რომის რესპუბლიკა (ლათ. Res Publica Romanorum) — ფაზა ძველი რომის ცივილიზაციაში, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო მმართველობის რესპუბლიკური ფორმა. ეს პერიოდი დაიწყო ძვ. წ. 510 წელს მონარქიის გადაგდებით და იარსება სანამ სამოქალაქო ომების სერიების შედეგად იმპერიად გარდაიქმნებოდა. იმპერიად გარდასახვის ზუსტი თარიღი ზოგიერთ მოვლენათა ინტერპრეტაციის საკითხია, რომელთა შორის მოიაზრება იულიუს კეისარის მუდმივ დიქტატორად დანიშვნის (ძვ. წ. 44) თარიღი, აქციუმის ბრძოლა (ძვ. წ. 31) და რომის სენატის მიერ ოქტავიანესთვის „ავგუსტუსის“ ტიტულის მინიჭება (ძვ. წ. 27).
თუმცა ეს განსაზღვრება თანამედროვე ისტორიკოსთა მიერ არის მიღებული და არა თავად იმ დროის რომაელთა მიერ. ადრეულ იულიუს-კლავდიუსელ იმპერატორებს მიაჩნდათ, რომ რესპუბლიკა კვლავაც არსებობდა მათი უსაზღვრო ძალაუფლების პროტექციის ქვეშ და რომ ის საბოლოოდ ისევ დაუბრუნდებოდა რესპუბლიკურ ფორმას.
მონარქიის დამხობის შემდეგ რომში ჩამოყალიბდა რესპუბლიკური წყობა. რომის მოქალაქეები იყოფოდა პატრიციებად და პლებეებად. რესპუბლიკის ადრეულ პერიოდში ეს გაყოფა ალბათ ქონებრივ ცენზთან იყო დაკავშირებული, ხოლო გვიანდელ რესპუბლიკაში პატრიციები პლებეებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ მათ სასულიერო იერარქიაში ჰქონდათ მაღალი ადგილების დაკავების უფლება.
რომის მოქალაქეობა დაპყრობილი ერების მართვის და მათგან გამიჯვნის ინსტრუმენტი იყო. არსებობდა მოქალაქეობის რამდენიმე დონე (ასევე არსებობდა ლათინური მოქალაქეობაც).
რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში კრებები (კომიციები) უწინდებურად ასრულებდნენ მნიშვნელოვან როლს, არსებობდა კრებების რამდენიმე სახე: კურიების კრება, ცენტურიების კრება, ტრიბების კრება, პლებეების კრება და უზენაესი ორგანო იყო სენატი. ეს კრებები შესაბამისს საკითხებს წყვეტდნენ, მათში მონაწილეობა შეეძლო შესაბამისი კლასის ან გვარის სრულწლოვან მოქალაქეს. ქალებს რომში მოქალაქეობის უფლება არ ჰქონდათ. ამ კრებებში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის იყო პლებეების კრება და სენატი. კურიების კრებების ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მასზე ხდებოდა სენატორების არჩევა და სასამართლოები.
მაგისტრატუსები წარმოადგენდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ყოველ ზემოხსენებულ კრებას თავისი მაგისტრუსები ჰყავდა. მაგისტრატუსის წოდება ძალიან საპატიოდ ითვლებოდა, მათ უანგაროდ უნდა შეესრულებინათ დაკისრებული საქმე და ხშირად ამისთვის პირადი სახსრების გამოყენება სჭირდებოდათ, მაგისტრები ხელშეუხლებელნი იყვნენ.
რომში არჩევა თანამდებობებზე ერთი წლის ვადით ხდებოდა და მიღებული იყო ერთ თანამდებობაზე ორი პიროვნების არჩევა. მაგალითად უმაღლეს თანამდებობას კონსულობას ყოველთვის ორი ადამიანი იკავებდა, რომლიდანაც ერთ-ერთს ყოველთვის შეეძლო მეორეს მოქმედებებზე ვეტოს დადება. იგივე პრინციპით ხდებოდა არმიის მართვაც. ხოლო უფრო დაბალ თანამდებობებზე ხდებოდა კიდევ უფრო მეტი ადამიანის არჩევა.
გამონაკლისს წარმოადგენდნენ დიქტატორები და ცენზორები. დიქტატორებს ირჩევდნენ საგანგებო საომარ მდგომარეობაში 6 თვის ვადით, რომლის დროსაც იგი ერთპიროვნულად მართავდა სახელმწიფოს. ხოლო ცენზორების არჩევა ხდებოდა 5 წელიწადში ერთხელ 18 თვის ვადით.
რესპუბლიკის პერიოდში სენატი სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. სენატორები იყვნენ ყველაზე გავლენიანი, მდიდარი და წარჩინებული გვარების წარმომადგენლები, როგორც წესი, ესენი ყოფილი მაგისტრუსები იყვნენ.
რომის რესპუბლიკამ გრძელი გზა განვლო ქალაქ-სახელმწიფოდან ხმელთაშუაზღვის ჰეგემონამდე. ძვ. წ. 390 წელს რომი გალებმა აიღეს და დაწვეს, მაგრამ ამან კი არ მოტეხა რომაელები, არამედ უკვე 40 წლის შემდეგ მათ ლათინური ომის შედეგად დაიმორჩილეს ლათინები, გადაიტანეს სამი სამნიტური ომი, რის შედეგადაც გაბატონდნენ სამხრეთ იტალიაში, ხოლო ეტრუსკებთან ომმა მათ ეტრუსკებზე ბატონობაც მოუტანა.
რესპუბლიკის ჩამოყალიბების პერიოდში ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ლიდერობდნენ ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები და კართაგენი. მათ შორის განუწყვეტელი ომები მომდინარეობდა. ძვ. წ. III საუკუნეში საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდა გაძლიერებული რომის რესპუბლიკა. იტალიაში არსებული ბერძნული ქალაქები ხანგძლივი ომების შედეგად ძალიან დასუსტდნენ. ამ დროისთვის დამოუკიდებლობა მხოლოდ იტალიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქემბა, ელიუსმა და რეგიუსმა შეინარჩუნეს. სიცილიაზე ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო სირაკუზა, რომელსაც მთელი კუნძული ემორჩილებოდა, მაგრამ კართაგენთან ხანგძლივი ომების შედეგად ისიც ძალიან დასუსტდა.
რომაელებმა აპენინების ნახევარკუნძულის ცენტრალური ნაწილის დაბყრობის შემდეგ, გაილაშქრეს იტალისს ბერძნულ ქალაქებზე. ძვ. წ. 280 წელს ბერძნულმა ქალაქმა ფურიუსმა რომაელებს დახმარება სთხოვა. რომიდან დასახმარებლად დიდძალი ლაშქარი გაეშურა, თავდამსხმელები უკუაქციეს და რომაელებმა ქალაქში გარნიზონი დატოვეს. ტარენტას (სხვა ბერძნული ქალაქი) მოსახლეობა ამით უკმაყოფილო დარჩა, მათ გაილაშქრეს ფურიუსზე და იქიდან რომაელები განდევნეს. ამან რომსა და ტარენტუმს შორის ომი გამოიწვია.
პირველ შეტაკებაში რომაელებმა გაიმარჯვეს. ტარენტელებმა ეპიროსის მეფეს, პიროსს, თავისი ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს მხედართმთავარს, მიმართეს დახმარებისთვის. ძვ. წ. 280 წლის გაზაფხულზე პიროსმა იტალიაში გადმოსხა არმია, რომელშიც 20 საბრძოლო სპილოც შედიოდა. პიროსისა და რომაელების პირველი ბრძოლა ქალაქ ჰერაკლიასთან მოხდა. რომაელები ამ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ და მთელი სამხრეთ იტალია, ნეაპოლისა და კაპუას გარდა დაკარგეს.
შემდეგ წელს პიროსმა ისევ დაამარცხა რომაელები, მაგრამ იმხელა დანაკარგი ჰქონდა, რომ როდესაც მას ამის შესახებ შეატყობინეს, პიროსმა თქვა „კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და ეპიროსში მარტო მომიწევს დაბრუნება!“. ამის შემდეგ პიროსის მდგომარეობა იტალიაში ძალიან გართულდა, მას აღარ ჰქონდა იტალიაში ომის გაგრძელების საშუალება, თან ბერძნული ქალაქები მისით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, პიროსმა დაიწყო რომთან სამშვიდობო მოლაპარაკებები, მაგრამ რომაელები შეეკვრნენ კართაგენს სირაკუზას წინააღმდეგ და განაგრძეს პიროსთან ომი.
