუფზე მეტად მიგვაახლოებს სრულ რევოლუციასთან. ქალთა ინტუიტური ანარქიზმის დახვეწა და დაზუსტება დიდი ნახტომი იქნება წინ (ან მიღმა) ადამიანთა გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. რადიკალური ფემინიზმის თეორია ფემინიზმს აბსოლუტურ რევოლუციად აცხადებს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სიმართლე, თუკი ჩვენს ანარქისტულ ფესვებს ვაღიარებთ და ავითვისებთ. ფემინიზმსა და ანარქიზმს შორის კავშირის ვერდანახვით მხოლოდ ვაყოვნებთ რევოლუციას და ისევ ტრადიციულ მამაკაცურ პოლიტიკაში ვიჭედებით. დროა, დავასრულოთ სიბნელეში ხელის ფათურით სვლა და გავიაზროთ, რას ვაკეთებდით და რას ვაკეთებთ ახლა, იმ კონტექსტში, თუ საითკენ გვსურს გეზის აღება.
C-R ჯგუფები კარგი დასაწყისი იყო, მაგრამ ხშირად პირად პრობლემებზე საუბარში ისე იჭედებოდნენ, რომ პირდაპირ მოქმედებასა და პოლიტიკურ კონფრონტაციაზე გადასვლას ვეღარ ახერხებდნენ. ჯგუფები, რომლებიც კონკრეტული საკითხის ან პროექტის ირგვლივ ორგანიზდებოდნენ, ხანდახან იმ აღმოჩენამდე მიდიოდნენ, რომ “უსტრუქტურობის ტირანია” შეიძლება ისეთივე დესტრუქციული იყოს, როგორც “ტირანიის ტირანია”. ორგანიზებულობისა და სპონტანურობის შერწყმა ვერ ხერხდებოდა, რაც უფრო უნარიანი ან პიროვნული ქარიზმის მფლობელი ინდივიდების ლიდერებად ქცევას იწვევდა. შედეგად წარმოშობილი გულისწყრომა და იმედგაცრუება საფუძველს უდებდა ფარულ შეჯიბრს, მანიპულაციას და ძალაუფლებრივ ბრძოლებს. როგორც წესი, ეს ჯგუფის სრულ არაეფექტურობას განაპირობებდა ან ჯგუფის წევრები რეაქციულად წყვეტდნენ, რომ მეტი “სტრუქტურულობა” სჭირდებოდათ (ამ სიტყვის ტრადიციული მამაკაცური იერარქიული გაგებით).
პრობლემას ამ შემთხვევაშიც ვერბალიზებული ანარქისტული ანალიზის არარსებობაში ვხედავ. უნდა ითქვას, რომ ორგანიზებულობა არ ნიშნავს სპონტანურობის ჩახშობას ან იერარქიული წესით მუშაობას. ყველაზე წარმატებული ქალთა ჯგუფები თუ პროექტები სწორედ ისინი იყვნენ, რომლებიც ფლუიდური სტრუქტურის ფორმებს ცდიდნენ: მოვალეობებისა და ხელმძღვანელი პირების ხშირი ცვლა, ყოველგვარი უნარის ერთმანეთისთვის გაზიარება, ინფორმაციასა და რესურსებზე თანაბარი წვდომა, გადაწყვეტილების მიღებაზე მონოპოლიების არქონა და ჯგუფის დინამიკის განხილვისთვის გამოყოფილი დრო. ეს უკანასკნელი სტრუქტურული ელემენტი მნიშვნელოვანია, რათა ჯგუფის წევრებმა საერთო ძალისხმევით ადევნონ თვალი “შეუმჩნევლად შემოპარულ ძალაუფლებრივ პოლიტიკას”. თუკი ქალები სიტყვიერად თანხმდებიან კოლექტიურად მუშაობაზე, მაშინ მათ იმისთვისაც მოუწევთ ბრძოლა, რომ გადაეჩვიონ პასიურობას (“მიმდევრების” აღმოსაფხვრელად) და მიეჩვიონ განსაკუთრებული უნარებისა და ცოდნის სხვებისთვის გაზიარებას (“ლიდერების” მოსასპობად). ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის სიტყვებსა და ცხოვრებას შთაგონების წყაროდ ვეღარ გამოვიყენებთ; ძლიერი ინდივიდების გამორჩეული ქმედებები შეიძლება გადამდები და ამდენად, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა შეუმჩნევლად ისევ ქცევის ძველ სქემას არ დავუბრუნდეთ.
სასიხარულო ის არის, რომ ბოლო წლებში ქალთა მოძრაობის სტრუქტურა ანარქისტული მიმართულებით ვითარდებოდა – პატარა საპროექტო ჯგუფები კომუნიკაციის იატაკქვეშა ქსელსა და კონკრეტულ საკითხებზე კოლექტიური მუშაობით იყვნენ დაკავებულნი. ლიდერებისა თუ “ვარსკვლავების” არყოლასთან დაკავშირებით ნაწილობრივმა წარმატებამ და პატარა პროექტების (გაუპატიურების კრიზისული ცენტრები, ქალთა ჯანმრთელობის კოლექტივები) მთელი ქვეყნის მასშტაბით გაბნევამ ძალიან გაართულა ქალთა მოძრაობის მხოლოდ ერთ ადამიანთან ან ჯგუფთან გაიგივება. ფემინიზმი ის მრავალთავიანი ურჩხულია, რომელსაც ცალკეული თავის მოჭრით ვერ გაანადგურებ. ჩვენი ზრდისა და გავრცელების გზები იერარქიული მენტალობისთვის მიუწვდომელია.
თუმცა არ უნდა დავაკნინოთ იმ უზარმაზარი ძალაუფლების მნიშვნელობა, რასაც მტერი ფლობს. ეს ძალაუფლება ყველაზე ვერაგულად შეიძლება გამოვლინდეს კოოპტირებაში, რასაც ხელს უწყობს ნებისმიერი არაშორსმჭვრეტელური, არაანარქისტული ხედვა ფემინიზმისა, როგორც უბრალო “სოციალური ცვლილებისა”. სექსიზმის იმგვარ ბოროტებად მიჩნევა, რომელიც არსებულ წესრიგში ქალების მონაწილეობით აღმოიფხვრება, ისევ დომინაციიის და ჩაგვრის გაგრძელების გარანტიაა. ფემინისტური კაპიტალიზმი წინააღმდეგობრივი ტერმინია. როცა ქალთა საკრედიტო კავშირებს, რესტორნებს, წიგნის მაღაზიებს ვაარსებთ, უნდა გვესმოდეს, რომ ამას თვითგადარჩენისთვის ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმ მიზნით, რომ შევქმნათ კონტრსისტემა, რომელიც დაუპირისპირდება შეჯიბრს, მომხვეჭელობას და ეკონომიკური ჩაგვრის ყველა ფორმას. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მარგინალურად, ანტიკაპიტალისტური, არამომხმარებლური ღირებულებებით ცხოვრებისთვის. ჩვენ არც სისტემაში ინტეგრაცია გვინდა და არც გადატრიალება, რომელიც “ძალაუფლებას ბიჭების ერთი წყებიდან მეორე წყებას გადასცემს”. ჩვენ ვითხოვთ სრულ რევოლუციას, რომელიც ისეთ მომავალს შექმნის, სადაც ინდივიდუალური განსხვავებების მიმართ უსამართლობა, დომინაცია და უპატივცემულობა აღარ გამოვლინდება – ერთი სიტყვით, ფემინისტურ-ანარქისტულ რევოლუციას. მჯერა, რომ ქალებმა დიდი ხანია, იციან, როგორ უნდა მიაღწიონ ადამიანთა გათავისუფლებას. ახლა მხოლოდ ის გვჭირდება, რომ შემორჩენილი მამაკაცური პოლიტიკის ფორმები და ხედვები მოვიშოროთ და ჩვენს საკუთარ, ანარქისტულ ქალურ ანალიზზე ვფოკუსირდეთ.
