суббота, 4 апреля 2020 г.

გაიუს იულიუს კეისარი (ლათ. Dictator Gaius Iulius Caesar)


გაიუს იულიუს კეისარი (ლათ. Dictator Gaius Iulius Caesar) (დ. 12/13 ივლისი, ძვ. წ. 100 ― გ. 15 მარტი, ძვ. წ. 44) — ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. წარმოშობით პატრიცი. 68 წელს გახდა კვესტორი, 65-ში ― ედილი, 62-ში პრეტორი, 60 წელს შეკრა კავშირი პომპეუსთან და კრასუსთან სენატის წინააღმდეგ (პირველი ტრიუმვირატი). 59 წელს გახდა კონსული, 46-ში აირჩიეს დიქტატორად. 44 წელს მოკლეს შეთქმულებმა. მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად.

გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ძვ. წ. 100, 12 ივლისს, წარჩინებული პატრიციანული გვარის, გაიუს იულიუს კეისრის ოჯახში. კეისრის ახალგაზრდობა სულას დიქტატურას დაემთხვა. ეს იყო უაღრესად სისხლიანი დრო რომის ისტორიაში. გაიუს მარიუსი, იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი მხედართმთავარი, სულას დაუძინებელი მტერი კეისარს ბიძად ეკუთვნოდა (მამიდის — იულიას მეუღლე). ეს, კი სასიკვდილო განაჩენი იყო იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კეისარი ძალიან ახალგაზრდა იყო, სულა მასში უკვე ხედავდა ძლიერ პიროვნებას და მისი რეჟიმის მტერს. კეისარი იხსნა ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ. კეისარს რომში აღარ დაედგომებოდა. იგი წავიდა საბერძნეთში, სამოგზაუროდ და სასწავლებლად. სულას გარდაცვალების შემდგომ კეისარი ისევ დაბრუნდა რომში, სადაც დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. კეისარს სამომავლოდ დიდი პროექტები ჰქონდა დაგეგმილი, მათ განსახორციელებლად კი საჭირო იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

ძვ. წ. 63 კეისარი აირჩიეს უმაღლეს ქურუმად (Pontifex Maximus).

პირველი თანამდებობა, რომელიც მან მიიღო, იყო სამხედრო ტრიბუნობა, ანუ ლეგიონის მეთაურობა. ამ თანამდებობაზე ან კონსულები ნიშნავდნენ, ან სახალხო კრებაზე ირჩევდნენ. კეისარი სწორედ ხალხმა აირჩია სამხედრო ტრიბუნად. მას მეტოქეც ჰყავდა ამ თანამდებობაზე - გაიუს პოპილიუსი - მაგრამ ხალხმა პოპილიუსს კეისარი ამჯობინა.

ეს გამოხატულება იყო იმ საერთო პატივისცემისა და სიყვარულისა, რომლითაც ახალგაზრდა კეისარი გარემოსილი ყოფილა სწორედ სახალხო ფენებში. ხალხს ხიბლავდა მისი თავაზიანობა, ალერსიანი მოპყრობა და ლამაზი, ჭკვიანი სიტყვა, განსაკუთრებით კი მისი სიუხვე და ხელგაშლილობა - ხალხისთვის გაშლილი მდიდრული სანადიმო სუფრები

არისტოკრატები კი - რესპუბლიკისთვის “თავდადებული” არისტოკრატები, რომლებიც ყოფელი ცალკე პიროვნების აღზევებაში მათი ხელისუფლების მომავალ დამამხობელს ხედავდნენ - ჯერ მაინც რაიმე საშიშ ძალად არ მიიჩნევდნენ კეისარს. მალე ფული შემოელევა, ეგ სახალხო სუფრები მოუწყდება და ხალხიც, როგორც ყოველთვის, თავის ფარისეველ კეთილისმყოფელს მიატოვებს და დაივიწყებსო - ფიქრობდნენ ოპტიმისტები, კეისრის პიროვნული მოშურნენი და მოძულენი.

მაგრამ “რესპუბლიკის მამათა” შორის მაინც იყო ერთი კაცი, რომელიც კეისარში იმთავითვე ხედავდა რესპუბლიკისთვის მომავალ საფრთხეს. ეს კაცი იყო ციცერონი, რომელიც მაშინდელ ჭაბუკ კეისარს დროებით დამშვიდებულ ზღვას ადარებდა. კეისრის ალერსიანობა და სიხალისე ოდენ გარეგნული საფარველია, ხოლო შინაგანად მასში ტირანული შინაარსის განზრახვები იმალებაო, - ამბობდა ციცერონი, თუმცაღა, ხანგადან ამასაც დასძენდა იგი: “როდესაც მე მის გულმოდგინე დაწყობილ თმას ვუცქერ, როდესაც ვხედავ, იგი თავს ერთი თითით იფხანს, მაშინ კი აღარ მგონია, იმ კაცს გუნებაში ისეთი დიდი ბოროტი ზრახვა ჰქონდეს, როგორიც რომაელთა სახელმწიფოებრივი წყობილების დამხობაა”.

ერთი თითით თავის ფხანა რომში ქალაჩუნობად ითვლებოდა და ციცერონიც თითქოს იმედოვნებდა, რომ ქალივით კოპწია კეისარი მოკლებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო გადატრიალებისთვის აუცილებელ ვაჟკაცურ თვისებებს.

კეისარი კი ხალხში სიყვარულსა და მხარდაჭერას უფრო და უფრო იძლიერებდა. იმჟამად იგი ცნობილი აპიუსის გზის (via Apia) (გზა რომსა და კაპუას შორის) პროკურატორად იყო დანიშნული და მიუხედავად ათას სამასი ტალანტის ვალისა, მაინც ამ გზის კეთილმოწყალედ კეისარმა პირადი ქონებიდან არაფერი დაზოგა.

კვესტორი

მალე კეისარმა კვესტორობაც მიიღო და სწორედ მისი კვესტორობის დროს გარდაიცვალა მამიდამისი - გაიუს მარიუსის მეუღლე იულია, რომელსაც კეისარმა ბრწყინვალე დაკრძალვა მოუწყო; რომის ფორუმზე დაასვენა და სიტყვით მიმართა. მამიდაჩემი იულია - ამბობდა ორატორი - დედით მეფეთა შთამომავალია, მამით კი ღმერთებისო; აქ, წინაპრებად ანკუს მარციუსი (რომის მეოთხე მეფე) და ღმერთქალი ვენერა იგულისხმებაო. საერთოდ იულიუსების გვარი, რომელსაც ჩემი ოჯახიც ეკუთვნის, სწორედ ღმერთქალ ვენერას შვილიშვილისგან, იულოსისგან მოედინებაო. აი, რატომ არის, რომ ჩვენი გვარისანი არიან ხელშეუხებელნი და თაყვანცემულნი ღმერთებივითო.

ხალხს განსაკუთრებით ის გაუხარდა, რომ იულიას დაკრძალვაზე კეისარმა მისი მეუღლის, გაიუს მარიუსის ქანდაკებებიც გამოიტანა. სულას ბატონობის შემდეგ, ვეღარავის წარმოედგინა, კიდევ თუ ვინმე გაბედავდა გაიუს მარიუსის, ვითარცა “ხალხის მტრის”, რეაბილიტაციას. ახლა კი, როდესაც კეისარმა თავისი დიდი ბიძის, “იტალიის მხსნელისა” და “სამშობლოს მამის” სახება “საიქიოს სამყაროდან კვლავ რომს მოაბრუნა”, არისტოკრატთა ბანაკი აღშფოთებამ მოიცვა, მაგრამ ხალხმა კეისრისადმი აღტაცებული ყიჟინითა და დაჭის გრიალით ჩაახშო მათი პროტესტი.

გარდაცვლილ ხანდაზმულ ქალზე სამგლოვიარო სიტყვის წარმოთქმა რომში ძველთაგანვე მიღებული საქებარი საქციელი იყო, მაგრამ ახალგაზრდა ქალებისადმი ასეთი პატივი საერთოდ არ არსებობდა და აქამდე არც არავის გაეგონა. მაგრამ მაშინ კეისარს ცოლიც გარდაეცვალა - ჯერ კიდევ სავსებით ახალგაზრდა კორნელია - და მის დაკრძალვაზეც წარმოთქვა ფრიად მგრძნობიარე სიტყვა დაქვრივებულმა ქმარმა. და ამ “ნოვატორობითაც” ძალიან მოინადირა ხალხის გული მაშინ კეისარმა. გარდაცვლილი კორნელიასაგან კეისარს დარჩა ერთადერთი ასული, იულია (მომავალში პომპეუსის ცოლი).

იმ წელს (ქრისტესშობამდე 67), მეუღლის დაკრძალვის შემდეგ, კეისარი, როგორც კვესტორი, პრეტორ ვეტუსთან ერთად, გაეშურა შორეულ ესპანეთში. და ერთხელ იქ, გემთმშენებლობის მოსახილველად ქალაქ გადესში ყოფნისას, ჰერაკლეს სახელობის ტაძარში შეიარა და იხილა ქანდაკება ალექსანდრე მაკედონელისა. კარგა ხანს უცქირა, მერე ნაღვლიანი ოხვრა აღმოხდა, თითქოს საკუთარი თავი დაიწუნა უმოქმედობისა და უსაქმურობისთვის - რამეთუ ახლა მე 33 წლისა ვარ და ალექსანდრეს კი სწორედ ამ ასაკში მსოფლიოც დაპყრობილი ჰქონდა და სიცოცხლეც დამთავრებული. და იმ წუთებშივე, მსოფლიოს ყველაზე დიდი დამპყრობლის წინაშე, გადაწყვიტა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო რომში და პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისთანავე დაეწყო ბრძოლა “უფრო დიად საქმეთა” აღსრულებისთვის.

