воскресенье, 22 марта 2020 г.

გეოგრაფია ანტიკურ ეპოქაში


უძველესი გეოგრაფიული თხზულება, რომელმაც ჩვენამდე თითქმის მთლიანად მოაღწია არის ჰეროდოტეს ცნობილი ნაშრომი. ჰეროდოტე (დაახლ. ძვ.წ. 485-დაახლ.ძვ.წ. 424) დიდი ისტორიკოსი და ქვეყანათმომლახველი იყო, რომელმაც არაერთ იმ დროს ცნობილ ქვეყანასა და ქალაქებში იმოგზაურა და საბოლოოდ აღწერა ნანახი. მიუხედავად არაგეოგრაფიული სახელწოდებისა, მისი თხზულება წარმოადგენს გეოგრაფიული ხასიათის აღწერას, რომელშიც ქვეყანათმცოდნეობასთან ერთად გაშუქებულია ეთნოგრაფიული მასალაც. ამასთან ერთად ჰეროდოტემ გამოიჩინა ინტერესი ისტორიული გეოგრაფიისადმიც.

ანტიკური გეოგრაფიული ცოდნა დაგვირგვინებულია სტრაბონის მიერ დაწერილ შრომაში „გეოგრაფია 17 წიგნად“. სტრაბონის აღნიშნული შრომა წარმოადგენს ქვეყანათმცოდნეობითი შინაარსის ნაწარმოებს. მისი ნაშრომის მოცულობის დაახლ. 83% დაყრდნობილია ქვეყნების რეგიონალურ დახასიათებაზე, კერძოდ ბუნებრივი, ეთნიკური და პოლიტიკური პრინციპებით. სტრაბონმა ტავრის მთიანი სისტემის მიხედვით შემოგვთავაზა აზიის ორ ნაწილად დაყოფა. იგი წერდა რომ, საჭიროა ოიკუმენეს დაყოფა წრეებად, რათა მეცნიერებს შეეძლოთ ფაუნის, ფლორისა და კლიმატის ცვლილებების ჩვენება. იმ დროს სტრაბონს განსაკუთრებით ბიზანტიელები აფასებდნენ, რომლებიც მას გეოგრაფს უწოდებდნენ.

გეოგრაფიის მეორე მიმდინარეობა, რომელიც ანტიკურ პერიოდში ჩაისახა იყო მიწათმცოდნეობა (ზოგადდედამიწისმცოდნეობა), რომლის ჩარჩოებში განიხილებოდა დედამიწის ფორმა, სარტყლები, ხმელეთისა და წყლის ურთიერთკავშირი და ასევე მრავალი ბუნებრივი მოვლენის მიზეზი. ამ მიმართულების პირველშემქმნელი იყო თალეს მილეტელი (ძვ.წ. 624-547). იგი იყო იმდროინდელი მთელი ფილოსოფიისა და ზოგადად მეცნიერების პირველშემქმნელი. თალესმა ბუნების მოვლენების ახსნა სცადა მატერიალისტურ საფუძველზე. მან სამყაროს არსად ანუ მრავალფეროვან მოვლენათა და საგანთა პირველსაწყისად წყალი მიიჩნია. მისი აზრით, ყველაფერი წყლისაგან წარმოიქმნება და წყალად გარდაიქმნება. თალესი ბუნებას გასულიერებულად წარმოიდგენდა. ამასთანავე თალესს დედამიწა წარმოედგინა, როგორც კუნძულები, რომელიც მისი აზრით დიდ მსოფლიო ოკეანეში დატივტივებდა. შედეგად მისმა ნააზრევმა შემდგომში საფუძველი ჩაუყარა დედამიწის სფეროების იდეის საქმეს. იგი ჰილოძოისტი იყო. აღსანიშნავია, ასევე პარმენიდე ელეელი (დაახლ. ძვ.წ. 540 ან 520- 450), რომელმაც წამოწია იდეა დედამიწის ბირთვისებური ფორმის შესახებ. პარმენიდეს იდეის საფუძველზე ძველმა ბერძენმა მეცნიერმა ევდოქსე კნიდოსელმა (დაახლ. ძვ.წ. 408 - 355) საფუძველი ჩაუყარა კლიმატური სარტყლების იდეას. მანვე შემოიტანა ცნება „ჰორიზონტი“. ევდოქსე კნიდოსელმა პირველად დადგინა დედამიწის სითბური სარტყლები.

ძველ საბერძნეთში უდიდესი გავლენა მეცნიერებაზე მოახდინა არისტოტელემ (ძვ.წ. 384-ძვ.წ.322), რომელმაც შექმნა გეოსფეროების იდეა. არისტოტელე მეცნიერებაში ფაქტებით ლაპარაკობდა. მასვე ეკუთვნის იდეა ერთიანი ოკეანის შესახებ. ცდილობდა აეხსნა მიწისძვრის მოვლენა. თითოეულ მოვლენის გარკვევისას ფაქტებს ეყრდნობოდა. ასევე განავითარა ევდოქსეს იდეები. არისტოტელე თამამად შეიძლება ითქვას რომ იყო ზოგადდედამიწისმცოდნეობის ფუძემდებელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი „მეტეოროლოგიკა“, რომელშიც გაშუქებულია არაერთი აქტუალური გეოგრაფიული საკითხი, მ.შ. აღწერს მრავალ გეოგრაფიულ ერთეულს.

გეოგრაფიულ ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს ყოველთვის იკავებდა რუკები.

პირველი გეოგრაფიული რუკა შეადგინა თალესის მოწაფემ, მილეტის სკოლის წარმომადგენელმა ანაქსიმანდრემ (ძვ.წ. 610-546), რომელიც თვლიდა რომ დედამიწა არის სამყაროს უძრავი ცენტრი. იგი ამასთანავე კოსმოსის გეოცენტრული მოდელის შემქნელია.

ძველად ყველა ხალხს ჰქონდა დაახლოებით რუკის მსგავსი ჩანახაზები, თუმცა ეს რუკები მეცნიერულ საფუძველს მოკლებული იყო. რუკა რომ გამოიხატოს როგორც რეალობის სწორი ამსახველი დოკუმენტი, იგი აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს მათემატიკურ მეთოდებს. გეოგრაფიაში მათემატიკურ-კარტოგრაფიული მიმდინარეობის პირველშემქმნელია ერატოსთენე კირენელი (ძვ.წ. 276-194), რომელიც გეოგრაფიაში მეთემატიკის საფუძვლების ფუძემდებელია. ერატოსთენემ პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე.

მათემატიკურ-გეოგრაფიულ მიმდინარეობაში დიდი წვლილი შეიტანა ჰიპარქემ (დაახლ. ძვ.წ.180/190-ძვ.წ. 125), რომელიც ასტრონომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. შემოიღო გეოგრაფიული კოორდინატები „განედი“ და „გრძედი“. ჰიპარქემ განავითარა კარტოგრაფიის სტერეოგრაფიული და ორთოგრაფიული პროექციები. იგი უძველესი ასტრონომიული და გეოდეზიური ხელსაწყოს - ასტროლაბის შემქმნელია. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე პოსეიდონიოსის (135-51 ძვ.წ.) გაზომვები. პოსეიდონიოსი არისტოტელეს საწინააღმდეგოდ აღნიშნავდა, რომ ეკვატორული სარტყელი შესაძლოა დასახლებული ყოფილიყო.

Комментариев нет:

Отправить комментарий