воскресенье, 9 февраля 2020 г.

ქალთევზების შესახებ


ქალთევზა, სირინოზი — ადამიანის მაგვარი, ნახევრად ცხოველური არსება, რომელიც ძირითადად ან ნახევარწილად წყალში ცხოვრობს, რაც ფოლკლორსა და თვითმხილველთა გადმოცემებზე დაყრდნობით არის ჩვენამდე შემონახული. სიტყვა ქალთევზა შედგება ორი სიტყვისგან: ქალი და თევზი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არსება ქალისა და თევზის მსგავია. ქალთევზები შესაძლებელია ადამიანისგან გარეგნულად არც კი განსხვავდებოდნენ, ანდაც, ჰქონდეთ წელსქვემოთ თევზის სხეული, ანუ ფეხების მაგივრად, თევზის კუდი. უნდა აღინიშნოს, რომ ქალთევზას კულტი ძველ სამყაროში იღებს სათავეს და მოხსენიებულია ძველ ასურულ ტექსტებში და ბერძნულ მითებში და მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. საბერძნეთში ქალთევზებს სირინოზებთან აიგივებდნენ. სიტყვა სირინოზი ბევრ ევროპულ ენაში გავრცელდა როგორც ქალთევზას, ასევე ლამაზი და მგალობელი ქალის შესატყვისად. ძველ საბერძნეთში განარჩევდნენ კაცთევზებსაც, რომელთაც ტრიტონს უხმობდნენ. ტრიტონი ანუ კაცთევზა იგივე არსებაა, რაც სირინოზი, ოღონდ მამრობითი სქესის. დასავლეთევროპულ ფოლკლორში ქალთევზას მოიხსენიებენ სიტყვით mermaid, კაცთევზას კი merman, ხოლო აღმოსავლეთ ევროპულ ქალთევზებს, ძირითადად, სლავური წარმოშობის ფოლკლორში rusalka ჰქვიათ. წყლის სამყაროს ამ არსებებზე თქმულებები მეტწილად ზღვისპირა, ან ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც დიდი რაოდენობით არის მდინარეები და ტბები. ქალთევზები ძველ დროს მართალია პირმშვენიერ, მაგრამ უსულ-გულო არსებებთან ასოცირდებოდნენ, რადგან, გადმოცემის თანახმად, მათ ხომალდების ჩაძირვა სჩვეოდათ. ქალთევზები მეზღვაურებს ტკბილხმოვანი გალობით ატყვევებდნენ და იხმობდნენ, სამკაპით შეიარაღებული მკლავმაგარი კაცთევზები კი ხომალდს ესხმოდნენ თავს და ძირავდნენ. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ზღვის არსებებს მობეზრებული ჰქონდათ უკვდავება, ამიტომაც, მათ ადამიანებისგან სულის ამორთმევა სურდათ, რათა თითონაც მოკვდავნი შექმნილიყვნენ. სხვა გადმოცემები კი მოგვითხრობენ, რომ ქალთევზებს ადამიანებთან ურთიერთობა ისე ენატრებოდათ, რომ ავიწყდებოდათ, ადამიანს წყალში სუნთქვა რომ არ ძალუძს და სიღრმეებში ჩაჰყავდათ თავიანთი სამეფოების დასათვალიერებლად. ჰანს კრისტიან ანდერსენის პატარა ქალთევზაშიც ხომ სწორედ მსგავსი ისტორიაა მოთხრობილი. ფოლკლორში ქალთევზების განსხვავებული წარმომადგენლებიც არის აღწერილი ე. წ. ქალწული ქალთევზები ანუ ნიმფები. ნიმფა ძველბერძნულად ქალწულს ნიშნავს. ქალთევზებზე პირველი თქმულებები ასურეთში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1000 წელს გაჩნდა. ქალღმერთი ასტარტა ასურეთის დედოფლის სემირამიდას დედა იყო, რომელსაც მოკვდავი