ძველ ეგვიპტეში ბევრი რელიგიური ცენტრი იყო და მათგან თითოეულს თავისი კოსმოგონიური სისტემა ჰქონდა. შესაბამისად, არსებობდა სამყაროს შექმნის მრავალი ვერსია. რას კულტის აღზევების შემდეგ (V დინასტიის ეპოქა) ქვეყანაში გაბატონდა ჰელიოპოლისური (მზის ქალაქი, ეგვიპტური იუნუ) კოსმოგონია, რომლის თანახმადაც ყოველი ღვთაებრივსა და ცოცხლის (ყოფიერის) პირველსაწყისი და წარმომქმნელია ღმერთი ატუმი. ლეგენდის მიხედვით, იგი მოვლენილია ქაოსიდან — ნუნიდან. პირველად მან ღმერთ შუს და ქალღმერთ ტეფნუტის ღვთაებრივი წყვილი შექმნა. შუ იყო დედამიწასა და ცას შუა მოქცეული, ცისა და დედამიწის გამყოფი სივრცის განსახიერება, ტეფნუტი კი — მისი მდედრული დანამატი. ამ წყვილმა შვა ღმერთი გები და ქალღმერთი ნუტი. გები დედამიწის ღმერთი, არსებითად, თავად დედამიწაა, ნუტი — ცის ქალღმერთი, ანუ თავად ცა.
დროთა განმავლობაში ოსირისი იქცა კვდომადი და მარად განახლებადი ბუნების სიმბოლოდ. იგი მცენარეულთა ღვთაებაც არის, მიცვალებულთა სამეფოს (საიქიო სამყაროს) მბრძანებელიც. ოსირისი თოტთან ერთად იდგა და გარდაცვლილთა გულებს წონიდა. როგორც კეთილი ღვთაება, ოსირისი მიცვალებულთა მხარესაა და იცავს მათს ინტერესებს.
ისიდა, დიდი ქალღმერთი, დედობისა და ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოა.
ოსირისი და ისიდა ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთები არიან ეგვიპტურ ღვთაებათა პანთეონში. ლეგენდის მიხედვით, ოსირისი ღმერთების პირმშოა. მის შემდეგ გაჩნდნენ ხორი უფროსი, სეხტი, ისიდა და ნეფტიდა.
სეტი (სეთი) ბოროტებაა; როცა ნილოსის ნაყოფიერ და აბიბინებულ მიწებს ცხელი, მშრალი და ქვიშიანი ქარი გადაუქროლებს, ეს სეტის ბოროტება და ბოღმაა.
ძველი ეგვიპტის რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მზის ღმერთს რას. იგი სინათლის ღმერთიცაა. — ყოველდღე თავისი ნავით ცაზე ადის და მთელ დედამიწას ასხივებს. საღამოს რა ქვესკნელში ეშვება, მთელი ღამე იქ წყვდიადის ბოროტ ძალებს ებრძვის და, გამარჯვებული, კვლავ მზედ უბრუნდება ქვეყნიერებას. მისი უცვლელი და უწყვეტი აღორძინების ნიშანია ანხ-ი — ჯვარი, რომელსაც წრის გამოსახულება აზის (შუა საუკუნეთა ალქიმიაში ანხ-ი უკვდავების სიმბოლო იყო).
ეგვიპტელთა რწმენით არსებობდა სააქაო და საიქიო ცხოვრება. სააქაო ადამიანთა დროებით, საიქიო კი მუდმივ სამყოფლად წარმოედგინათ. საიქიოს ეგვიპტელები დასავლეთის ქვეყანას ეძახდნენ. დასავლეთის ქვეყნის ღვთაება იყო ოსირისი. ოსირისის მეუღლე კი ისიდა — ნაყოფიერებისა და დედობრივი სიყვარულის ქალღმერთი.
ეგვიპტელები უზენაეს ღვთაებად მზის ღმერთებს — რას, ამონსა და ატონს აღიარებდნენ. მათ სწამდათ რომ რა ლოტოსისგან წარმოიშვა. რას ბაგეთაგან ღმერთები გაჩნდნენ, თვალებისგან — ადამიანები.
Комментариев нет:
Отправить комментарий