ძვ. წ. 278 წელს პიროსი გაემგზავრა სიცილიაში, ბერძნული პოლისების კართაგენელებისგან დასახსნელად. თავიდან მან რამდენიმეჯერ დაამარცხა კართაგენელები და თითქმის განდევნა სიცილიიდან, მაგრამ იგი უხეშად ერეოდა ბერძნული დემოკრატიული პოლისების შიდა ცხოვრებაში, რითაც ბერძნების უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგიერთი ქალაქი საერთოდაც კართაგენელების მხარეს გადავიდა. ამ უკანასკნელებმაც ამით ისარგებლეს და სიცილიაზე ჯარი გადმოსხეს. პიროსმა ყველაფერი დაკარგა, სირაკუზას გარდა. ამ დროს იტალიაში რომაელებმა განაახლეს ბერძნული ქალაქების დაპყრობა, რომლებიც წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ. პიროსმა დატოვა სიცილია და იტალიისკენ გაემგზავრა, მაგრამ გზად კართაგენის ფლოტი დაესხა თავს და ნახევარზე მეტი გემები ჩაუძირა.
ძვ. წ. 275 წელს ქალაქ ბენევეტუმთან მოხდა რომაელებსა და პიროსს შორის გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც პიროსი სასტიკად დამარცხდა და მოუწია იტალიიდან გაქცევა. ამ გამარჯვებამ გააადვილა დანარჩენი იტალიის დაპყრობა. ძვ. წ. 267 წელს რომაელებმა დაასრულეს იტალიის დაპყრობა.
ჩვ. წ. აღრ-მდე III საუკუნის შუა წლებისთვის დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე კართაგენი ბატონობდა. დასუსტებული ბერძნული პოლისები მას წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ. ამ დროისთვის კართაგენი იკავებდა ჩრდილოეთ აფრიკას, სამხრეთ ესპანეთს, სიცილიის დასავლეთ ნაწილს, კორსიკასა და სარდინიას. კართაგენს ჰყავდა ძლიერი არმია და იმ დროისთვის საუკეთესო ფლოტი.
ყოფილ მოკავშირეებს შორის პირველი ომის დაწყების მიზეზი სიცილია გახდა. რომმა იტალიის დაპყრობის შემდეგ სიცილიის დაკავებაც განიზრახა. ძვ. წ. 264 წელს რომაელებმა და კართაგენელებმა გადმოსხეს ჯარები სიცილიაზე. ძვ. წ. 262 წელს რომაელებმა სიცილიაზე კართაგენელების უმნიშვნელოვანესი ქალაქი აგათოკლი დაიკავეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ მეტ წარმატებას ვეღარ მიაღწევდნენ, რადგან კართაგენის ფლოტი უფრო ძლიერი იყო. რომაელებმა მოკლე დროში მოახერხეს 120 საბრძოლო გემის აშენება. რომაელები ჯერ ცუდად ფლობდნენ საზღვაო ბრძოლის მეთოდებს, ამიტომაც მოიგონეს აბორდაჟის ხიდები, რომლებსაც გადაისროდნენ მტრის გემზე და ლეგიონერები ახერხებდნენ მტერთან ხელჩართულ ბრძოლას.
ახალმა ფლოტმა პირველი გამარჯვება ძვ. წ. 260 წელს მოიპოვა მილოსის კუნძულებთან. ძვ. წ. 256 წელს რომაელები აფრიკაში გადავიდნენ, მაგრამ კართაგენის დაპყრობა ვერ მოახერხეს. ხოლო ძვ. წ. 251 წელს რომაელებმა მოახერხეს სიცილიის თითქმის მთლიანად დაკავება. გადამწყვეტმა ბრძოლებმა ისევ ზღვაზე გადაინაცვლა, სადაც რომაელებმა ძვ. წ. 241 წელს სიცილიის დასავლეთ ნაპირებთან, ეგატეს კუნძულებთან, საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს. ამ ომის შედეგად კართაგენმა რომს დაუთმო სიცილია და გადაუხადა დიდძალი კონტრიბუცია.
ძვ. წ. 218 წელს მთელი სამხრეთი ესპანეთი ქალაქ სარგუნტუმის გარდა კართაგენს ემორჩილებოდა. იმ დროს ესპანეთის მმართველი ჰანიბალი იყო. ჰანიბალმა კარგად იცოდა რომ სარგუნტუმის დაკავების მცდელობა რომთან ომს გამოიწვევდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ძვ. წ. 218 წელს გაილაშქრა ამ ქალაქზე. ამან მეორე პუნიკური ომის დაწყება გამოიწვია. რომაული ჯარი ორად უნდა გაყოფილიყო, ერთი ნაწილი ერთ კონსულს აფრიკისკენ უნდა წაეყვანა, ხოლო მეორე ნაწილი კი ზღვით ესპანეთში უნდა გადასულიყო, მაგრამ ჰანიბალის მოქმედებებმა ეს გეგმა ჩაშალა.
ძვ. წ. 218 წლის გაზაფხულზე ჰანიბალი იტალიისკენ დაიძრა არმიით, რომელშიც 80 ათასი ფეხოსანი, 12 ათასი ცხენოსანი და 37 საბრძოლო სპილო იყო. ალპებზე გადასვლას ჰანიბალის არმია 33 დღე მოუნდა, თან დანაკარგებიც უდიდესი იყო, ჰანიბალს მხოლოდ 20 ათასი ქვეითი, 6 ათასი ცხენოსანი და ორიოდე სპილო დარჩა.
რომაულ ჯართან პირველი ორი ბრძოლა ტრებიუსის და ტიცინუსის მდინარეებთან ჰანიბალმა მოიგო და მომდევნო წლის გაზაფხულზე ეტრურიისკენ გაილაშქრა. გაიუს ფლამინიუსი თავისი ჯარით დაედევნა ჰანიბალს, ამ უკანასკმელმა კი რომაელები შეიტყუა ვიწყო ველზე ტრასიმენის ტბასა და ბორცვებს შორის, სადაც სასტიკად დაამარცხა რომაელები. როდესაც რომში ამის შესახებ შეიტყვეს, ქალაქში პანიკა დაიწყო, მაგრამ ჰანიბალს არ უცდია რომის დაპყრობა, რადგან ხანგძლივი ალყა დამატებითი რესურსების გარეშე სარისკო იყო. იგი გაემართა სამხრეთით და ცდილობდა იტალიკების რომაელების წინააღმდეგ განწყობას და მათ გამოყენებას.
რომის ჯარს სათავეში დიქტატორი კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი ჩაუდგა. იგი ჰანიბალის ჯარს ფეხდაფეხ მისდევდა, ანადგურებდა სურსათის საწყობებს, თავს ესხმოდა მცირე რაზმებს, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლისგან თავს იკავებდა. მიუხედავად ამ ტაქტიკის წარმატებულობისა, კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსს დიქტატორობის ვადა არ გაუგრძელეს. ძვ. წ. 216 წელს აირჩიეს ახალი კონსულები, რომლებიც ერს ომის მოკლე ვადაში დასრულებას დაპირდნენ. იმავე წლის ივლისში კანებთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც ჰანიბალმა ისევ გაიმარჯვა.
ამ ბრძოლის შემდეგ ჰანიბალის მხარეს გადავიდა სამხრეთ იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი, სიცილიაში — სირაკუზა, მაკედონელებმა კი სამხედრო დახმარება შესთავაზეს. მიუხედავად ამისა, ეს ჰანიბალის უკანასკნელი დიდი წარმატება აღმოჩნდა. კართაგენის მთავრობამ მას მხარი არ დაუჭირა და არ მიაწოდა დამატებითი რეზერვები, რომაელებმა კი კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსის სტრატეგიით განაგრძეს ომი, რამაც უკვე ძვ. წ. 213 წლისთვის მათ საშუალება მისცა საბრძოლო მოქმედებები იტალიის ტერიტორიის გარეთ გადაეტანათ. ამ წელს მათ გადასხეს ჯარები სიცილიაში, ხოლო ძვ. წ. 211 წელს სირაკუზა ისევ დანებდა რომს.
ესპანეთში გაგზავნეს ახალგაზრდა მხედართმთავარი პუბლუის კორნელიუს სციპიონი, რომელსაც მოგვიანებით აფრიკელი შეარქვეს. ძვ. წ. 209 წელს მან დაიკავა ახალი კართაგენი (ესპანეთში).
იტალიაშიც რომაელები უფრო აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ, მათ დაიბრუნეს ჰანიბალის მხარეს გადასული ქალაქების უმეტესობა. ჰანიბალის მდგომარეობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც მისი ძმის ჯარები, რომლებიც ალპებით გადმოვიდა იტალიაში ჰანიბალის დასახმარებლად, რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს.
ძვ. წ. 205 წელს სციპიონი დაბრუნდა ესპანეთიდან და დაიწყო გეგმის ახალი ეტაპის — აფრიკაში გადასვლის განხორციელება. კართაგენის მმართველებმა დახმარება ჰანიბალს სთხოვეს, რომელიც მიუხედავად იმისა რომ 15 წლის მანძილზე არც ერთი ბრძოლა არ წაუგია, იძულებული გახდა ეღიარებინა იტალიის ლაშქრობის სრული კრახი.
ძვ. წ. 202 წლის გაზაფხულზე ზამასთან ბრძოლაში ჰანიბალი ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად დამარცხდა. მომდევნო წელს ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც კართაგენისთვის ძალიან დამამცირებელი იყო.
მეორე პუნიკური ომის შედეგად, კართაგენმა დაკარგა ესპანეთი და ყველა ზღვისგაღმა ტერიტორია, ეკრძალებოდა რომის ნებართვის გარეშე ომების წარმოება და ჩამოერთვა მთელი ფლოტი და საბრძოლო სპილოები. რომი კი ამ ომის შედეგად ხმელთაშუა ზღვის ერთადერთი ჰეგემონი გახდა.
მეორე პუნიკური ომის დროს მაკედონიის მეფემ ფილიპე V-მ და ჰანიბალმა ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადეს, მაგრამ მაშინ მაკედონიას არ შეეძლო საბრძლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მიღება, რადგან საკმარისად ძლიერი ფლოტი არ ჰყავდა. იმდროინდელ საბერძნეთში ძალიან არასტაბილური სიტუაცია იყო. რომი, თავდაპირველად, არ ერეოდა საბერძნეთის საქმეებში. აღმოსავლეთით უფრო აქტიური პოლიტიკის გატარება მან სირაკუზას დაკავების შემდეგ დაიწყო. ქალაქების ნაწილი მიემხრო რომაელებს, ნაწილი კი — მაკედონიას. რომმა თავისი ექსპანსია საბერძნეთში ბერძნული თავისუფლებების დაცვის ეგიდით დაიწყო.
ძვ. წ. 204 წელს მაკედონელებმა და რომაელებმა ზავს მოაწერეს ხელი, რომლის შემდეგ ფილიპეს დროებით მოუწია საბერძნეთის მიმართულებით აგრესიის შეზღუდვა, რომელიც მან ეგეოსის ზღვის კუნძულებისკენ მიმართა. პუნიკური ომის დამთავრების შემდეგ რომს განზრახული ჰქონდა სუსტი საბერძნეთის დამორჩილება, მაგრამ ეს მაკედონიის დამარცხების გარეშე შეუძლებელი იყო, ამიტომ რომის სენატმა დაიწყო მაკედონიასთან ომისთვის აქტიური მზადება.
ომის დაწყების ფორმალური მიზეზი გახდა ეგვიპტის, პერგამოსისა და როდოსის მიერ რომისთვის დახმარების თხოვნა. ძვ. წ. 200 წლის ბოლოს რომაელებმა გადმოსხეს ჯარი ილირიაში. ორი წლის მანძილზე ომში უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ ფლობდა, მაგრამ ძვ. წ. 197 წელს რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს მაკედონიელები კინოსკეთალიასთან ბრძოლისას. ამის შემდეგ ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მაკედონელებს უნდა დაეთმოთ დაპყრობილი ტერიტორიები ეგეოსის ზღვაში და საბერძნეთში, ასევე ჩაებარებინათ ფლოტი, გადაეხადათ კონტრიბუცია და ფილიპეს უმცროსი ვაჟი მძევლად უნდა წასულიყო რომში.
ფორმალურად, ბერძნული პოლისები დამოუკიდებლები დარჩნენ, მაგრამ რომაული გარნიზონები ისევ იდგნენ ციხესიმაგრეებში და რომის სენატი წყვეტდა პოლისების ბედს. რომაელებმა, პრაქტიკულად, გაქურდეს ბერძნული ქალაქები „მადლობის ნიშნად“ გამოართვეს ძვირფასი საჩუქრები. ამით ბევრი პოლისი ძალიან უკმაყოფილო დარჩა.
ელადაში ჯარები გადმოსხა სელევკიდების მეფემ ანტიოქე III-მ. იგი ეფესოში გამაგრდა და დაიწყო რომაელებისთვის ახალდაპყრობილი ქალაქების წართმევა. მას მხარს ჰანიბალიც უჭერდა, რომელიც სირიაში გაიქცა და ანტიოქეს სამხედრო მრჩევლის ფუნქციას ასრულებდა. რომაელებსა და ანტიოქეს შორის ნამდვილი დიპლომატიური ომი დაიწყო, რის შედეგადაც საბერძნეთი ორ მტრულ ბანაკად გაიყო. პირველ ბრძოლაში რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს ანტიოქე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა თავი ეფესოს შეაფარა. რომაელებმა ზღვაზეც გაიმარჯვეს და მცირე აზიაში განდევნეს სელევკიდები.
გადამწყვეტი ბრძოლა რომაელებსა და სელევკიდებს შორის მოხდა ძვ. წ. 190 წელს მაგნესიუმთან, სადაც რომაელებმა გაიმარჯვეს. ძვ. წ. 188 წელს კი ანტიოქე იძულებული გახდა ზავისთვის მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უარს ამბობდა დაპყრობილ ტერიტორიებზე, იხდიდა კონტრიბუციას და ჰანიბალი უნდა გადაეცა რომისთვის. ჰანიბალმა თავი მოიკლა.
ამ მოვლენების შემდეგ რომის გავლენა ელადაში კიდევ უფრო გაიზარდა. მაკედონია კი ახალი ომისთვის ემზადებოდა. რომმა საპასუხოდ ომისთვის დიპლომატიური მზადება დაიწყო, რის გამოც მაკედონიის მესამე ომის დაწყებისთვის ძვ. წ. 171 წელს, მიუხედავად ძლიერი ანტირომული განწყობებისა, მაკედონიას მაინც არ დაუჭირეს მხარი ბერძნულმა პოლისებმა.
ძვ. წ. 168 წელს რომაელებმა პიდნასთან ბრძოლაში დაამარცხეს მაკედონიის ჯარი, რის შემდეგაც მაკედონიის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.
ძვ. წ. 149-ძვ. წ. 146 წლებში საბერძნეთსა და ყოფილი მაკედონიის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რომაელების წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყება მოხდა. ყველა ეს აჯანყება რომაელებმა ჩაახშეს.
ამ ომების პერიოდში რომაელებმა, ასევე, დაიმორჩილეს როდოსი, პერგამი და დაიწყო რომის ექსპანსია მცირე აზიაში. კაპადოკია მალევე დაემორჩილა რომს და მიიღო „რომაელი ხალხის მეგობრისა და მოკავშირის“ სტატუსი. მეორე საუკუნის შუა ხანებში ასევე პონტოს მეფესაც მოუწია „რომაელი ხალხის მეგობარი და მოკავშირე“ გამხდარიყო.
სანამ რომის ყურადღება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე იყო მიპყრობილი, კართაგენმა ეკონომიკური აღორძინება დაიწყო. მარკუს პორციუს კატონი (უფროსი) ფიქრობდა, რომ კართაგენის ასეთი გაძლიერება საშიში იყო და საჭიროდ მიაჩნდა ახალი პუნიკური ომის დაწყება. იგი ყოველ თავის გამოსვლას ასრულებდა სიტყვებით: Ceterum censeo Carthaginem esse delendam „მაინც ვფიქრობ, რომ კართაგენი უნდა გავანადგუროთ“.