მომავლის ტრანსფორმაცია
ქალური კულტურის შექმნა მეტად გადამდები პროცესია, რადგან ეს ნიშნავს მონაწილეობას იმ ხედვაში, რომელიც ისევ და ისევ იჩენს თავს ყველაფერში, დაწყებული მეგობრული საუბრებიდან და გაგრძელებული ხორცის ბოიკოტებით, მაღაზიების დაკავებით იქ ბავშვთა ცენტრების მოწყობის მიზნით და ასევე “დასთან” სექსით. ამას ვერ განსაზღვრავ და ვერაფერს უწოდებ ცვლილების პროცესის გარდა. ქალთა კულტურა არის ჩვენი საერთო ძალისხმევა განდევნისთვის, სახელდებისა და შემოქმედებისთვის, რითიც საკუთარ თავში, ერთმანეთთან და ჩვენს დედამიწასთან ერთად ჰარმონიის ხედვას ვავითარებთ. ბოლო ათი წლის განმავლობაში სულ უფრო ავჩქარდით და სულ უფრო მივუახლოვდით პატრიარქატის ძალაუფლების დამხობას… ეს გახდა ჩვენი სიხარულის და იმედის მიზეზი – ველური, გადამდები, შეუჩერებელი, შეშლილი იმედის!.. ამ იმედს, რომ სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე, სასოწარკვეთასა და აზრისგან დაცლილობაზე, უკვე სადაც გავიხედავ, ყველგან ვხედავ. ეს იმედი ქალთახედვის თილისმად არის ქცეული…
– ლორელი
ადრე ვფიქრობდი, რომ თუ რევოლუცია ხვალვე არ მოხდებოდა, ყველანი კატასტროფისთვის (ან სულ ცოტა, უძრაობისთვის) ვიყავით განწირულები. ახლა უკვე აღარ მჯერა მოვლენების ამგვარი დაყოფის “რევოლუციამდე” და “რევოლუციის შემდეგ”. თანაც ვფიქრობ, რომ სწორედ ამგვარი აზროვნებით ვუბიძგებთ საკუთარ თავს მარცხისა და სასოწარკვეთისკენ. მჯერა, რომ ჩვენი ბრძოლის გასაგრძელებლად (მიუხედავად ყოველდღიურ ცხოვრებაში განცდილი ჩაგვრისა) მხოლოდ იმედი გვჭირდება – მომავლის ისეთი მშვენიერი და ძლიერი ხედვა, რომელიც მყარად გვექაჩება წინ მის შესაქმნელად, სადაც შინაგანი და გარეგანი სამყაროები ყველასთვის გამოსადეგი და კმარი იქნება. მე მჯერა, რომ იმედი არსებობს, ამას ვხედავთ ლორელის “ქალთახედვაში”, მერი დეილის “ეგზისტენციალურ სიმამაცესა” და ანარქა-ფემინიზმში. ჩვენი სხვადასხვაგვარი ხმები ერთსა და იმავე ოცნებას აღწერენ და “მხოლოდ ოცნებას შეუძლია იმ ქვის დამსხვრევა, რომელიც პირს გვიკეტავს.” როდესაც ვლაპარაკობთ, ვიცვლებით, ხოლო როდესაც ვიცვლებით, საკუთარ თავსაც და მომავალსაც ერთდროულად გარდავქმნით.