მწყემსი შეუყვარდა, თუმცა, ურთიერთობისას უცაბედად შემოაკვდა. დარცხვენილმა ასტარტამ წყალში ჩაშვება და თევზად გადაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ წყალმა საწადელი ბოლომდე არ შეუსრულა, წელსზევით ის ქალად დარჩა, წელსქვემოთ კი ფარფლიან თევზად ანუ ქალთევზად გადაიქცა. თევზისკუდა ქალებს ძველ საბერძნეთში სირენებად გამოსახავდნენ, რომელთაც ძველ მითოლოგიაში ულამაზესი ხმების ქონას მიაწერენ (თუმცა, ოდნავ მოგვიანო პერიოდებში). ისეთ ენებში, როგორიცაა ესპანური, ფრანგული, იტალიური და პოლონური, ქალთევზა დღემდე ძველბერძნული სირენადან მომდინარეობს Siren, Sirene, Sirena, Syrena ან Sereia. კაცთევზებს კი ძველი ბერძნები ტრიტონებსა და ნერეებს უწოდებდნენ. ნერეის ქალიშვილები ნერეიდებად იყვნენ სახელდებულნი და მეტწილად პოსეიდონისა და ამფიტრიტეს პროცესიაში შედიოდნენ. შუასაუკუნეების ქრისტიანულ ევროპაში გავრცელებული მოსაზრებით, ქალთევზები უსულო არსებანი არიან, რომელთაც სულის მოპოვება სურთ, თუმცა, ზღვის დატოვება არ ძალუძთ. არსებობს 5-ე საუკუნის ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, შოტლანდიასთან ახლოს, პატარა კუნძულზე სულის მოპოვების სურვილით შეპყრობილი ქალთევზა ყოველ დილა ერთ ბერს ნახულობდა. ისინი ერთად ლოცულობდნენ. ქალთევზამ ზღვის დატოვება მაინც ვერ შესძლო და თვალცრემლიანმა ისევ ზღვას მიაშურა. ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარმაც "პატარა ქალთევზა" ასეთი ისტორიულად ქცეული კანონი უფრო პოპულარული გახადა: "ქალთევზა სულსა და სიყვარულს მოკვდავთან ეძებს". შოტლანდიურ მითოლოგიაში ადამიანისმაგვარ სხვა არსებებსაც ვხვდებით, რომელთაც შელკები ჰქვიათ, ისინი უფრო მეტად ზღვის ლომები არიან და ქალთევზებს ჩამოჰგვანან. გერმანული ქალთევზა — უნდინა — ძირითადად უკუდოა და ლამაზი, ღია ქერა თმა აქვს. მას უფრო მდინარის წყლებში ხვდებიან. გერმანული ფოლკლორისა და ლიტერატურის პერსონაჟი ლორელეი — ლამაზი გოგონაა, რომელიც თავისივე სახელის მქონე გორაკზე ზის რაინის ნაპირას და ოქროსფერ თმას ივარცხნის, მისი ხმატკბილი გალობა კი მეთევზეებს ატყვევებს. სიუჟეტი ჰაინემაც დაამუშავა, არსებობს ოპერა და ბალეტი. აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები სლავების ენებზე ქალთევზებს რუსალკები, კუპალკები და ლოსკოტუხები ეწოდებათ. სლავური მითოლოგიით ისინი მავნებლები არიან. ქალთევზებად როგორც წესი წყალში დამხრჩვალი გოგონები გადაიქცევიან, რომლებიც უდროო დროს ბანაობდნენ და წყლის დევებმა ჩაითრიეს სიღრმეში რათა მხევლებად გამოეყენებინათ. ქალთევზებად ასევე შეიძლება ქცეულიყვნენ დაღუპული მოუნათლავი ბავშვები. ძირითადად წყალში ცხოვრობენ, ხანდახან მინდვრებშიც — პოლუდენიცები, ხეებზე კი — ხის ალები. სლავურ ფოლკლორში მეტწილად ქალთევზებია ნახსენები, თუმცა, ზოგჯერ კაცთევზებზეც ვხვდებით მოთხრობებს. ხანდახან წყალში ჩავარდნილთა დამხმარეებადაც გვევლინებიან. წარმოგვიდგენიან გრძელთმიანი, ლამაზი გოგონების სახით, ზოგჯერ კი კაპარჩხანა ქალების სახით (ჩრდილოეთის რუსებში). ქალთევზას სახე ერთდროულად წყალთან და მცენარეებთან იყო დაკავშირებული და წყლის სულებისა და საკარნავალო პერსონაჟების შტრიხებს აერთიანებდა (კოსტრომა, იარილი). ქალთევზას სიკვდილი მოსავლიანობის სიუხვესთან იყო დაკავშირებული. ალბათ აქედან უნდა იყოს ქალთევზების საიქიოსთან კავშირი: როგორც ჩანს, ქრისტიანობის დამკვიდრებასთან ერთად, ქალთევზები არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილ უწმინდურ არსებებთან გაიგივდნენ. ქალთევზა ანუ სირენკა (პოლ: syrenka) ვარშავის სიმბოლოა. ქალთევზა, როგორც ქალაქის სიმბოლო, 14-ე საუკუნიდან ვარშავის გერბზეა გამოსახული. ლეგენდარული პერსონაჟის წარმომავლობა ბოლომდე გარკვეული არ არის. თხზულებების ავტორები და ლეგენდები მისი წარმოშობის დადგენას ცდილობდნენ. ყველაზე გავრცელებულ ლეგენდაში ართურ ოპმანი მოგვითხრობს, რომ უხსოვარ დროს ტრიტონის ორმა ქალიშვილმა ოკეანეებსა და ზღვებში მოგზაურობა გადაწყვიტა. ერთ-ერთმა მათგანმა დანიის სანაპიროზე ინება დარჩენა, ამიტომაც კოპენჰაგენის პორტის შესასვლელთან დღემდეა მჯდომარე ქალთევზას ქანდაკება. მეორე თევზქალამ მდინარე ვისლას მიაღწია და მისი წყლების სიღრმეებში ჩაეშვა. დაღლილმა წყლის არსებამ სოფელ ვარშავის მახლობლად ქვიშიან ნაპირზე არჩია დასვენება. ადგილობრივი მებადური მისი სილამაზითა და სიმღერით დასატკბობად გაეშურა ქალთევზასკენ. ბოროტმა ვაჭარმაც მოჰკრა ზღვის ქალის სიმღერას ყური, ამიტომ, მებადურის კვალს გაჰყვა და რომ მიაგნო, ქალთევზა დაატყვევა. სხვა ლეგენდის თანახმად, ქალთევზა ვარშავაში ქალაქის უძველესი დამცველის გრიფინის სიყვარულით ბალტიის ზღვიდან მიცურდა, რათა დაღუპული საყვარლის გამო შურია ეძია, რომელიც 17-ე საუკუნეში შვედებთან ბრძოლისას დაღუპულიყო. ამის შემდეგ ქალთევზა ქალაქის დამცველი გახდა და ვარშავის სიმბოლოდაც იქცა. აფრიკაში მოგზაური ზოგიერთი მისიონერის ჩანაწერებში ვხვდებით ცნობებს ქალთევზების შესახებ, თუმცა, მათი უმეტესობა წყლის არსებების ზუსტ აღწერილობას ვერ იძლევა. მოყვანილი ცნობებით, თითქოს ანგოლაში, მდინარეებში ქალთევზები ცხორობდნენ, რომლებზეც უცხოტომელი მებადურები ისე თევზაობდნენ და საკვებად გამოიყენებდნენ, როგორც ჩვეულებრივ თევზებზე. ოდნავ მოგვიანებით დაისვა საკითხი ქალთევზების სულიერებაზე, ანუ თუკი მათ სული ჰქონდათ, ესე იგი, მათი შეჭმის ფაქტიც კანიბალიზმად უნდა ყოფილიყო შეფასებული. ამის მიუხედავად, აფრიკის თევზქალებზე დიდი დაინტერესება არ გაჩენილა, რადგან მისიონერთა მიერ მოყვანილი ცნობები სიმართლეს მოკლებულად იქნა მიჩნეული.

Комментариев нет:

Отправить комментарий