ომის დაწყების საბაბად გამოიყენეს კართაგენსა და ნუმიდიელებს შორის შეტაკება, მიუხედავად იმისა, რომ კართაგენი დამარცხდა, ეს მაინც იყო ძვ. წ. 201 წლის შეთანხმების დარღვევა. რომაელებმა ჯერ მთელი იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს კართაგენელებს, როდესაც ეს პირობა შესრულდა, უბრძანეს მოსახლეობას დაეტოვებინათ ქალაქი, რადგან იგი უნდა დანგრეულიყო. კართაგენელები გამაგრდნენ ქალაქში. 149 წელს რომაელებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს, ალყაში კართაგენი 2 წელიწადზე მეტი იყო. ძვ. წ. 147 წელს რომაელების ჯარს სათავეში ჩაუდგა კორნელიუს სციპიონ ემილიანუსი, სციპიონ აფრიკელის შვილიშვილი. ძვ. წ. 146 წლის გაზაფხულზე დაიწყეს ქალაქის შტურმი. ქუჩებში ბრძოლები ერთი კვირა გაგრძელდა, ხოლო კართაგენელების დამარცხების შემდეგ სენატმა გადაწყვიტა ქალაქის განადგურება. კართაგენი 16 დღე იწვოდა, რის შემდეგაც ეს ადგილი რომაელებმა დაწყვევლილად გამოაცხადეს, ხოლო კართაგენის ტერიტორია აფრიკის პროვინციას შეუერთეს. ძვ. წ. 133 წელს რომაელებმა საბოლოოდ დაიმორჩილეს ესპანეთის კართაგენის ნაწილიც.
პუნიკური ომების შემდეგ რომის ტერიტორიები თითქმის მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთს მოიცავდა, მაგრამ სახელმწიფო წყობა, რომელიც ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც რომი ჯერ კიდევ ქალაქი-სახელმწიფო იყო, უვარგისი აღმოჩნდა ახალშობილი იმპერიისთვის. რომს ამ დროს 9 პროვინცია ჰქონდა, ამ პროვინციების მართვის ერთიანი პრინციპი კი არ არსებობდა. ყოველი ახალი მმართველი გამოსცემდა ედიქტს, რომელშიც იტყობინებოდა, თუ როგორ აპირებდა პროვინციის მართვას. მმართველი ინიშნებოდა 1 წლის ვადით, იგი არ იყო ვალდებული პასუხი ეგო ცენტრალური ხელისუფლების წინაშე, ამგვარად პროვინციის მოსახლეობას არ ჰქონდა არანაირი საშუალება ეჩივლა მმართველის უსამართლობაზე.
რომის ლეგიონებში მსახურობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ თავისუფალ რომის მოქალაქეებს, ვისაც საკუთარი თავის იარაღით უზრუნველყოფა შეეძლო. II საუკუნის მეორე ნახევარში კი იტალიაში დიდმა მიწათმფლობელებმა შთანთქეს მცირე და საშუალო მიწათმფლობელების დიდი ნაწილი, ამგვარად იმპერიის ზრდასთან ერთად მოხდა ლეგიონებში მსახურობის მქონე მოქალაქეების რაოდენობის შემცირება. ამ დროისთვის კრიზისმა უკვე ისეთი სახე მიიღო რომ მისი იგნორირება შეუძლებელი გახდა.
სციპიონუს ემილიანუსმა და ტიბერიუს სემპრონიუს გრაკხუსმა შემოიტანეს სენატში მიწების გადანაწილების პროექტი, რათა შეზღუდულიყო დიდი ლატიფუნდიების მიწების ზომები და ჩამოჭრილი ჭარბი ნაკვეთები თავიდან გადანაწილებულიყო თავისუფალ ხალხს შორის. მაგრამ ეს პროექტი არ მიიღეს მდიდარმა სენატორებმა და დიდმა მიწათმფლობელებმა, ხოლო სახალხო კრებაზე პროექტმა ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა. დაინიშნა აგრარული კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა ეს საკითხი და ლატიფუნდიებისთვის ჩამოჭრილი მიწები გადაენაწილებინა ღარიბ მიწათმფლობელებს შორის. მდიდარი მიწათმფლობელები არ შეეგუვნენ ამას და ტიბერიუსის ტრიბუნად მეორე ვადით არჩევნებზე ფორუმს შეუსიეს შეიარაღებული ხალხი. დაიწყო ხელჩართული ბრძოლა, რომელშიც ტიბერიუსი და მისი 400 მომხრე მოკლეს.
მიუხედავად ამისა, სენატმა ვერ გაბედა ტიბერიუსის მიერ შექმნილი აგრარული კომისიის დაშლა. ძვ. წ. 123 წელს ტიბერიუსის მომხრეებმა ტრიბუნად აირჩიეს მისი უმცროსი ძმა გაიუს სემპრონიუს გრაკხუსი. გაიუსმა სენატში შეიტანა პროვინციების კოლონიზაციის კანონი, მან შესთავაზა დანგრეული კართაგების ადგილზე კოლონიის შექმნა, სადაც რომაელ პლებეებს დაურიგებდნენ მიწებს. ეს წინადადება მოიწონეს როგორც პლებეებმა, ასევე მხედრებმა. ამის შემდეგ მან შემოიტანა პროექტი, რომლის მიხედვითაც იტალიკებს უნდა მინიჭებოდათ რომის მოქალაქეობა. ამ წინადადებამ მის მომხრეებში განხეთქილება გამოიწვია. ამის შემდეგ გაიუსი ისევე მოაკვლევინეს ამ პროექტის მოწინააღმდეგეებმა, როგორც მისი უფროსი ძმა.
ძვ. წ. 111 წელს სენატმა გამოსცა კანონი, რომელმაც გრაკხუსების რეფორმებს ხაზი გადაუსვა. ამ კანონის მიხედვით აგრარული კომისიის მიერ დარიგებული მიწების გაყიდვა გახდა შესაძლებელი. ამან გამოიწვია მიწების დიდ მიწათმფლობელებში კიდევ უფრო მეტად კონცენტრაცია.
გრაკხუსების მოძრაობის ჩახშობის მერე რომში ფართოდ გაიშალა ოპტიმატების (მდიდარი მიწათმფლობელების) და პოპულარების (პლებეების მომხრეების) ბრძოლა. არც ერთ პარტიას არ ჰქონდა არც კონკრეტული პროგრამა არც მუდმივი ხელმძღვანელები, ხშირად ხდებოდა ერთი პარტიიდან მეორეს მხარეს გადასვლა, ეს განპირობებული იყო კლიენტურის ინსტიტურით და პირადი ნაცნობობით.
ორ პარტიას შორის დაპირისპირების გამწვავება გამოიწვია აფრიკაში განვითარებულმა მოვლენებმაც. კართაგენის ყოფილ ტერიტორიაზე დასახლებულ რომაელ კოლონისტებსა და მეზობელ ნუმიდიელებს შორის მოხდა შეიარაღებული კონფლიქტი. ძვ. წ. 112 წელს პოპულარებმა აიძულეს სენატი, გამოეცხადებინა ომი ნუმიდიის მეფისთვის, იუგურთასთვის. ამ ომში თავი გამოიჩინა ახალგაზრდა და ნიჭიერმა მხედართმთავარმა გაიუს მარიუსმა. ძვ. წ. 105 წელს, იუგურთას დამარცხების შემდეგ კი მისი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა. ძვ. წ. 107 წელს იგი აირჩიეს კონსულად. მარიუსმა ჩაატარა სამხედრო რეფორმა, რომელმაც რომის შემდგომ ისტორიაზე ძლიერი გავლენა იქონია.
ამ რეფორმის თანახმად, ჯარში ნებისმიერ ბრძოლისუნარიან მამაკაცს შეეძლო წასვლა. მათ 16 წელი უნდა ემსახურათ, რის შემდეგაც ყოველი ვეტერანი მიიღებდა მიწას. ამავე დროს მარიუსი ჯარისკაცებს დაპირდა ომებში მოპოვებული ნადავლის განაწილებას. ამით მრავალი გაღატაკებული რომაელი მოიხიბლა. მარიუსის არმიამ თავი გერმანულ ტომებთან ომში წარმატებით გამოიჩინა.
