ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
среда, 26 февраля 2020 г.
ღმერთი არმაზი და ფარნავაზი (მეფე)
არმაზი — იბერიის სამეფოს უზენაესი წარმართული ღვთაება.
კერპი მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.
სახელი ღვთაებისთვის ფარნავაზს საკუთარი სახელის მიხედვით შეურქმევია, რადგან მას „სპარსულად არმაზ ერქუა“ და პატივისცემა და სამსახური დაუწესებია ახლად აღმართული კერპისათვის. მეცნიერთა ერთი ნაწილი მას აჰურა მაზდასთან – სპარსულ უზენაეს ღვთაებასთან აკავშირებს, სხვები კი ხეთურ მთვარის ღვთაების სახელ „არმას“-თან. არმაზის სახელს აჰურამაზდასთან აკავშირებდა ივანე ჯავახიშვილი და წერდა: „არმაზის შესახებ ცნობებს რომ სპარსულ აჰურამაზდასთან სახელის მეტი საერთო არაფერი აქვს, ეს უცილობელია". და იქვე, „მაზდეანობა რომ ერთ ხანს საქართველოშიც გავრცელებული იყო და მაშასადამე, აჰურამაზდა-არმაზის თაყვანისცემაც უნდა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში – ეს ცხადია“.
ფარნავაზი იყო მამით ქართლოსიანი, მცხეთის უკანასკნელი მამასახლისის — სამარას ძმის შვილი. ფარნავაზის მამა კი მსახურობდა სპარსეთის მეფის დარიოს III-ის კარზე სადაც შეირთო ცოლად მეფის ასული. ალექსანდრე მაკედონელის მიერ სპარსეთის აღების შემდეგ ფარნავაზის მშობლები მცხეთაში დაბრუნდნენ სამარა მამასახლისთან თავის შესაფარებლად. სპარსეთის აღების შემდეგ ალექსანდრემ კავკასიაზეც გამოიწია და მცხეთის აღებისას მოკლა ფარნავაზის მამა და ბიძა, ხოლო მცხეთაში დასვა აზო. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ფარნავაზის დედა თავის მცირეწლოვან შვილებთან (ფარნავაზი 3 წლის იყო) ერთად იძულებული გახდა გახიზნულიყო ჯერ სარმატიაში ხოლო შემდეგ გადასულიყო სპარსეთში. უკვე 20 წლის ფარნავაზი თავის ორ დასთან და დედასთან ერთად ბრუნდება მცხეთაში და ვინაობის გაუმხელად უახლოვდება აზოს.
ერთხელაც ფარნავაზი სიზმარს ნახულობს რომელიც წინასწარმეტყველებასავით აუსრულდება, როდესაც დიღმის გამოქვაბულში ნადირობისას იპოვნის თვალუწვდენელ განძს, რომლითაც დაგეგმავს აზონის ჩამოგდებას და ფარნავაზიანთა დინასტიის გავრცელებას სრულიად ივერიაზე. ის იმოყვრებს ჯერ კოლხეთის მამასახლისს ქუჯს გაატანს რა ცოლად მის უმცროს დას, ხოლო შემდეგ უფროს დას ათხოვებს სარმატ მთავარზე. ამ ორი დიდი კავშირით ფარნავაზი მიიწევს აზონის ჩამოსაგდებად. შეშინებული აზო გარბის ჯავახეთში, კერძოდ არტაანში და იქ ჰურის ციხეში აფარებს თავს. ფარნავაზი უბრძოლველად იღებს მცხეთას და შემდეგ უკავშირდება სელევკიდების მეფეს, სელევკოს დიდს, და უთვლის განძს, რათა არ მიემხროს აზონს მრძოლაში. სელევკიდთა მეფის განდგომის შემდეგ აზონი იძულებული ხდება საშველად მიმართოს საბერძნეთს (თრაკია-მაკედონიის მეფეს, ლისიმაქეს), რომელიც დასახმარებლად უგზავნის მას არმიას.
ერთის მხრივ ფარნავაზი გაერთიანებული ძალით, ხოლო მეორეს მხრივ აზო საბერძნეთის არმიით შეებრძოლენ ქაჯეთის ციხესთან, სადაც აზო მოიკლა, ხოლო ბერძნები კი განიდევნენ რეგიონიდან. საბოლოოდ ფარნავაზმა თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა, ხოლო სამეფო ნიშნები და ინვესტიტურა ანტიოქოს I-გან მიიღო.
გამარჯვებულმა ფარნავაზმა დაიწყო სახელმწიფო რეფორმების გატარება. ქართლი დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად – საერისთავოებად. ერისთავებს ევალებოდათ საერისთავოში ჯარის შეკრება და მისი სარდლობა, ხარკის აკრეფა, სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტა. სულ შეიქმნა რვა საერისთავო.
არგვეთის საერისთავო („მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუ[რ]ადმდე [ეგრისისა], რიონს ზემოთ“);
კახეთ, კუხეთ, ჰერეთის საერისთავო („მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი“);
ხუნანის საერისთავო („მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი“)
სამშვილდის საერისთავო („მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი“);
წუნდის საერისთავო („მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი“);
ოძრხეს საერისთავო („მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა“);
კლარჯეთის საერისთავო („მისცა არსიანითგან ზღუამდე“);
ეგრისის საერისთავო („ხოლო ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა ... მისცა ქუჯის ქუეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღჳთგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი“).
სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია – შიდა ქართლი, დაექვემდებარა სპასპეტს. სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სამეფოში და ერისთავებიც პირადად მას ემორჩილებოდნენ.
ფარნავაზმა შემოიღო ახალი კერპი: „ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თვისისა. ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა“. არმაზი საერთო ქართული უზენაესი ღვთაება გახდა, ამასთანავე ფარნავაზმა შეინარჩუნა აზოს მიერ მოტანილი კერპები – გაცი და გაიმი.
ქართლის ცხოვრება ფარნავაზს მიაწერს ქართული დამწერლობის შექმნასა და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას: „ამან განავრცო ენა ქართული და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“. მანამდე ქართლში ექვს ენაზე საუბრობდა ხალხი: ქართულ, სომხურ, ებრაულ, ბერძნულ, ხაზარულ და ასურულ ენებზე. ფარნავაზმა ააგო არმაზის ციხე და მცხეთას გალავანი შემოარტყა.
ფარნავაზ მეფემ 65 წელი იმეფა და გარდაიცვალა ძვ. წ. 237 წელს. დაკრძალეს არმაზის კერპის სიახლოვეს. ცოლად ჰყავდა დურძუკის ქალი რომლისაგანაც ეყოლა ძე, მისი ტახტის მემკვიდრე — საურმაგ I.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий