суббота, 7 марта 2020 г.

რომაული მითოლოგია (რომაელთა რელიგიური შეხედულებები)

რომაელთა რელიგიური შეხედულებები ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე საგრძნობლად იცვლებოდა. თავდაპირველად ლათინურ ღმერთების პანთეონზე და რელიგიურ რიტუალებზე ძლიერი ზეგავლენა იქონია ეტრუსკულმა რელიგიამ, ხოლო შემდეგ მოხდა ბერძნული გავლენის შემოჭრა. ბერძნული რელიგიის გარდა რომაელთა რელიგიაზე გავლენა ეგვიპტურმა რელიგიამაც იქონია.

ადრეულ რომაულ მითოლოგიაზე ცნობები პრაქტიკულად არ მოგვეპოვება. მეცნიერები დიდხანს ვარაუდობდნენ, რომ რომაელებს არ ჰქონდათ ნათლად ჩამოყალიბებული ღმერთების სახე, არამედ ბუნებაში არსებობდნენ კეთილმოსურნე და ბოროტი ძალები - ნუმინა (numina). ამ აზრის დამკვიდრებას ხელი შეუწყო იმან, რომ ბევრ ღმერთს არ ჰქონდა განსაზღვრული სქესი, ხოლო ზოგი კი წყვილად იყო, ქალის და კაცის სახებით (მაგ. ფავნი და ფავნა) და ასევე რომაული მიმართვა ღმერთებისადმი: ”ღმერთო ან ქალღმერთო” ”კაცო ან ქალო” ”ან რომელი სახელითაც ინებებ რომ გიწოდონ”. ვარონის ცნობებითაც ძველ რომში არსებობდნენ არა ღმერთები, არამედ მათი სიმბოლოები, ხოლო რიტუალები ტარდებოდა კეთილმოსურნე ნუმინების გასაძლიერებლად და ბოროტთა მოქმედების ნეიტრალიზაციისთვის. რომაელი ღმერთები არ იყვნენ ანტროპომორფულები და არ ჰქონდათ მითოლოგიის სისტემა, ვინაიდან გამოირიცხებოდა ღმერთებს შორის ნათესაური კავშირები და ქორწინებები.

ნუმინების მასიდან გამოყოფენ სამ ღვთაებას: იუპიტერი, მარსი და კვირინი. მათ არანაირი მითები არ უკავშირდებოდათ. მეცნიერების აზრით ამ ღმერთებზე მითები ეტრუსკული და ბერძნული მითოლოგიის გავლენით შეიქმნა. ასევე ბერძნების გავლენით შეიქმნა ღვთაებების ამსახველი ქანდაკებები, ტაძრები და გართულდა მათთან დაკავშირებული რიტუალები.

რომაული ღმერთები:

ავრორა — ცისკრის ქალღმერთი.

ბონა დეა — კეთილი ქალღმერთი.

ბელონა — მარსის დედა ან და.

ვენერა — ბაღების და ხეხილის ქალღმერთი.

ვესტა — წმინდა ცეცხლის ქალღმერთი, ასევე მფარველობს ოჯახის კერას.

ვიქტორია — გამარჯვების ქალღმერთი.

ვულკანუსი — დამანგრეველი და გამწმენდი ცეცხლის ღმერთი.

გენიუსი — თავდაპირველად გვარის დამფუძნებლის ღვთაება, შემდეგ მამაკაცური ძალის ღვთაება.

დიანა — მცენარეების ქალღმერთი, განასახიერებს მთვარეს.

კვირინუსი — რომულუსი.

კუპიდონი (ამური) — სიყვარულის ღმერთი.

ლარები — კომუნალური მიწების მფარველი ღვთაებები.

მარსი — ომის და ველური ბუნების ღმერთი.

დედა მატუტა

მერკური — ვაჭრობის ღმერთი.

მინერვა — ხელობების და ხელოვნების მფარველი ქალღმერთი.

ნეპტუნუსი — წყლის, ზღვის ღმერთი.

ორკუსი — სიკვდილის ღმერთი.

პარკები — ბედის ქალღმერთები.

პროზერპინა — ქვესკნელის ქალღმერთი.

რომა — რომის სიმბოლო ქალღმერთი.

სილვანუსი — ტყეების და ბუნების ღმერთი.

ტელუსი — მიწის ქალღმერთი.

ფავნუსი — მინდვრების ღვთაება.

ფლორა — ყვავილობის ქალღმერთი.

იუნონა — ქორწინების და დედობის ქალღმერთი.

იუპიტერი — ცის, დღის სინათლის და ელვის ღმერთი.

სატურნი — მიწათმოქმედების ღმერთი.

იანუსი — ყოველი საწყისის და კარიბჭეთა ღმერთი.

მოცემულ სიაში ღმერთების სრული ჩამონათვალი არ არის მათი სიმრავლის გამო. მარსი იუპიტერი და კვირინი არიან უძველესი ღმერთები, ისინი წარმოადგენენ კაპიტოლიუმის ტრიადას.

გარდაცვლილი მამა ხდებოდა ოჯახის მფარველი ღმერთი. მისი კოცონიდან უფროსი ვაჟი იღებდა ძვალს და აცხადებდა გარდაცვლილ მამას ღმერთად. არისტოკრატიულ ოჯახებში მიღებული იყო მიცვალებულებისთვის ცვილის ნიღაბის გაკეთება, რომელიც სპეციალურ ადგილას ინახებოდა. გვარები, რომლებსაც ასეთი ბევრი ნიღაბი ჰქონდა ითვლებოდა ძველ და წარჩინებულად. სწორედ ამ ნიღბებით განისაზღვრებოდა გვარის სიძველე. წინაპრებისთვის მსხვერპლშეწირვა სავალდებულო იყო ოჯახის წევრებისთვის. ოჯახში შემოსული ახალი ადამიანი (რძალი ან ნაშვილები) ასევე იღებდა მოცემული ოჯახის კულტს.

Комментариев нет:

Отправить комментарий