воскресенье, 22 марта 2020 г.

გეოგრაფია


გეოგრაფია (ბერძ. γεωγραφία < ბერძ. gē — მიწა და graphō — აღწერა) — საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ერთიანი კომპლექსი, რომელიც შეისწავლის დედამიწის გეოგრაფიული გარსის განვითარების კანონზომიერებებს, სტრუქტურას, ბუნებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემათა ფუნქციონირებასა და ურთიერთკავშირს, რომელიც ამუშავებს რაციონალურ ბუნებათსარგებლობის პრინციპებს, საზოგადოების ოპტიმალურ ტერიტორიულ ორგანიზაციასა და ეკოლოგიურად მდგრადი ცხოველმოქმედი გარემოს ფორმირებას. შეისწავლის დედამიწაზე არსებული ობიექტებისა და სისტემების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების სივრცით-დროით ასპექტებს.

გეოგრაფიის შესწავლის ზოგადი ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი მოვლენა, პროცესი და სისტემა, რომელსაც გააჩნია ან შეიძლება პოტენციურად გააჩნდეს სივრცითი სტრუქტურა. საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ გეოგრაფიულ დისციპლინათა გაერთიანება მეცნიერებათა ერთ სისტემაში განპირობებულია მათი საკვლევი ობიექტების მჭიდრო კავშირითა და მეცნიერების ამოცანათა ერთობით. გეოგრაფიის მთავარი მიზანია საზოგადოების გონივრული ტერიტორიული ორგანიზაციისა და ბუნებათსარგებლობის საშუალებების გამოკვლევა, საზოგადოების ეკოლოგიურად უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის ფუნდამენტის შექმნა. გეოგრაფიული კვლევის მნიშვნელოვანი ობიექტია ადამიანის და ბუნების ურთიერთგავლენა, გეოგრაფიული გარემოს კომპონენტების განაწილებისა და ურთიერგავლენის კანონები ლოკალურ, რეგიონულ, ეროვნულ, კონტინენტურ, ოკეანურ და გლობალურ დონეებზე.

გეოგრაფიის როგორც მეცნიერების შესწავლის ზოგადი ობიექტია გეოგრაფიული გარსი, ანუ ლანდშაფტური გარსი, რომელშიც ერთმანეთს ეხებიან და ურთიერთქმედებენ ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და ბიოსფერო. გეოგრაფიული გარსის განვითარება იცვლება დროსა და სივრცეში. დროში ცვალებადობა არის რიტმულიც და ურიტმოც, შესაბამისად, პერიოდული და ეპიზოდური. სივრცეში განვითარების უთანაბრობა გამოიხატება, უწინარეს ყოვლისა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზონალურობით.

გეოგრაფიაში გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება: ფიზიკური გეოგრაფია და საზოგადოებრივი გეოგრაფია. ფიზიკური გეოგრაფია შეისწავლის დედამიწის ზედაპირის ბუნებას, არკვევს ბუნებრივი პროცესებისა და მოვლენების მიზეზებსა და მათი განვითარების კანონზომიერებებს; საზოგადოებრივი გეოგრაფია გეოგრაფიულ მეცნიერებათა სისტემის ნაწილია, რომელიც შეისწავლის დედამიწაზე არსებული ანთროპოგენური ობიექტებისა და სისტემების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების სივრცით-დროით ასპექტებს. მისი შესწავლის ზოგად ობიექტს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი საზოგადოებრივი მოვლენა, პროცესი და სისტემა, რომელსაც გააჩნია ან შეიძლება პოტენციურად გააჩნდეს სივრცითი სტრუქტურა.

განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კარტოგრაფია — მეცნიერება ობიექტური სინამდვილის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის და მისი დროის მიხედვით ცვალებადობის შესახებ. წარსულში გეოგრაფია აღწერითი ხისიათისა იყო, ამჟამად მისი ძირითადი ამოცანაა დედამიწის ბუნების, მოსახლეობისა და მეურნეობის შესწავლა.

Комментариев нет:

Отправить комментарий