ამ დროს სიტუაცია იტალიაში უფრო და უფრო დაიძაბა. სიცილიაში ძვ. წ. 104 და ძვ. წ. 101 წლებში ზედიზედ ორჯერ მოხდა მონათა აჯანყება, რომლის ჩახშობაც რომაელებს ძალიან გაუჭირდათ. მეორე აჯანყებას იქაური პლებსი და თავისუფალი პროლეტარებიც შეუერთდნენ. ძვ. წ. 100 წელს მარიუსი მეექვსედ გახდა კონსული. ის და მისი მომხრეები გრაქხების რეფორმის გაგრძელებას შეუდგნენ, მაგრამ ისინი ძირითადად მარიუსის ვეტერანებს ეყრდნობოდნენ, რომლებსაც უნდა მიეღოთ მიწები. ამრიგად სახალხო კრებაზე კანონი მიიღეს. ამ კანონში ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით სენატორებს უნდა დაეფიცათ, რომ ისინი არ შეეწინააღმდეგებოდნენ რეფორმის განხორციელებას.
მარიუსის ვეტერანებმა მიიღეს მიწები, მაგრამ შემდეგ რეაქციულმა ძალებმა ისევ იმარჯვეს და მარიუსს მოუწია რომიდან წასვლა. ამასთან ერთად წამოიჭრა ახალი პრობლემა — მდიდარ იტალიკებს სურდათ რომის მოქალაქეობის მიღება. ძვ. წ. 91 წელს სახალხო ტრიბუნმა ლივიუს დრუზმა სცადა გამოეცა მათ მხარდასაჭერად კანონი, რათა აღედგინა ძლიერი რესპუბლიკა ძლიერი მიწათმფლობლებითა და მრავალრიცხოვანი გლეხობით, მთელი იტალიის მოსახლეობა შეიკრიბა ამ კანონის მხარდასაჭერად, მაგრამ სენატორებმა მოაკვლევინეს დრუზი, რითიც იტალიკების განრისხება გამოიწვიეს. ძვ. წ. 90 წელს დაიწყო აჯანყება, რომელიც ისტორიაში „მოკავშირეთა ომის“ სახელწოდებით შევიდა. რომისთვის ეს მძიმე დარტყმა იყო, რადგან ლეგიონების დიდ ნაწილს იტალიკები შეადგენდნენ. სენატს მოუწია დათმობაზე წასვლა, 90 წლის ბოლოს გამოიცა კანონი, რომლის მიხედვითაც იტალიკები, რომლებმაც რომის ერთგულება შეინარჩუნეს ხდებოდნენ რომის მოქალაქეები. ძვ. წ. 88 წელს კი გამოიცა კანონი, რომლითაც ყველა იტალიკი ვინც განიარაღდებოდა მიიღებდა მოქალაქეობას.
რომაელებმა მოახერხეს აჯანყების ჩახშობა, მაგრამ მათ მოუწიათ იტალიკების მოთხოვნების დაკმაყოფილება. ახალი მოქალაქეებისგან შეადგინეს 10 ახალი ტრიბი. ახალი დაპირისპირების საბაბი გახდა ის, თუ ვის უნდა ეხელმძღვანელა პონტოსთან დაწყებულ ომში. მარიუსმა მოიპოვა ახალი ტრიბებისა და პლებსის მხარდაჭერა, მაგრამ ლუციუს კორნელიუს სულამ ალყა შემოარტყა რომს და სენატი აიძულა მისთვის დაეთმო ამ ომში მხედართმთავრობა. სულამ სენატს ახალი კანონები შემოაღებინა, რომლის მიხედვითაც სახალხო კრებისა და ტრიბუნების ძალაუფლება ძალიან შემცირდა. 88 წელს კონსულების არჩევნებზე სულას მცდელობების მიუხედავად, მასთან ერთად გაიმარჯვა ლუციუს კორნელიუს ცინამ, რომელიც მარიუსის მომხრე იყო.
ამის შემდეგ სულა გაემგზავრა პონტოელებთან საომრად, რადგან გაძლიერებულმა პონტოს სამეფომ დაიწყო მცირე აზიასა და ელადაში რომაული ქალაქების დაპყრობა. მარიუსი კვლავ დაბრუნდა რომში, მან და ცინამ განაგრძეს რეფორმების განხორციელება. მათ მხარი არა მარტო გაღარიბებულმა მოსახლეობამ დაუჭირა, არამედ მონებმაც. რომში მონები აჯანყდნენ და მარიუსს შეუერთდნენ, სენატმა ამის შეჩერება ვერაფრით შეძლო. მარიუსმა დაიწყო თავისი მოწინააღმდეგეების სასტიკი დევნა, მაგრამ მარიუსი ამ მოვლენების შემდეგ მალე მოკვდა, მალე კი ცინაც მოკლეს აჯანყებულმა ჯარისკაცებმა.
ამასობაში კი სულამ დაამარცხა მითრიდატე VI, ზავის თანახმად ამ უკანასკნელმა დათმო მცირე აზიასა და ელადაში მიტაცებული ტერიტორიები და მიიღო „რომის მეგობრისა და მოკავშირის“ სტატუსი. ამის შემდეგ სულა დაბრუნდა იტალიაში. ძვ. წ. 82 წელს სულა გახდა დიქტატორი განუსაზღვრელი ვადით. მისი მიზანი იყო აღედგინა გრაქჰების რეფორმამდელი წყობა, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში ეს შეუძლებელი იყო. ძვ. წ. 79 წელს მას მოუწია ძალაუფლებაზე უარის თქმა, ხოლო ძვ. წ. 78 წელს იგი გარდაიცვალა.
სულასა და მარიუსის მომხრეებს შორის ბრძოლები გაგრძელდა არა მარტო იტალიაში, არამედ ესპანეთშიც. ამ დაპირისპირების ჩახშობა მოგვიანებით პომპეუსმა მოახერხა.
ძვ. წ. 70-იან წლებში სოციალური პრობლემები კიდევ უფრო გაიზარდა, ძვ. წ. 74 წელს მოხდა ისტორიაში ყველაზე კარგად ცნობილი მონების აჯანყება სპარტაკის მეთაურობით. ამ აჯანყების ჩახშობა რომაელებს ძალიან გაუჭირდათ, პომპეუსმაც ვერ მოახერხა სპარტაკის დამარცხება ძვ. წ. 70 წელს. აჯანყება ჩაახშეს მხოლოდ სპარტაკის დაღუპვის შემდეგ.
ძვ წ. 70-იანი წლებისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა პოპულარების ახალი ლიდერი გაიუს იულიუს კეისარი. იგი მარიუსს ენათესავებოდა, ხოლო მისი მეუღლე ცინას ოჯახიდან იყო, ამგვარად კეისარი მარიუსის რეფორმების აქტიური მხარდამჭერი იყო. მისმა პოპულარობამ იმდენად იმატა, რომ გნეუს პომპეუსი მის მხარეს გადავიდა.
ძვ. წ. 70 წელს პომპეუსი და მარკუს კრასუსი აირჩიეს კონსულებად. მათ დაუბრუნეს სახალხო ტრიბუნებს უწინდებური ძალაუფლება და აღადგინეს სულამდელი სასამართლოები. მიუხედავად თანაკონსულობისა, კრასუსი და პომპეუსი ერთმანეთის მტრები იყვნენ.
ამ დროს ხმელთაშუა ზღვაში პირატობა ძალიან მომძლავრებული იყო. ეს რომის ვაჭრობას ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. პომპეუსს მიენიჭა სპეციალური უფლებამოსილება რათა გაენადგურებინა პირატები. სამ თვეში იგი წარმატებით გაუმკლავდა ამ ამოცანას.
ძვ. წ. 73 წელს მითრიდატე პონტოელთან მესამე ომი დაიწყო. იგი შეიჭრა რომაულ მცირე აზიაში, მაგრამ ამ უკანასკნელებმა ლუციუს ლუკულუსის მხედართმთავრობით განდევნეს მითრიდატე, შეიჭრნენ პონტოში და წაართვეს მას ტერიტორიები. მითრიდატე გაიქცა პონტოდან და თავი სომხეთს შეაფარა. ძვ. წ. 69 წელს კი დაიწყო საომარი მოქმედებები სომხეთის წინააღმდეგ, მაგრამ მითრიდატემ დაამარცხა ისინი. ამის შემდეგ პომპეუსის მეთაურობით რომის ჯარებმა დაამარცხეს მითრიდატე, რომელმაც ამჯერად თავი კოლხიდას შეაფარა. მალე იგი ისევ დაბრუნდა პონტოში, მაგრამ იქ მის წინააღმდეგ აჯანყდნენ და ძვ. წ. 63 წელს მითრიდატემ მოიკლა თავი.
პომპეუსი კი მითრიდატეს დამარცხების შემდეგ გაემართა სირიისა და იერუსალიმისკენ, რომლებიც მან შემოუერთა რომის იმპერიას. პომპეუსი იმპერიის აღმოსავლეთ ოლქებში სრული ძალაუფლებით სარგებლობდა, იგი თვითონ ნიშნავდა მეფეებს, არეგულირებდა ოლქებს შორის ურთიერთობებს და ა.შ. რომის შემოსავალიც საგრძნობლად გაიზარდა ამ ომების შემდეგ, პომპეუსი კი სახელმწიფოსი ყველაზე გავლენიანი პირი გახდა. როდესაც იგი რომში დაბრუნდა, ელოდნენ რომ იგი სულას პოლიტიკას გააგრძელებდა, მაგრამ მან არ სცადა ძალაუფლების ანალოგიური მეთოდით მოპოვება.
ეს არ აწყობდათ გაძლიერებულ პოპულარებს, რომლის ლიდერებიც კეისარი და კრასუსი იყვნენ. ოპტიმალების ლიდერი ამ დროისთვის გახდა მარკუს ტულიუს ციცერონი, მას დაუპირისპირდა ლუციუს სერგიუს კატილინა, რომელიც ოდესღაც სულას მომხრე იყო, მაგრამ ახლა სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა მოსახლეობის უღარიბეს ფენაზე დაყრდნობით. ციცერონმა შეძლო ამ აჯანყების წინასწარ ჩახშობა, რის შემდეგაც კატილინა რომიდან გაიქცა.
პომპეუსი ტრიუმფით დაბრუნდა რომში. მას აღმოსავლეთში გავლენის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა რომ სენატს დაემტკიცებინა მის მიერ იქ გატარებული ღონისძიებები, მაგრამ სენატს არ სურდა მისი გავლენის გაძლიერება. ამავე პერიოდში ესპანეთიდან დაბრუნდა კეისარი, რომელიც აპირებდა 59 წლის არჩევნებში კონსულობის მოპოვებას. ამრიგად, შეიქმნა არაფორმალური ალიანსი, რომელიც ისტორიაში პირველი ტრიუმვიტარის სახელით შევიდა. კავშირის გასამყარებლად კეისარმა პომპეუსს საკუთარი ქალიშვილი შერთო ცოლად.
კონსულობის ვადის ამოწურვის შემდეგ ტრიუმვირებმა მოახერხეს შემდეგ ვადაზე თავისი ხალხი გაეყვანათ კონსულებად, ხოლო კეისარმა 5 წლით მიიღო გალიაში მმართველობა, ეს მას ჯარის შეკრების უფლებას აძლებდა. ახალ ადგილას კეისარმა დაიწყო რომის ძალაუფლების გამაგრება. ეს პერიოდი ისტორიაში გალური ომების სახელწოდებით არის ცნობილი. რომში დაძაბულობა მაინც გრძელდებოდა. ძვ. წ. 56 წელს ტრიუმვირები შეიკრიბნენ ქალაქ ლუკაში, აქ მოილაპარაკეს რომ კრასუსი და პომპეუსი ისევ უნდა გამხდარიყვნენ, რის შემდეგაც პომპეუსს უნდა მიეღო მმართველობა ესპანეთსა და აფრიკაში, მას ლეგატების მეშვეობით უნდა ემართა, თვითონ კი რომში დარჩენილიყო, ხოლო კრასუსს უნდა მიეღო აღმოსავლეთი და პართიის წინააღმდეგ ომისთვის დაეწყო მზადება.
კეისარის უფლებამოსილება გალიაში კიდევ 5 წლით გაუგრძელდა. მან გალია რომის პროვინციათ გამოაცხადა, გერმანული ტომები რეინს იქეთ გაყარა და გაილაშქრა ბრიტანეთისკენ.
ძვ. წ. 54 წელს გარდაიცვალა კეისარის შვილი, პომპეუსის მეუღლე იულია, რამაც კეისარსა და პომპეუსს შორის კავშირის დარღვევა გამოიწვია. ტრიუმვირატი ძვ. წ. 53 წელს დაიშალა. პართიელებთან ომში დაიღუპა კრასუსი. პომპეუსი არ იყო კეისარის პოპულარობის ზრდით კმაყოფილი და ძვ. წ. 52 წელს გადავიდა ოპტიმალების მხარეს. იგი აირჩიეს კონსულად და პირველად ისტორიაში იგი გახდა კონსული კოლეგის გარეშე — პრაქტიკულად დიქტატორი. მან კეისრის მომხრეების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. გალიის დამარცხების შემდეგ კეისარმა გადაწყვიტა ძვ. წ. 49 წელს კონსულობის არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ პომპეუსმა გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც კეისარს ლეგიონების დათხოვნამდე არ შეეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ამავე დროს კეისართან დახმარების სათხოვნელად სახალხო ტრიბუნები მივიდნენ, ამან კეისარს პომპეუსთან ომის დაწყების საბაბი მისცა.
49 წლის 10 იანვარს კეისარმა გადმოლახა მდინარე რუბიკონი (რომელიც იტალიას და გალიას ჰყოფდა) და განაცხადა „alea iacta est“ - „წილი ნაყარია“. სამოქალაქო ომი დაიწყო.
კეისარს მხარს მისი ვეტერანები, რომაული პლებსი, არისტოკრატიის ნაწილი და მხედრები უჭერდნენ. პომპეუსს კი მხოლოდ სენატი და მდიდარი მიწათმფლობელები. ძალების ამ განლაგების პირობებში პომპეუსს არ შეეძლო ჯარის შეკრება, რომელიც კეისარს აღუდგებოდა, ამიტომ იგი ეპიროსში და მაკედონიაში წავიდა. კეისარმა იტალია უბრძოლველად დაიკავა, რის შემდეგაც მან არ დაიწყო რეპრესიები და ღიად დაგმო სულას ტერორისტული რეჟიმი, რითაც მდიდარი მიწათმფლობელების მხარდაჭერა მოიპოვა.
უპირველეს ყოვლისა, კეისარმა დაამარცხა პომპეუსის მომხრეები ესპანეთში, შემდეგ მან გადასხა ჯარები ეპიროსში, სადაც ბევრმა ქალაქმა მას დაუჭირა მხარი. გადამწყვეტი ბრძოლა შედგა ქალაქ თარსალუსთან, 9 აგვისტოს, რომელშიც კეისარმა სასტიკად დაამარცხა პომპეუსი. ეს უკანასკნელი გაიქცა ეგვიპტეში, სადაც იგი მოკლეს.
კეისარი თავისი ლაშქრით გაემართა ეგვიპტისკენ, სადაც მძიმე ბრძოლის შედეგად დაამარცხა მცირეწლოვანი პტოლომეუსი და ტახტზე მისი და კლეოპატრა აიყვანა. მოგვიანებით კლეოპატრამ მისგან შვილი გააჩინა, რომელსაც პტოლომეუს კეისარი დაარქვა. ამის შემდეგ იგი მცირე აზიისკენ გაემართა, სადაც ძვ. წ. 47 წელს სწრაფად დაამარცხა მითრიდატეს ვაჟი ფარნაკუსუს II. ამ დროიდან დამკვიდრდა მისი ცნობილი ფრაზა „veni, vidi, vici“ - „მიველ, ვნახე, დავამარცხე“.
დასავლეთ აფრიკაში ჯერ კიდევ იყვნენ პომპეუსის მხარდამჭერები, მისი მოკავშირე, ნუმიდიის მეფე იუბა. ქალაქ თაფსუსთან ბრძოლისას პომპეუსის მომხრეები საბოლოოდ დამარცხდნენ. იუბამ და კატონმა თავი მოიკლეს, რის შემდეგაც ნუმიდია რომის პროვინციად გამოცხადდა.
სამოქალაქო ომი დასრულდა ესპანეთში პომპეუსის შვილების აჯანყების ჩახშობით. ძვ. წ. 45 წელს მუნდასთან ბრძოლისას კეისარმა გაიმარჯვა. გნეუს პომპეუს უმცროსი ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო მისმა ძმამ სექსტუსმა დროებით შეწყვიტა ბრძოლა.
ერთპიროვნული მმართველობის მიღების შემდეგ, კეისარმა უხეშად და უპრეცენდენტოდ დაარღვია რესპუბლიკური ტრადიციები, 45 წელს მან საკუთარი თავს 10 წლიანი დიქტატურა და ცენზორის ძალაუფლება მიანიჭა.
კეისარის დიქტატურის დროს მოხდა პროვინციების მმართველობის სისტემის შეცვლა და ფართო კოლონიზაცია. მან უხვად დაურიგა პროვინციებში თავის მომხრეებს რომაული და ლათინური მოქალაქეობა. მან გაზარდა სენატორთა რაოდენობა 900-მდე და შექმნა ახალი მაგისტრატურები. კეისარს Pater Patriae (ქვეყნის მამა) უწოდეს. კეისარმა საგრძნობლად შეზღუდა სენატის პოლიტიკური ძალაუფლება, რითაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. მან პართიის წინააღმდეგ ლაშქრობის მზადება დაიწყო, რაც წარმატების შემთხვევაში მის პოპულარობას და გავლენას კიდევ უფრო გაზრდიდა. სენატორებს ეშინოდათ რომ კეისარი მათ აიძულებდა მის მეფედ აღიარებას. კეისარმა ასევე მოახდინა კალენდრის რეფორმა და მთვარის კალენდარი მზის კალენდრით შეცვალა, რომელსაც იულიანური კალენდარი ეწოდა და მხოლოდ XVI საუკუნეში შეიცვალა გრიგორიანული კალენდრით, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესია მას აქამდე იყენებს.
უკმაყოფილო სენატორების 60 კაციანი ჯგუფი გაერთიანდა გაიუს კასიუს ლონგინუსისა და მარკუს იუნიუს ბრუტუსის გარშემო. მათ მოაწყეს შეთქმულება რესპუბლიკის გადასარჩენად, რომელიც ძვ. წ. 44 წლის 15 მარტს სენატში კეისარის მკვლელობით დასრულდა.
კეისარის სიკვდილის შემდეგ კონსული მარკუს ანტონიუსი გამოვიდა სენატის წინაშე და განუმარტა, რომ კეისარის ტირანად ცნობა გამოიწვევდა მისი ყველა განკარგულების გაუქმებას, რაც სახელმწიფოსთვის მძიმე შედეგებს იქონიებდა, ციცერონმა კი სენატს კომპრომისული გადაწყვეტილება შესთავაზა — კეისარი ტირანად არ გამოეცხადებინათ, მაგრამ არც მისი მკვლელები დაესაჯათ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, კასიუსს და ბრუტუსს საბერძნეთში მოუწიათ გაქცევა, რადგან რომაელებმა კეისარის დაკრძალვის შემდეგ შეთქმულთა სახლების რბევა დაიწყეს.
ანტონიუსი კეისარის პრინციპებზე დაყრდნობით უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას იკრეფდა, რითიც რესპუბლიკელების უკმაყოფილება გამოიწვია. ამავდროულად, მას კეისარის მომხრეებიც განუდგნენ, ისინი ანტონიუსს კეისარის მკვლელებთან თანამშრომლობაში დებდნენ ბრალს. მათი ახალი ლიდერი გახდა კეისარის დის შვილიშვილი 19 წლის ოქტავიანე, რომელსაც ასევე ციცერონი აქტიურად უჭერდა მხარს.
თავიდან ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის უთანხმოება იყო, ანტონიუსი გალიაში წავიდა და მარკუს ემილიუს ლეპიდუსთან ერთად ოქტავიანეს წინააღმდეგ ჯარების შეკრება დაიწყო. ძვ. წ. 43 წელს ოქტავიანემ დაამარცხა ანტონიუსი, მაგრამ ამის შემდეგ სენატორებმა სცადეს ოქტავიანეს გვერდის ავლით უწინდელი ძალაუფლების აღდგენა. ამ მიზეზების გამო მან გაწყვიტა სენატსა და ოპტიმალებთან კავშირი და იმავე წლის ოქტომბერში, ქალაქ ბონინში შეხვდა ანტონიუსს და ლეპიდუსს, სადაც მათ ხელშეკრულება დადეს. ეს კავშირი ისტორიაში მეორე ტრიუმვირატის სახელით შევიდა.
ტრიუმვირებმა გაიყვეს დასავლეთ პროვინციები და განიზრახეს კასიუსის და ბრუტუსის წინააღმდეგ ომის დაწყება. რომში დაბრუნებისთანავე მათ დაიმტკიცეს აღებული უფლებამოსილებები და გამოაცხადეს პროსკრიპციები. პროსკრიპციულ სიებში პირველი ადგილი ციცერონმა დაიკავა, ამ სიებში ასევე შევიდნენ კეისარის მოწინააღმდეგეები და ტრიუმვირების მტრები.
ანტონიუსის ჯარი რესპუბლიკელების არმიას, რომელსაც სათავეში ბრუტუსი და კასიუსი უდგნენ, მაკედონიის ქალაქ ფილიპიასთან შეხვდა. ძვ. წ. 42 წლის 23 ოქტომბერს რესპუბლიკელები დამარცხდნენ და ბრუტუსმა და კასიუსმა თავი მოიკლეს.
ამ გამარჯვების შემდეგ ტრიუმვირებმა თავიდან გაიყვეს პროვინციები, ლეპიდუსი წავიდა აფრიკაში და მალევე ჩამოშორდა პოლიტიკას, ოქტავიანე დაბრუნდა რომში, ხოლო ანტონიუსი წავიდა აღმოსავლეთისკენ. კილიკიაში იგი კლეოპატრას შეხვდა, რომელსაც სურდა რომის ახალ მმართველობასთანაც გაეგრძელებინა ის ურთიერთობა რაც კეისართან ჰქონდა, თან ანტონიუსის დახმარებით გაეფართოვებინა ეგვიპტე.
ძვ. წ. 40 წელს ანტონიუსმა და ოქტავიანემ ქალაქ ბრუნდისიუმში დადეს ახალი ხელშეკრულება, რომლის გასამყარებლად ანტონიუსმა ოქტავიანეს და მოიყვანა ცოლად. ოქტავიანემ კი არისტოკრატიასთან დასაახლოვებლად მოიყვანა სახელგანთქმული არისტოკრატის ლივიუს დრუზუსის შვილი და არანაკლებ წარჩინებული არისტოკრატის კლავდიუს ნერონის ყოფილი ცოლი ლივია. იგი ხალხს დაპირდა რომ ანტონიუსის აღმოსავლეთიდან დაბრუნებისას ისინი გადადგებოდნენ თანამდებობებიდან და აღადგენდნენ რესპუბლიკას.
ანტონიუსი ამ დროს პართიელებთან ომით იყო დაკავებული, რომელიც მან სამარცხვინოთ წააგო და წავიდა ევგიპტეში, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჰყავდა ცოლი, კლეოპატრაზე იქორწინა და აღმოსავლეთი პროვინციები მის შვილებს უძღვნა. მისმა განქორწინებამ ოქტავიასთან და ანდერძის გამოქვეყნებამ, რომლითაც იგი ითხოვდა მის ალექსანდრიაში დაკრძალვას, რომში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და გააქარწყლა რომში მისი პოპულარობა. ანტონიუსსა და ოქტავიანს შორის კავშირი შეწყდა.
ოქტავიანე ფლოტით გაემართა ანტონიუსთან საომრად და ამ ომის პირველივე საზღვაო ბრძოლამ ძვ. წ. 31 წლის 2 სექტემბერს აქციუმის კუნძულებთან განაპირობა ომის ბედი. ანტონიუსის და კლეოპატრას ფლოტი მთლიანად განადგურდა. ძვ. წ. 30 წლის ზაფხულში ანტონიუსმა და კლეოპატრამ თავი მოიკლეს. ოქტავიანემ ეგვიპტე შეუერთა რომის იმპერიას. ამით სამოქალაქო ომები დასრულდა.