კეისარი ნაადრევად გამოეშურა ესპანეთიდან, სანამ პროვინციის მმართველობის კანონით დადგენილი ვადა (ერთი წელიწადი) განესრულებინა. პირინეები სწრაფად გადმოიარა, ალპებიც და მდინარე პადუსის (პო) ჩრდილოეთ ლათინურ ქალაქებს ეწვია. ეს ქალაქები, რომელთაც “მოკავშირეთა ომის” დროს ლათინური მოქალაქეობა მოიპოვეს, ახლა რომაულ მოქალაქეობასაც მიელტვოდნენ თავგამოდებით. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ კეისარი სწორედ ამ ქალაქთა მიმხრობითა და აჯანყებით დაიწყებდა რომში პოლიტიკური აღზევების კიბეზე ასვლას. მაგრამ კონსულებმა აზიაში გასაგზავნი ლეგიონები რომში დააყოვნეს, კეისარს კი დაყოვნებები და პაუზები არ უყვარდა, პადუსის ხეობა მიატოვა და პირდაპირ რომს მივიდა. მივიდა და, თითქოს პოლიტიკაზე არც ფიქრობდა და არც სცალოდა... ცოლი შეირთო, ეს იყო პომპეა - ასული კვინტუს პომპეუსისა და შვილიშვილი სულა დიქტატორისა.

ედილი

მალე არჩევნები იწყებოდა და ედილობის მაძიებელთა შორის კეისრის სახელიც გამოჩნდა, მაგრამ კეისრის სახელს საფრთხეც დაემუქრა მაშინ. ზემოთაც ითქვა, რომ მისმა პოლიტიკურმა მტრებმა ხმა დააგდეს, თითქოს კეისარი და კრასუსი კატილინას შეთქმულებაში მონაწილეობდნენ; თითქოს, შეთქმულებს რომში ხოცვა-ჟლეტა მაშინ უნდა დაეწყოთ, როდესაც სანიშნოდ კეისარი ბეჭიდან ტოგას ჩამოიცურებდა; მაგრამ აქამდე საქმე არ მივიდა, თვითონ კატილინას სულწასულობისა და უტაქტობის გამო და სხვა მისთანანი.

ხმებმა ხმებად ჩაიარა და სახალხო კრებამ კეისარი ედილად აირჩია. ამ გამარჯვების აღსანიშნავად და ხალხის სამადლობლად კეისარმა დიდი საცირკო სანახაობა გამართა - 320 წყვილი გლადიატორი გამოიყვანა და ერთმანეთს შეაწყვიტა “დიდი რომაელი ხალხის” თვალსასეიროდ. ცირკის არენაზე აქამდე არავის ენახა ასეთი სიმრავლე მეომრებისა, არც ასეთი სიმდიდრე შეიარაღებისა: გლადიატორები ერთმანეთს ხოცავდნენ ვერცხლის აღჭურვილობით.

სხვათა შორის, კეისარს გაცილებით მეტი გლადიატორი ჰყოლია გამზადებული იმ დღეს ცირკში გამოსაყვანად, მაგრამ მონა-მეომართა სიმრავლემ დააფრთხო კეისრის პოლიტიკური მომტერენი და სენატს საგანგებო დადგენილება მიაღებინეს, ამიერიდან კეისარს და სხვასაც აკრძალვოდათ განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი გლადიატორის შეგროვება.

იმავე 65 წელს, ედილმა კეისარმა ახლად აგებული ბაზილიკებით და კოლონადებით შეამკო და გაამშვენიერა ფორუმი, კომიციები და თვითონ კაპიტოლიუმი. მან პირდაპირ დაჩრდილა იმწლევანდელი კონსულნი - ლუციუს კოტა და ლუციუს მანლიუს ტორკვატუსი.

სწორედ იმჟამად აღმოსავლეთიდან საშფოთარი ამბავი მოიჭრა: ეგვიპტის სასახლის კარზე გადატრიალება მომხდარა და შეთქმულებს ტახტიდან ჩამოუგდიათ მეფე პტოლემაიოს X ალექსანდრე, “მოკავშირე და მეგობარი რომაელი ხალხისა”. კეისარმა მაშინვე ითხოვა სარდლობა და გამგზავრება ეგვიპტეში “წესრიგის აღსადგენად”. მაგრამ ოპტიმატებმა “მათი სენატის” საშუალების დასაწყისშივე ცივი უარით გააბათილეს საშიში მეტოქის თხოვნა.

მაგრამ კეისარებს ოპტიმატებს მაშინვე საკადრისი პასუხი გასცა: სასწრაფოდ ოსტატები შემოიყარა და გაიუს მარიუსის გამარჯვებათა აღმნიშვნელი ქანდაკებები ჩამოასხმევინა - სწორედ ისეთი, ოპტიმატების ბელადმა სულამ რომ დაამსხვრევინა თავისი სისხლიანი დიქტატურის ჟამს. და ეს ახალი ოქროცურვილი ქანდაკებანი ერთ დილით მოულოდნელად აღიმართნენ რომის ფორუმზე. ფორუმი ერთბაშად ხალხით გაიჭედა. აღტაცებით, სიხარულის ცრემლებით ათვალიერებდნენ და ულოლიავებდნენ თავინთი ბელადის, დიდი მარიუსის გამარჯვებათა მთხრობელ რელიეფებს - იუგურთაზე, კიმბრებზე, ტევტონებზე... და ხოტბას ასხამდნენ კეისარს.

ისევ ახმაურდნენ არისტოკრატები: კეისრის ეს მოქმედება ტირანიისკენ მის სწრაფვას ნიშნავსო, რადგან არავის არ აქვს უფლება, მკვდრეთით აღადგინოს და პატივი სცეს იმას, ვინც და რაც კანონებითა და სენატის დადგენილებით იქნა დაგმობილი და დასამარებულიო. მაგრამ ხალხმა უფრო ძლიერი ხმაურით ჩაახშო და დათრგუნა ოპტიმატები. კიდევ უფრო გამძლავრდა ხოტბა და ოვაციები კეისრისადმი.

მაშინ სენატი საგანგებოდ შეიკრიბა კეისრის საქციელის განსახილველად, საბრალდებო სიტყვით გამოვიდა ფრიად გავლენიანი სენატორი, ლუტაციუს კატულუსი. “ჩვენს სახელმწიფოზე კეისარს იერიში მოაქვს უკვე არა საიდუმლო გზებითა და ხვრელებით, არამედ პირდაპირ საალყო მანქანებით”, - ამბობდა იგი. კიდევ რამდენიმე სიტყვა ითქვა კეისრის წინააღმდეგ. ბოლოს გამოვიდა თვითონ კეისარი. გამოვიდა და წარმოთქვა სიტყვა ისე ძლიერი და შთამბეჭდავი, რომ არამცთუ ბრალდება მოიხსნა, მთელი სენატი თავისი სიტყვისა და აზრის ტყვეობაში მოექცა.

ისევ არ აცალა სულის მოთქმა კეისარმა ოპტიმატებს და ახლა სასამართლოზე წარმოთქვა სიტყვა, რომლითაც გადაჭრით მოითხოვა, მკვლელებად ჩაეთვალათ ყველა, ვისაც სულას პროსკრიპციების დროს რომაელი მოქალაქის მოკვლისათვის სახელმწიფო ხაზინიდან ფული აიღო. მისი მოთხოვნა ძალაში შევიდა და ამით სულას კანონმდებლობის ერთი ძლიერი და უბოროტესი პასაჟი სრულად მოიკვეთა.

63 წლის ბოლოს, მომავალი წლისთვის, კეისარი არჩეულ იქნა პრეტორად. იმავე ჟამს გამჟღავნდა კატილინის შეთქმულებაც. კეისარი მაშინ წინააღმდეგი წავიდა კატილინთა მიმდევართა სიკვდილით დასჯისა. იგი განუკითხაობად და რესპუბლიკური კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევდა სწორედ იმას, რომ სენატი სახალხო კრებაზე აპელაციის გარეშე აპირებდა შეთქმულთა ამოწყვეტას. ვნებათა ღელვას ნუ აჰყვებით და ხალხის დაუკითხავად ნუ გადაწყვეტთ რომაელი მოქალაქეების სიკვდილსო, - ამბობდა კეისარი. ამის უფლებას კანონი არ გვაძლევსო. უფრო მეტიც, კანონით, პოლიტიკური დამნაშავეობა, სიკვდილს კი არა, მხოლოდ გაძევებას ითვალისწინებსო, თუ მაინცა და მაინც, შეპყრობილი დამნაშავენი რომიდან გავიყვანოთ, იტალიის ქალაქებში დავფანტოთ და მათი ქონების კონფისკაცია ვიკმაროთო. თან იმასაც მიანიშნებდა კეისარი სენატს, - ოპტიმატთა იმ მთავარ საყრდენს - ხალხის დაუკითხავად მოქალაქეთა დასჯა სწორედ ოპტიმატებისადმი პოპულართა შურისგებას გამოიწვევსო.

კეისრის ამ სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და თითქოს, ეჭვიც აღარ იყო, რომ სენატის სრულ უმრავლესობას მისი წინადადებისათვის უნდა მიეცა ხმა, მაგრამ კატონის მკაცრმა სიტყვამ ისევ შეცვალა განწყობილება სენატორთა შორის. ჯერ კეისრის სიტყვით დამფრთხალი სენატორები დატუქსა კატონმა: კატილინა აშკარად ომს გვიწყებსო, აშკარა მტრები თვით რომის კედლებს შიგნით გვყავსო, - მტრები, რომლებიც მხილებული არიან სამშობლოს დამხობის ბოროტზრახვაში, მკვლელობაში, ძარცვაში, რბევაში, ცეცხლის წაკიდებაში - და თქვენ გინდათ ასეთი მტრები შეინდოთ, აპატიოთ, მაშინ როდესაც სახელმწიფოს ხსნა შეიძლება მხოლოდ მათი დაუყოვნებელი სიკვდილით. მას უკან თვითონ კეისარს მიუტრიალდა და მისდგა კატონი: შენ ლამაზ-ლამაზი კაცთმოყვარული ფრაზებით ვითომ ხალხის გულის მოგება გინდა; სენატსაც ხალხის სახელით აშინებ და სახელმწიფოს მტერთა აშკარა ქომაგობით ძირს უთხრი თვითონ სახელმწიფოს, იმის მაგივრად, რომ ჩვენი დიადი და მშვენიერი სამშობლო ეცოდებოდეს, კეისარი იცოდებს და მწარე ცრემლებს აფრქვევს მათთვის, ვინც, სჯობია, სულაც არ დაბადებულიყო ამ ქვეყანაზე.

ამას ამბობდა კატონი და თან სენატს იქითაც მიანიშნებდა, რომ გამორიცხული არ არის, კეისარი კატილინარების თანაშეთქმულიც იყოსო. ამიტომ კეისარს უნდა ეგრძნო, რომ შეთქმულთა გადასარჩენად მეტი თავის გამოდება უკვე მისთვის სახიფათო იქნებოდა. რაც თქვა, ისიც კმაროდა, - რაკიღა ნათქვამით ხალხის გულის მოგება ისევ გარანტირებული ჰქონდა და იმჟამად მისთვის მთავარი მხოლოდ ეს იყო და ეს. და, როგორც უკვე ვიცით, ციცერონისა და კატონის მოთავეობით, სენატმა შექმული თანამოქალაქენი სიკვდილით დასაჯა. ეს კი სენატისთვის გამარჯვება კი არა, დამარცხება იყო. ხოლო კეისრისთვის დამარცხება კი არა, გამარჯვება.

იმ დღეს სენატმა იმ სასიკვდილო განაჩენით სხდომა დაამთავრა და ყველანი უკვე გარეთ გამოდიოდნენ, რომ კონსულ ციცერონის მცველთაგან უფრო ახალგაზრდებმა მახვილები იძრეს და კეისარს მიაშურეს. მაგრამ გაიუს სკრიბონიიუს კერიონმა დაასწრო, კეისარს თავისი ტოგა შემოახვია და გაიტაცა. ციცერონმაც ანიშნა გაფიცხებულ მცველებს, თავი შეეკავებინათ.

ერთი თვე, ახალი, 62 წლის დადგომამდე, კეისარი საერთოდ არ გამოჩენილა ქალაქში. ახალი წლის შემოსვლისთანავე კი, ვითარცა პრეტორმა, უმაღლესმა მოსამართლემ, წესრიგისა და კანონიერების დამცველმა და თანაც, ღვთისმსახურების უზენაესმა ხელისუფალმა - მოითხოვა, სახალხო კრების წინაშე ანგარიშით წარმომდგარიყო ოპტიმატთა თვალსაჩინო ბელადი, კვინტუს ლუტაციუს კატულუსი, რომელსაც სენატისაგან მინდობილი გქონდა ადრე დამწვარი კაპიტოლიუმის აღდგენა. კატულუსს ანგარიშიც უნდა ჩაებარებინა და კიდევაც უნდა გადამდგარიყო, ხოლო კაპიტოლიუმის რეკონსტრუქციის მეთავეობა კეისარს პომპეუსზე გადასაცემად გქონია გამიზნული. მაგრამ ოპტიმატებმა გასაოცარი სიმტკიცე გამოიჩინეს და არ დაანებეს კეისარს თავისი რჩეულის დაჩაგვრა. ისინი პირდაპირ საბრძოლოდ დარაზმულნი მოაწვნენ ფორუმს და კაპიტოლიუმს. კეისარი ამას არ მოელოდა და ამჯერად უკანდახევა ამჯობინა.

პრეტორის ამ პირველ, საახალწლო მარცხს მეორე უსიამოვნო ამბავით მოჰყვა. სახალხო ტრიბუნმა ცეცილიუს მეტელუსმა სახალხო კრებას წარუდგინა კანონპროექტრი, რომლის ძალით აღმოსავლეთიდან იტალიაში უნდა დაებრუნებინათ პომპეუსი, ჯარით და სიკვდილით დაესაჯათ ციცერონი და ყველა მისი თანამდგომელი ოპტიმარი, რომელთაც წილი ედოთ კატილინარების გაუსამართლებელ ამოწყვეტაში. ამ კანონპროექტს მეორე სახალხო ტრიბუნი, კატონი, ვეტოს ადებდა. მაგრამ საქმე გაართულა კეისარმა, რომელმაც, ვითარცა პრეტორმა, მხარი დაუჭირა მეტელუსს. მაშინ სენატმა მიმართა უკიდურეს ზომას: საგანგებო სხდომაზე მიღებული დადგენილებით მაგისტრატურები ჩამოართვა ორივეს - ცეცილიუს მეტელუსს სახალხო ტრიბუნობა და იულიუს კეისარს პრეტორობა. ასეთი დადგენილება კი იმას ნიშნავდა, რომ სენატი, „ტვინი რესპუბლიკისა“, თვითონვე ურყებდა ტვინს „თავისი“ რესპუბლიკის საუკუნეებით დადგენილ და „დატკეპნილ“ კანონმდებლობას. აკი თანამდებობიდან მაგისტრატის გადაგდება არ შეიძლებაო, უკანონოაო! აკი ამისთვის მოინელეს ტიბერიუს გრაკხუსი! და კიდევ სხვები...

ამიტომ კეისარმა ჯერ არაფრად ჩააგდო სენატის ეს უკანონო, რესპუბლიკის საწინააღმდეგო დადგენილება და ისევ განაგრძობდა კრების მეთაურობას და სასამართლოს ხელმძღვანელობას. მაგრამ, როდესაც ოპტიმატებმა იარაღი აიღეს და აშკარა ბრძოლა დააპირეს, კეისარმა პრეტორის ტოგა მოიხსნა, ლიქტორებიც მოიშორა და მარტოდმარტო, უხმოდ და უსიტყვოდ წავიდა სახლში.

ყველანი სახტად დარჩნენ. მერე ხალხი გამოერკვა გარინდებიდან , - გამოერკვა, აღრიალდა, მოაწყდა და მიაწყდა „უკანონოდ განაწყენებულის“ სახლს და მოსთხოვა „ბელადს“, - ახლავე დაბრუნდი და დაიბრუნე შენი სათანამდებო რწმუნებებიო, ან და გაგვიძეხ და ვაზღვევინებთ შენს შეურაცხმყოფელებსო. და გამოვიდა კეისარი. გამოვიდა და ისევ სახტად დატოვა ყველა: დამშვიდდით და დაწყნარდითო, არავითად შემთხვევაში ჩემთვის, ერთი ცალკე, კერძო კაცისთვის, სამშობლოს სისხლს როგორ დავაღვრევინებო, ჩემს მშობლიურ ხალხს ჩემი გულისთვის როგორ შევაწუხებო; რაც მოდა - მოხდა, ყურადღების ღირსად არა ღირს, დავივიწყოთ, დამშვიდდით, დაიშალეთ და თქვენ-თქვენს სახლებში წაბრძანდითო!

სენატის მაშინვე დაფაცურდა და დატრიალდა, კვლავ შეიყარა საგანგებოდ კეისრის ამ ახალი, კვლავ უცნაური და მოულოდნელი „კაზუსის“ გამო. კეისართან სახლში „თავისი საუკეთესო წარმომადგენლები“ აფრინეს, თხოვნა-ვედრებით წამოიყვანეს, კურიაში შეიყვანეს, მიეხვივნენ სენატორები - ბოდიშებით, ქება-დიდებითა, ქვედავრდომით, წეღანდელი „უღირსი და მოუფიქრებელი“ დადგენილება გააუქმეს, პრეტორის უფლებებშიც აღადგინეს. კეისარმაც მაშინვე, სამაგიეროდ, ცეცილიუს მეტელუსს ხელი ააღებინა სენატისა და ოპტიმატთა საზიანო კანონპროექტზე.

