ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
пятница, 6 марта 2020 г.
კალი-იუგა: ბნელი შუასაუკუნეები (დეგრადაციის შესახებ)
"დღემდე აგრძელებს არსებობას იტალიელი ჰუმანისტების მიერ შექმნილი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც უკანასკნელ რომაელებად ცხადდებიან ბოეციუსი და ისიდორე სევილიელი, რომელთა შემდგომ იწყება მრავალსაუკუნოვანი ინტელექტუალური კრიზისი. შუა საუკუნეების კულტურა იწყება ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნიდან და გრძელდება მეჩვიდმეტე საუკუნემდე. ასეთი პერიოდიზაცია შუა საუკუნეების კულტურაში აქცევს რენესანსის კულტურასაც, რასაც თავისებური გამართლება შეიძლება მოეძებნოს. რენესანსის კულტურა გარკვეულად ატარებს შუა საუკუნეების კულტურისათვის დამახასიათებელ არსებით ტენდენციებს, თუმცა მასში შეიმჩნევა ახალი კულტურის ჩამოყალიბების ნიშნები, რომელიც მთელი სისრულით ახალი დროის კულტურაში ვლინდება. ამდენად, რენესანსის ეპოქა წარმოადგენს გარკვეულ ტრანზიტულ, გარდამავალ საფეხურს საკუთრივ შუასაუკუნეების და ახალი დროის კულტურებს შორის. რენესანსული კულტურა მარგინალური ხასიათისაა, რასაც ქვემოთ ჩვენ შევეხებით.
შუასაუკუნეების კულტურა მართალია ჩამოყალიბდა ანტიკური კულტურის ფუნდამენტზე, მიუხედავად ამისა, ის პრინციპულად დაუპირისპირდა მას. ადრეულ შუასაუკუნეებში აშკარაა ანტიკური კულტურისთვის დამახასიათებელი რაციონალურობისა და იუდაური კულტურისთვის დამახასიათებელი რელიგიურობის თანამონაწილეობა. დროთა განმავლობაში ამ ორი საწყისიდან გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა რელიგიურ-იუდაური საწყისის მოდერნიზებულმა ფორმამ - ქრისტიანობის სახით, რომელიც ამ კულტურის მსოფლმხედველობით საწყისად იქცა. ქრისტიანობაში ძველი აღთქმის რჯულის ლოგიკა იცვლება გულის ლოგიკით, რაც თავის მხრივ უპირისპირდება ანტიკური გონების ლოგიკას. შუასაუკუნეების კულტურა ორიენტირებულია რელიგიურ ღირებულებაზე, მასში ამ ღირებულებას გაბატონებული ადგილი უკავია და გვევლინება კულტურის სხვა შრეების მაორგანიზებელ ფაქტორად. შუასაუკუნეებმა ძირეული კორექტივი შეიტანა ადამიანისა და სამყაროს მიმართების საკითხში. რეალური საგნები და მოვლენები მოკლებულნი არიან ყოველგვარ ღირებულებას, ამქვეყნიური არა თუ პატივისცემის ღირსია, არამედ წარმოადგენს გარკვეულ დაბრკოლებას სამარადისო ცხონების მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე საჭიროა არა სამყაროს შეცნობა, რაციონალური გააზრება, არამედ წმინდა წერილის ინტერპრეტირება და მისი პრინციპების მიხედვით ცხოვრება. ფილოსოფიის ადგილი ამ კულტურაში განისაზღვრება თეოლოგიის მსახურებაში. ადამიანი გაიგება პასიურ არსებად, რომელიც აბსოლუტურად არის განსაზღვრული ღმერთის მიერ. შრომა არის სასჯელი პირველყოფილი ცოდვისათვის და ამავე დროს საშუალება სულის ხსნისათვის. საზოგადოების ორგანიზაცია მკაცრად იერარქიულია. "
წყარო: წიგნი - კულტურის თეორია. ავტორი - აკაკი ყულიჯანაშვილი. გამომცემლობა "უნივერსალი". 2009 წ. 285-286 გვ.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий