пятница, 17 апреля 2020 г.

ბაბილონურ-ასურული რელიგია და მითოლოგია


ბაბილონურ-ასურული რელიგია და მითოლოგია წერილობით დადასტურებულ რელიგიათა შორის ერთ-ერთი უძველესია, მათ შესახებ ცნობები შემორჩენილია მითებში, ჰიმნებში, ლოცვებში, რიტუალურ ტექსტებში, პოეტურ ეპოსსა და სხვა ხასიათის ძეგლებში. ღვთაებათა პანთეონი ძირითადად შუმერულია. მისი ინფილტრაცია და ასიმილაცია სემიტურ ღვთაებებთან უძველეს დროში მოხდა. ბაბილონურ-ასურული რელიგიის საფუძველია შუმერული ღმერთების ტრიადული სისტემა. პირველი ტრადია - ანუ, ენლილი და ეა, რომელიც შესაბამება შუამდინარულ წარმოდგენას სამყაროს შესახებ, განასახიერებს კოსმოსის სამ სფეროს - ცას, ხმელეთს, და მიწისქვეშა წყლებს. მეორე ტრადია ასტრალური ხასიათისაა - სინი (მთვარე), შამამი (მზე) და იშთარი (ვენერა), რომლებიც თამუზთან ერთად დაკავშირებული იყო მცენარეთა ნაყოფიერების ფართოდ გავრცელებულ კულტთან. ამ ორი ტრადიას გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი ეპყრათ ქვესკნელის ღვთაებებს: ნერგალს - ქვესკნელის მეფეს - და მის მეუღლეს ერეშქიგალს. სხვა ღმერთები ბუნებრივ და სოციალურ მოვლენებს განასახიერებდნენ. პანთეონი დროდადრო ივსებოდა „დაპყრობილი“ უცხო ტომების ღმერთებით. მცირე ღვთაებების რიცხვი 3 ათასს აღწევდა. ესენი იყვნენ იგიგები - ცის დემონები და ანუნაქები - ქვესკნელის დემონები, მათ დანაწილებული ჰქონდათ ცა, მიწა და ქვესკნელი, სადაც მიცვალებულთა სამართალს განაგებდნენ. ქალღმერთები ან ღმერთების ცოლები იყვნენ, ან „დიდი დედები“, ღმერთების დედად წოდებულნი. განსაკუთრებული როლი ჰქონდა იშთარს. ღმერთების ატრიბუტად შეიძლება ჩაითვალოს „ბედისწერის დაფები“, რომელთა საშუალებით განსაზღვრავდნენ კოსმოსისა და კაცთა მოდგმის ბედს. თვით ღმერთები, ელინური სამყაროს ღმერთებისგან განსხვავებით, ბედისწერას არ ემორჩილებოდნენ. სახალხო კულტის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ავი სულების შიში, ისინი ემუქრებოდნენ ადამიანის ჯანმრთელობაასა და კეთილდღეობას. რელიგიის ამ ასპექტს უფრე მეტი ადგილი ეთმობოდა, ვიდრე დიდი ღმერთებისადმი თაყვანისცემას. თითოელ გვარს, ოჯახს თუ ინდივიდს თავისი მფარველი ღვთაება ჰყავდა, რომელიც იცავდა მას ავი სულებისაგან. ქურუმები რამდენიმე კლასად იყოფოდნენ: ერთნი ღვთისმსახურებას და ტაძრის მუსიკას განაგებდნენ, მეორენი შემლოცველნი იყვნენ, მესამენი ნათელმხილველნი - სიზმრებსა და სასწაულებს განმარტავდნენ. მათ მოვალეობას შეადგენდა ცთომილებზე დაკვირვება, კეთილ და უკეთურ დღეთა გამორჩევა. იყვნენ ქურუმი ქალებიც, რომლებიც დიდი პატივით სარგებლობდნენ. ისინი საღვთო რიტუალს ასრულებდნენ სეზონურ დღესასწაულებზე, იშთარის ტაძრისადმი იყვნენ შეწირული.