სამოქალაქო ომების დასრულების შემდეგ რომში უკვე აღარავინ აღარ დარჩა ვინც ოქტავიანეს წინ აღუდგებოდა. მან კი როგორც კეისარის შვილობილმა მოიპოვა აბსოლუტური ძალაუფლება. რესპუბლიკური მართვის ინსტიტუტები არ მოშლილა, მაგრამ მათ უკვე აღარ ჰქონდათ უწინდებური მნიშვნელობა. ოქტავიანემ „გაფილტრა“ სენატი და იგი თავისი მომხრეებით შეავსო. რომაელები ძალიან გადაიღალნენ გაუთავებელი სამოქალაქო ომებით და ამიტომ წყნარად აღიქვეს ფაქტი რომ ძალაუფლება მხოლოდ ერთი ადამიანის ხელში იყო კონცენტრირებული. ძვ. წ. 27 წელს სენატმა მას უბოძა ავგუსტუსის წოდება, რაც ლათინურად პატივცემულს ნიშნავს. ოქტავიანემ სიფრთხილის გამო არ აიღო მეფის ტიტული, არამედ არჩია პირველი მოქალაქე princeps და იმპერატორი, ამ უკანასკნელი ტიტულით რომაელი ჯარისკაცები გამარჯვებულ მხედართმთავრებს აჯილდოვებდნენ.
ასე დაიბადა რომის იმპერია რესპუბლიკის ნაცვლად. როდესაც ოქტავიანემ ტიბერიუსი გამოაცხადა თავის მემკვიდრედ, ყველამ გააცნობიერა რომ რესპუბლიკის აღდგენის იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ.
რესპუბლიკის ეპოქის დამთავრების მიზეზები ის იყო რომ რომის რესპუბლიკის სახელმწიფო აპარატი კარგად იყო მორგებული მხოლოდ ქალაქ-სახელმწიფოზე, მაგრამ ძვ. წ. III-II საუკუნეებში სახელმწიფო იმდენად გაიზარდა და ამ ნიადაგზე მდგომარეობა იმდენად შეიცვალა რომ საჭრო გახდა სეროიზული გარდაქმნები და ახალი, უფრო ძლიერი ცენტრალიზებული ხელმძღვანელობა.
რესპუბლიკის პირობებში კი სრული ძალაუფლება არავის ხელში არ იყო. რეფორმების გატარების პირველი მცდელობები ძმები გრაკჰების მიერ კი ტრაგიკულად დასრულდა. მათი მკვლელობის შემდეგ სახალხო კრებებზე და კენჭისყრებზე ძალადობა ჩოულებრივი მოვლენა გახდა. მარიუსის სამხედრო რეფორმის შემდეგ კი შეიცვალა რომაული ლეგიონების მნიშვნელობაც. მარიუსისა და სულას დაპირისპირებამ კარგად აჩვენა რომ ლეგიონებზე დაყრდნობით მხედართმთავარს შეუძლია სრული ძალაუფლების ხელში ჩაგდება და იგი, ფაქტობრივად, სენატზე მაღლა იდგა. ამას მოჰყვა სამოქალაქო ომების მთელი სერია, ჯერ მარიუსისა და სულას დაპირისპირება, რომლის დროსაც ხან ერთის ხან მეორეს მომხრეების წინააღმდეგ ტარდებოდა რეპრესიები, კეისარსა და პომპეუსს შორის ომი, შემდეგ ოქტავიანესა და კეისარის მკვლელ რესპუბლიკელებს შორის და ბოლოს ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის.
სამხედრო უპირატესობის მქონე პოლიტიკოსის ძალაუფლება კარგად გამოჩნდა კეისარის დიქტატის პერიოდშიც, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ საკმაოდ იყვნენ ძველი რესპუბლიკური ტრადიციების მომხრეები. როდესაც ანტონიუსმა კეისარს მეფობა შესთავაზა და მან უარი თქვა, რომაელები ამას სიხარულით შეეგებნენ. მაგრამ კეისარის მკვლელობისა და მთელი რიგი სამოქალაქო ომების შემდეგ, რომლებმაც რომაელი ხალხი ძალიან გამოფიტა, საზოგადოება უფრო მშვიდად შეეგება იმ აზრს რომელიც სულ 30 წლის წინ მათთვის რთულად მისაღები იყო — ძალაუფლების კონცენტრაცია მოხდა ერთი ადამიანის ხელში.
მიუხედავად ამისა, ოფიციალურად არც ოქტავიანე და არც მისი მემკვიდრეები არ აუქმებდნენ რესპუბლიკურ მაგისტრატურებს და არც საკუთარ თავს უწოდებდნენ მეფეებს. იმ დროინდელი გამოთქმით, იმპერატორები მართავდნენ სენატთან და ხალხთან თანხმობაში.
ასე დასრულდა რომის ისტორიის კიდევ ერთი ეტაპი და დაიწყო იმპერიის ეპოქა.
ელინისტური ქალაქ-სახელმწიფოების დაპყრობის შემდეგ მოხდა ბერძნული ენის და ელინური კულტურის რომში აქტიურად შემოჭრა. ბერძნული ფილოსოფიური მიმდინარეობების პოპულარიზაციას ხელი ციცერონმა შეუწყო, მთელ რიგ ფილოსოფიურ ნაწარმოებებში მას განხილული აქვს ბერძნული ფილოსოფიური სკოლების სწავლებები. მან, ასევე, შეიმუშავა ლათინური ფილოსოფიური ტერმინოლოგია.
რომაელებმა ბერძნებისა და ეგვიპტელებისგან გადმოიღეს მეცნიერების მიღწევები მედიცინაში, ასტრონომიასა და მათემატიკაში, ამასთან, მეცნიერება რომშიც ვითარდებოდა, მარკუს ტერენციუს ვარონუსმა შეადგინა მეცნიერებათა ენციკლოპედია, ჩაატარა კვლევები რომაული რელიგიის, ყოფა-ცხოვრებისა და ლათინური ენის შესახებ.
რიტორიკის ხელოვნებამაც ფართო გავრცელება ჰპოვა რომში. ამ ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიმდევარი იყო ციცერონი.
რომაულ ლიტერარურაში თავისი წვლილი მიუძღვის კეისარსაც. მისი „ჩანაწერები გალებთან ომის შესახებ“ ძალიან პოპულარული იყო და დიდი მოწონება დაიმსახურვა მისმა ლაკონურმა სტილმა და ძლიერმა შთამბეჭდაობამ. ამავე დროს წარმოიქმნა ლათინური ლირიკული პოეზია. პირველ რომაულ პოეტად ითვლება ლივიუს ანდრონიკუსი, მან ლათინურად თარგმნა „ოდისეა“. პუნიკური ომების პერიოდში სახელი გაითქვეს გნეუს ნევიუსმა თავისი ეპიკური ნაწარმოებით პირველ პუნიკურ ომზე და ენიუსმა, რომელიც მეორე პუნიკური ომის შესახებ წერდა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „ანალები“.
დიდი პოპულარობით სარგებლობდა რომში კომედიის ჟანრიც. უკვე III საუკუნეში იყო ამ ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ტიტუს მაციუს პლავტუსი. ამ ჟანრის კიდევ ერთი სახელგანთქმული წარმომადგენელი იყო პუბლიუს ტერენციუსი.
სრულიად ახალი რომაული ჟანრის — სატირის დამფუძნებელი იყო გაიუს ლუცილიუსი.
ლირიკული პოეზია ჩაისახა I საუკუნეში, ამ ჟანრის ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი იყო კატულუსი.
ისტორიკოსმა სალუსტიუსმა აღწერა იუგურთასთან ომი და კატილინას შეთქმულება. იგი მარიუსის დიდი მომხრე იყო.
ცირკის წარმოდგენები და გლადიატორების თამაშები რომში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ. პირველად გლადიატორთა თამაშები მოეწყო ძვ. წ. 254 წელს. თამაშებს აწყობდნენ პოლიტიკური მოღვაწეები, რითაც იხვეჭდნენ ხალხის სიყვარულს და პოპულარობას. ამის გარდა პოპულარული იყო ფარსები და პანტომიმები.
არქიტექტურამ და სახვითმა ხელოვნებამაც განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. II საუკუნიდან ქალაქებში დაიწყო ისეთი მონუმენტალური და დეკორატიული მშენებლობა, როგორიცაა ტრიუმფალური თაღები.
რესპუბლიკის ეპოქის მიწურულს მოხდა რომის გალამაზება, ფორუმის მორთვა. ამ დროისთვის რომი უკვე მრავალეროვანი მეგალოპისი გახდა, სადაც სხვადასხვა პროვინციებიდან ჩამოსულები სახლდებოდნენ, მათაც ქალაქს თავისებული იერი შესძინეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий