понедельник, 6 апреля 2020 г.

ძველი ეგვიპტის (კემეტის) და შუმერის (ქი-ენ-გირ) ქურუმები


ქურუმი — წარმართული რელიგიური კულტების სასულიერო პირი, კერპთმსახური, ის,ვინც საკულტო-სარიტუალო საქმიანობას და ტაძრების მომსახურებას ეწეოდა.

ძველი ეგვიპტე

ქურუმები შეადგენდნენ ეგვიპტის საზოგადოების ყველაზე გავლენიან სოციალურ ფენას. ზოგჯერ ისინი დინასტიებსაც აფუძნებდნენ. მოგვიანებით ქურუმობას მემკვიდრეობითი ხასიათი მიიღო.

ქურუმების იერარქია განსაკუთრებული ორგანიზებულობით გამოირჩეოდა. ყოველ ღვთაებას ჰყავდა თავისი კლირი (ორგანიზაცია), რომლის სათავეშიც უმაღლესი ქურუმი იდგა. მას ფარაონი ნიშნავდა. რაც უფრო მაღალი იყო ამა თუ იმ ღმერთის ადგილი პანთეონურ იერარქიაში, მით უფრო ძლიერი იყო კლირი.

ყველაზე ძლიერი კლირის უმაღლესი ქურიმი ზოგჯერ ყველა კლირისა და ქურუმის უზენაეს ხელმძღვანელად ითვლებოდა. ახალი სამეფოს ხანიდან ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია ამონ-რას კლირი იყო.

ქურუმები უმაღლეს ქურუმს ემორჩილებოდნენ. ქურუმთა ორგანიზაციაც რანგებად იყოფოდა. უმაღლეს ფენებში შედიოდნენ ე. წ. ჰემ-ნეჩერები — ღვთის მონები. ისინი კულტის მთავარი წარმმართველები იყვნენ. შემდეგ მოდიოდნენ ხერიხებები — წმინდა ტექსტების მცოდნენი და მკითხველნი („ხერი-ხები“-ი ქურუმთა ამ რანგის სახელია). დაბალი ფენის სასულიერო პირთა დიდი უმრავლესობა ტაძარში სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა. მათ უაბებს — „სუფთებს“ უწოდებდნენ. განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ტაძარში მწერლებს — სეხ-პერ-ანხებს. ეს ყველაზე პატივსაცემი და პრესტიჟული თანამდებობა იყო. ქურუმები ვალდებულნი იყვნენ, თეთრი სელის სამოსი ცმოდათ. შალეულის ტარება აკრძალული ჰქონდათ. ზოგიერთი პანტერის ტყავითაც იმოსებოდა. ეცვათ თეთრი სანდლები. ხშირად განიბანებოდნენ და მთელ სხეულსა და თავზე თმას იპარსავდნენ. კლირში ერთიანდებოდნენ მომღერლებიც და მუსიკოსებიც.

ძველი ეგვიპტის ქურუმობა უნიკალური მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. ხალხს სწამდა, რომ ქურუმები სამყაროს შესახებ ფუნდამენტურ ცოდნას ფლობდნენ, რომელსაც ადამიანებისთვის მარადიული სიცოცხლე უნდა მოეტანა. ძველ ეგვიპტელთა აზრით, მთელი ეს ცოდნა ჯერ კიდევ შორეული წარსულიდან იყო დაუნჯებული „მიცვალებულთა წიგნში“, რომელიც ყოველი ეგვიპტელის წმინდა წიგნად ითვლებოდა.

ახალი სამეფოს ეპოქიდან დაიწყო განხეთქილება ფარაონებს და ქურუმებს შორის.

შუმერი

შუმერი ქურუმების კასტა ცალკეულ ჯგუფებათ იყოფოდა, რომლებიც ვიწრო სარიტუალო პროცესებს აღასრულებდნენ: ერთნი ღვთისმსახურებასა და ტაძრის მუსიკას განაგებდნენ, მეორენი შემლოცველნი იყვნენ, მესამენი - ნათელმხილველნი, რომელთა მოვალეობას შეადგენდა ციურ მნათობებზე დაკვირვება, კეთილ და უკეთურ დღეთა გარჩევა. იყვნენ ქურუმები ქალებიც, რომლებსაც ხალხი დიდ პატივს სცემდა. ისინი სეზონურ დღესასწაულებზე საღვთო ქორწინების (იეროგამიის) რიტუალს ასრულებდნენ.

ადრე შუმერთა მთავარი ღვთაება იყო ენლილი. რელიგია ბოლომდე პოლითეისტური (მრავალღმერთიანი) დარჩა, თუმცა მისი განვითარების განსაზღვრულ პერიოდში (ჩვ. წ.-მდე XVIII საუკუნე) იგრძნობოდა მიდრეკილება მონოთეიზმისკენ (ერთღმერთიანობა). მაგალითად, მარდუქ-ენლილს თითქმის ყველა ღმერთის ატრიბუტები მიაწერეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий