აიეტი, ეეტ, აჲეთისი (ძვ. ბერძნ. Αἰήτης) — ჰელიოსისა და პერსეისის „მრისხანე“ ვაჟი. პერსეს, ცირცეს (ცირცეა I) და მინოსის მეუღლის, პასიფაის ძმა.
ძე მზისა. იგი მეფეა კოლხთა და მეოტებისა (მეოტიის ზღვა – აზოვის ზღვა) ცოლად ჰყავს თავის ძმის პერსეს ასული ქალ-ღმერთი ჱეკატა. მისი ვაჟებია ეგიალაჲ და აბსირტი და ასულნი ქალკიოპე და მედეა. მისს ოქროს დარბაზში არის სხივოსანი ისრები ფეხმარდ მზისა. იგი კაცის მკვლელია, ჰხოცავს ყველა უცხოელს და ძლიერია ისე, რომ შეედრება მეომრობის ღმერთს არიას. აიას გარდა აქვს ქალაქები ქუთაისი და სიბარის, საცა იყო შვენიერი სასახლეები. ვინც მის წინა ეზოში შედიოდა, ჰკვირობდა, როდესაც ჰხედავდა კედლებს, განიერ კარებს და სვეტებს. სახლის ზემო ნაწილს ამშვენებდა ბრინჯაოს ხვეულები. შესავალ კარებთან მაღლა ეხვეოდა ვაზის ბარდანი. მის ჩრდილოში იყო 4 აუზი: ერთისგან რძე გამოსჩქეფდა, მეორისგან – ღვინო, მესამისგან – სურნელოვანი ზეთი და მეოთხისგან წყალი, რომელიც ზამთარს თბილი იყო და ზაფხულს ცივი, ვით ყინვა. ამ „საღმრთო“ საგნებს გარდა მეფეს ჰყვანდა კიდევ ხარები, სპილენძის რქიანი და სპილენძის პირიანი, რომელთაგან ცეცხლი გამოდიოდა, აგრეთვე ფოლადის ნაჭრისაგან გაკეთებული გუთანი. აჲეთისი ტანზე იცვამდა მაგარ ჯავშანს, თავზე იხურავდა ოქროს ჩაფხუტს, რომელიც ბრწყინავდა ოკეანედამ ამომავალ მზის გულივით. ხელში იღებდა მრგვალ ფარს, მრავალ ტყავებისაგან გაკეთებულს, და ისეთს დიდს ლახვარს, რომ ჰერკულესს გარდა სხვა გმირს მისი ტარება არ ძალუძდა. გარე გამოდიოდა ოქროს ეტლით, რომელშიაც ება მშვენიერი და სწრაფი, როგორც ქარი, რაშები. ესენი მისთვის მიეცა მზე ღმერთს. ჩაჯდებოდა-რა ეტლში, მარჯვენა ხელზე იკეთებდა მრგვალს ფარს და მარცხენა ხელში იჭერდა ბუმბერაზ ლამპარს. მის გვერდით ურჭობდნენ მეტად დიდ ლახვარს. ეტლს მართავდა აბსირტი. ბოლოს იგი მოკლა მელეაგრმა.
აიეტი იყო ძლიერი და მკაცრი მეფე მან კოლხეთი იმ დროის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. მანვე ჩამოაყალიბა კოლხეთის პირველი მუდმივი არმია, ფლოტი, და მეეტლეთა გვარდიები. ერთ-ერთი ძველეგვიპტური გადმოცემით ძვ.წ. 1350–1240 წლებში კოლხეთი ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე იყო ახლო აღმოსავლეთში. აიეტი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა მეზობლებთან, მან კოლხეთს შეუერთა აღჱმოსავლეთით სასპერები, დასავლეთით ტრაპიზონი და ჩრდილოეთით მეოტების მიწა-წყალი, კოლხეთის დამოკიდებულებაში შევიდა აგრეთვე ხური-მითანის ძლიერი იმპერიაც. ძვ.წ. 1290–1240 წლებში ეგვიპტის ფარაონები და კოლხეთის მეფეები ხშირად ერთად აწყობდნენ დამპყრობლურ დამარბიელ ლაშქრობებს ახლო აღმოსავლეთში.
