ტიტუს ფლავიუს კლემენსი ლათ. Titus Flavius Clemens იგივე კლიმენტი ალექსანდრიელი (ძვ. ბერძნ. Κλήμης ὁ Ἀλεξανδρεύς, ლათ. Clemens Alexandrinus ) (დ. დაახლ. 150 — გ. დაახლ. 215) — ქრისტიანობაზე მოქცეული სწავლული, რომელიც კარგად იყო განსწავლული ძველ ბერძნულ ფილოსოფიასა და ლიტერატურაში. როგორც მისი ნაშრომები მოწმობს, კლიმენტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ელინისტურ ფილოსოფიას თეოლოგიაში. ამასთან, მისი ნაშრომები ცხადყოფს იმასაც, რომ პლატონისა და სტოიციზმის გარდა, განიცდიდა პრექრისტიანული იუდაიზმისა და გნოსტიციზმის გავლენებსაც. მის მოსწავლეთა შორის გამორჩეულ ადგილს იკავებენ ორიგენე და ალექსანდრე იერუსალიმელი.
კლიმენტი ალექსანდრიელი წმინდანად არის შერაცხილი კოპტური, ეთიოპური და ანგლიკანური ეკლესიების მიერ. რომაული კათოლიკური ეკლესიის მიერ კლიმენტი მწვალებლად იქნა გამოცხადებული და 1586 წელს ბარონიუსის ინიციატივით მარტიროლოგიიდან ამოღებულ იქნა მისი სახელი რომის პაპ სიქსტუს V-ის მიერ.
კლიმენტი პლატონის „ფედროსისა“ და პავლე მოციქულის დამოწმებით ავითარებს აზრს ქრისტიანული მოძღვრების „ცოდნის“ „გნოსისთან“ იგივეობის შესახებ. როცა ეს ცოდნა ღრმაა, მოღწეულია საღმრთო წერილის დაფარული საზრისი, ამოცნობილია ბიბლიის საიდუმლოებები. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ უზენაესი სიბრძნის შეცნობა, განჭვრეტა არის სწორედ ქრისტიანული მოძღვრება და ფილოსოფიაც სწორედ ეს არის. ცოდნა გაცხადებული გრძნობადი ადამიანის დონეზე არ არის სრულყოფილი. იგი სრულყოფილი ხდება ხორციელის გარეშე. წმინდა სულის მიერ განჭვრეტის პირობებში, როცა ქრისტიანის სული ეზიარება მარადიულ, ღვთაებრივ არსს, მის პირდაპირ დგომით, ეს უკვე სიკვდილის შემდეგ გაცხადებული გნოსისია და მაშინ ხდება ჭეშმარიტი „გნოსტიკოსის“, ანუ მცოდნის დონეზე ამაღლება.
კლიმენტი ალექსანდრიელმა ცოდნისა და რწმენის ერთიანი საფუძველი ღვთაებრივში აღმოაჩინა და ის აზრი განავითარა, რომ მოციქულებმა ქრისტესგან არა მარტო ღვთაება, არამედ სიბრძნის რწმენა მიიღეს, არამედ მათ ამ სიბრძნის, როგორც უმაღლესი საიდუმლოების ცოდნა შეიძინეს. ამიტომ ნამდვილი გნოსტიკოსები, ანუ მორწმუნენი, მისტიკოსები არიან და ჩვეულებრივი მორწმუნეები მხოლოდ მხოლოდ მოციქულთა საშუალებით ეზიარებიან ღვთაებრივ საიდუმლოს და, რასაკვირველია, ეს ზიარება არასრულყოფილია.
Комментариев нет:
Отправить комментарий