ტრიუმვირატი

ძვ წ. 70-ან წლებისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა პოპულარების ახალი ლიდერი გაიუს იულიუს კეისარი, იგი მარიუსს ენათესავებოდა, ხოლო მისი მეუღლე ცინას ოჯახიდან იყო, ამგვარად კერისარი მარიუსის რეფორმების აქტიური მხარდამჭერი იყო. მისმა პოპულარობამ იმდენად იმატა რომ გნეუს პომპეუსი მის მხარეს გადავიდა.

ძვ. წ. 70 წელს პომპეუსი და მარკუს კრასუსი აირჩიეს კონსულებად. მათ დაუბრუნეს სახალხო ტრიბუნებს უწინდებური ძალაუფლება და აღადგინეს სულამდელი სასამართლოები. მიუხედავად თანაკონსულობისა კრასუსი და პომპეუსი ერთმანეთის მტრები იყვნენ.

ამ დროს ხმელთაშუა ზღვაში მეკობრეობა ძალიან მომძლავრებული იყო. ეს რომის ვაჭრობას ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. პომპეუსს მიენიჭა სპეციალური უფლებამოსილება რათა გაენადგურებინა მეკობრეები. სამ თვეში იგი წარმატებით გაუმკლავდა ამ ამოცანას.

ძვ. წ. 73 წელს მითრიდატე პონტოელთან მესამე ომი დაიწყო. იგი შეიჭრა რომაულ მცირე აზიაში, მაგრამ ამ უკანასკნელებმა ლუციუს ლუკულუსის მხედართმთავრობით განდევნეს მითრიდატე, შეიჭრნენ პონტოში და წაართვეს მას ტერიტორიები. მითრიდატე გაიქცა პონტოდან და თავი სომხეთს შეაფარა. ძვ. წ. 69 წელს კი დაიწყო საომარი მოქმედებები სომხეთის წინააღმდეგ, მაგრამ მითრიდატემ დაამარცხა ისინი. ამის შემდეგ პომპეუსის მეთაურობით რომის ჯარებმა დაამარცხეს მითრიდატე, რომელმაც ამჯერად თავი კოლხიდას შეაფარა. მალე იგი ისევ დაბრუნდა პონტოში, მაგრამ იქ მის წინააღმდეგ აჯანყდნენ და ძვ. წ. 63 წელს მითრიდატემ მოიკლა თავი. პომპეუსი კი მითრიდატეს დამარცხების შემდეგ გაემართა სირიასა და იერუსალიმისკენ, რომლებიც მან მოუერთა რომის იმპერიას. პომპეუსი იმპერიის აღმოსავლეთ ოლქებში სრული ძალაუფლებით სარგებლობდა, იგი თვითონ ნიშნავდა მეფეებს, არეგულირებდა ოლქებს შორის ურთიერთობებს და ა.შ. რომის შემოსავალიც საგრძნობლად გაიზარდა ამ ომების შემდეგ, პომპეუსი კი სახელმწიფოსი ყველაზე გავლენიანი პირი გახდა. როდესაც იგი დაბრუნდა რომში, ელოდნენ რომ იგი სულას პოლიტიკას გააგრძელებდა, მაგრამ მან არ სცადა ძალაუფლების ანალოგიური მეთოდით მოპოვება.

ეს არ აწყობდათ გაძლიერებულ პოპულარებს, რომლის ლიდერებიც კეისარი და კრასუსი იყვნენ. ოპტიმალების ლიდერი ამ დროისთვის გარდა მარკუს ტულიუს ციცერონი, მას დაუპირისპირდა ლუციუს სერგიუს კატილინა, რომელიც ოდესღაც სულას მომხრე იყო, მაგრამ ახლა სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა მოსახლეობის უღარიფეს ფენაზე დაყრდნობით. ციცერონმა შეძლო ამ აჯანყების წინასწარ ჩახშობა, რის შემდეგაც კატილინა რომიდან გაიქცა.

პომპეუსი ტრიუმფით დაბრუნდა რომში და აღმოსავლეთში გავლენის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა რომ სენატს დაემტკიცებინა მის მიერ იქ გატარებული ღონისძიებები, მაგრამ სენატს არ სურდა მისი გავლენის გაძლიერება. ამავე პერიოდში ესპანეთიდან დაბრუნდა კეისარი, რომელიც აპირებდა 59 წლის არჩევნებში კონსულობის მოპოვებას. ამრიგად , გადაწყდა არაფორმალური ალიანსის შექმნა, რომელიც ისტორიაში პირველი ტრიუმვიტარის სახელით შევიდა. კეისარი დაუახლოვდა ორ უძლიერეს ადამიანს იმ დროინდელ მსოფლიოში - გნეუს პომპეუსს და ლიცინიუს კრასუსს. ძვ. წ. 60 წ. მოხდა ისტორიული შეთანხმება სამ უძლიერეს ადამიანს შირის. ამ კავშირს - პირველ ტრიუმვირატს მათმა მეგობრებმა უწოდეს კავშირი ჭკუისა (კეისარი), ძალისა (პომპეუსი) და ფულისა (კრასუსი). მტრებმა - სენატორებმა და ოპტიმატებმა კი, ვარონის ფორმულით - სამთავიანი ურჩხული. სამივე ტრიუმვირს განსხვავებული ინტერესები გააჩნდა: პომპეუსს - მისი ჯარისკაცებისთვის მიწების დარიგება და აღმოსავლეთში მის მიერ გაცემული ბრძანებათა დაკნონება, კრასუსს — აღმოსავლურ პროვინციათა მმართველობა, კეისარს კი კონსულობა. კავშირის გასამყარებლად კეისარმა პომპეუსს საკუთარი ქალიშვილი შერთო ცოლად.

კონსულობის ვადის ამოწურვის შემდეგ ტრიუმვირებმა მოახერხეს შემდეგ ვადაზე თავისი ხალხი გაეყვანათ კონსულებად, ხოლო კეისარმა 5 წლით მიიღო გალიაში მმართველობა, ეს მას ჯარის შეკრების უფლებას აძლებდა. ახალ ადგილას კეისარმა დაიწყო რომის ძალაუფლების გამაგრება. ეს პერიოდი ისტორიაში გალური ომების სახელწოდებით არის ცნობილი. რომში დაძაბულობა მაინც გრძელდებოდა. ძვ. წ. 56 წელს ტრიუმვირები შეიკრიბნენ ქალაქ ლუკაში, აქ მოილაპარაკეს რომ კრასუსი და პომპეუსი ისევ უნდა გამხდარიყვნენ, რის შემდეგაც პომპეუსს უნდა მიეღო მმართველობა ესპანეთსა და აფრიკაში, მას ლეგატების მეშვეობით უნდა ემართა, თვითონ კი რომში დარჩენილიყო, ხოლო კრასუსს უნდა მიეღო აღმოსავლეთი და პართიის წინააღმდეგ ომისთვის დაეწყო მზადება.

ტრიუმვირთა წინააღმდეგ გამოვიდნენ სენატორული პარტიის წამყვანი ფიგურები - მარკუს ტერენციუს ვარონი და მარკუს პორციუს კატონი. თუმც, სენატი უძლური აღმოჩნდა ტრიუმვირთა წინააღმდეგ ბრძოლაში: 59წ. კონსულად აირჩიეს კეისარი, რომელმაც თავისი აგრარული პროექტი დაამტკიცებინა სენატს. კანონპროექტით გათვალისწინებული იყო 20 000 ადამიანის დასახლება ახლადგამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე; ძირითადად პომპეუსის ვეტერანებისათვის და მრავალშვილიანი მოქალაქეებისათვის. ეს კანონპქოექტი იულიუსის კანონების სახელით შევიდა ისტორიაში.

გალია ერქვა ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანას, მდინარე რეინიდან პირინეის მთებამდე - გალების, ანუ კელტების ქვეყანა.

კონსულობის შემდგომ კეისარი ცისალპიური გალიის მმართველად დაინიშნა. გალიით იწყება კეისრის აღზევება. 58-50 წწ. კეისარმა რომს მკვიდრად დაუმორჩილა ტრანზალპიური გალია (დღევანდელი საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია). 56 წ. გაზაფხულზე, ტრიუმვირები ხელმეორედ შეხვდნენ ერთმანეთს ქ. ლუკაში. მოლაპარაკებათა შედეგად, ტრიუმვირები უფლებები გაიზარდა: კეისარი კვლავ 5 წლით დაინიშნა გალიის მმართველად, პომპეუსი და კრასუსი - კონსულებად. კონსულობის შემდგომ პომპეუსმა 5 წლით მიიღო ესპანეთის მმართველობა, კრასუსი კი მდიდარი პროვინციის - სირიის სამმართველოდ წავიდა ჯერ კიდევ კონსულობის ვადის გასვლამდე. კრასუსი ახალი სიმდიდრეების დაუფლებას და პართიელებთან ბრძოლას გეგმავდა.

კეისარმა, პირველად რომის ისტორიაში დაიწყო სამხედრო მოქმედებები ბრიტანეთის კუნძულებზე; მან 55 წ. ლეგიონები გადასხა ბრიტანეთში, რამდენიმეჯერ დაამარცხა ადგილობრივი კელტური ტომები და ტემზაზედაც გადავიდა. სულ ორი ექსპედიცია მოაწყო კეისარმა ბრიტანეთში. 52 წ. კეისარმა სასტიკად ჩაახშო კელტთა აჯანყება, რომელსაც არვერნთა მეფე - ვერცინგეტორიქსი მეთაურობდა.

