ორიგენე იზიარებს პატრისტიკულ შეხედულებას, რომ ბიბლია თვითონვე განმარტავს, ხსნის, თავის თავს. ეს იდეა წარმართული ტრადიციიდან იღებს სათავეს. ძვ. წ. მე-3 საუკუნის დიდი ალექსანდრიელი გრამატიკოსი არისტარქე სამოთრაკიელი წერს:
„ჰომეროსის ტექსტებს ნათელი მოეფინება ჰომეროსისავე განმარტებებით.“
ამ წესს რაბინულ ტრადიციაშიც მოეძებნება პარალელები, რომლის თანახმადაც „თორა განმარტავს თორას“. საფიქრებელია, რომ ეს ძირეული ეგზეგეტიკური პრინციპი ნოეს პერიოდზეც ვრცელდებოდეს. ფილონისა და იოსებ ფლავიუსის ნაწერებშიც ტექსტი განმარტავს ტექსტს. მაგალითად, ორიგენესთან შესაქმეს შესავალი სიტყვები (დაბ. 1:1) მიემართება იგავებს: „უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე“ (იგავ. 8:22), „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი“ (ფასალმ. 32:6) და იოანეს სახარება: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (იო. 1:1). ასე რომ, დაბადების I:I ნიშნავს: სიტყვა „დასაწყისში“ („დასაბამში“), რომელიც თავისთავად არის სიბრძნეში — ღმერთის სიტყვაა, თვით ქრისტეა („პირველსაწყისთა შესახებ“ 1.2.1-3, 1.3.3, 7). წარმართული ტრადიცია ასევე აღიარებს, რომ ჰომეროსისა და პლატონის ნაწერები იყო კოჰერენტული და რომ ის ელემენტები, რომლებიც ქმნიდნენ მათ თხზულებებს, წარმოადგენდა ლოგიკურ გრძლივობას, ხოლო როგორც მთლიანობა - ფორმობრივ ჰარმონიასა და შინაარსობრივ სისრულეს. ეს ასევე ინტერპრეტაციული ტექნიკის, აკოლუთიის ტექნიკაცაა: ერთი მხრივ, ეგზეგეტი უნდა გაერკვეს და დაწვრილებით შეისწავლოს განსამარტავი ტექსტის ლოგიკური მდინარება, ხოლო მეორე მხრივ - ნათელი მოჰფინოს შესაბამისობებს (კოჰერენციებს) სხვა ნაწილებთან მიმართებით. თავის კომენტარებში ორიგენე თავის პრინციპებს პრაქიკულ დანიშნულებას აძლევს: თავდაპირველად ის გვიჩვენებს ბიბლიური პასაჟის ყველა არსებულ ინტერპრეტაციას, რაც კი შესრულებულა მანამდე. შემდეგ კი განმარტავს ბიბლიურ პასაჟს აბზაც-აბზაც, სიტყვა-სიტყვა. ამისი კარგი მაგალითებია მათ. 17:15 და 17:17. დღესდღეობით ამგვარი განმარტება შეიძლება ზედმეტად ჩაითვალოს, რამდენადაც თანამედროვე ტექნიკით ჯერ დასაწყისში გვეძლევა კონკრეტული, დეტალური განმარტებები და ამის მერე ხდება თემის საგნის გაფართოება. თუმცა კი, ყველა ძველი კომენტატორი, იქნება ის ქრისტიანი თუ წარმართი, მისდევს ორიგენეს პრაქტიკას.
Комментариев нет:
Отправить комментарий