среда, 8 апреля 2020 г.

არიმანი და შავი "ტანტრა"


ადამიანთა უმრავლესობა (ინდოეთის საზღვრებს გარეთ) ძალიან ცუდად იცნობს ან საერთოდ არც იცნობს ინდუიზმს, რაც შეეხება ინდუიზმში არსებულ ტანტრას ფილოსოფიას, ეს თვითონ ინდოელებმაც კი არ იციან წესიერად რა არის და ხშირ შემთხვევაში ტანტრისტებს შავ მაგებად და ნეკროფილებად ნათლავენ (რაც თუ კარგად დავფიქრდებით არც ისე შორსაა სიმართლისგან). პოსტ-საბჭოთა სივრცეში რეალური ტანტრას შესახებ ცოდნა ხალხში პრაქტიკულად ნულს უტოლდება და აქედან გამომდინარე მათი შეცდომაში შეყვანა იოლზე იოლია, რასაც აკეთებენ კიდეც "ტანტრას ოსტატები", რომლებიც ამართლებენ რიგითი ინდუსების წარმოდგენებს და აქტიურად ქადაგებენ და ავრცელებენ შავ მაგიას და უწოდებენ ამას "ბჰაირავა-ტანტრას". ბჰაირავა არის შივას ერთ-ერთი სახელი და ნიშნავს საზარელს, ამ სახელს ხშირად იყენებენ ტოტალიტარული დესტრუქციული სატანური ფსევდო-ინდუისტური სექტების და კულტების ლიდერები და რიგითი ადეპტებიც. საინტერესო ისაა, რომ ქრისტიანული, ისლამური, მაზდეანური და თვითონ ორთოდოქსული ინდუიზმის (ბრაჰმანიზმის) ხედვით ეს ყველაფერი მარტივად ჯდება სატანურ-დემონური შავი ნეკრო-მაგიური კულტის ჩარჩოებში. მაზდეანურ რელიგიაში შავ "ტანტრას" შეესატყვისებიან დემონები: აჰრიმანი, ნასუ, ბუიტი, აეშმა და ზოჰაკი (დახაკი). ზარდუშტ სპიტამა (ზოროასტრი) აფრთხილებდა ხალხს ასეთი კულტების შესახებ ჯერ კიდევ 2600 წლის წინ. რუსეთში და მის მეზობელ ქვეყნებში უკვე ათ წელზე მეტია, რაც აქტიურად საუბრობენ "აჰრიმანულ გნოზისზე" და მისდევენ სისხლიან და ნეკროფეტიშისტურ დესტრუქციულ სატანურ კულტებს. რაც არ უნდა საკვირველი არ უნდა იყოს, ამ კულტების ადეპტებს არავინ სვამს ციხეში, პრაქტიკულად მთავრობა მათ ყურადღებას არ აქცევს და ტელეარხების პირდაპირ ეთერში გამოსვლის და შავი მაგიის პროპაგანდის საშუალებასაც კი აძლევს. ხდება გულუბრყვილო ადამიანების მასობრივი ზომბირება ფსევდო-ინტელექტუალი დემაგოგების და სოფისტების მიერ, რომლებიც ქადაგებენ შენიღბულ ძალადობას, შავ მაგიას და მკაცრ ანტი-ვეგეტარიანულ ფილოსოფიას.

ინდუიზმი (ვედური დჰარმა) იყოფა მრავალ განშტოებად და ცხადია ამ განშტოებათა შორის არიან რადიკალებიც, რომლებიც რეპუტაციას უფუჭებენ ინდუიზმს დასავლეთის ხალხთა შორის, რომლებმაც თითქმის არაფერი იციან ინდუისტური რელიგიის და ფილოსოფიის შესახებ. ბევრი აბდალი ადამიანი ისე ხდება შავი მაგიური სექტების ადეპტი, რომ ბოლომდე სჯერა, რომ ინდუისტურ რელიგიას ეზიარა და არა მის დამახინჯებულ სუროგატს, ადაპტირებულს დასავლეთის არაინფორმირებული და მიამიტი პროფანებისათვის.

ინდუიზმში შედის: სმარტიზმი, ბრაჰმანიზმი, ვიშნუიზმი, შივაიზმი, ადვაიტა-ვედანტა, საურა-დჰარმა, განაპატი-დჰარმა, კაუმარა-დჰარმა, შაკტიზმი, ტანტრიზმი და ა.შ. ტანტრიზმს რაც შეეხება, ძირითადად დასავლეთში მას ქადაგებენ და ავრცელებენ "გურუები", რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ნამდვილ ტანტრასთან და რეალურად ხალხს სთავაზობენ ლამაზად შეფუთულ და შელამაზებულ, შენიღბულ შავ ნეკრომაგიას. არ მსურს კონკრეტული სახელები დავასახელო, მაგრამ "ბჰაირავას" მიმდევარი შავი მაგებით (აბჰიჩარას "ოსტატებით") სავსეა მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცე, რომელიც ისედაც მოკლებულია რეალურ ცოდნას ვედების შესახებ.

ტანტრას ორი ვერსია ვრცელდება დასავლეთში და ორივე პროფანაციაა, პირველი ესაა - ნეკროკულტი (შავი მაგიზმი), მეორეა - სექს-კულტი ("ნეო-ტანტრიზმი" ადაპტირებული გაუნათლებელი დასავლელი პროფანებისათვის, რომლებსაც პროფანირებული ვერსია უფრო სიამოვნებთ, ვიდრე ავტორიტეტული პრაქტიკა).

ევროპა, პოსტ-საბჭოთა სივრცე და აშშ სავსეა სხვადასხვაგვარი შარლატანი სექს-გურუებით და შავი მაგებით, რომლებიც წარმატებით აზომბირებენ საქმეში ჩაუხედავ გულუბრყვილო ადამიანებს, რომლებსაც სურთ ახალი და "ეგზოტიკური" ფილოსოფია, რეალურად კი დემონური ძალების მახეში ებმებიან, ისე, რომ ვერც ვერასოდეს გააცნობიერებენ ამ საზარელ სიმართლეს და არც კი ვიცი რას იზამენ, თუ ოდესმე გააცნობიერებენ და ღრმად გაიაზრებენ ამ მწარე რეალობას.

ეს "ტანტრიზმი" წააგავს აჰრიმანის მიერ შემოგდებულ საცდურს და არა ტანტრას. რეალური ტანტრა ესაა უფალი შივას და ქალღმერთი პარვატის ფილოსოფიური დიალოგები, რომლებიც სავსეა პროფანებისათვის გაუგებარი მეტაფორებით, ტანტრა არაა მაგიზმი ან "სექს-გასხივოსნება", ტანტრა ესაა პანენთეიზმის უნიკალური და განსაკუთრებული ფორმა, დაფუძნებული ვედებზე და უპანიშადებზე.

ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია

Комментариев нет:

Отправить комментарий