54 წ. დაიწყო კრასუსის ექსპედიცია პართიაში, რომელიც რომაელთა კატასტროფით დამთავრდა. კრასუსი მესოპოტამიაში შეიჭრა და რამდენიმე ქალაქი აიღო, გამოსაზამთრებლად კი ისევ სირიაში დაბრუნდა, შემდგომ 53 წ. კრასუსმა ხელმეორედ გაილაშქრა პართიელთა წინააღმდეგ. რომაელებს პართიელებთან ბრძოლაში აკლდათ უმთავრესი - კავალერია. კრასუსი, ამასთან ერთად გადამეტებით აფასებდა რომაელთა შესაძლებლობებს. ძვ. წ. 53 წ. კარრთან ახლოს მოხდა გადამწყვეტი შეტაკება რომაელებსა და პართიელებს შორის. პართიულმა კავალერიამ დაჯაბნა რომაული ლეგიონები. ალყაში მოქცეული კრასუსი და მისი ჯარი იტანჯებოდნენ სიცხისა და წყურვილისაგან. ბრძოლაში დაიღუპა კრასუსის შვილი მამაცი პუბლიუსი. დაიღუპა თვით კრასუსიც, რომელსაც თავი მოკვეთეს და ოროდ II გაუგზავნეს. კარრის ბრძოლა იყო პირველი სერიოზული შეტაკება ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის. კრასუსის შემდგომ პართიის საკითხი უმთავრეს როლს თამაშობდა რომის საგარეო პოლიტიკაში.

კრასუსის დაღუპვა მნიშვნელოვალი მოვლენა იყო რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელმაც საბოლოოდ დაშალა ტრიუმვირატი. პომპეუსმა დემოკრატიული პარტიიდან არისტოკრატიულ-ოპტიმატურ პარტიაში იწყო გადასვლა თანდათან. პომპეუსი დაუახლოვდა რესპუბლიკის ლიდერებს, განსაკუთრებით კი კატონს. კლოდიუს-მილონის შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ, რომელსაც თავად კლოდიუსი შეეწირა (კეისრის მომხრე), რომში საგანგებო უფლებები გადაეცა პომპეუსს. პომპეუსმა რამდენიმე კანონი დაამტკიცებინა სენატს, რაც კეისარს ურთულებდა 48 წლისთვის კონსულად არჩევას. მართალია პომპეუსმა შენიშვნა შეიტანა კანონებში - ეს კეისარზე არ ვრცელდებაო, მაგრამ კომიციამ ეს შენიშვნა არ დაამტკიცა. ამრიგად, 52 წ. შექმნილმა სოციალურ-პოლიტიკურმა ვითარებამ რომში განამტკიცა პომპეუსის კავშირი ოპტიმატებთან. მკვეთრად გაძლიერდა კეისრის მტრების პოზიციები, რომელთაც სათავეში ედგა კატონი; მთელი მოძრობის იდეოლოგი კი იყო მარკუს ტულიუს ციცერონი. 51 წ. გამოვიდა მისი ტრაქტატი "სახელმწიფოს შესახებ" ("De Republica"). 51-49 წწ. კონსულებად ინიშნებოდნენ კეისრის მტრები. ყოველივე ეს რომის მსოფლიო რესპუბლიკას სამოქალაქო ომისკენ მიაქანებდა.

რომში პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებამ გამოიწვია კეისრის კონტრ-ზომები. კეისრის მთავარი სამხედრო ძალები კონცენტრირებული იყო ტრანზალპიურ გალიაში. თვითონ კეისარი კი ერთი ლეგიონით იდგა ციზალპიურ გალიაში. კეისარი ცდილობდა დაენახებინა რომისთვის, რომ ის მაქსიმალურად ცდილობდა სამოქალაქო ომის თავიდან აცილებას. კეისარმა შესთავაზა სენატს დაემტკიცებინათ მისთვის 2 ლეგიონი და ციზალპიური პროვინციისა და ილირიკის მმართველობა. სენატმა ეს საკითხი 49 წ. იანვარში განიხილა და უარყო. ციცერონი ცდილობდა ოპტიმალური გამოსავლის მოძებნას, მაგრამ არისტოკრატიული ფრთის უკიდურესმა წარმომადგენლებმა იმარჯვეს და დაამტკიცეს დადგენილება, რომლის თანახმად კეისარს დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. კეისრის მომხრეებმა, სახალხო ტრიბუნებმა - მარკუს ანტონიუსმა და კვინტუს კასიუსმა ამ დადგენილებას ვეტო დაადეს. ოპტიმატები მტრულად შეხვდნენ სახალხო ტრიბუნთა გამოსვლას, ეს უკანასკნელნი კი იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ რომიდან გალიაში, კეისართან.

49 წ. 10 იანვარს, გაიუს იულიუს კეისარი ერთი ლეგიონით მიადგა მდინარე რუბიკონს. ამ მდინარეზე გადასვლის უფლება ჯართან ერთად არცერთ მთავარსარდალს არ ჰქონდა. კეისარი დიდხანს ფიქრობდა ამ პატარა მდინრეზე გადებულ პატარა ხიდის წინ. ბოლოს ხმამაღლა წარმოთქვა: "წილი ნაყარია!" კეისარმა მდინარეზე გადაიყვანა თავისი (მე-13) ლეგიონი და დაიძრა რომისაკენ. ეს კი სამოქალაქო ომის დაწყებას ნიშნავდა. კეისრის მოქმედების მოტივი იყო სახალხო ტრიბუნთა უფლებათა შელახვა; ამით კეისარი სამოქალაქო ომის დაწყების პასუხისმგებლობას თავის მტრებს აკისრებდა. კეისრის რუბიკონზე გადასვლა მის მოწინააღმდეგეთათვის სრული მოულოდნელობა იყო. პომპეუსის მთავარი ძალები ესპანეთში იყო კონცენტრირებული. იტალიაში კეისრის შეჩერება შეუძლებელი გახდა, რამაც განაპირობა პომპეუსის, და მასთან ერთად სენატის უმეტესი ნაწილის გაქცევა რომიდან საბერძნეთში. კეისარი შევიდა რომში. ყველას გასაოცრად, კეისარი დარჩენილ მოწინააღმდეგებს მეგობრულად შეხვდა, რაც მარიუს-სულას კონფლიქტის შემდგომ წარმოუდგენელი იყო. რომიდან კეისარი ესპანეთისკენ დაიძრა, დაამარცხა უმთავარსარდლოდ (უპომპეუსოდ) დარჩენილი ლეგიონები და 49 წ. დასასრულს უმთავრესი ძალები გადასხა საბერძნეთში, ეპირში. პირველი შეტაკება დირაქიუმთან კეისრის მარცხით დასრულდა, თუმც, კეისარმა სწრაფად შესძლო ახალ პოზიციაზე გამაგრება და შემდეგი ბრძოლა ფარსალოსთან (48 წ. 6 ივნისი) ბრწყინვალედ მოიგო. პომპეუსი გაიქცა ეგვიპტეში, სადაც იგი, კეისრის გულის მოსაგებად, ვერაგულად მოკლეს ეგვიპტელებმა გემიდან ნაპირზე გადმოსვლისას. პომპეუსის ჯარის ნაშთები ჩაბარდენ კეისარს. კეისარი კი პომპეუსს დაედევნა; სამი დღის შემდეგ იგი ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც ეგვიპტელებმა მიართვეს პომპეუსის წარკვეთილი თავი და ბეჭედი. ამის დანახვაზე კეისარს თვალები აეცრემლა. შესაძლოა, ეს არ იყო ფარისევლობა, კეისრის დიდსულოვნების და გულმოწყალობის კვალობაზე (პომპეუსი იყო აგრეთვე კეისრის სიძე - ადრეგარდაცვლილი ქალიშვილის - იულიას მეუღლე).

ეგვიპტეში იმ დროისთვის დინასტიური ბრძოლა მიმდინარეობდა პტოლემეუს ავლეტის ორ შვილს შორის. ანდერძის თანახმად ქვეყანა უნდა ემართა უფროს ქალიშვილს კლეოპატრას ძმასთან - პტოლემეოს დიონისესთან ერთად. დაპირისპირების შემდგომ კლეოპატრა გაძევებულ იქნა ალექსანდრიიდან. ეგვიპტეს კი ერთპიროვნულად მართავდა დიონისე. კეისარმა ეგვიპტეში ჩასვლისთანავე მოითხოვა ვალის დაბრუნება, რომელიც პტოლემეოს ავლეტს აეღო, ბოლომდე გადახდა კი ვერ მოესწრო. ალექსანდრიაში, კეისარს საიდუმლოდ შეხვდა კლეოპატრა. კეისარი ძლიერ მოხიბლა ეგვიპტის პრინცესამ. შემდგომში, მათი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა. კლეოპატრას კეისრის მეშვეობით უნდოდა ტახტის დაბრუნება, თვით კეისარს, კი ფული, რაც აუცილებელი იყო მისი პოლიტიკური გეგმების განსახორციელებლად. კეისარმა ეგვიპტის მმართველად ორივე და-ძმა გამოაცხადა, რამაც პტოლემეოსის პარტიის პროტესტი გამოიწვია. პტოლემეოსს ალექსანდრიელებმაც დაუჭირეს მხარი და კონფლიქტი შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა.

ეგვიპტეში კეისარი მცირე ძალებით იყო ჩასული. მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა. კეისარი სასახლეში გამაგრდა, საიდანაც იგერიებდა მტრის თავდასხმებს. ალექსანდრიის პორტში იდგა ეტვიპტური ფლოტი. კეისარი შიშობდა, რომ ეს ფლოტი აჯანყებულთა მხარეზე გადავიდოდა, ამიტომ გასცა ბრძანება დაეწვათ პორტი. ხანძარმა იმსხვერპლა ალექსანდრიის ცნობილი ბიბლიოთეკაც. როდოსელი ევფრანიოსისა და მითრიდატე პერგამოსელის (მითრიდატე VI უკანონო შვილი) დახმარებით კეისარმა დაამარცხა აჯანყებულები. ეგვიპტის ხელმწიფედ კლეოპატრა დასვა, ეგვიპტე კი რომაელი ხალხის მეგობარ და მოკავშირე ქვეყნად გამოაცხადა. ალექსანდრიის ომმა საშუალება მისცა კეისრის მტრებს ძალები მოეკრიბათ. პონტოს მეფემ, ფარნაკემ (მითრიდატე VI შვილი), ალექსანდრიის ომის დამთავრებისთანვე დაიწყო საომარი მოქმედებები აზიაში. კეისარი წარმოუდგენელი სისწრაფით გადავიდა აზიაში, სადაც 47 წ. აგვისტოში ერთადერთ ბრძოლაში სასტიკად გაანადგურა ფარნაკე. კეისარმა, გამარჯვების აღსანიშნავად სამად სამი სიტყვა მისწერა რომს: მიველ, ვნახე, დავამარცხე (Veni, Vidi, Vici).

აზიის საქმეების მოგვარების შემდგომ კეისარი რომში დაბრუნდა. სამოქალაქო ომის პერიოდში რომის ეკონომიკური მდგომარეობა ძლიერ გაუარესდა, რამაც გამოიწვია ინფლაცია. აქტუალური გახდა ვალთა კასაციის პრობლემა. 49 წ. კეისარმა გამოსცა რამდენიმე კანონი ვალების გადახდის რეგულირებისათვის, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია როგორც მევალეებში, ისევე კრედიტორებში. კეისრის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა ჯერ ცელიუს რუფუსი, შემდეგ კორნელიუს დოლაბელა. მათი მოძრაობა თავიდანვე განწირული იყო. კეისრიანელებმა ორივე აჯანყება ჩაახშეს. კეისარმა რომში წესრიგი აღადგინა. ისევ დაიწყო კონსულთა არჩევა. კეისარმა შეავსო ძალზედ შეთხელებული სენატი, ძირითადად თავისი ცენტურიონებით, რომელთა უმრავლესობა იტალიკურ მუნიციპიათა მცხოვრებლები იყვნენ. 47 წ. აფრიკაში გააქტიურდნენ კეისრის მტრები - რესპუბლიკელები და ნუმიდიის მეფე იუბა. 46 წ. თაფსუსთან კეისარმა დაამარცხა მრავალრიცხოვანი რესპუბლიკური არმია. კატონმა, ყველაზე თავდადებულმა და თანმიმდევრულმა რესპუბლიკელმა შემდგომი წინააღმდეგობა უაზროდ ჩათვალა და თავი მოიკლა. კეისარმა კატონის შვილს მიუსამძიმრა მამის დაღუპვა და გულისტკივილით თქვა: ეჰ, კატონ, შენის სიკვდილით აღმიკვეთე შენთვის სიცოცხლის ჩუქების შესაძლებლობა!". დაიღუპა მეფე იუბაც; ნუმიდია, კი გამოცხადდა პროვინციად Africa Nova. აფრიკის პროკონსულობა კეისარმა უბოძა სახელოვან ისტორიკოსს სალუსტიუს კრისპუსს. რესპუბლიკელთა უკანასკნელი ძალები თაფსუსის ტრაგედიის შემდეგ (დაიღუპა 50 000 რესპუბლიკელი და მხოლოდ 50 კეისარიანელი) თავმოყრილი იყო ესპანეთში. 45 წ. გაზაფხულზე ყველაზე მეტად სასტიკ და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში (სადაც თვით კეისრის სიცოცხე ძაფზე ეკიდა) კეისარმა კვლავ დაამარცხა რესპუბლიკელები; დაეცნენ მათი უკანასკნელი ბასტიონები - კორდუბა და მუნდა. ამით დასრულდა კეისრის პომპეუსელებთან ბრძოლის უკანასკნელი ეტაპი; სამოქალაქო ომი დასრულდა. კეისარი ზეიმობდა - იგი იყო რომის ერთპიროვნული მმართველი.

რომის დიქტატორი

სენატმა კეისარს უწოდა "სამშობლოს მამა" (Pater Patriae), მას მიენიჭა მუდმივი იმპერატორობა (Dictator Perpetuus), ასევე ცენზორის უმაღლესი რწმუნებები და სახალხო ტრიბუნთა უფლებები (Tribunitia Potestas). მას უფლება ჰქონდა ყველგან ეტარებინა წითელი ტოგა, როგორც მეფეს. რომში დაბრუნებულმა კეისარმა ბევრი თავისი მტერი შეიწყნარა. იგი პირადად შეხვდა ციცერონს პუტეოლში (შემგდომში, ციცერონმა ერთ თავის მეგობარს მისწერა ჩვენ, მე და კეისარი ერთმანეთს შევხვდით არა როგორც ორი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, არამედ როგორც ორი ლიტერატორიო. კეისარმა აპატია მარკუს ბრუტუსსაც და რომის პრეტორადაც კი დანიშნა იგი. ამნისტიის შემდგომ კეისარმა დაიწყო რეფორმატორული მოღვაწეობა: პირველად მან გამოსცა "მუნიციპალური კანონი" რის საფუძველზედაც რომიდან განდევნა უსაქმური მაცხოვრებლები და გადაასახლა კოლონიებში. კეისარმა რომში გრანდიოზული მშენებლობები დაიწყო, სადაც უსაქმურთა დანარჩენი ნაწილი დაასაქმა. რომში აშენდა "იულიუსის ზღუდე" სახალხო კრებისათვის, "იულიუსის ფორუმი". რომში უმუშევრობამ და ქურდობამ იკლო. მოქალაქეთა გაღატაკების თავიდან ასაცილებლად, კეისარმა შეზღუდა მფლანგველობა; მან დაადგინა ფულადი ხარჯების ნორმა, ამ ნორმაზე ზევით ფულის ხარჯვა იკრძალებოდა. რომში, მონათა მოზღვავებამ გამოიწვია გლეხთა გაღატაკება, პაუპერიზაცია. იაფასიანი მონის შრომა იტალიის მიწათმეურნეობიდან დევნიდა თავისუფალ მიწათმოქმედებს. კეისარი ცდილობდა აღედგინა წვრილი და საშუალო მიწათმფლობელობა, და საამისოდ დაიწყო მიტოვებული სოფლების აღდგენა, გზების გაყვანა, ჭაობების ამოშრობა. კეისარმა გააძლიერა საპოლიციო ზედამხედველობა გზებზე ყაჩაღობის აღსაკვეთად. ახლადგამოყოფილ ნაკვეთებზე კეისარმა თავისი ვეტერანები და ქალაქის უქონელი მოსახლეობა დაასახლა. კეისარმა იცოდა, რომ მიწაზე დამკვიდრების შეჩვევას წლები ესაჭიროებოდა, ამიტომ მან აკრძალა ნაკვეთთა მიტოვება ან გაყიდვა არანაკლებ 20 წლის მანძილზე. კეისარი ახალისებდა მრავალშვილიან ოჯახებს; ზღუდავდა მსხვილ ლატიფუნდარებს და მათგან მოითხოვდა მონის შრომის შეზღუდვას. კეისარმა კოლონიები დააარსა იტალიის გარეთ, ასე მაგ. გალიაში - ბეზიე, არლი, ორანჟი, იულიუსის ფორუმი, ნიმი; კართაგენში, კორინთოში და ასევე აზიაში. კეისარი ახალისებდა განათლებას რომაელთა შორის. ამისთვის მან მოიწვია ბერძენი მასწავლებლები, მეცნიერები, ექიმები ხელოვანნი, კეისარმა ტერენციუს ვარონს დაავალა რომში დიდი ბიბლიოთეკის დაარსება. კეისარმა დაადგინა მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი ზომის, წონის და ფულის სისტემა. დაიწყო მოსახლეობის აღწერა და ქონებათა შეფასება. კეისარმა ჩაატარა კალენდრის რეფორმაც, დაადგინა წელიწადში 12 თვე. 1 იანვარი კი გამოაცხადა წლის დასაწყისად. (მე-7-ე თვეს, მის პატივსაცემად ეწოდა ივლისი). კეისარი კიდევ მრავალ ღონისძიებას გეგმავდა სამომავლოდ: მას უნდა დაეწყო რომში მარსის გრანდიოზული ტაძრისა და დიდი თეატრის მშენებლობა, პომპტინის ტბების ამოშრობა და ნატბეურევზე სამეურნეო ცხოვრების დამკვიდრება; იგი აპირებდა ოსტიის ნავსადგურის რეკონსტრუქციას; აპენინებზე გზების მშენებლობას; კეისარი გეგმავდა მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი კანონმდებლობის შექმნას, რისთვისაც შექმნა სპეციალური კომისია.

მაგრამ კეისარს არ დასცალდა ყველა ჩანაფიქრის განხორციელება: კეისრის აშკარად გამოხატული მონარქისტული ტენდენციები რესპუბლიკელთა აღშფოთებას იწვევდა. მის წინააღმდეგ შეითქვა სენატორთა (ადრე მის მიერ შეწყალებულ მოწინააღმდეგე რესპუბლიკელთა) მცირე ნაწილი; დაახლოებით 60 კაცი. მათ ხელმძღვანელობდნენ გაიუს კასიუს ლონგინუსი, მარკუს იუნიუს ბრუტუსი და დეციმუს იუნიუს ბრუტუსი. (არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც კალპურნიას, მის მეუღლეს დაესიზმრა ცუდი სიზმარი და დაითანხმა კეისრი უარი ეთქვა სენატში წასვლაზე. კეისარმა ცოლს დაუჯერა, თუმც ცრუმორწმუნე არ იყო. ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ამ სხდომაზე უნდა ეღიარებინათ კეისარი მეფედ. მაგრამ კეისარს მისივე მკვლელები ესტუმრნენ სახლში, გადააფიქრებინეს სახლში დარჩენა და სენატში წაიყვანეს. შეთქმულებს ეჩქარებოდათ; 18 მარტს პართიაში გალაშქრებას აპირებდა კეისარი. გზაში, უცნობმა მას ტახტრევანში წერილი შეუგდო, სადაც მის წინააღმდეგ შეთქმულებაზე აფრთხილებდა, და თან მიაძახა "მხოლოდ შენ წაიკითხე, კეისარო, და სასწრაფოდ"-ო. მაგრამ კეისარს ეს წერილი შეუნახავს სხვა დროს წასაკითხად. სენატთან კეისარმა მისანი სპურინნა დაინახა, რომელმაც მას ადრე ურჩია მარტის იდუსს ერიდეო. კეისარმა მას ღიმილით მიმართა "მარტის იდუსიც მოვიდა". სპურინნამ კი ცივად უპასუხა "მოვიდა, მაგრამ ჯერ არ გასულა.").

ძვ. წ. 44, 15 მარტს, შეთქმულებმა, რომის სენატში, პომპეუსის ქანდაკებასთან მოკლეს კეისარი.

კეისრის პიროვნება

კეისარი ახალგაზრდობიდანვე ძალზედ შეუპოვარი, მაგრამ კეთილგონიერი პიროვნება იყო. ახალგაზრდობაში კეისარს ძლიერ უყვარდა ღვინის სმა. სულამ მას "ლოთიც" კი შეარქვა, თუმცა, შემდგომში კეისარმა მკვეთრად შეიცვალა ცხოვრების სტილი და სწორუპოვარი ჯარისკაცის სახელი მოიპოვა. კეისარი თავად იყო მაგალითი თავისი ლეგიონერებისათვის; იყო საოცრად გამძლე, ამტანი და თავზეხელაღებული მებრძოლი.

როდესაც კორნელიუს სულამ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა რომში, კეისარი სიკვდილით დასჯის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა (გაიუს მარიუსი ბიძად ეკუთვნოდა კეისარს). კეისარი მაშინ ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ იხსნა. სულას ხანდახან უყვარდა გულმოწყალების გამოჩენა, თანაც კეისარი მაშინ ძალიან აღალგაზრდა იყო და სულასთვის მეტოქეობის გაწევდა არც შეეძლო. სულამ აპატია კეისარს კეისრობა, მაგრამ, თქვა: დაე, აგრე იყოს, მაგრამ, გახსოვდეთ, რომ მაგ ბიჭში მრავალი მარიუსი ზის. კეისარი მაშინ რომს გაერიდა და საბერძნეთში განაგრძო სწავლა. ერთხელ იგი მეკობრეებმა შეიპყრეს და გამოსასყიდი მოთხოვეს. კეისარს გაეცინა - "თქვენ არც იცით, თუ ვინ ჩაიგდეთ ხელში"-ო განუცხადა მეკობრეებს და თვითონ დააწესა გამოსასყიდ თანხად 50 ოქროს ტალანტი, რაც ბევრად აღემატებოდა მეკობრეთა მოთხოვნას. ტყვეობის განმავლობაში კეისარი ბატონივით ექცეოდა მეკობრეებს: როდესაც წერდა ან კითხულობდა, ხმამაღლა ლაპარაკს უშლიდა თავისსავე დამტყვევებლებს! ეხუმრებოდა და თან ემუქრებოდა როდესაც განვთავისუფლდები, დაგედევნებით, ყველას შეგიპყრობთ და ჯვარზე გაგაკრავთო. ეს დანაპირები კეისარმა განთავისუფლებისთანავე შეუსრულა მეკობრეებს. როდესაც კეისარი უმაღლესი ქურუმის არჩევნებზე მიდიოდა, დედას განუცხადა "თუ არ დავბრუნდი როგორც უმაღლესი ქურუმი, მაშინ საერთოდ არ დავბრუნდები"-ო.

სვეტონიუსი თავის "ცხოვრება"-ში ამხელს კეისრის ძალაუფლებისკენ სწრაფვას. კეისარი, თავის მიზნების განსახორციელებლად გაუმართლებელ ნაბიჯებს დგამდა. ასე მაგალითად კონსულის არჩევნებზე 59 ძვ. წ. კეისარი ხალხის მოქრთამვასაც არ თაკილობდა, ხოლო კატონი სრულიად უკანონოდ დააპატიმრა, თუმც მერე მალე გაათავისუფლა. თავისი ერთადერთი ქალიშვილი იულია ცოლად მისცა პომპეუსს, რათა გაემყარებინა მასთან კავშირი.

ციცერონსაც უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა კეისრისადმი, თუმც მის ნიჭს ყოველთვის აღიარებდა. "იცნობ განა შენ ვინმე ისეთს, თუნდაც მხოლოდ ორატორობაზე დახელოვნებულს, კეისარზე უკეთ რომ ლაპარაკობდეს? ან ვინმე ისეთს, რომელსაც შეეძლოს ამდენი გონებამახვიური შენიშვნების გაკეთება? ან კიდევ ასე მრავალფეროვანი ლექსიკონი რომ ჰქონდეს, და თანაც ასე ზუსტი?" - ამბობს ერთგან ციცერონი.

ციცერონი, თავის ცნობილ ტრაქტატში "მოვალეობათა შესახებ" (De Officiis) წერს, რომ კეისარს უყვარდა ერთი ფრაზის გამეორება ევრიპიდეს "ფინიკიელი ქალები"-დან: "არის განა დანაშაული კეთილშობილების თანაზიარი?კეთილშობილია ტირანიის დანაშაული, თუ ზეციურ კანონებს ემორჩილება".

ციცერონი ატიკუსისადმი მიწერილ წერილში ერთგან აღნიშნავს: "...გამოდის, რომ ჩვენი პრობლემა გადაუჭრელია, რადგან, თუ კეისრისეული გენიის მქონე კაცმა ვერ იპოვა გამოსავალი, მაშ ვინ შესძლებს ამას ახლა?" , (Ad Atticum, ძვ. წ. 44, 7 აპრილი, კეისრის მკვლელობის შემდგომ).

გელიუსის თანახმად, კეისარს მოსწონდა რომაელი მწერლის პუბლიუსის გამოთქმები:

"ცუდია გეგმა, რომელიც ცვლილებებს ვერ იტანს".

"გაიტანეთ, და ნუ დასტირით იმას, რისი შველაც აღარ შეიძლება".

"სიძუნწე - სიღატაკეა ნიღაბში".

"მოიგებ იმ შემთხვევაში, თუ გასცემ ღირსეულზე".

"ტყუილად ადანაშაულებს ნეპტუნს ის, ვინც ორჯერ ჩაიძირება".

"კაცს მოთმინების ფიალა რომ აევსება, მერე გაშმაგდებაო".

"უყურე მეგობარს ისე, როგორც შესაძლო მტერს".

კეისარი ძალზედ მკაცრი და მომთხოვნი ადამიანი იყო. ერთხელ მან საკუთარი მზარეული დასაჯა, როდესაც ეს უკანასკნელი კეისარს და მის სტუმრებს სხვადასხვა ხარისხის პურით გაუმასპინძლდა. ერთხელ კეისრის ერთ ერთმა თანამებრძოლმა ადჲულტერი ჩაიდინა ერთ ერთი მხედრის ცოლთან. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საყვედური არ ყოფილა, კეისარმა თანამებრძოლი მაინც დასაჯა, თუმც ძლიერ უყვარდა.

კეისარი ძალზედ ზომიერად სვამდა და ჭამდა. პორციუს კატონმა, თავად ბახუსის დიდმა მოყვარულმა, ერთხელ აღიარა, რომ "კეისარი ერთადერთი იყო ისტორიაში, ვინც ფხიზელი შეუდგა რესპუბლიკის დამხობას".

კეისარი გამოირჩეოდა თავისი თავმდაბლობითაც. ერთხელ სადილად დაპატიჟებულ კეისარს შეცდომით მომწარო ზეთი მიართვეს. კეისარმა, მასპინძლისადმი პატივისცემა გამოიჩინა და სადილი მიირთვა.

ერთხელ კეისარმა ლეგიონთა აჯანყების ჩაწყნარება მხოლოდ ერთი სიტყვით შესძლო. აჯანყებული ლეგიონერები სამხედრო სამსახურის შეწყვეტას და სახლებში დაბრუნებას ითხოვდნენ. კეისარმა შეიტყო თუ არა ეს ამბავი, უმალ თავის ჯარისკაცებთან გამოცხადდა და ჰკითხა: - "რა უნდათ ჩემგან ჩემს თანამებრძოლებს?" - "ჩვენ გვინდა თავისუფლება!" - "მიბოძებია თავისუფლება, მოქალაქეებო!" - აუმღვრევლად უპასუხა კეისარმა. გამაოგნებელი აღმოჩნდა კეისრის მიერ ლეგიონერთა ჯერ თანამებრძოლებად, ხოლო შემდეგ უბრალო მოქალაქეებად მოხსენება! ამ სიტყვებმა ჯარისკაცები, რომლებიც რამდენიმე წელი ერთგულად ემსახურებოდნენ კეისარს, ემოციურ შოკში ჩააგდო. აჯანყებულებმა მაშინათვე მოუბოდიშეს კეისარს და შენდობა სთხოვეს.

კეისარი კულტურის დიდი ქომაგი იყო. სამოქალაქო ომის დროს მას არ დაემორჩილა ქალაქი მასილია (დღევანდლი მარსელი). ხანგრძლივი ალყის შემდეგ კეისარმა აიღო მასილია, მისი გაშმაგებული ჯარისკაცები კი მოსახლეობის ამოწყვეტას და ქალაქის სრულ დანგრევას ითხოვდნენ. კეისარმა ეს არ დაუშვა, რითაც კაცობრიობას შემოუნახა კულტურის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - უძველესი ბერძნული კოლონია ქ. მარსელი.

კეისარი იყო შესანიშნავი მწერალიც. მისი ორივე გამოქვეყნებული წიგნი შემონახულია და ლათინური მწერლობის ნიმუშს წარმოადგენს. კეისრის "გალიის ომის კომენტარები" და "სამოქალაქო ომის კომენტარები" გამოირჩევა ძალზედ სადა, ნატიფი და აუმღვრეველი თხრობით სტილით. კეისარმა თავისი "კომენტარები" დაწერისთანავე გამოაქვეყნა, რაც მიუთითებს მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის პოლიტიკურ მიზნებზე.

გადმოცემის თანახმად, სიკვდილამდე 1 წლით ადრე კეისარს უთქვამს: "ახლა რომისთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩემი გადარჩენა, ვიდრე თავად ჩემთვის. მე უკვე დიდი ხანია რაც მივაღწიე ძალაუფლებას და დიდებას. მე რომ რამე დამემართოს, რომი მშვიდობას ვეღარ შეინარჩუნებს; დაიწყება ახალი სამოქალაქო ომი, რომელიც წინაზე გაცილებით საშინელი იქნება...". კეისრის ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.

სიკვდილის წინა დღეს სტუმრად მიპატიჟებულ კეისარს ხუმრობით ჰკითხეს, თუ როგორ სიკვდილს არჩევდა. კეისარმა დაუფიქრებლად და სრული სერიოზულობით უპასუხა, რომ არჩევდა მოულოდნელ სიკვდილს და სწრაფად გაეცალა იქაურობას.

კეისარი წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო. მას ახასიათებდა სწრაფვა ტირანიისკენ და გამოირჩეოდა თავისი ძალმომრეობით, თუმც, ამავე დროს იყო საოცრად მიმტევებელი, თავაზიანი და ერთგული ადამიანი. კეისრის მთელი მოღვაწეობა შეიძლება სუმარიზებული იყოს საერთო წესრიგისკენ დაუოკებელ სწრაფვაში.

ორიათასწლოვანმა ისტორიამ თავისი განაჩენი გამოუტანა კეისრის პიროვნებას და მის მოღვაწეობას. კეისრის გენიამ კი სამარადჟამოდ დაივანა კაცობრიობის ისტორიაში.

მიუხედავად კეისრის ხანმოკლე სიცოცხლისა, მის მიერ დაწყებული პროცესი შეუჩერებელი აღმოჩნდა; რესპუბლიკის დღეები დათვლილი იყო. მონარქია, როგორც ალბათ იმ დროისთვის ყველაზე ოპტიმალური წყობილება, კეისრისთვის რომის სახელმწიფოს გადარჩენას ნიშნავდა. ქვეყანაში მომხდარი ყველა რეგრესიული თუ ნეგატიური მოვლენა კეისრის ყურადღების ქვეშ ექცეოდა: კორუფცია, უმუშევრობა და პარაზიტული არსებობა, ფლანგველობა, პაუპერიზაცია, უწიგნურობა და ბევრი სხვა რამ მისი ყოველდღიური ზრუნვის საგანი იყო. ის კულტურულ-ეკონომიური პროგრესი, რაც რომის სახელმწიფომ ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში განიცადა, განაპირობა სწორედ კეისრის ბოლო წლების მოღვაწეობამ. კეისრის გრანდიოზული გეგმები აღემატებოდა ერთი ადამიანის შესაძლებლობებს, თუმც, რომ არა ნაადრევი სიკვდილი, მას შესაძლოა განეხორციელებინა კიდეც თავისი სტრატეგიული გეგმები. იულიუს კეისარი მიეკუთვნება ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს, რომელთაც შესძლეს კარდინალურად შეეცვალათ მსოფლიო ისტორიის განვითარების გეზი.

ლიტერატურა

ლევან სანიკიძე - კეისარიადა; თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა; თბილისი; 1989

ნუგზარ მოლაშვილი, ირინე გეგეჭკორი - საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ძირითადი მოვლენები და ქრონოლოგიური ცხრილები; მერანი-3; თბილისი; 2000

Гай Ю́лий Це́зарь (аутентичное произношение близко к Ка́йсар; лат. Gaius Iulius Caesar [ˈgaːjʊs ˈjuːliʊs ˈkae̯sar]; 12 июля 100 года до н. э. — 15 марта 44 года до н. э.) — древнеримский государственный и политический деятель, полководец, писатель. Консул 59, 48, 46, 45 и 44 годов до н. э., диктатор 49, 48—47 и 46—44 годов до н. э., великий понтифик с 63 года до н. э.

Происходивший из древней патрицианской семьи, Цезарь последовательно добивался всех ординарных римских должностей (cursus honorum) и сделал себе имя на борьбе с консервативными сенаторами (оптиматами). В 60 году до н. э. организовал первый триумвират вместе с двумя влиятельными политиками — Гнеем Помпеем Великим и Марком Лицинием Крассом. С 58 года до н. э. более восьми лет провёл на территории современных Швейцарии, Франции, Бельгии, Германии и Великобритании в Галльской войне, присоединив к Римской республике огромную территорию от Атлантического океана до Рейна и снискав славу талантливого полководца. В начале 49 года до н. э. начал гражданскую войну из-за непримиримых разногласий с сенаторами по вопросам о деталях своего возвращения в Рим и о гарантиях судебной неприкосновенности за должностные преступления (подкупы на выборах, взятки должностным лицам, нарушение договоров, насильственные действия и другие нарушения). В течение четырёх лет сторонники сената, сгруппировавшиеся вокруг Помпея, были разбиты Цезарем в Италии, Испании (дважды), Греции и Африке, также им были разбиты войска правителей Египта и Понта.

Придерживался политики милосердия, но в то же время казнил ряд своих ключевых оппонентов. Добившись полной победы над противниками, сконцентрировал в своих руках власть консула и чрезвычайные полномочия диктатора (в конце концов — в виде пожизненной должности), провёл ряд реформ во всех сферах жизни общества. При жизни Цезаря началось его обожествление, почётный титул полководца-победителя «император» стал частью его имени, однако он отказывался от власти древних римских царей. После убийства Цезаря группой сенаторов во главе с Марком Юнием Брутом внучатый племянник Цезаря Гай Октавий принял его имя и получил большую часть наследства по завещанию, став впоследствии первым императором.

К Цезарю по-разному относились при жизни, и эта традиция сохранилась в Римской империи: его имя всячески обелялось сторонниками правителей, а оппозиционеры восхваляли его жертв и заговорщиков. Очень популярной была личность Цезаря в Средние века и Новое время. Помимо политической и военной деятельности, Цезарь известен и как литератор. Благодаря простоте и ясности стиля, его сочинения считаются классикой древнеримской литературы и используются при обучении латинскому языку. К имени Юлия Цезаря восходят титулы кайзер и царь, а также название седьмого месяца года во многих языках мира — июль.

Комментариев нет:

Отправить комментарий