მართალია ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში გამოსავალი არ არსებობს, არც ინდივიდუალური და არც სხვაგვარი. მაგრამ თუ მოვახერხებთ და ამ დამთრგუნველ ცოდნას დავაბალანსებთ ჩვენივე განცდილი რადიკალური მეტამორფოზების გაცნობიერებით – მეტამორფოზების ცნობიერებასა და ცხოვრებაში – მაშინ ალბათ ისევ გვექნება საკმარისი მხნეობა, რათა განვაგრძოთ იმის შექმნა, რაზეც ვოცნებობთ და რაც შესაძლებლად მიგვაჩნია. რასაკვირველია, არ არის იოლი, ყოველდღიურ ჩაგვრას აწყდებოდე და იმედს მაინც ინარჩუნებდე. მაგრამ ეს ჩვენი ერთადერთი შანსია. თუ იმედს (კავშირების დანახვისა და მომავალზე ოცნების უნარს) დავკარგავთ, ეს ნიშნავს, რომ უკვე დავმარცხდით. იმედი ქალის ყველაზე ძლიერი რევოლუციური იარაღია; სწორედ იმედს ვაძლევთ ერთმანეთს ყოველთვის, როცა ცხოვრებას, საქმესა და სიყვარულს ვუზიარებთ. ამასვე გამოვყავართ იმ თვითსიძულვილისგან, თვითგვემისა და ფატალიზმისგან, რომელიც იზოლირებულ პატიმრებად გვამყოფებს. თუკი ახლა დეპრესიას და სასოწარკვეთილებას დავნებდებით, ამით ავტორიტარული პოლიტიკისა და პატრიარქალური დომინაციის გარდაუვალობას ვაღიარებთ. (“სასოწარკვეთა ყველაზე მძიმე ღალატია, ყველაზე ცივი ცდუნება – დაჯერება იმისა, რომ ბოლოს მაინც მტერი იმარჯვებს.” – მარჯ პირსი). არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ტკივილი და ბრაზი უიმედობამდე და არაშორსმჭვრეტელურ “ნახევარგამოსავლებამდე” დავიდეს. ჩვენი მოქმედება არასდროსაა საკმარისად ეფექტური, მაგრამ მეორე მხრივ, ის “პატარა ცვლილებები”, რომლებსაც ჩვენს გონებასა და ცხოვრებაში, აგრეთვე ერთმანეთის ცხოვრებაშიც ვახდენთ, სრულად უაზრო და უშედეგო მაინც არ არის. რევოლუციის შექმნას დიდი დრო სჭირდება, ეს ისეთი რამეა, რისთვისაც ადამიანი თან ცხოვრობს და თან ემზადება. მომავლის ტრანსფორმაცია ერთ წამში არ მოხდება, მაგრამ ის კი შესაძლებელია, რომ ტოტალური იყოს… აზრისა და მოქმედების, ინდივიდუალობისა და კოლექტიურობის, სპონტანურობისა და ორგანიზებულობის კონტინუუმი არსებულიდან შესაძლებლამდე გადაიჭიმება.
ანარქიზმი გვაძლევს ჩარჩოს ამ ტრანსფორმაციისთვის. იგი არის ხედვა, ოცნება, შესაძლებლობა, რომელიც შეგვიძლია ჩვენი მოქმედებით რეალობად ვაქციოთ. ფემინიზმი არის ის, რაც ანარქიზმს მომავალთან აკავშირებს. როდესაც ამ კავშირს ნათლად დავინახავთ, როდესაც ამ ხედვის ერთგულნი ვიქნებით და უარს ვიტყვით, ძალადობით წაგვართვან იმედი, მაშინ გადავაბიჯებთ არარაობის უფსკრულს და ისეთ ყოფაში აღმოვჩნდებით, რაც ახლა ვერც კი წარმოგვიდგენია. ქალთახედვას – ანარქა-ფემინიზმს საუკუნეების მანძილზე საკუთარი სხეულებით ვატარებთ. “ხანგრძლივი ბრძოლა მოგვიწევს, რათა ეს ხედვა ვშვათ”, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ. “ჩვენი მრისხანება ბრძოლაში სპილოების მსგავსად უნდა შევიყვანოთ.”
*Anarchism: The Feminist Connection. სტატია გამოქვეყნებულია ამერიკულ ფემინისტურ ჟურნალში “მეორე ტალღა” (The Second Wave) 1975 წელს.
Комментариев нет:
Отправить комментарий