ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
пятница, 6 марта 2020 г.
ანტიკური კულტურა
ანტიკური კულტურის სახელით აღინიშნება ძველი ბერძნული და რომაული კულტურები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეთორმეტე საუკუნიდან ჩვენი წელთაღრიცხვით მეოთხე-მეხუთე საუკუნეების ჩათვლით. ამ კულტურის ხანგრძლივ ისტორიაში, ასევე მის შიგნით, გამოყოფენ განსხვავებულ ეტაპებს. მიუხედავად ამისა, ანტიკური კულტურის სპეციფიკური ნიშანი - მასში ესთეტიკური ღირებულების დომინანტობა გარეგადამწვდომია ყოველი მისი ეტაპისათვის. ანტიკური კულტურის ჩამოყალიბებაზე მიუთითებენ მესოპოტამიური და ეგვიპტური კულტურების გავლენას.
ანტიკური კულტურისათვის დამახასიათებელი იყო ძველაღმოსავლური კულტურების მითოპოეტური და საკუთრივ ელინური კრიტიკული აზროვნების საოცარი შეზავება. ძველი ბერძენისათვის სამყარო განიცდებოდა, როგორც ჰარმონიული წესრიგი, როგორც კოსმოსი, მშვენიერება. ძველი ბერძენისთვის სული და სხეული, რეალური და იდეალური ერთმანეთთან სრულ თანხმობაშია. სამყარო მოწყობილია მშვენიერების პრინციპით, ამიტომ რეალობა (ბუნება) სანდო და პატივისცემის ობიექტია, ის შესწავლილი უნდა იქნას. ამან განაპირობა ბერძნული კულტურისათვის ნიშანდობლივი კრიტიკული, რაციონალური, მეცნიერული აზროვნების ჩამოყალიბება. მიუხედავად ამისა, სამყაროს ობიექტურობის აღიარებამ ბერძნულ კულტურაში არ მოიტანა ადამიანური მეს გაუქმება. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ბერძნული კულტურა არ მოწყდა მითოსს და მასში ხელოვნებამ მოიპოვა ავტონომია, როგორც ადამიანური შემოქმედების სრულიად დამოუკიდებელმა სფერომ. სამყაროსადმი მიდგომის ასეთმა ხედვამ თავის მხრივ განაპირობა ის, რომ ბერძენი დარწმუნებით აღიარებდა ღმერთების არსებობას და ამავე დროს, ეძებდა ყოველივე არსებულის მატერიალურ სუბსტანციას. ბერძნულ კულტურაში იყო საოცარი სინთეზი რაციონალურის და ირაციონალურის, ტრადიციულის და ნოვატორულის. იქ ქმნიდა მითებს და ამავე დროს აზროვნებას ათავისუფლებდა მითისაგან. ადამიანთა, საგანთა, მოვლენათა ინტერპრეტირებისას მეცნიერულ-კრიტიკული მიდგომა სულ უფრო და უფრო აქტიურად იჭერდა ადგილს და იძენდა მნიშვნელობას. შესაბამისად ეკინთა სურვილი, სამყაროს მოვლენათა სიმრავლეში რაღაც კანონზომიერება და წესრიგი აღმოეჩინათ, არის ის ლოგიკური პრინციპი, რომელმაც განსაზღვრა ევროპული აზროვნების გზა შემდგომ საუკუნეებში.
ფილოსოფიის წიაღში - ანტიკურ კულტურაში - იკვეთება ისეთი თანამედროვე ბუნებისმეტყველების საწყისები, როგორებიცაა გეომეტრია, ფიზიკა, ასტრონომია, ბიოლოგია, ასევე ყალიბდება ისტორიული მეცნიერების საფუძვლები.
ბერძნები პირველაღმომჩენებია ადამიანური შემოქმედების მრავალ სფეროში. პირველ რიგში, მხატვრულ კულტურაში - ლიტერატურა, სკულპტურა, მუსიკა, ქორეოგრაფია, არქიტექტურა. თუმცა ძველ ბერძნებამდეც არსებობდა ხელოვნების ესა თუ ის დარგები, მაგრამ ავტონომიური ანუ საკუთარი კანონზომიერებით განვითარებადი, კულტურის სხვა ფორმებიდან და სფეროებიდან გამოყოფილი ხელოვნების ყველა დარგი და ჟანრი პირველად სწორედ საბერძნეთში ჩამოყალიბდა და აქვე გაიარა სრულყოფის საფეხურები. ანტიკურ კულტურაში გახდა შესაძლებელი, ცნობიერების სინკრეტული, მითოსური ტიპის დიფერენცირება - მეცნიერულ, მხატვრულ, რელიგიურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ ცნობიერებად.
ანტიკურ კულტურაში დომინანტური ღირებულების - მშვენიერების, ჰარმონიის სულით არის გამსჭვალული მისი ყოველი შრე. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფორმა მკაცრად მოწესრიგებულია, ინდივიდი საზოგადოების ცენტრია, მასსა და საზოგადოებას შორის ჰარმონიული ურთიერთობაა, იქმნება საზოგადოების მართვის დემოკრატიული ფორმა. საზოგადოების ყველა ფენას აქვს მისთვის განკუთვნილი ადგილი პოლისში, რომელიც საზოგადოების ორგანიზაციის ახალი და მოქნილი ფორმა იყო და რომელიც განვითარებისკენ სწრაფვას მძლავრ სტიმულს აძლევდა. საზოგადოების ცენტრია მოედანი - აგორა, სადაც ღიად იხილება მისთვის საჭირბოროტო ყველა საკითხი. ყალიბდება სამოქალაქო ცნობიერების საფუძვლები, ადამიანის უფლებები და თავისუფლების შეგნება. ყალიბდება დამწერლობის გავრცელების და სწავლა-აღზრდის ინსტიტუტები. ანტიკური კულტურის გვიან რომაულ პერიოდში ყალიბდება თანამედროვე ევროპული სამართალცნობიერების საფუძვლები.
წყარო: "კულტურის თეორია". გვ. 283-285. აკაკი ყულიჯანაშვილი. გამომცემლობა "უნივერსალი". 2009 წ.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий