ადრექრისტიანულ
ეპოქაში ძველი ბერძნული ეზოთერიზმისა და აღმოსავლური ეზოთერული
მეტაფიზიკის ზეგავლენით ქრისტიანულ სამყაროში „სამების დოგმატთან“
დაკავშირებით ჩამოყალიბდა ორი ეზოთერული მეტაფიზიკური ტენდენცია:
უნიტარიზმი და ტრითეიზმი. ქრისტიანული უნიტარიზმი ხშირად იღებდა აბსოლუტურ
მონარქიზმის სახეს: ღმერთში არსებობს მხოლოდ ერთი პირი - პირი მამისა, ხოლო
ძე და სულიწმიდა არიან მისი ღვთაებრივი ემანაციები ან ძალები ანუ
მულტიფაზური სინგულარული ენერგიები. ამ მოძღვრებამ თავისი ყველაზე
დასრულებული სახე მიიღო III ს-ში, საბელიოსის იმპერსონალისტურ მონისტურ
მოდალიზმში, სადაც ქრება პირის თვით ცნებაც კი. საბელიოსის მიხედვით ღმერთი
უსახო, უპიროვნო ანუ იმპერსონალური არსებაა, რომელიც სამყაროს სხვადასხვა
ღვთაებრივი მეტაფიზიკური ექსპანსიების სახით ევლინება. სამი პირი მხოლოდ
მოქმედების სამი თანმიმდევრობითი მოდუსებია, ერთი და იმავე მონადის სამი
სხვადასხვა ექსპანსიაა (გამოვლინებაა), რომელიც თავის თავში მუდამ
მარტივია. სამყაროს შექმნისას ღმერთი იღებს მამის სახეს. ამრიგად მამა არის
ღვთაებრივი გამოვლინების ანუ ექსპანსიის პირველი ფაზის ასპექტი, რომელიც
უკავშირდება დაბადების (შესაქმის) წიგნსა და სამოთხის მდგომარეობას. მაგრამ
ცოდვამ შეცვალა ღვთისა და კაცის ურთიერთდამოკიდებულება, მამის ერა (ეონი)
დასრულდა და ღმერთმაც სხვა სახე მიიღო, სახე ძისა, რომლის სრული
გამოვლინება შეესაბამება განკაცებას (განხორციელებას). ამაღლებასთან ერთად
შემდეგ ძის სახე ღვთაებისა შეერწყა განსხვავებულ არსებას და გამოვლინდა
ახალი სახე - სახე სულისა. და ბოლოს, სამსჯავროზე, როდესაც სამყარო
განიღმრთობა, ყოველივე არსებული კვლავ განუსხვავებელ იმპერსონალურ
პირველმონადას დაუბრუნდება. ასე, რომ ეს სამება, მორიგეობით
გამოვლინებებით წმინდა მოჩვენებითად რჩება და ოდნავადაც არ ეხება თვით
ღმერთის რეალობას: აქ ყველაფერი ერთიანად შთანთქმულია ზესულიერი
იმპერსონალური „დედაბუნების“ მიერ. საბელიოსის იმპერსონალისტურ მონისტურ
მოდალიზმში აშკარად იგრძნობა ძველი ბერძნული პლატონური, პითაგორული,
ნეოპითაგორული, ნეოპლატონური, აღმოსავლური ინდუისტური და ბუდისტური
პანთეისტური იდეალიზმის (პანთეისტური მონიზმის) ძლიერი ზეგავლენა.
საბელიოსის სწავლებაში უმაღლეს ადგილს იკავებს დოქტრინა იმპერსონალური
ღმერთი-აბსოლუტის, უნივერსალური უპიროვნო ზესულის შესახებ, რომელიც აშკარად
შეიცავს ინდუისტური ადვაიტა ვედანტას და ბუდისტური მაჰაიანასა და ტანტრას
ელემენტებს. საბელიოსის უმაღლესი ღვთაება იგივეა რაც ინდუისტების
პარაბრაჰმანი (უმაღლესი ღვთაებრივი სუბსტანცია) და ბუდისტების შუნიატა
(სიცარიელე), ალაია-ვიჯნანა (აბსოლუტური ცნობიერება), დჰარმადჰატუ
(უმაღლესი ღვთაებრივი პირველსუბსტანცია) და ადიბუდა (თავდაპირველი
სინათლე). საბელიოსის ღმერთი სხვა არაფერია თუ არა უპიროვნო აბსოლუტი.
საბელიოსის ღმერთს ინდუისტური პარაბრაჰმანისა და ბუდისტური ადიბუდას გარდა
შეესაბამება აგრეთვე დაოსიზმის სამყაროული არსი – დაო, კაბალისტური
აბსოლუტური არაფერი – ეინ სოფი, ძველი სლავური როდი – უზენაესი
ღმერთი-აბსოლუტი და ღმერთების პირველმამა, სიქჰიზმის ნირგუნ ბრაჰმანი,
მაზდეანური ზარვან აკარანა (უსასრულო მარადისობა) და ა.შ.
საბელიოსის
ქრისტიანულ მეტაფიზიკაში მატერიალურ კოსმიურ ყოფიერებას ლოგიკური
დასასრული აქვს, მთელი კოსმიური მატერია და მასში არსებული სიცოცხლე
ყოფიერების აღსასრულის ჟამს შთაინთქმება (აბსორბირდება) და ასიმილირდება
ღვთაებრივ პირველმონადაში. ღვთაებრივი პირველმონადა მატერიისა და მასში
არსებული სიცოცხლის ფორმების შთანთქმის შემდეგ რჩება აბსოლუტურ მდუმარებასა
და სიცარიელეში. პირველმონადა საკუთარ თავში იკრებს და აერთიანებს
მატერიაში არსებული სიცოცხლის მთელ მრავალფეროვნებას. საბელიოსის
პირველმონადაში შთანთქმისას მატერიალური კოსმოსი (მთელი შინაარსით)
განიცდის განღმრთობას და გარდაისახება იმად, რასაც ერწყმება. საბელიოსი
აღიარებდა მატერიალური კოსმოსისა და მასში არსებული სიცოცხლის განმეორებად
(ციკლურ) ქმნადობა-განადგურებას. საბელიოსის თანახმად ჩვენს სამყარომდე
არსებობდა სამყაროთა უსასრულო სიმრავლე და მომავალშიც იარსებებს და კლავ
განადგურდება სამყაროთა უსასრულო სიმრავლე, სამყაროს ქმნადობა და
განადგურება მეორდება უსაწყისოდ და უსასრულოდ.
საპირისპირო
ეზოთერული მეტაფიზიკური სისტემა - ქრისტიანული ტრითეიზმი, არასოდეს
გამოვლენილა წმინდა სახით. აქ ჩვენ ვხედავთ სამების იპოსტასების
ინდივიდუალური ბუნებისა და მათი ურთიერთქმედების (სინერგიისა და
კოვერგენციის) ეზოთერულ ხედვას: ამ სამების იპოსტასები არა თანაბარნი
არიან. ადრექრისტიანული ეპოქის ქრისტიანულ აზროვნებაში ძალზე ძლიერი იყო
სუბორდინაციული ტენდენცია (კერძოდ ქრისტიანი ნეოპლატონიკოსის – ორიგენეს
მოძღვრებაში). ზომიერი პლატონიზმის გავლენით მამას აიგივებდნენ უზენაეს
პირველერთიანთან, რაც იმას იწვევდა, რომ ამის გარჩევა შესაძლებელი იყო
მხოლოდ სუბორდინაციის პრინციპით. ძეს ღვთაებრივი არსება არ მიეკუთვნება.
იგი მხოლოდ თანამონაწილეა მამის ღვთაებრივი ბუნებისა. ასევე იქცევა ლოგოსი
პირველერთიანის იარაღად, ხოლო სულიწმიდა თავის მხრივ არის ძის იარაღი,
მამის განსადიდებლად. ძე ღმერთი არის მამის ემანაცია, ხოლო სულიწმინდა ძე
ღმერთის ემანაცია, თავისმხრივ სულიწმინდის ემანაციები არიან ღვთაებრივი
ანგელოზები და ადამიანები. თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ ღვთაებრივი
მამა, რომლის წიაღში იმყოფებოდა ორი ღვთაებრივი ენერგია, ძე ღმერთი და
სულიწმინდა, უფრო ზუსტად, ძე იყო მამის შიგნით, ხოლო სული ძის შიგნით,
მამამ მოახდინა ძის ემანაცია, ხოლო მამის სულიერი წიაღიდან ემანირებულმა
(გამოდენილმა, გადმოღვრილმა) ძემ თავისმხრივ მოახდინა სულიწმინდის ემანაცია
(სულიწმინდამ თავისმხრივ ემანაციურად წარმოშვა კეთილი ანგელოზები და
ა.შ.). ტრითეიზმი არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ იყო დრო, როდესაც ძე
ღმერთი და სულიწმინდა პირდაპირი გაგებით და მნიშვნელობით „არ
არსებობდნენ“, საქმე სრულებით სხვაგვარად არის, უბრალოდ ძე და სული,
თავდაპირველად, როგორც უკვე ითქვა, არსებობდნენ ღვთაებრივი მამის სულიერი
არსების შიგნით ანუ იმყოფებოდნენ გამოუვლენელ ფაზაში, ხოლო ემანაციის
შემდეგ გადავიდნენ გამოვლენილ ფაზაში (მდგომარეობაში). რაღაც გარკვეული
ფორმითა და სახით მამა, ძე და სული, არსებობდნენ მუდამ. ჭეშმარიტი ღმერთი
არ არის შემოქმედი, არამედ წარმოადგენს თავისი ყველა პოტენციის მყისიერ და
მუდმივ აქტუალობას. შემოქმედი ღმერთის აბრაამული დოგმატი არასწორია
რადგანაც გულისხმობს იმას, რომ თავდაპირველად ღმერთს არ გააჩნდა პოტენცია,
შემდეგ გაჩნდა პოტენცია, ბოლოს კი ამ პოტენციის რეალიზაცია, ეს ნიშნავს,
რომ ღმერთის ყოფიერება იყოფა ორად: ღმერთი შემოქმედებამდე და ღმერთი
შემოქმედების შემდეგ გახლართული დროსა და სივრცეში. ისეთი ცნება როგორიცაა
„შემოქმედება“ გამოიყენება მხოლოდ სასრულ და არასრულფასოვან არსებებთან
მიმართებაში და არა აბსოლუტურ იმანენტურ ღმერთთან მიმართებაში, რომლის
ცნობიერების წიაღში ყველა და ყველაფერი არსებობს უსაწყისოდ და უსასრულოდ,
რადგანაც მას არ ესაჭიროება მოქმედება. იმანენტური ღმერთის ცნობიერებაში
ყველა და ყველაფერი უბრალოდ არსებობს და მორჩა. აბსოლუტური არსება
მყისიერად და მარადიულად არსებობს თავის ყველა პოტენციაში. ქმნის მხოლოდ ის
არსება, რომელსაც თავდაპირველად ჰქონდა შესაძლებლობა და შემდეგ
განახორციელა იგი, თავად შემოქმედების აქტი არის წინასწარი ბუნებითი
არასრულფასოვნებისა და უკმარისობის მანიშნებელი, „შემოქმედი“ იმიტომ
„ქმნის“ რომ მას გააჩნია არასრულყოფილი ბუნება, ის რაც ფლობს სრულფასოვან
და სრულყოფილ ბუნებას თავის ყველა პოტენციაში უკვე რეალიზებულია. თავად ის
იდეა, რომ ყოფიერება ორად იყოფა, შემოქმედებამდე და შემოქმედების შემდეგ,
უკვე აჩენს მკაფიო ზღვარს, ერთგვარ ზღურბლს ღმერთის მყოფობის ორ ფაზას
შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ ის არის არასრულყოფილი ბუნების მქონე არსება.
Комментариев нет:
Отправить комментарий