აიეტის ქვეყანას მიადგა ფრიქსე ოქროს ვერძით. მეფის თანხმობით ვერძი ზევსს შესწირა, ოქროსბეწვიანი ტყავი კი აიეტს მიართვა, რომელმაც იგი არესის ჭალაში ხეზე ჩამოაკიდებინა.
სხვა მითის მიხედვით, ფრიქსე კოლხეთში ოქროს ვერძით კი არ მივიდა, არამედ გემით. გემზე მას ჰქონდა საბერძნეთიდან წამოღებული ოქროს ქანდაკება და ის უძღვნა აიეტის ქალიშვილის — ქალკიოპეს მითხოვების სანაცვლოდ. ამის შემდეგ აიეტს სამისნომ უწინასწარმეტყველა, რომ აღესრულებოდა მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში უცხოელები მივიდოდნენ და ფრიქსეს მირთმეულ საჩუქარს უკან წაიღებდნენ. ამ მიზეზითა და თავისი სისასტიკის წყალობითაცო, გადმოგვცემენ ძველი ისტორიკოსები — აიეტმა გასცა განკარგულება: — ყველა უცხოელი, ვინც კი კოლხეთში რაიმე მიზეზით გამოჩნდებოდა, განუკითხავად შეეწირად მსხვერპლად. ამას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მისი სისასტიკის ამბავი შორს წასულიყო და ვერავის გაებედა კოლხეთში მისვლა ოქროს საწმისის წამოსაღებადო, გადმოგვცემენ ძველი კომენტატორები.
ყოველივე ამის მიუხედავად, გარკვეული დროის შემდეგ კოლხეთს მიადგნენ არგონავტები. მედეას მეშვეობით ისინი გადაურჩნენ მსხვერპლად შეწირვას, აიეტის სასახლეში მივიდნენ და ოქროს საწმისი მოითხოვეს. აიეტმა იასონს რამდენიმე ძნელი, თითქმის შეუსრულებელი დავალება მისცა, მაგრამ მედეას დახმარებით, რომელსაც შეუყვარდა ელინი ვაჟკაცი, მან ყველა დავალება შეასრულა და კვლავ აიეტს წარუდგა. გაოცებულმა, დაეჭვებულმა და განრისხებულმა აიეტმა გმირები ვახშამზე მიიწვია და მათი ამოხოცვა (ზოგი ვარიანტით არგოს დაწვა) განიზრახა. იმ ღამეს აიეტი აფროდიტემ ცოლის სარეცელზე ჩააძინა, ამასობაში მედეამ იასონს ყველაფერი უამბო, მერე მასთან ერთად არესის ჭალაში წავიდა, საწმისის მცველი დრაკონი რაღაც წამლისა და ლოცვის მეშვეობით დააძინა (ზოგი ვარიანტით რაღაც ხერხების საშუალებით მოაკვლევინა იასონს), არგონავტებმა საწმისი მოიტაცეს და მედეაც თან გაიყოლიეს. სხვა მითები გადმოგვცემენ, რომ აიეტმა მათ მიუსწრო ზღვის სანაპიროზე, შეებრძოლა, პირადად მან მოკლა იფიტე, მისი ამალიდანაც ბევრი დაიხოცა. ცხარე ბრძოლაში, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, აიეტი დაიღუპა მელეაგროსის ხელით.
მიუხედავად იმისა, რომ აიეტს გააჩნია მრავალი, ზებუნებრივი თვისება, შესაძლებელია იგი მაინც იყოს რეალური, ისტორიული პიროვნება, რომელსაც დროთა მსვლელობაში დიდი სიძლიერის, სიმკაცრისა და გავლენიანობის გამო ახალ-ახალი თვისებები და ეპითეტები მოარგეს, ნახევარ ღმერთად აღიარეს და მითოლოგიის ლამაზი სამოსით შემოსეს.
წყარო
აპოლონიოს როდოსელი. არგონავტიკა, 3. 240-4. 131.
აპოლოდორუსი. ბიბლიოთეკა, 1. 9. 23.
პავსანისი. საბერძნეთის აღწერა, 2. 3. 10.
სტრაბონი. გეოგრაფიკა, 1,45.
Комментариев нет:
Отправить комментарий