ქალაქ ბაბილონის აღზევების დროს (ძვ. წ. XVIII ს.) პანთეონში პირველი ადგილი დაიჭირა ამ ქალაქის პატრონმა ღვთაებამ მარდუქმა. ასევე ასურეთში დაწინაურდა ქალაქ ასურის მთავარი ღვთაება ასური, რომელიც ასურელთა ეროვნულ მთლიანობას განასახიერებდა. რელიგია ბოლომდე პოლითეისტური დარჩა, თუმცა მისი განვითარების განსაძღვრულ პერიოდში იგრძნობოდა მონოთეიზმისაკენ მიდრეკილება, როცა მარდუქს თითქმის ყველა ღმერთის ატრიბუტი მიაწერეს.

მითოლოგიაში კონდენსირებულია შუამდინარული ცოდნა სამყაროს, ბუნების მოვლენათა და ადამიანის შესახებ. იგი წარმოიშვა და ვითარდებოდა შუმერული ტრადიციის ძლიერი გავლენით. მითებში მოკვდავნი არ მონაწილეობდნენ. მათი პერსონაჟები მარტოოდენ ღმერთები იყვნენ. ჩვენამდე მითების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია, ისიც ფრაგმენტულად. ყველაზე უკეთ შემონახულია შვიდდაფიანი ეპოსი ქვეყნის გაჩენის შესახებ - „ენუმა ელიში“. დასაბამიერი ქაოსის წყალში ჩაისახნენ ღმერთების თაობები, რომლებიც შეებრძოლენ თავიანთ წინაპრებს და ქაოსიდან მოწესრიგებული სამყარო შექმნეს, მათვე დამარცხებული ღმერთის სისხლისგან შექმნეს ადამიანი. სხვა მითის მიხედვით, ადამიანის სუბსტანცია თიხაა, რომელიც ანუ სჩანაფიქრის მიხედვით, ქალღმერთმა არურუმ მოზილა და სული შთაბერა. შუამდინარული წარღვნის მითი, რომელიც რამდენიმე ვერსიით არის შემონახული , საგრძნობლად უახლოვდება ბიბლიურ თქმულებას. წარღვნა წარმოდგენილია როგორც მიჯნა ძველსა და ახალ კაცობრიობას შორის. „იშთარის ჩასვლა ქვესკნელად“ ანალოგიური შუმერული მითის ვარიანტია. იგი დაკავშირებულია მკვდარი და კვლავ აღმდგარი ღვთაების კულტთან. რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული მთელ წინა აზიაში. ფრაგმენტულად არის ჩამორჩენილი „ნერგალისა და ერეშქიგალის“ მითი. ქვესკნელის დედოფალი ციურ ღმერთებს გაწყვეტით ემუქრებოდა, მაგრამ ვერაფერი დააკლო ნერგალს, რომელიც ჩავიდა ქვესკნელში და ცოლად შეირთო შეშინებული დედოფალი. ფრაგმენტულია აგრეთვე მითი გიგანტური ფრინველის ანზუს შესაებ, რომელმაც ბედისწერის დაფები მოსტაცა ენლილს და დასაკარგავში მიიმალა. ღმერთების მიერ მოწყობილი სამყარო განსაცდელში ჩავრდა, ყველანი აღდგნენ და როგორც იქნა, დაიბრუნეს ბედისწერის დაფები. ამ მითს როგორც შინაარსი, ისე სტილის მხრივ სამყაროს შექმნის მითის „ენუმა ელიშის“ გავლენა ატყვია. მითები, როგორც წესი, გადმოცემულია პოეტური ფორმით და როგორც ჩანს, ბევრ მათგანს განსაკუთრებულ დღესასწაულზე კითხულობდნენ მუსიკის თანხლებით, ზოგიერთმა ჩვენამდე რიტუალური ტექსტების სახით მოაღწია.

Комментариев нет:

Отправить комментарий